Accessibility links

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 200-ლარიანი დახმარების გაცემა იწყება


საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ პროგრამის ამოქმედება უწყებათშორისი დროებითი კომისიის მიერ ნოემბერში დადგინდა. მისი თქმით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დაგვიანდა, რადგან ერთ კვირაში უკვე გაზაფხული დგება და ზამთრის ყველაზე რთული პერიოდი გადატანილია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი შეყვანილი აქვს, ადგილობრივი მოსახლეობა გასათბობად მაინც შეშას იყენებს, რადგან ფიქრობენ, რომ გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. სოფელ ზარდიაანთკარში ადგილობრივებმა ხეხილი სულ გაჩეხეს. ზამთრის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს სწორედ შეშის დამზადების დროს აკავებდნენ ხოლმე სოფლების მიმდებარე ტყეებში ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო დახმარების პროგრამა უფრო ადრე უნდა ამოქმედებულიყო.

მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც გასათბობად ბუნებრივ აირს იყენებდა, ვალი დაუგროვდა, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თანხების ჩარიცხვის პროცესი სწრაფად დაიწყოს, რათა დავალიანების დაფარვა შეძლონ. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ სოფლების დახმარების პროგრამა უნდა გააგრძელოს, რათა ადგილზე სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიგრაციული პროცესი შეჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG