Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი


21 იანვარი, კვირა

ერთი შეხედვით, ეს დილა არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან, მაგრამ ერთი ის არის, რომ ყველაფერს სხვანაირად ვუსმენ და ვაკვირდები. დღიურები არასდროს დამიწერია, მით უმეტეს, როდესაც ვიცი, რომ ის ამდენმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. „თავისუფლების დღიურები“ უნდა დავწერო და არ მინდა, რამე გამომრჩეს. ამ კვირაში ჩემთვის სრულიად უჩვეულო საქმით უნდა დავკავდე - წერით. ეს თან მომწონს, თნ არა.

ამბობენ, ფოტოგრაფებისთვის დასვენების დღეები არ არსებობსო, ამ აზრს სრულიად ვეთანხმები. ყველა ადამიანი კვირას, უქმე დღეს დილას ფანჯრიდან შემოსული მზის სხივით ტკბება. ფოტოგრაფების უმრავლესობა კი ფოტოაპარატს ვკიდებთ ხელს და ამ სხივებს კადრში ვაფიქსირებთ. ვერ ვიტყვი, რომ მე ყოველთვის ასე ვაკეთებ, მაგრამ რაც პროექტ „#ფოტო365-ში“ ჩავერთე, ყოველდღე თითო ფოტოს ვიღებ. ეს ერთგვარი „ჩელენჯია“, გამოწვევა, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე მობილური ტელეფონით თითო კადრი უნდა გადაიღო და ფეისბუკზე ატვირთო.

მზის სხივები-მეთქი, ვამბობდი და ჩემი მეგობრის, ლაშა ქავთარაძის სიტყვები გამახსენდა, რომელიც სულ მეუბნება. „ნუ წერ ხოლმე ჩიტების ჭიკჭიკზე, მზის სხივებზე და ჩანჩქერის ხმებზეო“, - მე, ლაშამ და კიდევ რამდენიმე მეგობარმა ერთად ონლაინჟურნალი „ფოტოესე“ შევქმენით, სადაც ყოველთვე რედაქტორის სვეტს ვწერდი სხვადასხვა თემაზე. რადგან რუსული სკოლა მაქვს, დამთავრებული, ქართულად მაინცდამაინც კარგად ვერ ვწერ. ტექსტებს ლაშა მისწორებდა ხოლმე, ჰოდა, ეს გაკვეთილიც მაშინ ჩამიტარა.

ცოტა უძინარი ვარ და ადგომა მეზარება, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი პატარა, საუკეთესო მეგობარი, ჩემი ძაღლი მიმი არ მაპატიებს, რომ არ დავვარცხნო და არ ვეთამაშო. წუწუნით ვდგები. აღარც ცივი ზამთრის მზის სხივების ციმციმი მაინტერესებს და აღარც ფოტოგრაფია.

22 იანვარი, ორშაბათი

ყოველ ორშაბათ დილას ფეისბუკი წალეკილია პოსტებით - „ორშაბათი მძიმე დღეა“. რა ვიცი, ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა - არაფერი განსაკუთრებული. არც მძიმეა, არც მსუბუქი. თუმცა დღევანდელი დღე გამორჩეულია. საღამოს საინტერესო გადაღება მაქვს.

ჩემი ფოტოგრაფიის ძირითადი ჟანრი ფოტოჟურნალისტიკაა, მაგრამ ხანდახან გადავუხვევ ხოლმე და სრულიად განსხვავებული მიმართულებით ვმუშაობ. Beauty - რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო დოკუმენტურ ფოტოგრაფიასთან და აქცენტი სილამაზესა და მოდის ახალ ტენდენციებზე კეთდება. ერთი პროექტი მომწონს ყველაზე მეტად, რომელზედაც ჩემს მეგობართან, ვიზაჟისტ ლანა მატახერიასთან ერთად ვმუშაობ. The Beauty Project - პროექტი სილამაზეზე, რომლითაც ვცდილობთ, მოდის სფეროში მაკიაჟის ახალი მიმართულებები ავსახოთ. სწორედ ამ პროექტს ვიღებთ ამ საღამოს.

ბევრ კოლეგას უთქვამს, გავუკრიტიკებივარ კიდეც, ამდენ ჟანრში რატომ მუშაობო. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მომწონს მრავალფეროვნება. მით უმეტეს თუ ეს რამდენიმე საქმე ერთმანეთს ხელს არ უშლის.

გადაღებამ კარგად ჩაიარა. შედეგი ორივეს მოგვეწონა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ვგეგმავდით.

დღეს საღამოს კიდევ ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი. ჩემი ბეტონის ნაკეთობები.

23 იანვარი, სამშაბათი

ბევრი ჰობი მაქვს, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომწონს. არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე ბეტონისგან დეკორატიული ნივთების კეთება. პროცესი ძალიან მსიამოვნებს, შედეგიც არანაკლებ. წუხელ მთელი ღამე გულის ფორმის მაგნიტებს ვაკეთებდი. რვაბიტიან გულებს, რომ შეხედავ, გეგონება, პირდაპირ ძველი „სუპერ მარიოს“ თამაშიდანაა გადმოვარდნილი. თავიდან სანათებისა და საყვავილე ქოთნების კეთებით დავიწყე, შემდეგ საქმემ ისე ჩამითრია, რომ ნაძვისხეები, ლარნაკები, ჭადრაკის ფიგურები და მაცივრის სხვადასხვა ფორმის მაგნიტები დავამატე. გულები ახალია და იმედია, ხალხს მოეწონება. თან ვალენტინობაც ახლოვდება.

სანამ რომელიმე ნივთზე მუშაობას დავიწყებ, ბლოკნოტში ჩანახატებს ვაკეთებ. ვცდილობ, დიზაინი განვაახლო, ან ახალი შევქმნა. ადრე თუ ჩემი ნივთები კედლის თაროზე, ან ხელის გულზე ეტეოდა, ახლა ვფიქრობ, რამე უფრო დიდზე ხომ არ დავიწყო მუშაობა. ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ საინტერესო - მინდა, ჟურნალის მაგიდები გავაკეთო. ვნახოთ, როგორი გამოვა.

დიზაინს კიდევ ერთი მიმართულება შევძინე, რაშიც ჩემი მეგობარი მხატვრები ჩავრთე - ჩემი ბეტონის ნაკეთობების მოხატვა მათ მივანდე. ირგვლივ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ხელოვანია ზოგი ისეთიც, რომ საერთოდ არ ჩანს. მაგალითად, სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი, ფოტოგრაფი, იანა ყორბეზაშვილი მხატვარიც ყოფილა. უცნაური ნახატები აქვს, მაგრამ შთამბეჭდავი.

მთელი დღე ჩანახატების კეთებაში გავიდა. ვფიქრობ, დღეს ღამეც ხომ არ ვიმუშაო. საერთოდ, ყველა მნიშვნელოვან საქმეს ღამით ვაკეთებ. ეს, ალბათ, ცუდია, მაგრამ ძალიან მივეჩვიე ამ რეჟიმს.

24 იანვარი, ოთხშაბათი

დღეს დედასთან სტუმრად ვიყავი და როგორც ყოველთვის, ჩემი დისშვილებიც დამხვდნენ. ერთ-ერთმა, 9 წლის მიამ ამას წინათ გამომიცხადა, ფოტოგრაფობა მინდაო. დღესაც ფოტოგრაფიაზე კითხვებით ამავსო, შემდეგ თავისი ინსტაგრამის პროფილი დამათვალიერებინა, თურმე დადის და მობილურით იღებს ფოტოებს. შევეცადე, დიდად არ შემტყობოდა, მაგრამ რა დასამალია და, ვიამაყე, ოღონდ თქმით მარტო ერთი-ორი კრიტიკული შენიშვნა მივეცი. კარგი, გავითვალისწინებო, მითხრა. გამიკვირდა ასეთი რეაქცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიამაყე.

არ ვიცი, უბრალოდ წამოუარა და ცოტა ხანში გადაუვლის თუ არა, მაგრამ მინდა, როგორც შემიძლია, ხელი შევუწყო. ჩემს ძველ კამერას ვაჩუქებ, რომ ტექნიკური მხარეებიც ისწავლოს. შემდეგ ვფიქრობ, რომელიმე გადაღებაზე წავიყვანო. აბა, ვნახოთ თუ მოეწონება.

დღეს, ფოტოგრაფიაზე საუბრისას ექსპოზიციის სამკუთხედი, კომპოზიცია და ოქროს კვეთა რომ ვახსენე, ცოტა გაკვირვებული კი მიყურებდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ ნანობს, საერთოდ რომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ შემდეგ ისეთი რამეები მკითხა, რომ აშკარად უფრო მეტად დავაინტერესე.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რამდენად წინ არიან დღევანდელი ბავშვები თუნდაც ჩემს თაობასთან შედარებით. ბევრად მეტი შესაძლებლობაა, მთავარია, მოინდომო.

25 იანვარი, ხუთშაბათი

დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. რამდენიმე დღის წინ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, „ბახალა“ დაიჭირეს 0.37 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. როგორც ფოტოჟურნალისტი, ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო აქტივისტური გამოსვლებისგან. დღესაც, რა თქმა უნდა, გადასაღებად წავედი, მაგრამ ვერ დავმალავ, პროტესტის გრძნობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბახალას პირადად არც ვიცნობ. ეს ადამიანი არ არის პირველი (და იმედია, უკანასკნელია), ვისაც ნარკოტიკის შენახვის ან მოხმარების გამო იჭერენ. გულწრფელად, გაუგებარია, რატომ შეიძლება ადამიანი დააპატიმრო, თუ სხვას არაფერს უშავებს.

მინდა, ასეთი აქციები საჭირო არ გახდეს, მაგრამ თუ მაინც გაიმართა, იმედია დღევანდელზე მეტი ხალხი გამოვა პროტესტის ნიშნად. მგონია, რომ ასეთი მოძრაობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის აგორებული კამპანია, რადგან პოლიტიკა ყველას გვეხება და დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში უსამართლოდ.

აქცია დამთავრდა, სამსახურში ვარ, მაგრამ ამბავი ჩემთვის ჯერ არ დამთავრებულა. კადრები უნდა დავათვალიერო და გადავარჩიო. ერთი შეხედვით, ადვილი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ ძნელი. დღეს, ალბათ, განსაკუთრებით გამიჭირდება, რადგან გამომსვლელების გადაღებისას ხშირად კადრში მობილური ტელეფონების ეკრანები მივარდებოდა.

ფოტოჟურნალისტებს ასეთი დაუწერელი, უსიტყვო შეთანხმება გვაქვს - ვცდილობთ (განსაკუთრებით აქციების ან სხვა ხალხმრავალი შეკრებების დროს), ერთმანეთს მუშაობაში ხელი არ შევუშალოთ და ერთმანეთის კადრებში არ მოვხვდეთ. ამის ჩვევა გამოცდილებასთან ერთად მოდის და მნიშვნელოვანია, ეს დამწყებმა რეპორტიორებმაც გაითვალისწინონ.

26 იანვარი, პარასკევი

დილას, ლამის უკვე შუადღეს, თვალი რომ გავახილე, ვიფიქრე, დღეს რა გავაკეთო-მეთქი. სამსახურში განსაზღვრული გრაფიკი არ მაქვს, დღესაც არანაირი საქმე არ დამიგეგმავს. არა უშავს, პარასკევია და დავისვენებ, მაგრამ სულ რომ არაფერი ვქნა, შემდეგ დღიურებში რა დავწერო?

კომპიუტერს მივუჯექი, ტრადიციულად, ფეისბუკის სქროლვა დავიწყე და ჩემი საყვარელი ფოტოგრაფის, ენი ლეიბოვიცის ფოტოს გადავაწყდი. მის შემოქმედებას უკვე წლებია, თვალყურს ვადევნებ და ახალი ფოტოს ნახვა გამიხარდა, თუმცა შემდეგ მის ქვეშ კომენტარებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ ბევრი ლანძღავდა. თავიდან გამიკვირდა, თუმცა შემდეგ ფოტოს რომ დავაკვირდი, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი. ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის გარეკანისთვის გადაღებულ ფოტოზე მსახიობ რიზ უიზერსპუნს სამი ფეხი ჰქონდა, ტელეწამყვან ოპრა უინფრის კი სამი ხელი. არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო! ძალიან გამიკვირდა და ცოტა მეწყინა, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის და დიდი გამოცდილების მქონე ფოტოგრაფს, რომელსაც გადასაღებ მოედანზე მინიმუმ თერთმეტი ასისტენტი ემსახურება, გადაღების შემდეგ კი მის ფოტოებს კიდევ ცალკე გუნდი ამუშავებს, ასეთი შეცდომა მოუვიდა.

ჩემი მხრიდან, ალბათ, თავხედობაა, როდესაც ენი ლეიბოვიცის შეცდომაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ის, რომ მისი ეს ნამუშევარი არ მომეწონა, არ ნიშნავს, რომ ჩემს თვალში მისი შემოქმედება რამენაირად დაკნინდა. ფოტოგრაფია სწორედ ლეიბოვიცმა შემაყვარა და ჩემთვის ყოველთვის დარჩება შთაგონების წყაროდ.

27 იანვარი, შაბათი

ლამის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ პარასკევ საღამოს ჩემს მეგობრებთან, გიორგი გოგუასთან და იანა ყორბეზაშვილთან ერთად ვატარებ. გუშინაც ასე გამოვიდა და კიდევ ერთი ტრადიცია არ დავარღვიეთ და ჩვენს კიდევ ერთ საერთო მეგობარს, ლაშა ქავთარაძეს დავურეკეთ ფეისბუკზე. შვედეთში, უფსალაში სწავლობს და სულ გაქცევაზეა, რომ იმეცადინოს, მაგრამ სალაპარაკო იმდენია, რომ მგონი ბოლოს ისე ვიზამთ, გამოცდებს არ ჩავაბარებინებთ.

მოკლედ, შეკრება კარგა გვიანობამდე გაგრძელდა და დღესაც, შესაბამისად, გვიან გავიღვიძე. თან ძალიანაც არ მეჩქარება, მთავარია, ხუთ საათზე რადიო თავისუფლების ოფისში ვიყო, რომ დღიურები ჩავწერო. ცოტა ვნერვიულობ, არ დავმალავ, ჩემთვის ეს ახალი, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

როდესაც მარინა ვაშაყმაძემ დღიურების დაწერა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. ამ პროექტს დიდი ხანია, თვალს ვადევნებ და დიდი პატივია, ვიყო იმ ხალხის სიაში, ვისაც „თავისუფლების დღიურები“ დაუწერია.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:11:12 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG