Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ზერეკიძე – სტუდენტი


15 დეკემბერი, კვირა
დღეს კვირაა, 15 დეკემბერი. ძალიან ცივა, მედიასაშუალებებიდან გავიგე, რომ საქართველოში ასეთი სიცივე 100 წლის წინათ ყოფილა, ალბათ, თოვლიც მოვა. ბევრჯერ მიფიქრია დღიურების წერაზე, მაგრამ არ ვწერ. მიზეზი მარტივია – არ მინდა, ხალხს მხოლოდ ჩემი ციხეში ყოფნით დავამახსოვრდე, რა თქმა უნდა, არც მე ვივიწყებ იმ წლებს, მაგრამ დღეს სხვა რეალობაში მიწევს ცხოვრება... ცოლად მყავს მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო, მარიამ ვასაძე, და ჩვენ გვყავს პატარა ალექსანდრე, რომელიც სულ რაღაც ორი თვისაა. ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ მამობას, მაგრამ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე.

ძალიან მოხიბლული ვარ წერით. დილით გახარებულმა გავიღვიძე და მუშაობას შევუდექი. საერთოდ, მიყვარს წერა, ციხეშიც ბევრს ვწერდი სხვადასხვა თემაზე. იყო ლექსებიც.

ჩვეულებისამებრ, მე და მარიკა სამზარეულოში ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და ვლაპარაკობთ ყველაფერზე. მეორე კლასიდან ერთად მოვდივართ და გასახსენებელიც ძალიან ბევრი გვაქვს.

დღეს არც ინსტიტუტში მიწევს წასვლა და მთელ დღეს ერთად გავატარებთ. შუალედურ გამოცდებს ვერ დავესწარი, – მარიკას უნდა ემშობიარა იმ დღეებში და მეც სულ საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ, ვფიქრობ, თავიდან დამაწერინებენ. იურიდიულზე ვსწავლობ, დედაჩემმა მირჩია, რატომღაც ფიქრობს, რომ კარგი იურისტი გამოვალ. ვნახოთ, ჯერ პირველ კურსზე ვარ და არ ვიცი, როგორ გავუმართლებ იმედებს.

ჯერჯერობით ახალი წლის მოსვლას ვერ ვგრძნობ. ალბათ, იმის ბრალია, რომ არ თოვს. თან ნაძვის ხე ჯერ არ დაგვიდგამს. წავალთ ამ დღეებში და ყველაფერს ვიყიდით. პირველი ახალი წელია, რაც მე და მარიკა ერთად ვართ და მინდა, განსაკუთრებულად კარგად შევხვდეთ. თან ჩვენი საყვარელი სანდროც იქნება ჩვენთან ერთად.

კვირაც დაღამდა... მანქანით ვისეირნეთ, მერე ჩაი დავლიეთ ჩვენს საყვარელ ადგილას და სახლში დავბრუნდით. ერთხანს ვისაუბრეთ. თემა, რა თქმა უნდა, ისევ ახალი წელი და ჩვენი გეგმები იყო. მაინც ვერ გადავწყვიტეთ, რა ვქნათ.

სახლში დედაჩემი და სანდრო დაგვხვდნენ. სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და მთავრობას 24-საათიანი რეჟიმით მუშაობისკენ მოუწოდა, რათა რეგიონებში დიდთოვლობის გამო მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილონ და შექმნილი პრობლემები მოაგვარონ. ძალიან კარგია. პოლიტიკურ მოვლენებს სისტემატურად ვადევნებ თვალს. მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ქვეყანაში. თან პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩემი საქმიანობის სფეროცაა.

თავისუფლების დღიურები – გიორგი ზერეკიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:10 0:00
გადმოწერა

16 დეკემბერი, ორშაბათი
გვიანობამდე მეძინა. წუხელ სანდრო მთელი ღამე ტიროდა; მარიკა ეჩხუბებოდა, დაიძინე და ჩვენც დაგვაძინეო. მთელი დღე სახლში გავატარე უნივერსიტეტშიც ვერ წავედი, სამწუხაროდ. საღამოს სახლისთვის პროდუქტები ვიყიდეთ. დიდი კულინარები არც ერთი არ ვართ, მაგრამ რაღაცებს ვახერხებთ. მერე მარიკას მშობლებთან ავედით, ვივახშმეთ, ვილაპარაკეთ. თემა უცვლელი იყო – დამდეგი ახალი წელი. სახლში მოვედით და დღიურის წერა დავიწყე. ბევრი რამ მომდის თავში, მაგრამ არჩევანს ვერ ვაკეთებ რა დავწერო. ცოტა ძნელია ილაპარაკო შენს პირადულ ამბებზე უცხო პუბლიკის წინაშე, მაგრამ მაინც არ ვაპირებ შელამაზებული ფრაზების გამოყენებას. ვწერ თავისუფლად, განწყობის შესაბამისად.

ხშირად ვფიქრობ, ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მხოლოდ ერთს ვნანობ და ეს მამაჩემის ტრაგიკული ცხოვრებაა, სიცოცხლე ციხეში დაასრულა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხდა მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო. მას შემდეგ, რაც მე დამიჭირეს და საზოგადოებრივი პროტესტი გაღვივდა, ოჯახი აქტიურად ჩაერთო ოპოზიციის საქმიანობაში, რამაც საშინელ შედეგამდე მიგვიყვანა. რას ვიფიქრებდით, ასეთ საშინელებას თუ დაგვმართებდნენ. ამაზე ლაპარაკი მიჭირს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის...

საშუალო ფენის წარმომადგენლის ოჯახში გავიზარდე. მამას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. დედა დღესაც დიასახლისია, მყავს და, რომელიც ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდის – 4 წლის ანასტასიას და საბას. დღეს რომ მამა ჩემ გვერდით ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა, ფინანსურ მხარეზე არ ვლაპარაკობ, რა საჭიროა... მაგრამ შემართება არ მაკლია და მზად ვარ, ცხოვრებაში ყველანაირ წინააღმდეგობას ღირსეულად გავუმკლავდე, რადგან ვაცნობიერებ ვალდებულებას ოჯახისა და ჩემი შვილის წინაშე. ხვალ ბარბარობაა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი...

17 დეკემბერი, სამშაბათი
დღეს ბარბარობაა. ვულოცავ ყველა პატარას, განსაკუთრებით ჩემს პატარა სანდროს. ტრადიცია არც ჩვენს ოჯახში დარღვეულა და დილით დედაჩემმა ლობიანები დააცხო. საერთოდ, ლობიანი არ მიყვარს, მხოლოდ ამ დღესასწაულზე ვჭამ და მხოლოდ დედაჩემის გამომცხვარს, რაღაც განსაკუთრებული რეცეპტი იცის. საშინელი ვირუსებია. დედაჩემი გაცივდა და მაღალი სიცხე აქვს. ამიტომ შუადღისას ბებიასთან წავიდა. სახლში მე, მარიკა, სანდრო და სანდროს ძიძა დავრჩით. ძალიან კარგი ქალია იზო დეიდა, ძალიან გვეხმარება.

შუადღისას სამსახურში წავედი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ლევან გოგიჩაიშვილთან, ვახტანგ მაისაიასა და თინათინ ნიბლოშვილთან ერთად. აქტიურად ვმონაწილეობ სამუშაო პროცესში. ვმუშაობ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე. მომწონს არასამთავრობო სექტორი, მეტი კონტაქტი გაქვს საზოგადოებასთან, ისმენ მათს პრობლემებს და ცდილობ, შეძლებისდაგვარად დაეხმარო. პროექტი ბევრია, თანხა – ნაკლები. რას იზამ, ფულის გაღება ბევრს არ უყვარს.

ერთი პროექტია, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ველოდები. პროექტის ავტორია ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი მაია ცირამუა. საქმე ეხება მოზარდებს შორის ძალადობას, ანუ ბულინგს, რაც დღეს აქტუალური საკითხია. იქნებ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მათთვის სამაგალითო გახდეს. სამსახურის მერე განტვირთვისთვის მეგობარს, გიორგი სვანაძეს მივაკითხე. სახლში რომ შევედი, საახალწლო განწყობა დამეუფლა, მაგარი ნაძვის ხე ედგა. ცოტა ვილაპარაკეთ და წამოვედი, მომენატრა ჩემი ოჯახი. დიდხანს ვერ ვძლებ მათ გარეშე. უბედნიერესი ადამიანი ვარ სახლში რომ ვბრუნდები და ვიცი, დამხვდება ჩემთვის უსაყვარლესი ორი ადამიანი – მარიკა და სანდრო.

საღამოს ახალი ქართული ფილმი ვნახეთ - „მანდარინები“. ძალიან მოგვეწონა, საინტერესო სცენარია და ძალიან მტკივნეული თემა – აფხაზეთი... სამწუხაროდ, მე არ ვარ იქ ნამყოფი. 91-ში დავიბადე. სამაგიეროდ, მახსოვს უშუქობა, ჩემი „დესნას“ ველოსიპედი და „ტურბოს კერასინკა“. არც ისეთი ლაღი ბავშვობა მქონდა, განსაკუთრებით 14 წლიდან, მაგრამ ღმერთის რწმენა და მომავლის იმედი არასდროს დამიკარგავს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ...

აივანზე გავედი მოსაწევად, მაგრამ ისე ციოდა, სიგარეტი ჩავაქრე და ისევ ოთახში შევბრუნდი. მარიკას უკვე ეძინა...

18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ადრე გავიღვიძე. თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გავედი. არც მისაუზმია, უნივერსიტეტში წავედი. გზაში ჩემმა უფროსმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა, ვახო მაისაიამ დამირეკა. ერთად ვიყავით ციხეში, ის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: რა სისულელეა! დღეს მასაც ჩემსავით პოლიტიკური პატიმრის სტატუსი აქვს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, სადაც მე ვსწავლობ. მე არ ვარ მისი სტუდენტი, ვახო საერთაშორისოზეა, მაგრამ ციხეში მიკითხავდა ლექციებს, უჩვეულო გარემოში. ძალიან კარგად იცის გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. უნივერსიტეტში რომ მივედი, ჯერ ვახო ვნახე, ვილაპარაკეთ და მერე შევედი ლექციაზე. საპრეზენტაციო უნარები მქონდა, ჩემმა ჯგუფელებმა სლაიდების სახით მოამზადეს პრეზენტაცია, მე რეცენზიას ვწერდი. საინტერესო ლექცია იყო, შესვენებაზე დეკანატში გავარკვიე, რომ გამოცდებზე ხელახლა გასვლის ნება დამრთეს, ძალიან გამიხარდა.

კიდევ ორ ლექციას დავესწარი და წამოვედი, გზიდან დედას დავურეკე, ისევ ცუდადაა, სიცხე აქვს. ბევრი კამათის შემდეგ დამთანხმდა ექიმთან წასვლაზე, თუ ხვალაც მაღალი სიცხე ექნება. საღამოს მარიკას მეგობრები მოვიდნენ ჩვენთან. ძალიან მხიარული გოგოები არიან, მათთან მეც ვმეგობრობ.

დედაჩემის სანახავად წავედი. ძალიან გაუხარდა. სახლში მამიდაჩემი, ჩემი და, ბავშვები და ბებიაჩემი დამხვდნენ. ბავშვებს ბევრი ვეთამაშე. მერე საბა მახრჩობდა და ანასტასიას სთხოვდა დახმარებას ჩემს „მოსაკლავად“.

ყავა დავლიეთ და ვლაპარაკობდით დედაჩემის ამერიკაში წასვლაზე. 14 იანვარს არის დაბარებული ამერიკის საელჩოში ვიზის თაობაზე. ძალიან მწყდება გული, წასვლას რომ აპირებს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და დედამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ძალიან ბანალური ჩანდეს, რასაც ახლა ვწერ, მაგრამ მირჩევნია ვცხოვრობდე ქირით, თუნდაც მთელი ცხოვრება და მქონდეს ყველაზე ძვირფასი რამ ამქვეყნად - გრძნობები, ვიდრე დავემსგავსო ისეთი კატეგორიის ხალხს, რობოტებად რომ აქცია მატერიალურმა კეთილდღეობამ და ფულით მანიპულირებენ. წამოსვლისას ბევრჯერ ვაკოცე ყველას...

სახლის კართან უკვე მომესმა სანდროს გაუჩერებელი ტირილი. ცოტა ვიძაბები, როცა ტირის. მგონია, რომ რაღაც სტკივა და დახმარებას ვცდილობ. მარიკა მეუბნება, ყველა ბავშვი ასეაო და ცოტა ვწყნარდები. სანამ მოვიდოდი, თურმე ორი საათი ხელში ჰყოლია, მაგრამ ვერ დაუძინებია. მერე მე გამოვართვი, ცოტა ხნით დავასვენე. სანდროსაც ჩაეძინა, მარიკასაც. მე წერა დავიწყე. ვწერ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გრძნობებსა და ფიქრებზე. ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. ხვალ გვინდა, სანდრო სვეტიცხოველში წავიყვანოთ თავის ნათლიასთან. მამა ანგია იქ მსახურობს, ჩვენი ოჯახის მოძღვარია, 28 წლის ბერი.

19 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს ნიკოლოზობაა... ჩემს ბიძაშვილს მივულოცე, 14 წლისაა. წუხელ მთელი ღამე არ მძინებია, სანდრო ისევ ტიროდა. დილით უნივერსიტეტში წავედი. ინგლისურში ლექცია მქონდა, ვიაქტიურე და ქულაც მივიღე. ძალიან აცივდა, ისეთი ამინდებია, სახლიდან გასვლის სურვილიც არ მაქვს. ჩავჯდებოდი სახლში თბილად და რამე მაგარ წიგნს წავიკითხავდი. დიდი ხანია აღარ წამიკითხავს და რაღაც დიდ დანაკლისს განვიცდი. ბოლოს წავიკითხე ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“, მანამდე – „საბრალონი". შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჰიუგო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია. კითხვის პროცესი იმდენად დიდ გავლენას ახდენს ჩემზე, რომ საერთოდ ვწყდები რალობას და წიგნის გმირებთან ერთად "ვმოგზაურობ". საერთოდ, მიყვარს კითხვა. როგორც თითქმის ყველა ახალბედა მკითხველმა, ადრეულ ასაკში მეც „ბიძია თომას ქოხით“ დავიწყე.

ციხეშიც ჩემი სულიერი საზრდო წიგნი იყო, ბევრს ვკითხულობდი. ყოფილა შემთხვევები, წიგნის კითხვის სიმყუდროვე გამთენიისას შემოსულ ციხის თანამშრომელს დაურღვევია, რომელიც დილის შემოწმებას ატარებდა. ყოველდღე ისე გვთვლიდნენ, თითქოს სადმე გავიქცეოდით... შანსი რომ ყოფილიყო მართლა გავიქცეოდი. ამისთვის ორი მიზეზი მქონდა: პირველი, რომ დაკავებული ვიყავი ისეთი "დანაშაულისთვის", რაც არ ჩამიდენია, და მეორე, ვცხოვრობდი გაუსაძლის პირობებში, სატუსაღოში, სადაც ადამიანურ ღირებულებებს არავითარი ფასი არ ჰქონდა. საერთოდ, ვის აინტერესებდა შენი მორალი და ეთიკა, როდესაც საკანში ცხოველად ქცეული ჯალათი შემოდიოდა, რომ შენი თავმოყვარეობა შეელახა.

ისევ ციხე... ისევ მსჯავრდებულის მანტიაში გახვეული წარსული... ბევრჯერ გავიხსენე, მაგრამ რას იზამ, იმ წლებს ვერაფერი შეცვლის. იყო ბევრი უსამართლობა, ან სულ უსამართლობა... თითქოს ცოტა შურისძიების გრძნობაც მიჩნდება... ასე რომ არ იყოს, ის იქნებოდა გასაკვირი. უბრალოდ, არ შემიძლია ჩემი იმდროინდელი განცდები რამდენიმე გვერდში ან ფურცელში ჩავტიო. მთავარია, მორჩა! ყველაფერი დამთავრდა!.. მე კი ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი, ვერაფერმა შემცვალა... ადამიანები არ იცვლებიან... იცვლება მხოლოდ დრო, რომელიც ძალიან სწრაფად გადის და მჯერა, რომ აწმყოში ადამიანები თვითონ ქმნიან მომავალს, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენენ.

20 დეკემბერი. პარასკევი
დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვარ, იმის მიუხედავად, რომ ღამით ისევ არ მეძინა. ორი გამოცდა ჩავაბარე. მე მგონი, კარგად დავწერე. დედაჩემიც გამოკეთდა და დღეს ისევ მოვა ჩვენთან. უნივერსიტეტის მერე სახლში მოვედი, ცოტა დავისვენე. დასვენება ნამდვილად მჭირდება. არადა, ცოტა ხნის წინ ძალიან მაგარი საჩუქარი გვიძღვნეს – დუბაიში ვიყავით ერთი კვირით. ჩაფრენის შემდეგ აეროპორტიდან რომ გავედი, სუნთქვა შემეკრა, ძალიან ცხელოდა, დაახლოებით 35 გრადუსი იყო. შუადღისას პლაჟზე გავედით. წარმოუდგენელი იყო თბილისის ამინდების მერე ასეთი სიცხე.

ემოციურად ძალიან დავიტვირთე. უამრავი მაღაზია, მდიდრული შენობები... დავისვენეთ. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლეს უდაბნოში ცათამბჯენების აშენება და თან სულ რაღაც 40 წელიწადში. შრომისმოყვარე და მოწესრიგებული ხალხია. მახსოვს, დაბრუნებისას აეროპორტში ჩადრიანი ქალი იჯდა, მარტო. რაღაც სევდიანი თვალები ჰქონდა. არ ვიცი, მართლა ასე იყო, თუ ჩადრი ხდიდა მის თვალებს სევდიანს... ასე დავტოვეთ „ემირატები“. კიდევ წავიდოდი, აი, ახლა, ამ წუთში. თუნდაც ხალათით – სადმე, სულერთია, უფრო თბილ ქვეყნებში, მარიკას და სანდროს მძინარეს წავიყვანდი. ღამემ უკვე ფანტაზიის უნარი გამიღვივა, არადა, რამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი თბილისში.

დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. შუადღისას ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, გიო გუდაძეს. ძალიან მაგარი ადამიანია. ჩემთან მივედით, ორგანიზაციაში. გოგიჩაც იქ იყო, ვილაპარაკეთ და მალე წამოვედით. გზაში, აბაშიძეზე გიორგის ახლობლის მაღაზიის პრეზენტაცია იყო და იქ შევიარეთ. ძალიან მომეწონა, საახალწლო სუვენირები იყიდებოდა, ორიგინალურად გაკეთებული. მარიკას დავურეკე და ვუთხარი, მოემზადე-მეთქი. გამოვუარე და ისევ იმ მაღაზიაში მივედით. რამდენიმე ნაძვის ხის სათამაშო ვიყიდეთ, ცოტა გლინტვეინიც დავლიეთ. გამოსვლისას ჩემმა მეგობარმა, კაკი დარასელიამ დამირეკა, საღამოს შევხვდით და ჩაის დასალევად მოსაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში შევედით. კაკი შეყვარებულთან ერთად იყო. ახალი წლის საკითხიც გადავწყვიტეთ, ალბათ ბაკურიანში წავალთ ერთად.

შაბათ-კვირა მოდის, მიხარია, მაგრამ თან გული მწყდება,რომ ჩემი დღიურები დასასრულს უახლოვდება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი. ახლა ღამის 3 საათია, ვზივარ სამზარეულოში და ჩაის ვსვამ. სიწყნარეა, ბავშვიც არ ტირის, ქუჩიდან მანქანების შემაწუხებელი ხმაურიც აღარ ისმის. სოციალურ ქსელშიც აღარავინაა, ალბათ ყველას სძინავს...

თითქოს ვგრძნობ, რომ ხალხი გალაღებულია, გამვლელ-გამომვლელთა თვალებში შიში აღარ შეიმჩნევა. 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ყველანაირი დაძაბულობა საარჩევნო ყუთებს გაატანა. როგორც ყოველთვის, მაშინაც სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე. ბევრისთვის მაშინ იყო ახალი წელი, ბევრიც „თავიდან დაიბადა“... ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, რაც მთავარია, მოქალაქეები დაცულები არიან და მათი უფლებები არ ირღვევა, დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას...

21 დეკემბერი, შაბათი
დღეს სადღაც 12 საათისთვის გამეღვიძა. ახალ ამბებს გადავხედე, მნიშვნელოვანი არაფერია, მერე დღიურის წერა დავიწყე. მოვემზადები და რადიოშიც წავალ. მზიანი ამინდია, მეც კარგ განწყობაზე ვარ. მინდოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში დამეწერა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან განცდებზე. დღიური მთავრდება, ჩემი თავისუფალი ცხოვრება კი გრძელდება. თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი... მგონი, მართლაც ასეა, რადგან ყოველთვის მინდოდა დღიურის წერა.

დღეს წავალთ და ახალი წლისთვის ყველაფერს ვიყიდით. უკვე ახალი წლის მოსვლასაც ვგრძნობ. ბავშვივით მიხარია. ჩავიცვი, ყავაც დავლიე. მივხვდი, რომ დღიურის შემდეგ ყველა დეტალს სხვანაირად აღვიქვამ. სიჩუმეა, მეც ნელ-ნელა ვდგები, ემოციებით ვარ დატვირთული, წერას ვერ ვწყდები, არადა, მეჩქარება. ერთი სული მაქვს, როდის მივალ ჩაწერაზე და მოვყვები, როგორი იყო ჩემი ერთი კვირა...
XS
SM
MD
LG