Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო შუღლაძე − მწერალი


8 ოქტომბერი, კვირა

გამთენიისას ერთი აქსიომა გამახსენდა: რეგლამენტირებული სამსახურის არქონას დიდი უპირატესობაც აქვს − კვირა დღის ჩამთავრება-გალევა სევდას არ იწვევს. დღეების სახელები უკვე არაფერს გვავალდებულებს, წინა პლანზე უფრო თარიღები შემოდის: 9 ოქტომბერი, 13 ოქტომბერი, 20 ოქტომბერი და ა. შ. იძინეთ ნებისმიერ დღეს დილით, რამდენიც გაგიხარდებათ, თუ არ ხართ ასკეტი ბერი ანდა თუ ღამე უძილობა გაწუხებთ.

რადგან უძილობას ვუჩივი, მირჩიეს, ცოტა ადრე დაწექი და დაგეძინებაო და გუშინ ღამის 12-ზე დავწექი. თვალები დავხუჭე და აი, ასე, უბრალოდ ვიწექი და ვიწექი ღამის 3 საათამდე. მერე ავდექი და... ისევ დავწექი. ძალით დავამთქნარე და ვიწექი კიდევ ნახევარ საათს. უსაქმური მამაკაცისშთაბეჭდილებას ვტოვებდი, ღონიერი, ენერგიით სავსე უქნარები რომ არიან. მოდი, ავდგები-მეთქი, და ავდექი. სამზარეულოში გავედი, ალბათ მომშივდა და რამეს შევჭამ, მონელებაზე ენერგია დამეხარჯება და იქნებ მოვითენთო-მეთქი. მაცივარი გამოვაღე და ცივი ქლიავი გამოვიტანე. ხუთი ცალი შევჭამე. მერე − კიდევ ორი. ლობიანსაც მივაყოლებ-მეთქი, ხელი კინაღამ ხელი წამიცდა, მაგრამ მაცივრის კარი სწრაფად მივხურე და მივაყურადე, იქიდან რამე სასუსნაო ხომ არ მეძახის-მეთქი (აჯაფსანდლის იმედი მქონდა), მაგრამ გათოშილი აჯაფსანდალი დუმდა. პირი დავიბანე, კბილები გავიხეხე და ისევ დავწექი. ალბათ, ერთი საათის მერე ჩამეძინა, ჩაძინების მომენტი ვერასოდეს ფიქსირდება და აბა, რა ვიცი, როდის ჩამეძინა.

შუადღის 11-ზე გადაუდებელ საქმეზე შფოთვამ გამაღვიძა. დღეს თუ 8 არის, ხვალ 9 ოქტომბერი გამოდის. მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში წარმოდგენა მაქვს: ტექსტის კითხვა. ირინე ჭოღოშვილმა კი მითხრა, ბევრი რეპეტიცია არ გჭირდება, ისედაც მომზადებული ხარო, მაგრამ არც ეგრეა საქმე. რა თქმა უნდა, „ცოცხალი წიგნების“ პროექტმა და საქართველოს დიდი ნაწილის შემოვლამ გამოცდილება შემძინა, კითხვის სტილი გამომიმუშავდა და იმასაც ვხვდები, სად რა ტექსტი უნდა წავიკითხო, მაგრამ თბილისელ მკითხველს და მაყურებელს ჯერ არ ვიცნობ და, თანაც, ჩემი გამოსვლა მუსიკითაც მინდა გავამდიდრო − ეს კი არც ისე იოლია.

თავიდან არც რეგიონებში იყო ადვილი: ბაღდათში „ლიფტის ეპიზოდი“ წავიკითხე რომანიდან „გადამალვა“. მაინც მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმია, გამიგებენ-მეთქი. გასაგები ბევრი არც არაფერი იყო, ძალიან სახალისო ეპიზოდია. უბრალოდ, ბოლოსკენ დიდი დოძიკა ონანიზმით კავდება ლიფტში და მანდ მსმენელმა ცოტათი გაჭედა. უნდა ეცინათ, მაგრამ არავის გასცინებია. მსგავსი რამ ხონშიც დამემართა, ოღონდ იქ მინიატურა „სასტუმროს ნომერი“ წავიკითხე, რომელიც ერთი იქაური პოეტი ქალის მიერ სხვანაირად იქნა აღქმული. ჩემი ბოლო სიტყვის დამთავრებისთანავე, ის წამოიჭრა და ისეთი პათოსი გვესროლა, რომ მრავლისმნახველი ნიკა ჯორჯანელიც კი ჩააფიქრა. ნიკა წამოდგა და დამსწრე საზოგადოებას იუმორის როლი აუხსნა. ეს ლექცია, რომელსაც ჭკუის სწავლების სუნი ასდიოდა, არ ესიამოვნა იმერელ მკითხველს. ვიგრძენი, რომ ვერ იყო კარგად საქმე და აბა, გავიპაროთ-მეთქი და ზემოთკენ დავაწექით, სადაც სუფრა იყო გაშლილი და ორი ჭიქის მერე „კონექშენი“ იმერლებთან თავისით დამყარდა.

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ერთსაათიანი პროგრამით უნდა წარვდგე. საათზე მეტი მოსაწყენი იქნება. 13 ეპიზოდი შევარჩიე, მათ შორის „ლიფტის ეპიზოდიც“, მაგრამ შერბილებული ფორმით. თან „არტარეამ“ უნდა ჩაიწეროს და ახლა მთელმა საქართველომ მთელი წელი და კიდევ ორი წელი იმას რომ უსმინოს, დიდი დოძიკა როგორ მასტურბირებდა, არ იქნება მთლად ლამაზი.

დანარჩენი ეპიზოდების დალაგებაზეც დიდი დრო წავიდა. ყველაზე მეტი იმ ნოველაზე ვიფიქრე, ტერორისტი ბომბს ძუძუებში რომ უდებს ქალს. მაინც დავტოვე.

საღამო მუსიკალურად ჩემს ცოლს, ლატიკას უნდა გაეფორმებინა. კლავიშებიანი ვერაფერი ვიშოვეთ (სცენის უფროსმა გვითხრა, სარდაფში პიანინოს ჩატანა გვინდოდა, მაგრამ ვიწრო კიბეა და ჩატანისას გაგვეჭედაო. უკან ათრევისას მუშას ფეხი მოჰყვა და ისე გამწარდა, ყველას დედა გვაგინაო). არც სინთეზატორი გვქონდა და ამიტომ ლატიკას ფისჰარმონიაზე უნდა დაეკრა და ემღერა. ვინც იცის, ფისჰარმონია რა არის, იმან აუხსნას იმას, ვინც არ იცის.

შესვენებისას, ყავა მოვიდუღე და ფეისბუკზე შევედი. ეგრევე უმძაფრესი სტატუსი მეცა, ჩემი ნაცნობი ალექსი არგენტინის მწვრთნელს ხორხე სამპაოლის მოძღვრავდა: ბილარდოსავით რომ გაიძახი, ბურთი მარადონას მიეცით და იმან იცის თავისი საქმეო, კი მისცემენ ბურთს მესის, მაგრამ რით ვერ მიხვდი, შე შტერო, მესი მარადონა რომ არ არისო. რა ხდება-მეთქი, და ფრე არ გვაწყობს, არადა ეკვადორი 2900 მეტრზეა ზღვის დონიდან, იქ თამაში არ გინდა, უშგულზე უფრო მაღლააო. მსოფლიო ჩემპიონატი უეჭველი არგენტინის გარეშე რჩება, ვახ შენიო! ნუ გეშინია-მეთქი, დავაწყნარე. არადა, ჰოლანდიაც უკვე გავარდაო. კაცო, ნუ განიცდი, იქნებ გადარჩნენ-მეთქი.

9 ოქტომბერი, ორშაბათი

ისევ არ მეძინა. ვერანაირი ხილი ვეღარ ვიპოვე მაცივარში. ლოგინში ჩაწოლილმა ტელევიზორი ჩავრთე, იქნებ რაიმე მომდუნებელი გადიოდეს-მეთქი და ერთი შეხედვით მართლა ეგეთი რაღაც მიდიოდა: კაცი ქალს ხდიდა და თან ყელში კოცნიდა. სექსი ადუნებს, ოღონდ საკუთარი, და არა სხვისი. ანუ გამოვფხიზლდი. უკვე დილის ხუთის ნახევარი იყო. ისევ გავაღე მაცივარი, იქნებ სადმე ერთი ცივი ქლიავი მაინც ეგდოს-მეთქი და კიტრი ვიპოვე. რაღა უნდა მექნა, გავთალე და შევახრამუნე. ცოტათი შემცივდა, ჩაი ავიდუღე და დავლიე. დავწექი ექვსის ნახევარზე.

ცხრაზე მუშებმა სადღაც ბეტონის ბურღვა დაიწყეს. კატასტროფის წინაშე ვიდექი. 12-ზე, მე და ჩემს გუნდს, სცენაზე რეპეტიცია უნდა გაგვევლო. მერე პატარა შესვენება და საღამოს − წარმოდგენა. გამოძინების დრო აღარ მრჩებოდა. სასწრაფოდ უნდა გამოვფხიზლებულიყავი და გადავწყვიტე, ცივი შხაპი მიმეღო... მაგრამ გამახსენდა, რომ ცივი შხაპი არასოდეს მიმიღია და რამე არ დამემართოს-მეთქი. გადავიფიქრე. სარკეში ჩავიხედე და სახე ნაწილობრივ მიჩანდა. თბილი შხაპის მერე კი იცოცხლე, ბოლომდე გამოვჩნდი.

ყავა მივაყოლე და ძალიან გამოვფხიზლდი. „ჰაიტ, თქვე უსაქმურებო“, შევუძახე ოჯახის წევრებს და ყველანი გავაღვიძე. ბოროტი და რამე კი არ ვარ, ოჯახის წევრები თან ჩემი გუნდელებიც არიან: ლატიკა მღერის, სანდრო ხმის ოპერატორია, ელენე წიგნებს ყიდის.

12-ზე ტაქსიში ჩავეტენეთ და მარჯანიშვილის თეატრისკენ დავგაზეთ. უკან საბარგულში ფისჰარმონია კორიკაობდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით. მძღოლმა მითხრა, თუ გინდათ, კლუჩების ყუთს ჩავუტენი გვერდით და აღარ იბრახუნებსო. აქ გააჩერე, უკვე მოვედით-მეთქი.

მართლაც, მივედით, გადავედით, გადავიტანეთ, გადავიხადეთ, სარდაფში კიბით ჩავედით. იქ სცენის უფროსი დაგვხვდა. წითელარმიელთა ტყვიამფრქვევ „მაქსიმკას“ მიათრევდა კულისებში. გუშინდელი სპექტაკლის მერე სცენაზე დარჩა და რამეში თუ გამოიყენებთ, დაგიტოვებთო. „ნალჩიკის“ ერთ-ერთ ეპიზოდში კი წავიდოდა, მაგრამ მაშინ იქ ბრძოლის სცენები უნდა ჩამემატებინა და, არ მინდა-მეთქი.

რეპეტიცია დავიწყეთ ტექსტით: „მე ნალჩიკში ვარ ნამყოფი“. ვიფიქრე, რაიმე რუსული მუსიკა ხო არ მოუხდება-მეთქი და გადავიფიქრე − დევიდ ლინჩის „მალჰოლანდ დრაივის“ საუნდი ვამჯობინე. „დროულ გაორებას“ „მატრიცას“ საუნდტრეკი დააჯდა. „B2 მატარებლის ამბავს“ კი − Atomic Rooster-ის „Tomorrow night“. ლატიკამ თქვა, მე უკან ვიჯდები და შუქი არ მომანათოთო. სანდრომ იკითხა, კულისებში რომ ვიჯდე, არ გამოვაო? ანუ ტყდებოდნენ და ეგრევე მაუზერი ამოვიღე, მანამდე გამოვართვი სცენის უფროსს და ვთქვი: გემს ვინც დატოვებს, იმას დავცხრილავ-მეთქი. ლატიკამ თქვა, ოკეი, ის დიდი პროჟექტორი მომანათეთო. სანდრო კი მიხვდა, ტყუილი მაუზერი რომ მეჭირა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული. თორმეტი გარბენი გავაკეთეთ და სანამ ლატიკამ არ მითხრა, ახლა ან დაგვასვენე, ან დაგწყევლიო, მანამდე არ ვაპირებდი შესვენებას. ელენე უსაქმოდ იჯდა, ფეხებს იქნევდა და მობილურში იჭყიტებოდა. აბა, წიგნების გაყიდვის რეპეტიციას ხომ არ გაივლიდა?

გარეთ გავედით და პიცა ვჭამეთ. ტაქსი დავიჭირეთ და სახლში დავბრუნდით, სპექტაკლამდე სამი საათი გვრჩებოდა.

ტახტზე მივწექი და სიზმარში სცენის უფროსი ვნახე, „მაქსიმკის“ უკან იწვა და ვითომ ისროდა, პირით აკეთებდა: დუ-დუ-დუ-დუ...

გამაღვიძეს, ვიღაც კაცი გკითხულობსო. სამ წუთს მეძინა სულ. გარეთ გავედი, საკაბელოს კაცი აღმოჩნდა, ზემოთ ავდივარ და სახურავის გასაღები მინდაო. ძალიან გამიკვირდება, სადმე ქვემოთ რომ მიდიოდე და სახურავის გასაღებს მართმევდე-მეთქი. მივეცი, დავბრუნდი, ისევ ჩამთვლიმა, ისეც სცენის მუშაკი ვნახე, კვლავ „მაქსიმკასთან“ იწვა: დუ-დუ-დუ...

ისევ ზარი, ავდექი, ვითომ მარტო მე ვყოფილიყავი სახლში, სულ ეგრეა, რა... გავაღე. საკაბელოს კაცმა გასაღები უკან დამიბრუნა. მესამეჯერ დავწექი და აღარ დამეძინა.

ტელევიზორი ჩავრთე, ამერიკული ფილმი გადიოდა: ქალმა თავის ვაჟიშვილს ჰკითხა, ეგრე რატომ იყურები, დე ნირო ხომ არ ხარო?

ჩავიცვით, გარეთ გავედით, ტაქსი ვეღარ დავიჭირეთ, არავინ მიდიოდა მარჯანიშვილზე, საცობის თავი არ გვაქვსო. მეტროთი წავედით.

მივედით, ჩავედით, სცენაზე ადგილები დავიკავეთ. ტელეკომპანია „იმედი“ მოვიდა. მას ზურა პაპიაშვილი მოჰყვა. მერე ლელა ფირცხალაიშვილმა დამირეკა, უკვე მოვედი და სად ხარო? ირინე ჭოღოშვილმა დამირეკა, ბილეთი ვის აქვსო? მაცაცო ხაჭაპურიძემ დამირეკა, ორნი ვართ და სად მოგძებნოთო? ოთარ ჯირკვალიშვილმა დამირეკა, ავად ვარ და ვერ მოვდივარო. ნუგზარმა თავი შემოჰყო: ალეკო, აქ იქნება სპექტაკლიო? ბილეთი მივეცი, როგორ ხარო და რა ვიცი, ისე რა-მეთქი. ლელამ მითხრა, მეც მაქვს ერთი ზედმეტი ბილეთი და რა ვქნაო. არ ვიცი-მეთქი. მერე ვიღაც ქალი მოვიდა და ჩემთან სელფი გადაიღო. მარიამ წიკლაური მოვიდა და მითხრა, გაიღიმე, კარგი ფოტო რომ არ გამოვიდეს, ქეთის ეწყინებაო და გავუღიმე. აუდიოტექნიკის უფროსმა მიკროფონებს ელემენტები გამოუცვალა. ერთ-ერთი მიკროფონი გაფუჭებულია, თუ ჩართავთ, ვეღარ გამორთავთო.

მე და ლატიკა კულისებში გავედით. ხალხმა შემოსვლა იწყო. გაივსო დარბაზი. ვიღაც უცნობმა კულისებში თავი შემოჰყო, მიდი, დაიწყეთ, უკვე გავსებულები ვართო. ლატიკა გავიდა და სიმღერა დაიწყო. ეგრევე მონუსხა დარბაზი. მერე მეც გავედი და ოვაციები და ტაში იყო. „ჩემი მოხუცი დედა ლენა ხუბოვი...“ კითხვა დავიწყე. შეცდომის არ მეშინია, შეცდომა კითხვის ნაწილია, ცხოვრების ნაწილია, ეგრევე გამოსწორება უნდა ისწავლო და მერე შიში ქრება. ცოტა ოფლმა შემაწუხა, შუბლზე ჩამომდიოდა, სათვალეები დამიორთქლდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი. ვიცოდი, აუცილებელი იყო, რომ დარბაზი შემეგრძნო, მაგრამ დღეს სხვანაირად გამოვიდა, ვერ ვიგრძენი, ვერავის ვხედავდი, მარტო ვიყავი, საკუთარ თავს ვუკითხავდი... და მგონი, მაინც კარგი გამოდიოდა.

შუაში მუსიკალური პაუზა გამოვაცხადე და კულისებში გავედი. მიკროფონი იქვე ჩამოვდე და ცხვირი ხმამაღლა მოვიხოცე. ეს ის მიკროფონი აღმოჩნდა, ჩართულს რომ ვეღარ გამორთავდი. სცენაზე დავბრუნდი და სანდროს გაკვირვებულ სახეზე ამოვიკითხე, რომ ცხვირის მოხოცვის დეტალები მაყურებელს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა. სანდროს გადავუჩურჩულე, ასე იყო ჩაფიქრებული-მეთქი და კითხვა განვაგრძე. ტემპი, რიტმი და განწყობილება უნდა მეცვალა, ზუსტი ხასიათი დამეჭირა და, თანაც, რადიკალურად განსხვავებული ტექსტები ერთ ორგანულ ნაწილად მექცია.

ახლა ვერ ვხვდები, რა გამოვიდა. ასეთ გამოსვლებს ბოლოში ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის განცდა ახლავს თან.

10 ოქტომბერი, სამშაბათი

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ავიღე, დავხედე... „გაზის ქალი“ − ასე ეწერა. გისმენთ-მეთქი. თქვენთან ვიყავი თემქაზე და სახლში არ დამხვდით, როგორ გავიგო დანახარჯი რამდენიაო? „04078“, ვუთხარი მე. ეს რიცხვი დაზეპირებული მაქვს და ყველა დარეკვაზე ბოლოში ციფრებს ვცვლი. შემდეგ დარეკვაზე 78-ის ნაცვლად 80-ს ვეტყოდი, მარტივი იყო. გავიზმორე, საბნიდან ფეხი გამოვყავი.

ფეისბუკზე მილოცავდნენ, ამბობდნენ, ერთი საათი ცოტა იყო, კიდევ გვინდოდაო. მეგობრების სტატუსებმა დამაწყნარა, ყველაფერს კარგად ჩაუვლია.

მარჯანიშვილის თეატრის ბუღალტერს დავურეკე, რამე ხომ არ მეკუთვნის-მეთქი, და დავიანგარიშებთ და დაგირეკავთო. არ დამირეკა. ისევ მე დავურეკე. სულ 190 ლარია შემოსულიო. კარგად ნახეთ, მარტო 30 ბილეთი მე ვიყიდე და ეგ უკვე 210 ლარია-მეთქი. კარგი, დაგირეკავთო.

ალექსის მორიგ სტატუსს წავაწყდი: არგენტინის გულშემატკივარი ვარ 1990 წლიდან და ჯერ არაფერი მოუგიათ, „კოპა ამერიკაც“ კი არ მოუგიათო. 30 წელია, გუნდი უმწვრთნელოდ თამაშობს, აღარ შემიძლიაო. დამშვიდდი რა, ძალიან გთხოვ-მეთქი. რომ მამშვიდებ, შენ თვითონ ვისი გულშემატკივარი ხარო? სინამდვილეში ვისი გულშემატკივარიც ვიყავი, ის რომ მეთქვა, დამცინებდა და გერმანიის-მეთქი, მოვატყუე. ქვეჯგუფიდან თუ გავედით, რუსეთთან კიდევ ერთხელ დაეცემა შენი ნაქები არმიაო. საერთოდ არ განვიცადე მისი ნათქვამი, მართლა გერმანიის გულშემატკივარი ხომ არ ვიყავი.

11 ოქტომბერი, ოთხშაბათი

ფეისბუკზე მეგობარი მწერდა, ნახე, შენზე რას წერენო. ვიღაც კრიტიკოსი ორი რომანის შედარებით დახასიათებას ახდენდა. ჩემს რომანზე ამბობდა, ძალიან ცუდიაო. მეორე რომანზე გაიძახოდა, ძალიან კარგიაო. ჩემს მთავარ გმირზე ამბობდა: ბოროტი, ღვარძლიანი, შურიანი, ცხოვრებაზე გამწარებული, ხელიდან წასული, პესიმისტი ადამიანიაო. აი, იმისი პერსონაჟი კი კეთილი, თბილი, მამაცი, მთამსვლელი, ოპტიმისტი და ლამაზიაო. ალეკო შუღლაძე უცხო რჯულის კრიშნაიტია, მაშინ, როცა ის კარგი კაცი მართლმადიდებელიაო. ალეკო სულ სადღაც ჯანდაბაში გარბის, როცა ის მამაცი კაცი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე დგას და არსადაც არ გარბისო. პელევინმა „ჩაპაევსა და სიცარიელეში“ ტანკით მოხია, როცა ალეკოს ფანტაზია არ ეყო და უბრალო თვითმფრინავის ბილეთების რიგში იდგაო.

საღამოს შოთა იათაშვილმა დამირეკა, Backstage-ში „სტუმრები“ უკრავენ და კომპანიონობა გამიწიეო. წამო-მეთქი. საღამოს 8-ზე იქ ვიყავით. შოთა სტაფილოს სუპს ჭამდა და 100 გრამი უკვე გადაკრული ჰქონდა. მე „საფერავი“ შევუკვეთე. შოთამ მეორე 100 გადაკრა. მე მეორე ჭიქა „საფერავი“ მოვატანინე. „სტუმრებმა“ ჯიგრულად შეუბერეს. ერთი სიმღერა შოთას ლექსზე ჰქონდათ. შოთა, შენ გაგიმარჯოსო, მთელ დარბაზში გამოაცხადეს. იათაშვილმა თავი დაუკრა, დაჯდა, მესამე ასიც გადაკრა. მეც არაყი მომიტანეთ-მეთქი, და ჩემმა მეგობარმა ამასობაში მეოთხე გადაკრა. მერე ჩემი თავი გააცნო მომღერლებს და იმათ მითხრეს, „საბას“ ლაურეატი მესამე ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობთო. დანარჩენები ვინ არიან-მეთქი და ესო, შოთაზე მითხრეს და ლევან რამიშვილი, „ბჰაგავად-გიტა“ ვინც თარგმნაო. დამფრთხალმა წამოვიძახე: იმ კრიტიკოსს არ უთხრათ, საქართველოში „ბჰაგავად-გიტას“ მთარგმნელი რომ დადის, თორემ დაედევნება-მეთქი. რა დაედევნება, ვის დაედევნებაო? − გაუკვირდათ. არაფერი, დაივიწყეთ-მეთქი.

12 ოქტომბერი, ხუთშაბათი

მოიგეს, ამათ ვენაცვალე, ხომ ვამბობდი, მესი მარადონაზე მაგარიაო, გაიძახოდა ალექსი. ხორხე, შენ გენაცვალე, ჩემო საყვარელო კაცო, უნიჭიერესი მწვრთნელი ხარო.

მივწერე: გილოცავ, ხომ ხედავ, ტყუილად ნერვიულობდი-მეთქი. შენს გერმანიას რუსეთში დავადუღებთო. გერმანიის გულშემატკივარი არ ვარ, იტალიის მხარეზე ვარ ბავშვობიდან-მეთქი, და აუ, ეგ რა მითხარი, უბანძესი გუნდი გყავთო და მაგრად იცინა. ანუ აი, ეს სმაილიკები გამოუშვა: „:)))))))))))))“, და კიდევ ეს: „ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ“.

ბუღალტერს დავურეკე და უი, შეგვეშალა, 190 კი არა, 490 ყოფილაო. მერე მითხრა: 490-ს 260 რომ გამოვაკლოთ 150 გამოდისო. მე ვკითხე, ასეთი რიცხვის − 230-ის − შესახებ რამე თუ გსმენიათ-მეთქი? საბანკო რეკვიზიტები წამოიღე და წამოდიო.

13 ოქტომბერი, პარასკევი

დაქვითვების მერე 120 ლარი გამომივიდა. სულ არაფერს, ეს სჯობს.

ქეთი დუმბაძის მესიჯი მომივიდა, თამრიკომ „გადამალვა“ გერმანელებს წარუდგინა და შენზე ძალიან ბევრი ილაპარაკაო. ფოტოც მოაყოლა, ჩემი რომანი კედელზე ჩამოკიდებულ მონიტორში ჩანდა. მეორე მონიტორზე მე ვჩანდი, ინდოეთში გადაღებული ფოტო იყო: ზურგჩანთა მეკიდა და თავი გვერდით მქონდა გადახრილი.

საღამოს შვიდზე „შაქრო ბაბუაში“ მკითხველთან მქონდა შეხვედრა.

ჩავიცვი და წავედი. დარბაზი სავსე იყო. მოდერატორი ბაკური იყო − ძალიან საინტერესო შეკითხვებს მისვამდა. აღმოჩნდა, რომ მკითხველს ბევრი რამ თავისებურად გაეგო, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ღრმადაც, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.

საღამომ ორ საათს გასტანა და ფეხი არავის მოუცვლია, მაქსიმალური ყურადღებით მისმენდნენ. ყველაფერს შევეხეთ: ბაქტერიებით დაწყებული, შავი ხვრელით დამთავრებული. ყველაზე დიდი პოლემიკა და ვნებათაღელვა სიყვარულის თემამ გამოიწვია. ერთნი ამბობდნენ, სიყვარული ისე გაგხლართავს, თავს ვეღარ დააღწევო, მეორენი არ ვეთანხმებოდით − სიყვარულის გაშვება და გათავისუფლება ნამდვილად შესაძლებელიაო. ორივენი მართლები ვიყავით.

შემდეგ ოთარი, ია, ლელა, ლატიკა და მე კაფეში წავედით. იქ მიმტანმა გოგონამ მიცნო. როგორ მიცანი-მეთქი, ვკითხე, და ცოტათი ვეჭვობდი, მაგრამ პროფილის სურათში პერანგი რომ გაცვიათ, იმ პერანგს ემთხვევა, ახლა რომ გაცვიათო. დაემთხვევა, მა რა იქნება, სულ ერთადერთი ლურჯი პერანგი მაქვს-მეთქი, და გავიცინეთ. სინამდვილეში ორი მაქვს.

ლელამ მითხრა, შენი ფანკლუბი უნდა ჩამოვაყალიბო და დირექტორი მე ვიქნებიო და, დავაი-მეთქი.

14 ოქტომბერი, შაბათი

დილის რვაზე კარზე ბევრჯერ დააკაკუნეს, მერე დარეკეს, დააბრახუნეს... არ ვაღებდი: „საკაბელოს კაცი“ წინა დღეებში იყო, თემქის „გაზის ქალს“ მონაცემები უკვე ჰქონდა და ისედაც, ვაჟა-ფშაველაზე რატომ მოვიდოდა? ოჯახის წევრები ყველანი სახლში იყვნენ. რატომ უნდა გამეღო?

მაინც გავაღე. ქალბატონი იდგა. ერთმანეთს ვუყურებდით, მე ტრუსიკში ვიყავი. მგონი დავიკარგეო, მითხრა დაბნეულმა. უჰ, რას ამბობ-მეთქი. ლამარას ვეძებდი და დავიკარგეო. ქალაქის ტელეფონი არ გაქვთ, დავრეკავ, რაო. შემოდით-მეთქი.

დარეკა. მე ლოგინში შევწექი. ის საუბრობდა, მერე ამბების მოყოლა იწყეს, იცინეს. საბანი წავიფარე და იქიდან გავძახე: როცა მორჩები, ეგ ყურმილი იმაში ჩაარჭე პიანინოზე რომ დევს ჩასარჭობი და კარი შენით გაიხურე-მეთქი და კისკისით მიპასუხა, თქვენ დაიძინეთ, ყველაფერს მე თვითონ ვიზამო.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:16:37 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG