Accessibility links

სოხუმში გაიმართა სერგეი ლავროვის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა


დღეს სოხუმში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა. „ის გამყარებულიასახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით და კონკრეტული ზომებით, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მიმართავს და უზრუნველყოფს, რომ გარედან აგრესია აღარ განმეორდეს“ - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი ასეთ თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა, დასძინა, რომ სრულფასოვანი წევრის, ან მეთვალყურის სტატუსის მიღებას სჭირდება ორგანიზაციაში გაერთიანებილი ყველა ქვეყნის თანხმობა. ამავე პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ სრულიად რეალურია საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერა. „ე.წ. ჟენევის დისკუსიას შედეგი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს მომავალში რეალურია ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აპრილს ჩავიდა. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ლავროვის ჩასვლა უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს და წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რაც მიზნად ისახავს ეთნოწმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG