Accessibility links

საქართველოს მთავრობა აპირებს ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში მოაქციოს. ჯერჯერობით ამის შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებნი ირწმუნებიან, რომ ეს სამთავრობო ხარჯებს შეამცირებს. პარალელურად იმართება აქციები მოთხოვნით, არ აყარონ ბუკინისტები უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, ხოლო ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საქართველოში 2020 წლამდე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გასული კვირა სტუდენტური ჯგუფის, „აუდიტორია 115“-ის, აქციით დაიწყო. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ბუკინისტების აყრის შესახებ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვაჟა ქათამაძე ამბობს, რომ ბუკინისტების უნივერსიტეტთან ყოფნა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საჭირო წიგნების ყიდვას ხელმისაწვდომ ფასად ახერხებენ.

„ბუკინისტები ასოცირდებიან ჩვენს ქალაქთან, ჩვენს უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენი ქალაქის ერთგვარი აქსესუარი და სილამაზე. დღეს უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ირგვლივ არსებულ სივრცეს ვიცავთ, სადაც ბუკინისტებიც არიან. ვინ დაიცავს ბუკინისტებს მეტრო „თავისუფლების მოედანთან“, ვინ დაიცავს მარჯანიშვილზე? ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამიტომ ჩვენ დღეს ვერთიანდებით და ძალიან გვინდა, რომ ბუკინისტები დავიცვათ“.

ბუკინისტის "დახლი" თსუ პირველი კორპუსის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან
ბუკინისტის "დახლი" თსუ პირველი კორპუსის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან

გადაწყვეტილება ბუკინისტების აყრის შესახებ არის ნაწილი სახელმწიფოს ახალი პოლიტიკისა თბილისში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ბაზრობის ხელმძღვანელებთან, რათა გარემოვაჭრეებს ადგილი შეღავათიან ფასებში გამოუყონ.

„ბაზრობების ასოციაციას და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბაზრობების ადმინისტრაციასთან და ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას მაქსიმალური შეღავათით 6 თვის განმავლობაში შესთავაზონ სავაჭრო ლოკაციები ამ ადამიანებს“.

გარემოვაჭრეების უფლებების დასაცავად მზად არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

20 მარტს განახლდა მსჯელობა ე.წ. "ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის" შესახებაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც მარგველაშვილმა გამოაქვეყნა კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს კანონი ვერ პასუხობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას:

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ის ორგანო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ის ორგანო, რომელიც მოიპოვებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას (ან არ იქნას) მტკიცებულებად, არის ერთი და იგივე ორგანო, ეს წარმოშობს სისტემურ საფრთხეს, რომ მოხდეს კანონის ზღვრების გადაცილება და იმაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება პირთა ცხოვრების შესახებ, ვიდრე ეს გამოძიების ინტერესებს სჭირდება“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ხსენებული ორგანო პრემიერ-მინისტრს უნდა ექვემდებარებოდეს და არა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არღვევს ბალანსს საკუთრების უფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის.

22 მარტს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები. დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით.

22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა აქცია, სადაც შეკრებილი ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები განზრახ ჩაუდეს. ამ აქციას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, ,,ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პიარ-აქციაა:

„ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ბრძოლა ნარკოტრეფიკთან უნდა გაგრძელდეს ისევე უკომპრომისოდ, როგორც ეს იყო დღემდე. საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში, მათ შორის, ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით“.

საქართველოს მთავრობა აპირებს ააშენოს ე. წ. "სამთავრობო ქალაქი", სადაც განთავსდება პრაქტიკულად ყველა სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციას. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ცუდი აზრი არ არის, თუმცა უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ გაიზარდოს ხარჯები და უნდა იყოს გათვალისწინებული ქალაქგეგმარების საკითხებიც.

ხშირად საუბარია პრორუსულ პროპაგანდაზე და ორგანიზაციები შესაძლოა დაფინანსებას იღებდნენ რუსული წყაროებიდან და ამაზე სექტორი აქტიურად აკეთებს აქცენტს, რომ დროა ერთგვარი თვითიდენტიფიკაციის მექანიზმი შევქმნათ და გავაკეთოთ აქცენტი კვლავ იმაზე, თუ რა ღირებულებებს იზიარებს სამოქალაქო საზოგადოება...
ეკა დანელია

24 მარტს თბილისში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირის ახალი პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა". მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. ამ პროექტზე 2020 წლამდე 5 მილიონი ევრო დაიხარჯება. პრეზენტაციაზე წარადგინეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერი ეკა დანელია ამბობს, დეკლარაციაზე ხელმოწერა იქნება კარგი ლუსტრაცია იმისა, თუ რა ორიენტაციისაა და დაფინანსების რა წყაროებით გეგმავს თავის საქმიანობას ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია:

„ხშირად საუბარია პრორუსულ პროპაგანდაზე და ორგანიზაციები შესაძლოა დაფინანსებას იღებდნენ რუსული წყაროებიდან და ამაზე სექტორი აქტიურად აკეთებს აქცენტს, რომ დროა ერთგვარი თვითიდენტიფიკაციის მექანიზმი შევქმნათ და გავაკეთოთ აქცენტი კვლავ იმაზე, თუ რა ღირებულებებს იზიარებს სამოქალაქო საზოგადოება“.

24 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია - "თანამშრომლობა საქართველოსთან", სადაც საბჭო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის ასევე ეხება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხსაც. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოს ტექნიკური დახმარება და საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე, სესიებზე წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

კვირა სრულდება საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებებით. 26 მარტს ამ ფაქტის აღნიშვნა 12 საათზე კონცერტით დაიწყო და 21 საათზე ევროპის მოედანზე მოწყობილი ინსტალაციის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიებითა და კიდევ ერთი კონცერტით დასრულდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG