Accessibility links

საქართველოს ბაზარზე არსებული ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოების შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მთავრობას სათამაშოების უსაფრთხოების მიზნით დროულად გაატარონ ღონისძიებები. განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა 15 მარტს გაავრცელა. ინფორმაცია, რომ ქართულ ბაზარზე ბავშვების ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოები შემოდის, უკანასკნელ ხანებში არაერთხელ გავრცელდა. არსებობს თუ არა რაიმე ნორმა, რომელიც საქართველოში უსაფრთხო სათამაშოების შემოტანას უზრუნველყოფს, და რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო?

მარიამ ტაბაღუა შვილისთვის სათამაშოებს ან აფთიაქში ყიდულობს, ან სხვადასხვა საიტიდან იწერს. ეს მას საკმაოდ ძვირი უჯდება, თუმცა ამბობს, რომ შვილის, წლის და 3 თვის ალექსანდრას, ჯანმრთელობა გაცილებით ძვირი ღირს. ამიტომ ცდილობს მისთვის ისეთი სათამაშოები შეიძინოს, რომელიც მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის:

„აუცილებლად ვკითხულობ ხოლმე, რა აწერია შეფუთვას. 100 %-ით დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები, მაგრამ მგონია, რომ აფთიაქში შეძენილი სათამაშოები, ალბათ, შედარებით უფრო სანდოა. ბაზრობებზე გაყიდული სათამაშოების ძალიან მეშინია. ამ ასაკში განსაკუთრებით საშიშია, როცა ყველაფერს პირში იდებს და მავნე ნივთიერებები პირდაპირ ორგანიზმში მიდის“.

საქართველოში აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს სათამაშოებზე. ყველანაირ სიბინძურეს შეიძლება შეიცავდეს სათამაშო. ამიტომ ჯერ უნდა შემოიღონ ნორმა და შემდეგ შემოიღონ ამ ნორმის კონტროლის მეთოდი...

თუმცა უნდა ითქვას, რომ იაფფასიან სათამაშოებზე მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ მაღალია. სათამაშოები, სხვადასხვა მაღაზიების გარდა, იყიდება ბაზრობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში და მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვების ჯანმრთელობისათვის სახიფათო სათამაშოები იყიდება, არაერთხელ გავრცელდა. 2016 წელს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ ბაზაში, სადაც ევროკავშირის ბაზარზე გამოვლენილი მავნე პროდუქტების სიაა განთავსებული, ის თოჯინები აღმოაჩინა, რომლებიც საქართველოშიც იყიდებოდა და სწორედ ამიტომ 2016 წლის 31 ოქტომბერს ცენტრმა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოკვლევაზე გაგზავნა ათი თოჯინა, რომელთაგან ცხრა ჯანმრთელობისათვის მავნე ქიმიურ ნივთიერებას, ფტალატებს, შეიცავდა. მოგვიანებით ორგანიზაციამ კიდევ რამდენიმე სახეობის სათამაშო გაგზავნა გამოკვლევაზე და აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილიც ასევე საშიში იყო ჯანმრთელობისთვის. ლია თოდუა, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიუთითებს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში სათამაშოს უსაფრთხოების განმსაზღვრელი ნორმა არ არსებობს:

„საქართველოში აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს სათამაშოებზე. ყველანაირ სიბინძურეს შეიძლება შეიცავდეს სათამაშო. ამიტომ ჯერ უნდა შემოიღონ ნორმა და შემდეგ შემოიღონ ამ ნორმის კონტროლის მეთოდი“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. ლია თოდუა ფიქრობს, რომ 2019 წლამდე საკმაოდ დიდი დროა და სახელმწიფომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას. მის ამ მოთხოვნას 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ გასული წლის ბოლოს სახალხო დამცველთან ერთად მიმართა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს. 15 მარტს გამოქვეყნებული სპეციალური განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს. გარდა ამისა, ის მოუწოდებს მთავრობას დროულად დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში.

ნათია ნოღაიდელი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 2016 წლის მიწურულს, ბაზარზე ზედამხედველობის ფუნქციების გადასანაწილებლად, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც, გარდა სხვა პროდუქტებისა, ითვალისწინებს, ასევე, საქართველოში სათამაშოებზე ზედამხედველობის სისტემის დამკვიდრებას:

„კერძოდ, არსებობს კონკრეტული ევროდირექტივა სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აღნიშნული დირექტივის შესრულება ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით ევალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, დღესდღეობით არანაირ ზედამხედველობას არ ახორციელებს საქართველოში შემოტანილ სათამაშოებზე, რადგან ამჟამად სააგენტოს ამ ვალდებულებას კანონი არ აკისრებს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს გიორგი ჩიტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას ბაზრის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი და ორგანო, რომელსაც განესაზღვრება უფლებამოსილება, შეზღუდოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის, მათ შორის, სათამაშოების გაყიდვა. გიორგი ჩიტაძის თქმით, დღეს საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებაზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება:

„სახელმწიფო შეზღუდულია კანონმდებლობით. შესაბამისად, ბიუჯეტიდან რომ იქნას თანხა გაღებული იმისათვის, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ჩატარდეს ანალიზი, ამის უკან უნდა იდგეს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ კეთდება ეს ანალიზი. მსგავსი ტიპის გამოკვლევები კი ევროპულ ლაბორატორიებში საკმაოდ ძვირად ღირებულია. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქმნება ის საკანონმდებლო ბაზა, რომ უწყებებმა უკვე დაიწყონ ეფექტურად ამ მექანიზმების გამოყენება, იმისთვის რომ ბაზარზე განთავსებული იქნეს უსაფრთხო პროდუქტი. ამ ეტაპისთვის, სათამაშოებზე სახელმწიფოს არანაირი გამოკვლევა არ განუხორციელებია“.

გიორგი ჩიტაძე იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG