Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბატიაშვილი − მხატვარი


26 ნოემბერი, კვირა

რამდენადაც უნდა მიხაროდეს რომელიმე მოვლენა, რატომღაც ერთი სული მაქვს, ის ჩემს წარსულად იქცეს და შორიდან ვუყურო მას. ალბათ იმიტომ, რომ მინდა, ამ მოვლენის დასასრული ვიცოდე. ისე, ყველაფერი მაინც წარსულში ხდება და აწმყო ძალიან მოკლეა, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ წარსულზე, რადგან არაფერი ვიცით მომავლის შესახებ.

დღეს კმაყოფილი ვარ. გამოფენა, რომელიც ჩემი განვლილი ცხოვრების გამოსახულებებს მივუძღვენი, გახსნილია და უკვე წარსულს ეკუთვნის.

ყოველთვის მეშინოდა, რომ, ერთხელაც, ჩემი რომელიმე გამოფენა ისეთ მოვლენას დამთხვეოდა, რომ უდროო აღმოჩნდებოდა, მაგრამ გამოფენის გახსნის გაუქმება ან გადადება არ არის იოლი საქმე, თუნდაც თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში. ამჯერად ზუსტად ასე მოხდა.

ექსპოზიციის აწყობის დროს გავიგეთ, რომ ბერი სალოსის ქუჩაზე გაუჩერებელი სროლაა და არის მსხვერპლი.

ერთი-ერთი ტელევიზია პირდაპირ სპეცოპერაციის ადგილიდან მოვიდა სიუჟეტის გადასაღებად. ჟურნალისტს სალომე ერქვა. მისი სახე სტრესისგან გაშეშებული იყო და რეაქცია არ ჰქონდა, როდესაც მეც, არანაკლებ თავზარდაცემულმა, ბოლო ძალები მოვიკრიბე და უხალისოდ ავუხსენი გამოფენის იდეა.

ამჯერად მხოლოდ ორ ფერში შესრულებული ფერწერა გამოვფინე. ის ჩემს მოგონებებს ეძღვნება. ხოლო შავ-თეთრში მუშაობა თემიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რადგან შავთეთრი გამოსახულება რაღაც ძველთან ასოცირდება. დისტანცია მოგონებებს ხანდახან უფრო ამძაფრებს და ჩვენ უკეთ შეგვიძლია გავიხსენოთ დეტალები, ვიდრე ახალმომხდარის შემთხვევაში.

ფერები უფრო კონტრასტულია და ხანდახან ფანტაზიაც ემატება და შეიძლება ისე შევცვალოთ ის მომენტი მახსოვრობაში, რომ ვერც მივხვდეთ. არის კადრები, რომლებიც არაფრით არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, მაგრამ რატომღაც სამუდამოდ გვამახსოვრდება.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სოლოგამოფენის გახსნის საღამოს სასიამოვნოდ ვატარებ დროს, ალბათ პასუხისმგებლობის შეგრძნება მიქმნის დისკომფორტს. მაგრამ საღამო მაინც სასიამოვნო იყო და ეს გალერეის სიმყუდროვეს მივაწერე. Project Art Beat სულ ახალახან გაიხსნა და ისეთი სივრცეა, თითქოს მხატვართან სახლში მიხვედი და გინდა, იქ დიდხანს დარჩე, შეგიძლია, ღვინო მოწრუპო და ბუხარს ჩამოეყრდნო. ან ფანჯრის რაფაზე შემოჯდე.

27 ნოემბერი, ორშაბათი

დილით ადრე გამეღვიძა. მეეზოვის ცოცხის შრიალმა გამაღვიძა: მონოტონური ხმა სასიამოვნოდ შეიჭრა ყურებში და თვალები გავახილე.

ფანჯრიდან გადავიხედე, მინდოდა დამენახა მეეზოვე ქურთ ქალს თუ ეკეთა ბურთებიანი ოქროს საყურეები, რაც ჩემს ბავშვობაში ასე მომწონდა... არ ეკეთა და არც ის დაპლისული ფერადი, ნაციონალური ქვედაბოლო ეცვა, რა თქმა უნდა.

აუჩქარებლად ვსაუზმობ და ვამოწმებ ელექტრონულ წერილებს

მივდივარ ჩემს შვილთან, ნინასთან, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, გვერდით ეზოში ცხოვრობს. პირველ რიგში კრიტიკული თვალი მოვავლე მის ბინას და, როგორც ყოველთვის, რამდენიმე შენიშვნაც მივეცი: რომ მცენარეებს მიწა აქვთ გამომშრალი, რომ მობილურის დამტენის სადენი გაცვეთილია და სახიფათოა... ის კი, აღფრთოვანებული მიყვება თავის მეორე სამსახურზე.

ერთხელ ნინო თარხნიშვილმა დაწერა, რომ დგება დრო, როდესაც დედა და შვილი ტოლები ხდებიან.

ზუსტად ეგ დრო დაგვიდგა ჩვენ. ერთად გავიზარდეთ და ერთად ბევრი გვიმოგზაურია, მაგრამ ბოლო მოგზაურობამ ჩინეთში სულ სხვანაირად დაგვაახლოვა. ფეხით დავდიოდით დღეში 18 კილომეტრს (მობილურმა დათვალა) და მივიღეთ უამრავი კულტურული შოკი. დავბოდიალებდით სახიფათო უბნებში და რამდენჯერმე სპეციალურად ვისადილეთ საეჭვო და ღარიბულ სასადილოებში. ეს იმიტომ, რომ ვონგ კარ-ვაის ფილმებში წარმოგვედგინა თავი და იმიტომ, რომ უკეთ შეგვეგრძნო ნამდვილი და ძველი ჩინეთი... ჩვენ ვგრძნობდით ენით აუწერელ აღფრთოვანებას ყველა ნაბიჯზე იმის არაჩვეულებრივი გაცნობიერებით, რომ სხვაგან, ძალიან სხვაგან ხარ!

მატარებლით დავდიოდით ერთი ქალაქიდან მეორეში და ფანჯრიდან, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებდით ჩინურ სოფლებს, ბრინჯის მინდვრებში მომუშავე გლეხებს, სადგურებში გაჩერებული მატარებლიდან მოჩანდა ქალაქები, ცაში უსაზღვროდ აზიდული შენობებით, რომელთა ზედა სართულები „სმოგში“ უჩინარდებოდა. ამ სახლებს არ ეტყობოდა არანაირი ნიშანწყალი რომელიმე მაცხოვრებლის. ერთ-ერთი ფანჯარა მოვნიშნე და წარმოვიდგინე, რომ იქ ვცხოვრობ. არ მესიამოვნა. ეს იყო შესაშინებლად ლამაზი მისტიკა, რომელსაც ვისრუტავდი ბოლომდე. ვნახეთ ფორთოხლის თვალუწვდენელი ტყეები, თიხის ჯარისკაცები, ღამის მდუმარე პარკები და ძილის წინ გვტანჯავდა ბევრი სიარულით გამოწვეული ფეხის ტკივილი, რომელიც დილით ისევ ქრებოდა. ამის მერე თითქოს მარტო ჩვენ ორმა ვიცით რაღაც საიდუმლო, მეტმა არავინ.

28 ნოემბერი, სამშაბათი

მეგობარმა დამირეკა, ერთი საათი დრო მაქვს და სადმე ყავა ხომ არ დავლიოთო. აუცილებლად-მეთქი.

ვიფიქრე, გარეთ რომ გავალ, ყურადღებით დავაკვირდები ყველაფერს, დავიმახსოვრებ, რაც ჩემ გარშემო მოხდება და დაწვრილებით აღვწერ ჩემს დღიურში-მეთქი... გარეთ გავედი, სადარბაზოსთან ორი კაცი იდგა, ერთი უზრდელურ ანეკდოტს მოყვა და ორივემ გადაიხარხარა, მეც გამეღიმა. მელიქიშვილის ქუჩის გადაჭრისას სუნთქვა გავაჩერე, აქ ყოველთვის ასე ვაკეთებ, ცოტა ხნით მაინც, რომ შევაჩერო ჩემში შემავალი მანქანების გამონაბოლქვი. შევედით პატარა კაფეში, სავსე იყო ხალხით, რაც ძალიან მაწყობდა. ვიყიდეთ ჩაი და ნამცხვრები. ჩემს ამორჩეულ ნამცხვარს ერთადერთი მაყვალი ჰქონდა შუაში დადებული.

გვერდით მაგიდაზე ახალგაზრდა ბიჭი თაბაშირიანი ხელით მესიჯს წერდა. ტექსტს კრეფდა და ისევ შლიდა, ბოლოს წაშალა და აღარ დაწერა.

ფანჯრიდან ქუჩა ჩანდა, უამრავმა ნაცნობმა ჩაიარა. კუთხეში უცნაური კაცი იდგა დიდი ჩანთით და გაზეთს კითხულობდა, დროდადრო ჩანთას ხსნიდა და შიგნით ახველებდა და კეტავდა. მერე ისევ გაზეთს მოიმარჯვებდა და კითხვას განაგრძობდა.

მეგობარს ვკითხე, რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება-მეთქი. ზუსტად არ ვიციო. შენთვისო? მარტო ერთი პასუხი არ მაქვს, მაგრამ მახსოვს, პირველად როდის ვიგრძენი ეს-მეთქი. როდესაც ბავშვობაში პირველად ქუჩაში მარტო გავედი. მაშინ ვიგრძენი, რომ მე ვეკუთვნი მარტო ჩემს თავს და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი თავისუფლება.

ნამცხვარზე დადებული მაყვალი ყველაზე ბოლოს შევჭამე და გარშემო ხალხის დაკვირვება განვაგრძე. ძირითადად, თავიანთ მობილურებში იყურებოდნენ და იქ ვიღაცებს უღიმოდნენ ნაზად.

ერთი საათი გავიდა, არაჩვეულებრივად მოღიმარ მიმტანს დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედით, კიბეზე ისევ გავჩერდით და განვაგრძეთ საუბარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარტივსა და რთულ დეტალებზე. კიბესთან პატარა გუბე იყო, საიდანაც ჩიტი წყალს სვამდა. გუბეში სიგარეტის ნამწვები ეყარა, ჩიტი კი ამ წყალს ისე გემრიელად სვამდა... გული მეტკინა.

სახლში მოვედი, სამუშაო ოთახში შევედი და ორი ნახატი ერთად დავიწყე ზამთრის თემაზე. მეზობლის ბინიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. ძველი ქართული ფილმი გადიოდა. შენს ეზოში გადარგული ხე ვიყოო, მღეროდნენ.

29 ნოემბერი, ოთხშაბათი

ადრე მიყვარდა საუზმისას ტელევიზორის ყურება, მაგრამ გავაუქმე ტელევიზია. ბოლო დროს ძალიან მღლიდა და დროს მართმევდა. სოციალურმა ქსელებმა ტელევიზიის მონოპოლია, მგონი, მოსპო და მეც ფეისბუკზე შევედი. ყველას პირბადიანი ქანდაკებების ფოტოები ჰქონდა გაზიარებული. რასაკვირველია, ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო აქცია იყო. ჰაერი ჩემი მთავარი სევდაა ამ ქალაქში, სუნთქვა, რაც სიცოცხლის სიმბოლოა და არის პირველი სასიცოცხლო საშუალება, აი ის არ გვაქვს ჩვენ. ქუჩაში გასვლისას ვცდილობ, არ ჩავისუნთქო ჰაერი ბოლომდე, ან გარკვეულ ადგილებში საერთოდ არ ვისუნთქო, ანუ მაქვს სუნთქვის შიში. გავიგე, რომ მანქანების ტექდათვალიერება კიდევ ორი წლით გადაიდო, უსუსურობის შეგრძნება მაქვს, და კიდევ იმის, რომ ვიწამლები.

თბილისის რუკას რომ ვუყურებ, ჩემი სახლი ზუსტად ქალაქის ცენტრში დგას და ვაცნობიერებ, როგორ მოდის მთელი ოხშივარი ჩემკენ. მაგრამ იმედით ვუყურებ ჩემს ფანჯრებთან ამოსულ ნაძვებს, რომლებიც, ალბათ, ოდნავ მაინც მიცავენ მძიმე ლითონებისგან. აქ ჩიტებიც დაფრინავენ ტოტიდან ტოტზე. თუ ხეები დათოვლილია, ერთი ტოტიდან მეორეზე გადაფრენისას, ერთი ტოტიდანაც ცვივა თოვლი და მეორიდანაც, რომელზეც სხდებიან. ამ დროს სულ მახსენდება პაბლო ნერუდა და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ შეკითხვას დასვამდა ის თავის შეკითხვების ლექსებში.

ჩემ გარშემო ბევრი გადავიდა ან გეგმავს გადასვლას ქალაქგარეთ საცხოვრებლად, სწორედ უჰაერობის მიზეზით. გაქცევა გამოსავალია, მაგრამ მე ქალაქში მინდა ცხოვრება − არც ყვავილების დარგვის სურვილი მაქვს, არც ბოსტნის გაშენების. მინდა ფეხით ვიარო ხალხით სავსე ქუჩებში და ჩემთან ადვილად მოვიდნენ სტუმრები. ან მე მივიდე მათთან სპონტანურად. მომწონს, როცა მირეკავენ და მეუბნებიან, აქვე ვარ და შემოგივლი ან აქვე ვართ ამა და ამ კაფეში და გამოდიო. და მეც უცებ, ფეხით გავდივარ იქ. როცა ქალაქგარეთ ცხოვრობ, მაშინ ყოველთვის მანქანაზე ხარ დამოკიდებული.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თბილისს დავხატავდი. ალბათ, კომერციად ქცეული ნახატების გამო, ძველი თბილისი ფერადი სარეცხებით, იტალიური რომანტიკული ეზოები. ჩემს თვალში თბილისი ასეთი არ არის, ჩემთვის ის არის ნაცრისფერი ბეტონი, ხმაურიანი მხრჩოლავი მანქანებით, ჩაცუცქული ბიჭებით, ცარიელი და გარინდებული, მაგრამ საოცრად მისტიკური და საინტერესო და ამ ბოლო დროს ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ქალაქი, საიდანაც ყოველთვის გავრბოდი, მაგრამ უკან დაბრუნებისას სიამოვნების ტალღა მთელ ტანში მივლიდა.

30 ნოემბერი, ხუთშაბათი

ხუთშაბათი ის დღეა, როცა არაფერი უნდა დავგეგმო. ჩემი ძმისშვილი სკოლიდან ჩემთან მოდის ამ დღეს. ყველა მოსვლაზე გაზრდილია სიმაღლეში და მეც კარის ყოველ გაღებაზე გაკვირვებული აღვნიშნავ ამას. პირველი, რაზეც საუბარს ვიწყებთ, ჩვენი საყვარელი გადაცემაა მოგზაურობაზე. როდესაც წამყვანს ცვლიან, გული გვწყდება და არასდროს მოგვწონს ახალი წამყვანი. მერე ვეჩვევით იმ ახალ წამყვანს და მალევე მას ისევ ახლით ცვლიან. ჩვენ მაინც სულ პირველ წამყვანებს ვაქებთ, ვამბობთ, რომ მათნაირი იუმორი ამათ ვერ აქვთ. ვსხდებით კომპიუტერთან, ერთად ვუყურებთ ახალ გადაცემას და ვპირდებით ერთმანეთს, რომ შემდეგ გადაცემას ცალ-ცალკე არ ვუყურებთ, ამას მხოლოდ ერთად გავაკეთებთ, მაგრამ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ გიორგი უჩემოდ უყურებს და ჩემთან ისე იქცევა, თითქოს პირველად ნახა.

სოციალური ქსელები გვამცნობენ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონის მიღებას. გვიკვირს ორივეს და გვიხარია. თან ბევრს ვხუმრობთ ამ თემაზე.

ვფიქრობდი: უბრალოდ ამოსული ბალახი რამხელა მოხმარების საგანი შეიძლება გახდეს, რომ მის გარშემო კანონები იქმნებოდეს.

რა უცნაურია, რომ ადამიანს მიდრეკილება აქვს გონების დაკარგვისკენ ან მისი შეცვლისკენ. რეალობისგან გაქცევა და იმ სამყაროსკენ ტვინის მომართვა, რომელიც არ არსებობს, გართობის ან დასვენების ნაწილია. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილები და თამაშები უსასრულოა − გვინდა, ყველაფერს ფორმა შევუცვალოთ და ვიპოვოთ ზღაპრული სამყარო, სადაც ჩვენს ცხოვრებას განცვიფრებებით და შთაბეჭდილებებით გამოვკვებავთ.

დღეს, თიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის გამოფენის გახსნაა. ვცდილობთ, ადრე მივიდეთ სანამ ბევრი ხალხი მოვა, თუმცა მე არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვინც ბევრ ხალხში ნახატს ვერ აღიქვამს. პირიქით, მომწონს, რომ გალერეაში ხალხია. ისინი ნამუშევრებს აცოცხლებენ იქ ყოფნით.

მოწიწებით გავჩერდი ყველა ნახატთან და დავტკბი სულ სხვა ეპოქის სუნთქვით, სხვა ეპოქის, მაგრამ საოცრად თანამედროვე ვიზუალით.

სახლში მოსვლისთანავე გავაგრძელე დღიურის წერა. მახსენდება წიგნებში ცარიელი თეთრი ფურცლის არსებობა, რომელიც ყდის შემდეგი ფურცელია, ის ყოველთვის ჩემი საყვარელი გვერდია, რადგან წარმოვიდგენ ხოლმე, თუ რა შინაარსის ტექსტი შეიძლება იყოს იქ.

1 დეკემბერი, პარასკევი

ზამთრის პირველი დღე. თბილა. ჩემი ნაძვები ქარისგან ოდნავ ქანაობენ.

ტელეფონის ზარები. ანუკიმ გამოფენის სიუჟეტის ლინკი გამომიგზავნა, შევდივარ თავისუფლების საიტზე და ვრთავ ვიდეოს. ძალიან მომწონს, მაგრამ უხერხულობის გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ, როდესაც ჩემს თავს ეკრანზე ვხედავ.

ვწერ დღიურს, მომწონს წერის პროცესი, მოვლენები და საგნები სიტყვებად რომ იქარგებიან, მოგონებები ცოცხლდებიან. როცა მირეკავენ და მეკითხებიან, რას აკეთებო და ვეუბნები ვწერ-მეთქი, ესეც ძალიან მომწონს. ასეთი პასუხი არასოდეს არავისთვის გამიცია. ეს ისეთი რამეა, რასაც სახელოსნო არ სჭირდება, არც საღებავი − მარტო სიტყვები. მახსოვს, როგორ გავემგზავრე ინგლისში ჩემს ორ მეგობარ მწერალთან ერთად და ისინი თვითმფრინავში მუშაობდნენ წიგნზე. ისე შემშურდა მათი, მე ხომ ვერასდროს ვიმუშავებ თვითმფრინავში ჩემი პროფესიით!..

წერას მობილურის ზარი მაწყვეტინებს. ჩემი გალერისტი ნათია ბუკია მირეკავს მეუბნება, რომ მალე სტამბოლში გვექნება გამოფენა. მანამდე კი კერამიკული ნამუშევრების გამოფენა უნდა გავაკეთოთ ჩვენს გალერეაში და ეს კერამიკები რამდენიმე მხატვარმა უნდა მოვხატოთ. ყოველთვის მაინტერესებს ახალი მედიები, მით უმეტეს რომ კერამიკის მოხატვის პატარა გამოცდილება უკვე მაქვს.

შემდეგი ზარი − შტეფან ტოლცი, გერმანელი რეჟისორი. ის თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად და მამცნობს, რომ „ადამის პრიზის“ ოფისის პრეზენტაცია 7 დეკემბრისთვის დაიგეგმა. ახალი ოფისის გახსნას ჩემი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა ახლავს. შტეფანმა მითხრა, რომ ჩემი გრაფიკები მოუხდება იმ იდეას, რაც მათ პროექტს ამოძრავებს. რომ მთავარი თემა ადამიანია, დროისგან, სქესისგან და ნაციონალობისგან თავისუფალი − ის, რაც შენს ფიგურებშიაო. საუბრისას ერთი-ორი უმნიშვნელო და საყვარელი გრამატიკული შეცდომა დაუშვა. ნეტა ჩვენგანაც თუ ასე კარგად ჟღერს, როცა უცხო ენაში შეცდომას ვუშვებთ?

ექსპოზიცია უკვე გაკეთებული გვაქვს. ასე რომ, უდარდელად შემიძლია დაველოდო გახსნას. „ადამის“ მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის ჟურნალისტურ და სარეჟისორო ნამუშევრებს.

საღამო, ისევ სამუშაო ოთახი. ბევრს ვმუშაობ, სასიამოვნოდ ვიღლები. ეს არის ჩემთვის ყველაზე ინტიმური და ძვირფასი დაღლა, საძინებლისკენ მივდივარ.

2 დეკემბერი, შაბათი

დამესიზმრა, რომ იმ სავარჯიშო დარბაზში ვარ, სადაც ცოტა ხნის წინ ხერხემლის პრობლემის გამო დავდიოდი. ჩემი მწვრთნელი ხმამაღლა მითვლიდა თექვსმეტამდე და ჩემთან ერთად ვარჯიშობდა. მერე გაჩერდა და ბოლთის ცემა დაიწყო და თან მკაცრად მითვლიდა ისევ თექვსმეტამდე. როდესაც „თექვსმეტს“ იტყოდა, ხმას უწევდა და ამკაცრებდა. მე ვითომ ვუღიმოდი: არ მადარდებს შენი სიმკაცრე-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. ის სახეზე მაინც არ მიყურებდა და თანდათან უფრო მკაცრად და ხმამაღლა ითვლიდა. გამეღვიძა და ჩემმა ტვინმა ავტომატურად გააგრძელა თვლა.

რეალობას დავუბრუნდი და საღამო დავგეგმე. არ მინდა შაბათ საღამოს სახლში ვიჯდე. მანამდე კი რადიოში უნდა შევიარო და ეს ყველაფერი წავიკითხო.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:15:35 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG