Accessibility links

გაუმჭვირვალე თბილისის საკრებულო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში


კავშირები ბიზნესთან, არასრულყოფილად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და გაუმჭვირვალე საქმიანობა - ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულს წევრთა საქმიანობა. ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 24 წევრიდან 10-ს ბიზნესთან აქვს კავშირი და მათგან 5-ს წილების ფლობის თაობაზე ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არა აქვს ასახული. საკრებულოს წევრები ანგარიშის ავტორთა დასკვნას არ ეთანხმებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან, პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნესწილები, რაც, შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს. წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძეს („ქართული ოცნება - მრეწველები“), გიორგი ახვლედიანს (ფრაქცია „თბილისელები“), გიორგი მუსხელიშვილს (ფრაქცია „თბილისელები“), ლია ჯახველაძეს („თბილისელები“) და გულიკო ზუმბაძეს.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მუნიციპალური ქონების გადაცემის წესს მიიჩნევს. ანგარიშის თანახმად, საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ქონება გადაეცა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის. საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის გადაეცა, საერთო ჯამში, 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობი. საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში ეკლესიის აშენება, სკვერის მოწყობა ან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა იყო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას კი საკრებულომ 28 შემთხვევაში უძრავი ქონება, პირდაპირი განკარვის წესით, სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.

ანგარიშის მთავარ მიგნებებზე ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია:

„თბილისის საკრებულომ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და, ასევე, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არის განთავსებული მათ ვებგვერდზე, რაც, მაგალითად, უკავშირდება საკრებულოს ცალკეული წევრების აქტიურობას, მათ მიერ ინიცირებულ წინადადებებს და ა.შ. არის პრობლემები ბიზნესთან კავშირთან მიმართებით და არასწორად შევსებული დეკლარაციები. აღსანიშნავია გადაწყვეტილებების არასაკმარისი დასაბუთებულობა, განსაკუთრებით მიწის გადაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების“.

ამ სამი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრები ყოველთვის კეთილსინდისიერად ავსებდნენ თავიანთ დეკლარაციის განაცხადებს. 15 ნოემბრამდე გვაქვს ვადა და თუკი რაიმე ხარვეზია, ის აღმოიფხვრება...
გიორგი ალიბეგაშვილი

ლიკა საჯაიას თქმით, პრობლემურია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება. გასაუმჯობესებელია საკრებულოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.

საკრებულოს საქმიანობის გაუმჭვირვალობასთან მიმართებით კრიტიკას არ იზიარებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მისი სიტყვებით, სხდომები ღიაა და მათზე თავისუფალი დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ დაინტერესებულ პირებსა და ჟურნალისტებს, სხდომები ლაივ სტრიმის რეჟიმშიც გადაიცემა. რაც შეეხება საკრებულოს წევრთა ბიზნესინტერესებსა და დეკლარაციების შევსების წესს, ასევე ქონების გადაცემის საკითხს, ამ მხრვ ანგარიშის ავტორთა კრიტიკას გიორგი ალიბეგაშვილი ასე ეხმაურება:

„ამ სამი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრები ყოველთვის კეთილსინდისიერად ავსებდნენ თავიანთ დეკლარაციის განაცხადებს. 15 ნოემბრამდე გვაქვს ვადა და თუკი რაიმე ხარვეზია, ის აღმოიფხვრება. თუ რაიმეა გამოუსწორებელი და პრობლემური, იმას შესაბამისი უწყება ყოველთვის შეისწავლის ხოლმე და თავის დასკვნას დადებს. რაც შეეხება ქონების გადაცემას, 183 ათას კვადრატულ მეტრზეა საუბარი, რომელიც საკრებულოს დადგენილებით გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ არსებობს კონკორდატი ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულებები ეკლესიის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნილებას და ვაძლევთ ნებართვას, რომ ეკლესიის მშენებლობა განხორციელდეს“.

მედიასთან საუბარში ბიზნესწილების ფლობას უარყოფს ანგარიშში დასახელებული საკრებულოს ხუთივე წევრი.

რაც შეეხება ეკლესიისთვის ქონების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაცემის საკითხს, როგორც პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, „ეს სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დროსაც ეკლესიამ უზარმაზარი და განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება დაკარგა, ამიტომ ნურავის უკვირს, როდესაც სახელმწიფოსგან ეკლესია იღებს ქონებას“.

მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ან სხვა ქონების გადაცემა აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხდება - დასაბუთებული მასალები მიდის სახელმწიფო კანცელარიაში იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის სჭირდება ეკლესიას მიწა ან გარკვეული ქონება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG