Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსი, ახალი შს მინისტრი, ორი ვიზიტი და ორი ანგარიში


გასული კვირის ორშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო გასული წლის დეკემბრიდან. შს მინისტრის პოსტზე მან ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს მინისტრი ხელს აფარებდა 2006 წლის 2 მაისს „დინამოს“ ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ვახტანგ გომელაური მთავრობისა და ხალხის მოლოდინს გაამართლებს.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და აწ უკვე მინისტრად დასახელებულმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და თქვა, რომ ეცდება პრემიერის ნდობა გაამართლოს:

„ვეცდები გავამართლო თქვენი ნდობა, ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი 20-წლიანი სტაჟის ნახევარს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა და ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება, და თქვენი იმედები გავამართლო“.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა. 2014 წლის დეკემბერში, სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ, გომელაური მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2013 წლამდე იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. დიდწილად სწორედ ამ გარემოებით, ბიძინა ივანიშვილთან მისი ახლობლობით, ხსნის საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას.

ვითვალისწინებ გამოძიების პროცესის სპეციფიკას და ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ საერთო ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები...
ირაკლი სესიაშვილი

გასული კვირის ორშაბათს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მოუწოდა გახმაურებული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისია შექმნას. მსგავსი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება თავად ხელისუფლების ინტერესშია და ეს თემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

„საერთო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ჩვენს ინტერესებში შედის, რომ პროცესის გამჭვირვალობით მივაღწიოთ მეტ ნდობას, მაგრამ, ალბათ, ფორმებზე უნდა ვიფიქროთ - რა ფორმით, რა სახით, რომელ საქმეებზე უნდა ვიმუშაოთ. პირადად მე მზად ვარ უმრავლესობასთან ერთად მოვისმინო არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ მონიტორინგის განხორციელება. ამასთანავე, ვითვალისწინებ გამოძიების პროცესის სპეციფიკას და ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ საერთო ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

26-27 იანვარს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ლიტვის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის ხელმძღვანელობით. წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, რომელშიც 30-მდე ლიტველი ბიზნესმენიც შედიოდა, მონაწილეობა მიიღო 27 იანვარს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ბიზნესფორუმში, სადაც საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის ფონზე, საქართველოსთვის ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ქვეყნის მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე უნდა გახდეს ინტენსიური ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი. რაც შეეხება საქართველო-ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო ბრუნვა ლიტვასთან 30.5 პროცენტით გაიზარდა და 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა; ექსპორტი თითქმის 46 პროცენტით - 32 მილიონ დოლარამდე - გაიზარდა; იმპორტი 21 პროცენტზე მეტით - 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასულ კვირაში მაღალისაზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებული მოქალაქე პატრულის თანამშრომელს და, კადრების თანახმად, ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს უკავშირდება. უნდა გამოქვეყნებულიყო თუ არა პატრულის ვიდეოკამერით გადაღებული კონფიდენციალური ჩანაწერი? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მიიჩნევს, რომ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით დაირღვა მოქალაქის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლება. ნინო სარიშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს შსს-ს, რათა დადგინდეს, როგორ მოხდა ამ მონაცემების გამჟღავნება, ანუ გატანა სამინისტროს ფარგლებს გარეთ, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე აპარატს უწყებიდან ინფორმაცია არ მიუღია. 28 იანვარს, დღის ბოლოს, შს სამინისტრო გამოეხმაურა ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს. უწყების განცხადების თანახმად, გენერალური ინსპექცია შეიწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირთა ხელში.

28 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში იმის თობაზე, თუ რა ვითარებაა, თავისუფლების თვალსაზრისით, მსოფლიოში. 195 ქვეყანას შორის საქართველო, გასული წლის მსგავსად, „ნაწილობრივ თავისუფალი“ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა: მას 7-ქულიან სისტემაში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების შეფასებისას 3 ქულა მიენიჭა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, როგორც სადავო ტერიტორიები, მოხვდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სადაც მდგომარეობა „ნაწილობრივ თავისუფლად“ და „არათავისუფლად“ არის შეფასებული.

ალექსანდრ ვერშბოუ
ალექსანდრ ვერშბოუ

გასულ კვირაში თბილისში შეხვედრებს მართავდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. ის საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, შეხვედრების მთავარი საკითხები იყო: ნატო-საქართველოს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი, 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებისათვის საჭირო სხვა საკითხები. 29 იანვარს ალექსანდრ ვერშბოუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ვერშბოუმ ის ადგილიც მოინახულა, სადაც წლის ბოლომდე ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა გაიხსნას.

„საქართველო შესაძლოა გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, ამის დასტურია ქვეყნის გამოხატული მისწრაფება ევროატლანტიკური ალიანსისაკენ და საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ჩართულობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 29 იანვარს დილიდან ხვდებოდა:

„ჩვენ დავინახეთ როგორ ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მინდა კვლავაც მოვუწოდო თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს გააგრძელონ ეს კურსი. ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე კანონის უზენაესობისა და მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. გასული წლის ნატოს სამიტის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ნატო-საქართველოს პაკეტის გაძლიერება, რაც ამყარებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს მის თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან და, ვფიქრობთ, ეს პაკეტი მოამზადებს საქართველოს ალიანსის წევრობისათვის“.

ალექსანდრ ვერშბოუმ ასევე თქვა, რომ, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, საქართველოში იგეგმება ტრენინგისა და შეფასების ცენტრის შექმნა. ცენტრი წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს და ის არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გააძლიერებს, არამედ ნატოს სხვა მოკავშირეებისათვისაც იქნება ღია.

გასულ კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერვიუ, რომელიც მან 28 იანვარს მისცა ტელეკომპანია „იმედს“. ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევას აწარმოებს „მთავრობაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების“ ხელმძღვანელებზე. მან სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნების“ მოქმედი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე დაასახელა. სამოქალაქო სექტორში ყოფილი პრემიერის განცხადება ზეწოლად აღიქვეს. ეს იყო არა სამოქალაქო სექტორის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლის ძალიან სამწუხარო დამოკიდებულების გამოხატვაო, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ დაკვლევის წარმოების მეთოდოლოგიითაც დაინტერესდა:

„მას კითხვები აქვს და ინტერესდება არა ორგანიზაციის საქმიანობით, არამედ ინდივიდებით. ეს, რა თქმა უნდა, არის პერსონალური ზეწოლა მისი მხრიდან, იმიტომ რომ მას არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ გვსწავლობს, რა მეთოდს იყენებენ, რა ტიპის ინფორმაციას აგროვებენ ჩვენ შესახებ და საიდან და რა ფორმებით. ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება, როდესაც ამას საუბრობს ხელისუფლებასთან ასე დაახლოებული პირი - რეალურად, პირი, რომელიც თავად წარმოადგენს ხელისუფლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გარკვეულ ინფორმაციას აგროვებს ჩვენ შესახებ და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციაც“.

ლარის დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ ეს არის გამოწვეული რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით...
ირაკლი ღარიბაშვილი

გასული კვირის პარასკევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ, ფაქტობრივად, გააქარწყლა მანამადე ყოფილი და მოქმედი პრემიერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ლარი, „თავს კარგად გრძნობს“ და „საკმაოდ ჯანსაღად იქცევა“, მიუხედავად მისი გაუფასურებისა. ირაკლი ქადაგიძის სიტყვებით, ლარის კურსმა მიაღწია იმ ნიშნულს, როცა მაკროეკონომიკური პარამეტრებიც გადასახედია, ბიუჯეტიც ხელახლაა დასაგეგმი და მოსალოდნელია ინფლაციური პროცესებიც:

„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ჩვენ გადავწყვიტეთ მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მომდევნო თვეებში იყოს, უკეთეს შემთხვევაში, ან დაბალანსებული, ან პროფიციტული. იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში, აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით“.

29 იანვრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება:

„ლარის დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ ეს არის გამოწვეული რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ - განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. და ფასების საშუალო დინამიკას აკონტროლებს, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი“.

გასული კვირის ბოლოს საერთაშორისო ირგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოქვეყნა.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვები იჩენს თავს შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით; ასევე კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო; პრობლემები არსებობს უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG