Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გადადგა გავლენიანი ვიცე-პრემიერი სურკოვი


ვლადისლავ სურკოვი, ვლადიმირ პუტინი
ვლადისლავ სურკოვი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა თავისი გავლენიანი ვიცე-პრემიერის ვლადისლავ სურკოვის განცხადება გადადგომის თაობაზე.

კრემლის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სურკოვმა, რომელიც ერთ დროს პუტინის მთავარი პოლიტიკური სტრატეგი იყო, პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

სურკოვის გადადგომას ერთი დღით უსწრებდა წინ პუტინის მიერ მთავრობის მისამართით გამოთქმული შენიშვნა, რომ მთავრობა პრეზიდენტის ყველა ბრძანებას არ ასრულებს.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ სურკოვის გადადგომა ამ შენიშვნებს უკავშირდება.

დაახლოებით იგივე გაიმეორა სახელმწიფო სათათბიროში „ერთიანი რუსეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი ჟელეზნიაკმა ტელეარხ „როსია 24-თვის“ მიცემულ ინტერვიუში:

„მთელი მთავრობის და, ზოგადად, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს შიგნით მიმდინარე პროცესების მთავარი ამოცანა პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაა. ეს ყველა ოფიციალური პირის უსიტყვო პრიორიტეტი უნდა იყოს. სწორედ ეს იყო პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის სამშაბათს გამართული დისკუსიის მთავარი თემა. ჩემი აზრით, ეს საკითხი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის თითქმის ყოველდღიური სიხშირით მოექცევა ყურადღების ცენტრში“.

პარალელურად, ფედერალური გამომძიებლები აწარმოებენ გამოძიებას გაფლანგვის ბრალდებების თაობაზე სკოლკოვოს ინოვაციის ცენტრში, რომლის სამეურვეო საბჭოში სურკოვიც შედის. სკოლკოვო წარმოადგენს სამთავრობო პროექტს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი „სილიკონ ველის“ მოდელის მიხედვით შეიმუშავეს და მიზნად ისახავს ინოვაციის ხელშეწყობას.

აპრილში რუსეთის გამომძიებლებმა სკოლკოვოს ერთ-ერთ აღმასრულებელ პირს სახელმწიფოს სახსრებიდან 750, 000 დოლარის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. გასულ კვირაში ლონდონში მყოფმა სურკოვმა მკაცრად გააკრიტიკა ეს გამომძიებლები და ეჭვი გამოთქვა, რომ ისინი დანაშაულის დამტკიცებას შეძლებენ.

სამშაბათს კრემლის პოლიტიკის ერთგულმა გამოცემამ, „იზვესტიამ“, გაავრცელა საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის ვლადიმირ მარკინის სიტყვები, მინისტრთა კაბინეტის წევრი არ შეიძლება პოსტზე დარჩეს მას შემდეგ, რაც უცხოეთში მოგზაურობისას თავისი ქვეყანის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოვიდაო.

თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი უარყოფს ვარაუდს, რომ სურკოვის გადადგომა შეიძლება სკოლკოვოს ირგვლივ მიმდინარე გამოძიების თაობაზე მის განცხადებებს უკავშირდებოდეს.

ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფნისას სურკოვი ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას ხელმძღვანელობდა.

1999 წლიდან 2011 წლამდე ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. სურკოვს უკავშირებდნენ რუსეთის მკაცრად კონტროლირებული პოლიტიკური სისტემის შექმნას - სისტემისა, რომელსაც თავად ის „სუვერენულ დემოკრატიას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG