Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ვენეციის კომისიის პოზიციას არ ითვალისწინებს


საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს ძირეული ცვლილებები შეიტანოს ახალი კონსტიტუციის პროექტში, რომელსაც მალე, მესამე მოქმენით დაამტკიცებს. პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების ჩაშლილი პროცესისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უკმაყოფილების მიუხედავად, წინასწარი ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციის პროექტის შინაარსი არ შეიცვლება და მოსალოდნელია მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ჩასწორებები. ამ ეტაპზე ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაიზიაროს ვენეციის კომისიის პოზიცია. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის ჩაშლას ხელისუფლება კვლავ ოპონენტებს აბრალებს, თუმცა ოპოზიციური ფლანგი, თავის მხრივ, ხელისუფლებას ადანაშაულებს. მწვავე უკმაყოფილებას გამოხატავს მესამე სექტორიც.

გადმოწერა

ჯერჯერობით, კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით ვიმსჯელებთ, მოსალოდნელია, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დამტკიცდეს. სამთვიანი ვადა, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, აუცილებლად უნდა გავიდეს მეორე მოსმენის შემდეგ, 24 სექტემბერს იწურება და სწორედ ამ დღიდან იქნება შესაძლებელი კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული თარიღის ცოდნას ამ ეტაპზე აზრი ეკარგება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება პროექტის შინაარსის შეცვლაზე არც კი ფიქრობს და კანონპროექტი ამჟამად არსებული, ოპონენტებისთვის ყოვლად მიუღებელი სახით დამტკიცდება:

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული ძალიან დახვეწილი კონსტიტუციური კანონპროექტი და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით – რა თქმა უნდა, სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონსულტაციებს, კონსულტაციები აუცილებლად გვექნება თარიღთან დაკავშირებით, მათ შორის – ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან“.

ჩვენ ვერანაირად კონსენსუსზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ ულტიმატუმით დაგველაპარაკებიან და საკითხებს დეტალურად და კონკრეტულად არ განვიხილავთ...
გია ვოლსკი

ირაკლი კობახის მიერ ნახსენები ვენეციის კომისია მხოლოდ თარიღის შეთანხმებით ნამდვილად არ დაკმაყოფილდება და ამაზე კომისიის პრეზიდენტის – ჯანი ბუკიკიოს მიერ 4 სექტემბერს ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებული განცხადებაც მეტყველებს. ორშაბათს ბუკიკიომ დაწერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტის გარშემო, დიალოგის გზით, კონსენსუსის მიღწევის გეგმა ჩაიშალა და ამის გამო იმედგაცრუებულია. მანამდე კი, და კერძოდ – 1 სექტემბერს, ჯანი ბუკიკიომ გამოაქვეყნა უფრო ვრცელი განცხადება ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე, სადაც განმარტავს, რომ კომისია მხარს უჭერს კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ანუ რომელიც თავდაპირველად იყო შეთანხმებული. აქვე გამოხატულია იმედგაცრუება იმის გამო, რომ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის გადავადდა და იმის გამოც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსენსუსის მიღწევის მცდელობა ჩავარდა. მიუხედავად ამისა, ბუკიკიოს განცხადებაში ისმის მოწოდება ხელისუფლების მისამართით:

ახლო მომავალში ხელისუფლებისგან ველოდებით კონსტიტუციის პროექტის სახეცვლილ ვარიანტს და მის შესახებ ჩვენ მოსაზრებებს გამოვაქვეყნებთ ერთ თვეში, ოქტომბერის პლენარულ სესიაზე (6-7 ოქტომბერს, ვენეციაში). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის სახეცვლილი პროექტის დამტკიცებამდე, მასში შეიტანოს ცვლილებები კომისიის მოსაზრების და საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგის გათვალისწინებით“.

როგორც უკვე ვთქვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს გაიზიაროს ჯანი ბუკიკიოს ეს მოწოდება, ისევე როგორც მან აზრს მოკლებულად ჩათვალა სტრასბურგში ჩასვლა და 6 სექტემბერს ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა. თუმცა ამ ყველაფერს ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით ლაპარაკს აბრალებს. უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი თვლის, რომ დიალოგი ოპოზიციის მიზეზით ჩაიშალა:

„ჩვენ ვერანაირად კონსენსუსზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ ულტიმატუმით დაგველაპარაკებიან და საკითხებს დეტალურად და კონკრეტულად არ განვიხილავთ. ადამიანების ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ თემით, აი, ასეთი პოზიციით, ასეთი წითელი ხაზით გავიდნენ ფონს და იყვნენ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, რაც, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ნამდვილად, არ არის მომგებიანი ქვეყნისთვის“.

კონსტიტუცია არის სახალხო, სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო ფენები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და მოხდეს შეთანხმება და გარკვეული კომპრომისი ფართო ფენებს შორის...
ლევან ნატროშვილი

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტი კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მათ მწვავე უკმაყოფილებას იწვევს როგორც არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება თუ საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა. სწორედ ეს სადავო საკითხები იკვეთება ერთობლივ წერილში, რომელიც პოლიტიკური პარტიების ერთმა ჯგუფმა 5 სექტემბერს გამოაქვეყნა და რომლის ადრესატიც არის ვენეციის კომისია. ამ განცხადებაშიც არის ხაზგასმული და მანამდეც, უკანასკნელ დღეებში, არაერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ხელისუფლებას დიალოგი არ უნდა:

„ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს იმას, რომ არ შედგა კონსენსუსი – ეს არის სიცრუე. ოპოზიციური სპექტრი მზად იყო და ჩვენი გუნდის სახით დღესაც მზად არის, დავსხდეთ მაგიდასთან და დავიწყოთ საუბარი. მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. დღეს ეს პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არა აქვს“.

„აუცილებელია, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის ოქტომბრის შეფასებას დაელოდოს და ამ პერიოდში ხელახლა სცადოს დიალოგის გამართვა ოპოზიციურ პარტიებთან, კონსენსუსის მიღწევის მიზნით“ – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, შეიქმნება მეტად არასახარბიელო ვითარება:

„კონსტიტუცია არის სახალხო, სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო ფენები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და მოხდეს შეთანხმება და გარკვეული კომპრომისი ფართო ფენებს შორის. ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად ეს პროცესი ისე სრულდება (თუკი ასე დასრულდა, როგორც არის დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მხრიდან ), რომ ფაქტიურად ეს იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომელსაც არ იწონებს არც ერთი სხვა ჩართული მხარე, როგორიც არის, ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები – ექსპერტები და ა. შ.“.

ლევან ნატროშვილი დარწმუნებულია, რომ, თუკი ახალი კონსტიტუციის პროექტი ფართო კონსენსუსის გარეშე, ვენეციის კომისიის უკმაყოფილების ფონზე დამტკიცდება, ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეს ქვეყანას სამომავლოდ, რეალური პრობლემების სახით დახვდება წინ – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG