გასული კვირის ორშაბათს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის კანონიერებას შეეხება და რომლის მიხედვით, მერიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ ამ კორუფციული სქემის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა. ის მოითხოვს, ასევე, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 13 მაისს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების დეტალებს. თორდიას განცხადებით, მისი და ფარცხალაძის დაპირისპირების მიზეზი ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ სწორედ აუდიტის დასკვნა გახდა. თუმცა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის, განცხადებით, არანაირი სამართლებრივი გადაცდომა ამ საქმეში არ არსებობს:
„უფრო მეტიც, ეს არ არის დამოუკიდებელი და მთავარი აუდიტის მიერ გამოტანილი დასკვნა, ეს არის დაინტერესებული პირის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული დასკვნა“.
22 მაისს გასაჯაროვდა 13 მაისს მომხდარი ჩხუბის კადრებიც. გამომძიებელმა დავით შაშურაშვილმა განაცხადა, რომ დაპირისპირება დაცვის ჩარევის შემდეგ მალევე ამოიწურა. ბრიფინგის გამართვიდან ერთ საათში ლაშა თორდიამ ასევე საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამ საქმის გამოძიება მოსთხოვა, რადგან, მისივე სიტყვებით, შსს-მ საქმე, შესაძლოა, ისე შემოატრიალოს, რომ არა ფარცხალაძე, არამედ თავად თორდია აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე.
„მათივე წარდგენილი კადრებიდან ჩანს, რომ ინციდენტი მოხდა. შსს არის დაინტერესებული და მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა. მე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვინაიდან ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე“.
საქმის გამოძიებას აკვირდება სახალხო დამცველი, ლაშა თორდიას ინტერესის დაცვა კი „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ითავა.
გასულ კვირაში, 23 მაისს, თბილისს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი. ის პირისპირ შეხვდა ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც გაიმართა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა, ხელი მოეწერა არაერთ შეთანხმებას, დეკლარაციას და ამის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც. ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი მიისწრაფვის საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ და მხარს უჭერს მეზობელ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ხაზი ესმება საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებსაც:
„თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას: ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ მხრივ არსებობს, უნდა მოგვარდეს ურთიერთთანამშრომლობის ჭრილში - განსაკუთრებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით არსებული პრობლემები უნდა იქნეს განხილული სწორედ ხსენებული ორი პრინციპის ჭრილში“.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გულითადი მადლობა მიიღო ქართველი მასპინძლისგანაც. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება, გაღრმავდება და ამის პოტენციალი მას, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებში ეგულება. რაც შეეხება თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობებს საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში, აქ ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ორ ფაქტორზე: პირველი, ეს არის თურქეთის გართულებული ურთიერთობები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და მეორე, ეს არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, რომლის გაუმჯობესების დემონსტრირებასაც აქტიურად ახდენს ორივე ქვეყანა.
გასულ კვირას თბილისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ორდღიანი (23-24 მაისი) ოფიციალური ვიზიტი შედგა. როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა 24 მაისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელშესახები პროგრესის მიუხედავად, აუცილებელია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება - მათ შორის, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემაში - და ყურადღება მიაქციოს მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გასულ კვირაში, 23 მაისს, ხელი მოაწერა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნის ბრძანებას. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მურატ კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. აგვისტოს ომის მოვლენებში ჩართული პირის ეგრეთ წოდებულ დიპლომატად დანიშვნაში საქართველოს მთავრობის წევრები, მართალია, ცინიზმს ხედავენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ კულახმეტოვის დანიშვნას სამართლებრივი განზომილება არ აქვს და საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რეგიონში რუსეთის ოკუპაციის დასრულებაა.
“ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი კიდევ მათი წარმომადგენელი. ამიტომ არანაირი კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ოკუპაცია დასრულდეს, ოკუპანტების წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდეს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის აღდგენა და, რაც მთავარია, საზოგადოებების გაერთიანება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
25 მაისს კი თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე მსჯელობდნენ - ექნება თუ არა საქართველოს ეფექტიანი შრომის ინსპექცია, როდის იქნება დაცული დასაქმებულთა უფლებები, იმუშავებს თუ არა ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებზე. კონფერენციაში, რომელიც სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის, პროფკავშირის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ასოციაცია. არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციაა, გაფართოვდეს შრომის ინსპექციის მანდატი და, რაც მთავარია, შრომის ინსპექციას მიეცეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. 25 მაისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და განაცხადა, რომ ეს კანონი პირველ ეტაპზე მაღალი რისკისა და განსაკუთრებით მავნე გარემო პირობების მქონე საწარმოებზე გავრცელდება. ამავე კანონით განისაზღვრა გრაფიკი გეგმური და არაგეგმური შემოწმებებისა, რომელსაც შრომის ინსპექცია განახორციელებს, შრომის ინსპექციას კი შეეძლება საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს. კანონი 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარლამენტში წარდგენის დრო დაჩქარდა და ის საკანონმდებლო ორგანოს 2017 წელს გადაეცემა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის - თბილისში, სადაც დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. წელს, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის დღის ლოზუნგია „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად, წელს დამოუკიდებლობის დღის აქტივობებზე მყოფი ადამიანები ნაწილობრივ „ვეფხისტყაოსნის“ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ. პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებისა და ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მისულ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, თვითმავალი ჰაუბიცა DANA, მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორი-3“ და სხვა. ტრადიციულად, დამოუკიდებლობის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მოქალაქეები ქუჩაში წელსაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გავიდნენ, უმრავლესობა - შვილებით, ბავშვებით.
26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს. როგორც მან 26 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც არაერთხელ ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც“. მომდევნო დღეებში დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, კონფერენცია და საკომიტეტო სხდომა, 29 მაისს კი ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება.
დაწერეთ კომენტარი