Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „იმედმა“ დროებით შეაჩერა პოლიტიკური თოქშოუები


ტელეკომპანია "იმედის" შენობა.
ტელეკომპანია "იმედის" შენობა.

დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, რომ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს, რის მიზეზადაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა გადაცემათა ფორმატის დაგეგმილ ცვლილებებს ასახელებს. ლაპარაკია გადაცემებზე „რეაქციაზე“ და „იმედის კვირაზე“.

„ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან. ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში", - ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია: "მორჩა კინო, წადით სახლში - "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ტელეკომპანია „იმედი“ ქართველმა მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. პატარკაციშვილის შემდეგ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დაეუფლნენ. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, „იმედი“ კვლავ დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG