Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელის მოსყიდვის საქმე, კითხვის ნიშნებით


ლაშა კურტანიძე
ლაშა კურტანიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება პოლიციელის, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორის ლაშა კურტანიძის ძებნა. მას ფარული კამერით პოლიციის თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების ჩაწერა და ”კოალიცია ქართული” ოცნებისთვის” ინფორმაციის მიწოდება ბრალდება. პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის ფაქტზე რეაგირება, ოფიციალური ცნობის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დაკავებულია პირი, რომელიც ლაშა კურტანიძის მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.

პირი, რომელმაც, გამოძიების თანახმად, პოლიციელი მოისყიდა და ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ ფარული ჩანაწერები გააკეთებინა, ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი ზაზა ჭელიძეა. მისი ჩვენების მიხედვით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს გაავრცელა, ლაშა კურტანიძემ ფარულ ჩანაწერებში გასამრჯელო აიღო. სწორედ ჰონორარის გადაცემის პროცესში ფიგურირებს ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი.

მე ვფიქრობ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი დღეს. პოლიტიკური მიზნებისთვის შეთითხნა ხელისუფლებამ ეს ბრალდება ...
ირაკლი სესიაშვილი.

”გადმომცა შემდგომ ჩანაწერი, რომელიც შემდგომ მე ვაჩვენე ჩემს მეგობარს, ირაკლი სესიაშვილს. და მან მთხოვა გაეკეთებინა ერთი ქსეროპირი. შემდეგ გადმომცა კონვერტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იყო თანხა და რომელიც მივაწოდე ლაშა კურტანიძეს და ვთხოვე სხვა ჩანაწერების გაკეთება”, ამბობს ზაზა ჭელიძე დაკითხვაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ირაკლი სესიაშვილი, თავის მხრივ, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს, თანხის სანაცვლოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას კი აბსურდად მიიჩნევს და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვს. ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ზაზა ჭელიძე ვითარების მსხვერპლია:

”მე ვფიქრობ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი დღეს. პოლიტიკური მიზნებისთვის შეთითხნა ხელისუფლებამ ეს ბრალდება. ის არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, ის არის ჩემი მეგობარი. სამიზნე ამ შემთხვევაში ხელისუფლების ვიყავი მე და, როგორც სჩვევია ხელისუფლებას, სურთ, რომ ჩემს უახლოეს გარემოცვას მიაყენონ დარტყმა. მე მას დავიცავ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივაღწევთ.”

საქმის თანახმად კი, ზაზა ჭელიძის მაკომპრომეტირებელი ფარული მასალაც ლაშა კურტანიძემ ჩაწერა, ოღონდ მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსყიდვის ფაქტზე ამხილა. დანაშაულის აღიარების შემდეგ იგი გამოძიებასთან თანამშრომლობასა და ოპერატიულ ღონისძიებებში ჩართვაზე დათანხმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი განმარტავს:
ჰყავდათ გატაცებული და დაემუქრნენ ოჯახით, ცოლით, შვილით - აბსოლუტურად ყველაფრით, რითაც შეიძლებოდა, რომ დამუქრებოდნენ. რომ თუ ის არ შეასრულებდა დანაპირებს ...
ქეთი ბარაბაშვილი

”მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ კურტანიძე უკანონოდ, ფარულად ახდენდა საკუთარი თანამშრომლების ჩაწერას, გენინსპექციამ ის დაიბარა და წაუყენა ბრალი და წარუდგინა თავისი ბრალის დამამტკიცებელი მასალები. ამის შემდეგ კურტანიძემ აღიარა წაყენებული ბრალი, იმიტომ რომ მტკიცებულებები იყო, წყალი რომ არ გაუვიდოდა, ისეთი, და თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე.”

მოგვიანებით, შოთა უტიაშვილის თანახმად, კურტანიძემ შეთანხმების პირობები დაარღვია, ჭელიძე გააფრთხილა, თავად კი მიიმალა. თუმცა, მეუღლის დახმარებით, შეძლო ბიძინა ივანიშვილის სახელზე დაწერილი წერილის გასაჯაროვება. წერილი კურტანიძის ოჯახმა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ გადასცა. წერილის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ლაშა კურტანიძე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დათანხმდა. ლაშა კურტანიძის მეუღლემ ქეთი ბარაბაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ უთხრა, რომ ზეწოლას მის მეუღლეზე პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი გეგეჩკორი და მისი გარემოცვა ახორციელებდნენ.

”ჰყავდათ გატაცებული და დაემუქრნენ ოჯახით, ცოლით, შვილით - აბსოლუტურად ყველაფრით, რითაც შეიძლებოდა, რომ დამუქრებოდნენ. რომ თუ ის არ შეასრულებდა დანაპირებს და იმას, რასაც ისინი დაავალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დაემუქრებოდნენ”, ამბობს, ლაშა კურტანიძის მეუღლე, რომელიც, მოწმის სახით, თავადაც დაკითხეს.

წერილში, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ლაშა კურტანიძე ამბობს, რომ ჩვენება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ასევე ძალისა და ზეწოლის შედეგია და, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენებაში კი ნათქვამია:

”ამის გადაცემის შემდეგ შეხვედრაზე მოვიდა და მითხრა, რომ კმაყოფილები იყვნენ ზევით, კარგად ვიმუშავე, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილიაო კმაყოფილიო და ამოიღო კონვერტი და ესო ჩვენგანო, ანუ დაგიფასდესო, თავი დაუფასებლად არ იგრძნოო. ასეთი სიტუაცია. სახლში გავხსენი კონვერტი და იყო 3 000 დოლარი.”

იგივე ლაშა კურტანიძე ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ იძულებით ალაპარაკეს როგორც მასალების ზაზა ჭელიძისათვის გადაცემის, ასევე 3000 დოლარის ჰონორარად მიღების შესახებ. სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გამო იწვევს ” პოლიციელის მოსყიდვის საქმე” საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ლაშა კურტანიძე ძებნილია. მისი საქმე კი, თავის მხრივ, ”ქართულ ოცნებაში” ოზურგეთის აქციიდან ყურადღების გადატანისა და ხალხის დაშინების მცდელობად შეფასდა.
XS
SM
MD
LG