Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლების მკვლელობის სეზონი


ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში. 24 მაისი 2014 წ.
ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში. 24 მაისი 2014 წ.

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქმარმა 20 წლის მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ჭრილობა კი საბედისწერო აღმოჩნდა. პოლიციამ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, აღძრა. მკვლელი დააკავეს. ორი დღით ადრე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. ფემიციდის შემთხვევები არ იკლებს, - აცხადებენ ქალთა უფლებების დამცველები. - “პოლიცია, გამოფხიზლდი!” - ასე მიმართავენ ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებს და დამნაშავეების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ.

ცოლების მკვლელობის სეზონი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:31 0:00
გადმოწერა

ამ წუთებში, როდესაც ეს სიუჟეტი მზადდება, მხოლოდ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 ქალი აფარებს თავს. ეს ის ქალები არიან, რომლებიც სიკვდილს კი გადაურჩნენ, ფონიჭალაში მცხოვრები 20 წლის ქალისგან განსხვავებით, რომელიც ოჯახში ძალადობას შეეწირა, მაგრამ ძალადობას ვერა. რატომ კლავენ ქალებს ქმრები ან ყოფილი ქმრები? რატომ არ იკლებს ფემიციდის სტატისტიკა, რატომ ითმენენ ქალები ძალადობას? რატომ ეძებენ მუდამ ქალში დანაშაულის მიზეზებს? - ეს კითხვები ისმის მუდმივად, როდესაც მორიგ ქალს კლავენ. ელისო ამირეჯიბი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თანამშრომელი, ქალთა გახშირებული მკვლელობის მიზეზად დამნაშავეთა დაუსჯელობის სინდრომს ასახელებს. მიუხედავად შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა, პოლიციისადმი მიმართვიანობის გაზრდისა, არ არსებობს მკვლელების სამაგალითოდ, კანონის სრული სიმკაცრით დასჯის ფაქტები, ამბობს ელისო ამირეჯიბი:

ელისო ამირეჯიბი
ელისო ამირეჯიბი

„აბსოლუტურად არანაირი ეფექტური რეაგირება არ არის სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად. ამიტომაც მეორდება ასეთი დანაშაული. გადაიხდის მკვლელი გირაოს, გამოვა გარეთ, მერე - ისევ და ისევ. რა აზრი აქვს ასეთ სასჯელს?“

გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევის თანახმად, ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის გამოკვლევის (2008-2010 წწ) მიხედვით კი, საქართველოში ყოველი მესამე ქალი გამხდარა სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ელისო ამირეჯიბი ვარაუდობს, რომ კვლევების მიღმა რეალურად არსებული სურათი კიდევ უფრო მძიმეა. ქალების უმრავლესობა, მისი თქმით, მაინც ერიდება ლაპარაკს - მათ არ გააჩნიათ საკუთრება, შემოსავალი, დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, არა აქვთ არჩევანის საშუალება:

„როდესაც ქმრებს ვეუბნებით ხოლმე, რომ სანამ ძალადობამდე მივა საქმე, ჯობს დაშორდეთ ერთმანეთს და ბავშვები მაინც გაიზარდონ მშვიდ გარემოში, იცით, რას პასუხობენ კაცები? ამბობენ: კი ბატონო, გავშორდეთ, წავიდეს! საქმეც ეგაა - სად უნდა წავიდეს ქალი, რომელსაც არ ეკუთვნის სახლი, რომელსაც აღარც მშობლების სახლი ეკუთვნის. იქ რომ მიბრუნდეს, იქ მისი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ქალის არსად არაფერი არ არის - არც ქმრის და არც მშობლების ოჯახში. ძალიან ხშირად ეს ადამიანი იძულებულია დარჩეს და შეეგუოს ძალადობას, იძულებულია აიტანოს, რომ არ დარჩეს ქუჩაში თავის შვილებთან ერთად“.

„ქალთა მოძრაობამ“ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია დაგეგმა. „პოლიცია, გამოფხიზლდი“ - დაწერეს მათ, რადგან როგორც მოძრაობის წევრი ბაია პატარაია აცხადებს, დღეს სახელმწიფო - კერძოდ კი, პოლიცია - სათანადოდ ვერ აფასებს საფრთხეებს, ვერ იცავს ქალებს მოძალადე ქმრებისგან:

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„უნდა ესმოდეს მოძალადეს, რომ მას სახელმწიფო დაუპირისპირდება ძალიან მკაცრად, მან უნდა იცოდეს, რომ მას საზოგადოება არ გაამართლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მიდგომით ვერც ჩვენი საზოგადოება დაიკვეხნის და ვერც მედია, რომელიც მუდმივად იმის ძიებაშია, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შევწყვიტოთ ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვა და, უბრალოდ, ვიყოთ შეუწყნარებლები დანაშაულის მიმართ“.

როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მოძალადეების მიმართ რბილ პოლიტიკასა და უმოქმედობაზე ლაპარაკობენ, ქალთა უფლებების დამცველები პარლამენტის მიერ იმ კანონის ჩაგდებასაც გულისხმობენ, რომელიც ფემიციდის, როგორც დანაშაულის, მკაცრად დასჯას ითვალისწინებდა. ალბათ, სახელმწიფო ჯერაც ვერ ხედავს, რა მასშტაბისაა ეს პრობლემა, ან მისი გადაჭრის ნება არ გააჩნია -ასეთია ბაია პატარაის დასკვნა.

შსს-ს ცნობით, 2015 წელს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2 726 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, მოძალადეთა უმრავლესობა - 2 283 ადამიანი - მამაკაცია, 185 კი -ქალი. ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 2 301 ქალი და 337 მამაკაცი. ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის ფაქტები თბილისში ხდება. ძალადობის მიზეზი, ისევ შსს-ს თანახმად, ყველაზე ხშირად ხდება ეჭვიანობა, ალკოჰოლური სასმელის მიღება და ქონებრივი დავა. 2015 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 949 პირის მიმართ. 2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ოჯახში ძალადობას 8 ადამიანი შეეწირა.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა 2014 წლიდან სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - გამკაცრდა კანონმდებლობა, პოლიციელთა რიგებს დაემატა ხუთასი პოლიციელი ქალი, რომელიც ამ კუთხით მუშაობს, მოიმატა შემაკავაბელი ორდერების გამოცემისა და მოძალადე ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის მაჩვენებელმა:

„დღეს გაცილებით ხშირად მომართავენ პოლიციას ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლები, იმიტომ რომ გაჩნდა მეტი ნდობა და საზოგადოებამ დაინახა, რომ პოლიცია დღეს არის ბევრად ქმედითი და აქტიური იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან“.

მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ასეთია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია. ომბუდსმენის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სხილაძე მიიჩნევს, რომ ხარვეზები იქნება მანამ, სანამ კანონში არ გაჩნდება ფემიციდის განსაზღვრება, სანამ რატიფიცირებული არ იქნება სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე კონკრეტული მომსახურებების სრულყოფას ისახავს მიზნად. ეკატერინე სხილაძე რისკების შეფასების ჯერჯერობით გაუმართავ სისტემაზეც ამახვილებს ყურადღებას:

ეკატერინე სხილაძე
ეკატერინე სხილაძე

„ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე მკვლელობის შესახებ, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყება ინფორმირებული იყო ძალადობის ფაქტების შესახებ, მაგრამ მაინც ვერ აღკვეთა ის. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს რისკების შეფასების და გამოვლენის გამართული მექანიზმი“.

13 ივლისს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარ მკვლელობამდე „მსხვერპლს უკვემიმართული ჰქონდა სამართალდამცავი უწყებისადმი, რომელიც ხელწერილის გამოყენებით შემოიფარგლა“. ეკატერინე სხილაძე აცხადებს, რომ არ არსებობს ანალიზი დღეს არსებული სტატისტიკისა, მაგალითად, რამდენ შემთხვევაში შეიძლებოდა ოჯახში ძალადობა აღარ განმეორებულიყო ან რამდენჯერ იმოქმედა დამცავმა ღონისძიებამ.

„ქალთა მოძრაობა“ კი კიდევ ერთხელ გამოთქვამს პროტესტს და მიმართავს სახელმწიფოს სიტყვებით: „ქალი შინაური ცხოველი არ არის. ქალი თავისუფალი ადამიანია. ქალზე ძალადობა დანაშაულია, რომელიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ქალებს სჭირდებათ დაცვა მკვლელებისაგან. ქალებს უნდა იცავდეს სახელმწიფო და პოლიცია“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG