Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დამცველების ვარაუდით, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა


თბილისში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან. თბილისის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის ვარაუდით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სტიქიამ ყველაზე მეტად ორთაჭალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. ამ დროისათვის იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახები თბილისის მერიამ ალტერნატიული ფართებით დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ თბილისში 13 მაისის ღამით წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება - რას ფიქრობენ სტიქიის პრევენციული ღონისძიებების შესახებ გარემოს დამცველები?

რეზო კავთელაძე ოჯახთან ერთად გორგასლის მესამე ჩიხში, სწორედ იქ ცხოვრობდა, სადაც 13 მაისის ღამეს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნანგრევებში ავეჯის, სათამაშოებისა და ჭურჭლის ნამსხვრევებთან ერთად ადიდებულ ხევს მოყოლილი ხეები და მიწა ყრია.
წყალდიდობა თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00
გადმოწერა

გადაადგილება ჭირს, სქელ ტალახზე ფეხი ცურავს. შპალერზე ზოლად დარჩენილი წყლის ნაკვალევი იმაზე მეტყველებს, რომ ოთახებში წყლის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს აღწევდა. არც კი მახსოვს როგორ გამოვასწარი მოვარდნილ წყალსო, ჰყვება რეზო. რეზოს სახლი დაინგრა. უსახლკაროდ არის დარჩენილი კიდევ ათი ოჯახი. ხევის თავზე აშენებული ოთხსართულიანი შენობა ნახევრად დანგრეულია:

“კიბეებზე ამოვრბოდი და უკან წყალი მომდევდა. ჩემი ბინიდან აღარაფერი დარჩა, საერთოდ არაფერი”...

შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ყველა სახლს შეისწავლის. შედეგად, დაადგენს, რომელ სახლში შეიძლება დარჩენა, რომელში არა და დაზარალებულებს დროებით ქირით გაიყვანს ...
თემურ გიორგაძე

13 მაისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით ორთაჭალა, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ხეივნის ქუჩის მცხოვრებლები დააზარალა. დატბორილია მაღაზიები და სარდაფები. მოსახლეობა სახლებიდან გადარჩენილ, თუმცა ტალახიან ავეჯსა და ნივთებს ეზიდება. დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ტალახისა და ნანგრევებისგან ასუფთავებენ:

„მთელი ჩვენი ავეჯი ქუჩაში დგას, იატაკი აყრილია და წყალზე ტივტივებს.“
„ძლივს მოვასწარით ბავშვის გაყვანა, ნიაღვარმა ზევით ააგდო. კინაღამ დაგვეხრჩო.“
„მერიიდან დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, გაგატანინებთ ყველაფერსო, მაგრამ აი, ველოდებით, ჯერ არ გამოჩენილან. ჩვენი ძალებით გაგვაქვს ის, რაც წყალს გადაურჩა“...


თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს რადიო თავისუფლება ორთაჭალაში - სტიქიის ეპიცენტრში - ესაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები, რაც დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც ის ამბობს, დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია სათანადო დახმარებას გაუწევს:

„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ყველა სახლს შეისწავლის. შედეგად, დაადგენს, რომელ სახლში შეიძლება დარჩენა, რომელში არა და დაზარალებულებს დროებით ქირით გაიყვანს.“

ხევის ადიდების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხევის სათავეს ასახელებს. მისი თქმით, ის, სავარაუდოდ, არ იყო გაწმენდილი, რამაც დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება, შემდეგ კი უკვე გამოხეთქვა განაპირობა. მისივე თქმით, მკაცრად არის გასაკონტროლებელი მსგავსი ტიპის ხევებთან მშენებლობების ნებართვების გაცემა:

ქალაქის სადრენაჟო სისტემები გაკეთდა 50-იან წლებში და მას შემდეგ ამისთვის არავის მიუხედავს. ადვილია თქვა, რომ ვიღაც მოვიდა, რაღაც სახლი ააშენა, შეიძლება უკანონოდაც ააშენა და შემდეგ მოვარდნილმა წყალმა სახლი წაიღო. ეს ასე არ არის ...
კახა ბახტაძე
„ქალაქის სანიაღვრე სისტემები, პატარა მდინარეები აბსოლუტურად მიუხედავია. აღარავის ახსოვს, რომ ქალაქში არის მდინარეები, ხევები, რომლებსაც სჩვევიათ წყლის მოვარდნა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ასეთ ტერიტორიებზე რაიმე ტიპის მშენებლობების ნებართვის გაცემა მკაცრ კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი.“

ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ირწმუნება რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახა ბახტაძე, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის პროგრამების მენეჯერი, თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ მოხერხდა, რადგან საქართველოში არაეფექტურად ხორციელდება კატასტროფების რისკის მართვა, რომელიც, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება კი სივრცული განვითარების გეგმის შექმნაა, რომელიც, მისი თქმით, დღეს თბილისში არ არსებობს:

„ეს გეგმა გულისხმობს არა მარტო ურბანულ განვითარებას, გზების მოწყობასა და განაშენიანებას, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურული საკითხები. ქალაქის სადრენაჟო სისტემები გაკეთდა 50-იან წლებში და მას შემდეგ ამისთვის არავის მიუხედავს. ადვილია თქვა, რომ ვიღაც მოვიდა, რაღაც სახლი ააშენა, შეიძლება უკანონოდაც ააშენა და შემდეგ მოვარდნილმა წყალმა სახლი წაიღო. ეს ასე არ არის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ როდესაც ხარ მმართველობაში, შეგიძლია ეს ყველაფერი კარგად გამოიკვლიო, შეისწავლო, რომ მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს.“

ძლიერი წვიმის შედეგად, 14 მაისს, გამთენიისას, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე მეთვრამეტე საუკუნის სურბნიშის ეკლესიის კარიბჭე ჩამოინგრა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, სააგენტომ რამდენიმე თვის წინ ეკლესიის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, რამაც ეკლესია სრული ნგრევისგან გადაარჩინა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ეკლესიის აღსადგენად არქიტექტორ-რესტავრატორები კვლევით სამუშაოებს დაიწყებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ნალექიანი ამინდები თბილისსა და საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG