Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარ-პური და მზითვის აღწერა


თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“. გამოფენილია ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 115 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული.

ნინო ბოლქვაძე, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის პროექტის მენეჯერი, ამბობს, რომ ეს ღონისძიება ტოლერანტობის ცენტრის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობებისა და რელიგიური საბჭოების საკოორდინაციო ორგანოს, 10 წლისთავს ეძღვნება.

„გვინდოდა წარმოგვეჩინა საქართველოსთვის ის კულტურული სიმდიდრე, რაც საქართველოს აქვს, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური. აქ არის საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ რელიგიურ რიტუალებს, შეიცავენ ეთნოგრაფიულ ელემენტებს. წარმოდგენილია თითქმის ყველა ეთნოსი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს“.

მისივე თქმით, ზოგ ნახატში აქცენტი ეთნოგრაფიულ კოსტიუმებზე გაკეთდა.

„აქ არის ტილკეს ნამუშევრები, რომელიც ასახავს საქართველოში მცხოვრები ეთნოსების კოსტიუმებს, მათ ჩაცმულობას და არის ძალიან საინტერესო“.

გამოფენაზე ძირითადად XIX-XX საუკუნის მხატვრების ნამუშევრებმა მოიყარა თავი: მ. ტილკე, კ. ზდანევიჩი, ს. ფარაჯანოვი, რ. ზომერი, ი. ზანკოვსკი, ა. მელიქოვი, ლ. ბოიახჩევი, შ. კობოშვილი, დ. გველესიანი, ო. შმერლინგი, გ. ხაჩატურიანი, ბ. რომანოვსკი, ც. შუხაევი, ვ. ბებუთოვა-გაბუნია.

მაგალითად, ილია ზანკოვსკის ორი ნახატი - „იალბუზი“ და „მთებში, არარატი“. პირველ ნახატზე სამი მხედარია, მეორეზე - ქარავანი ხეობას მიუყვება, თენდება ან, შეიძლება, პირიქით, მზე ჩადის, ირგვლივ ყველაფერს ვარდისფერი დაჰკრავს. ზანკოვსკის მთების ხატვა უყვარდა.

გამოფენაზე თანამედროვე მხატვრებიც არიან წარმოდგენილნი: ერთ-ერთი მათგანი ჯოვანი ვეფხვაძეა. მან ძველი თბილისის ბაზარი დახატა და კიდევ - ხალიჩებით ვაჭრობაც, რასაც თბილისში ახლაც შეხვდები, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც ნახატზეა.

„დავხატე, როგორ ყიდიან სპარსელები ხალიჩებს. იქ სომხები და თურქებიც არიან. ადრე ძალიან მოდური იყო ხალიჩებით სახლების მორთვა. ეს ტრადიცია ახლა იკარგება. თუმცა რაღაც მაინც არის დარჩენილი და ამას მივესალმები“.

თავისი ნახატები წარმოადგინა მერუჟან შაუმიანმაც:

„მე წლებია სახარების ილუსტრაციებს ვხატავ. ეს სომხური მინიატურაა. ოთხი მახარებლის ილუსტრაციები წარმოვადგინე და ასევე ნახატი, რომლის თემაც შობაა“.

ხელოვნებათმცოდნისა და ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელის ლელა წიწუაშვილის თქმით, ამ გამოფენის მეშვეობით შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ტრადიციებს, რომელიც მე-19 საუკუნეში საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებში იყო დამკვიდრებული. მაგალითად, როზგები სასწავლებელში:

„მხატვარი იხსენებდა,რომ, როდესაც სწავლობდა სინაგოგასთან არსებულ რელიგიურ სასწავლებელში, დასჯისასეთი წესი იყო: კითხვის დროს დაშვებული შეცდომის გამო ფეხისგულებზე ურტყამდნენ როზგებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ტრადიცია სუფთა ებრაული არ არის, რადგანაც ახალციხეში ყველაზე მეტად იყო აღმოსავლური გავლენა. ალბათ, უფრო მუსულმანური გავლენა ახასიათებს ამ დასჯის რიტუალსაც“.

ლელა წიწუაშვილი განმარტავს, თუ რა არის ასახული გამოფენილ ნახატებზე. განსაკუთრებით აქტუალურია ქორწილის თემა - მაგალითად, ებრაული ქორწილი; ებრაული ნიშნობა შაქარ-პურით, სადაც ტკბილი ქადა ტკბილ ოჯახს განასახიერებს; მზითვის აღწერა - ნახატზე ლეიბები და ჭურჭელია დახვავებული, მზითვის აღწერას 13 კაცი ესწრება.

კიდე ერთ ნახატზე ნაჩვენებია აჯლა, რაც მესხურ-ჯავახური რეგიონისთვის იყო დამახასიათებელი. კერძოდ, ოთახში, სადაც ქორწილი იმართებოდა, აკეთებდნენ ფარდებით დაფარულ კიდევ ერთ მომცრო ოთახს, შიგ ტახტს დგამდნენ და იქიდან ნეფე-დედოფალი მხოლოდ დროდადრო გამოდიოდა.

გამოფენა, ყველა ამ ნახატით, ერთდროულად რამდენიმე დარბაზშია წარმოდგენილი და 28 აპრილამდე გასტანს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG