Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ კანაფი ექსპერტიზაზე წაიღეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“, ოფისში ის ქოთნები დალუქეს და შესამოწმებლად წაიღეს, რომლებშიც პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ზოგმა წარმომადგენელმა 31 დეკემბერს მცენარე კანაფი დათესა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო კანონდარღვევას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის ხასიათი აქვს და მიმართულია ხელისუფლების რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის 265-ე მუხლის თანახმად, რაც მარიხუანის უკანონო დათესვა-მოყვანას გულისხმობს.

„გირჩის“ კანაფი ექსპერტიზაზე წაიღეს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00
გადმოწერა

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ოფისში სამართალდამცავები დღის 12 საათისთვის მივიდნენ. „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, მათ წარმოუდგინეს სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, სამართლდამცავებს პოლიტიცური ცენტრის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება ჰქონდათ. ზურაბ ჯაფარიძისავე ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მარიხუანის მცირე მასშტაბით კულტივაციას გულისხმობს, არადა, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დაირღვა მეორე და მესამე მუხლი, ვინაიდან კანაფი ჯგუფურად და დიდი რაოდენობით დაითესა:

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

„იდეაში არაფერი გამოსაძიებელი არ არის, იმიტომ რომ რაც გავაკეთეთ, არის საჯარო. ერთადერთი, რაც უნდა დაადგინონ, არის ის, ნამდვილად მარიხუანაა თუ არა იმ ქოთნებში დათესილი, რაც ნამდვილად ასეა და რის დადგენასაც განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ იქ არის მარიხუანა დათესილი“.

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციისა და, მეტიც, მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნით მიმართავენ, 31 დეკემბერს, მათი იდეების მხრადამჭერებთან ერთად, საჯაროდ დათესეს 80 ძირი კანაფი. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, კამპანიას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევდა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ხასიათი ჰქონდა, რაზე პასუხისმგებლობასაც სრულად იაზრებენ. „გირჩის“ წევრ გოგა ხაჩიძის თქმით, აქციის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა აბსურდული კანონმდებლობა მოქმედებს დღეს საქართველოში:

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. გააზრებული გვაქვს ის ყველა შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, თუმცა მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ საზოგადოებას დავანახვოთ რა აბსურდული, რა რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს დღეს საქართველოში და რის გამო შეიძლება ადამიანი საპატიმროში აღმოჩნდეს ან აღმოჩნდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი“.

მერჩივნა საერთოდ არ შემოსულიყვნენ და უფრო მეტად დაეგვიანათ. ამიტომ როგორ ვუსაყვედურო ახლა დაგვიანებაზე ვინმეს. სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი არ ხდება. ჩვენ, ცხადია, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით...
იაგო ხვიჩია

პარტიის წარმომადგენელი იაგო ხვიჩია სამართალდამცავთა მოქმედებებს ადვოკატის სტატუსით აკვირდებოდა. მისი სიტყვებით, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები ჯერ მხოლოდ დათესილი მცენარის ექსპერტიზით შემოიფარგლებიან. მისი თქმით, მისთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ მომხდარზე რეაგირება 10 დღის დაგვიანებით. ამასთან, მისივე სიტყვებით, მოულოდნელი იმაში, რაც ხდება, არაფერია და კამპანიის მთელი ღირებულებაც სწორედ სამართალდამცავთა ამგვარი რეაგირებითაა განსაზღვრული:

„მერჩივნა საერთოდ არ შემოსულიყვნენ და უფრო მეტად დაეგვიანათ. ამიტომ როგორ ვუსაყვედურო ახლა დაგვიანებაზე ვინმეს. სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი არ ხდება. ჩვენ, ცხადია, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით და ამ აქციის მთელი ფასი ის იყო, რომ ასეთი რაღაც უნდა მომხდარიყო. ვნახოთ, სადამდე მივა ეს ყველაფერი. გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ სათანადოდ მოუვლიან. სიტუაციის აბსურდულობას საქართველოს მთავრობა, მისი სამართალდამცავები გაიგებენ. შეიძლება მოხდეს კონკრეტული დათესილი მცენარეების განადგურება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს კონკრეტული პროტესტი გარკვეულ შედეგს გამოიღებს“.

„გირჩის“ ოფისში სამართალდამცავთა შესვლას გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით უკანასკნელ წლებში აქციებს მართავს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის, თქმით, „მოძრაობამ“ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, მუხლისა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის.

შესაბამისად, „მოძრაობის“ სახელით ბექა წიქარიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს „გირჩისა“ და მისი კამპანიის მხარდამჭერთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს:

„ვიმედოვნებთ და ჩვენ მოწოდებაც გავავრცელეთ, რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ამ ეტაპზე რაიმე ძალოვანი ღონისძიებებისგან და დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის მიხედვით იმოქმედონ“.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუკი ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამჟამინდელი მოსარჩელეების აზრით, ისეთივე მიდგომა უნდა გავრცელდეს მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის მიმართ.

„გირჩმა“ მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს, იმ ფონზე კი, როცა სისხლის სამართლის კოდექსისი 265-ე მუხლის კონსტიტუციურობა სასამართლოშია გასაჩივრებული, „გირჩი“ ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG