Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავკარგიანი „დარიალი ჰესი“


გიორგი კვირიკაშვილი „დარიალი ჰესის“ გახსნაზე
გიორგი კვირიკაშვილი „დარიალი ჰესის“ გახსნაზე

8 აპრილს ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. „დარიალი ჰესის“ სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებით შეფასებას აძლევენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესი მეწყერულ ზონაშია და, შესაძლოა, ვერც იმუშაოს.

ავკარგიანი „დარიალი ჰესი“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00
გადმოწერა

„დარიალი ჰესი“ მთავრობის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დარიალი ჰესი“ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზეც მოქმედებს:

„დარიალი ჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით, მართლაცდა, განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამ მოდელით შენდება“.

დევდორაკი არ არის ისეთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ერთხელ ჩამოვა და მერე ათასი წელი - აღარ. ეს არის ღვარცოფი, რომელიც მყინვარიდან იღებს სათავეს და მუდმივად ჩამოიშლება. თვითონ პროექტი და, საერთოდ, ის ტერიტორია ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ გაზაფხულსაც...
დავით ჭიპაშვილი

პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ:

„დაახლოებით, 123 მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში. არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით“.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ჰესთან დაკავშირებით საჩივარიც აქვთ შეტანილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია. მისი თქმით, ბანკის გადაწყვეტილება დღე-დღეზე გამოქვეყნდება:

„ჩვენ მიერ წამოწეული პრობლემური საკითხებიდან რამდენიმე სრულად აღიარა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა“.

დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრეტენზია, რაც, ზოგადად, ჰესების მიმართ აქვთ, არის ის, რომ მათი აშენების საჭიროება ციფრებით არ დასტურდება. კერძოდ, არ ჩანს, რომ ჰესების მიერ მოტანილი სარგებელი ღირს იმ ზიანად, რაც მათი აშენების შედეგად ბუნებას ადგება. რაც შეეხება „დარიალი ჰესს“:

„მისი მდგრადი მუშაობა ძალიან, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც დაადასტურა დევდორაკის მოვლენებმა როგორც 2014 წელს, ასევე 2016 წელს. „ლარსი ჰესი“ , რომელიც „დარიალი ჰესის“ ქვედა დინებაში მდებარეობს, დღემდე დანგრეულია. დევდორაკი არ არის ისეთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ერთხელ ჩამოვა და მერე ათასი წელი - აღარ. ეს არის ღვარცოფი, რომელიც მყინვარიდან იღებს სათავეს და მუდმივად ჩამოიშლება. თვითონ პროექტი და, საერთოდ, ის ტერიტორია ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ გაზაფხულსაც“.

როგორ იმუშავებს და რა იქნება, ამას ვერ გეტყვით ნამდვილად წინასწარ. თუმცა ეს ჰესიც ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც - შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა...
შოთა ბუჩუკური

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა. ის მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის დონეს აკონტროლებს და ამით მოსალოდნელი სტიქია პროგნოზირებადი ხდება. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამ ჰესის მეშვეობით რეგიონი 2 მილიონ-ნახევარი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს. ამასთან, დასაქმდება 80 ადამიანიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ყაზბეგის მოსახლეობა ჰესის მიმართ არაერთგვაროვნადაა განწყობილი. გარდა ამისა, ის არ არის დარწმუნებული, რომ 80 დასაქმებულიდან ყველა ადგილობრივი იქნება. შოთა ბუჩუკური ასევე აღნიშნავს, რომ:

„როგორ იმუშავებს და რა იქნება, ამას ვერ გეტყვით ნამდვილად წინასწარ. თუმცა ეს ჰესიც ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც - შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“.

„დარიალი ჰესზე“ მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG