Accessibility links

30 ივლისი, კვირა

დღეს კვირაა და შედარებით თავისუფალი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილიდანვე დასვენების საშუალება ჩვენი სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობამ არ მომცა. დილის შვიდი საათიდან ახმაურდნენ მუშები და აგუგუნდა მანქანა, რომელსაც ჩემი ორი წლის შვილთაშვილი ელი „ხრუხუნას“ ეძახის. აშენებენ თორმეტსართულიან სახლს. ასეთი მშენებლობა ბევრგან მიდის, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთათვის დამახასიათებელი არქიტექტურის ბევრი ძეგლი დაანგრიეს, ბევრი რამ უკვალოდ გაქრა, ხოლო ცენტრალური ქუჩების უკან მდებარე ვიწროშუკებიან, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ძველი ქოხმახები დგას და თავისით ინგრევა. ახალი შენობები − თორმეტ, თხუთმეტ და მეტსართულიანი − ქალაქის ბუნებრივ რელიეფსა და ლანდშაფტს რომ ამახინჯებს, უშნოდაა წამოყუდებული. რა თქმა უნდა, ქალაქთმშენებლობა უნდა განვითარდეს, ამავე დროს თანამედროვე არქიტექტურას თავისი მოთხოვნები და კანონები აქვს, მაგრამ დღევანდელი შენობები ორგანულად უნდა იყოს ძველთან შერწყმული და ის, რაც კარგია ძველ მშენებლობაში, დაცული უნდა იყოს. ასეთი უმოწყალო განადგურება საღსალამათი შენობებისა და მართლაც დასანგრევის უგულებელყოფა ქალაქის იერსახეს ყოველმხრივ აზიანებს. ცუდ წიგნს დახურავ და გვერდზე გადადებ, უვარგის ფილმს არ უყურებ და ტელევიზორს გამორთავ, მაგრამ რას უზამ კაპიტალურად აშენებულ არქიტექტურულ მონსტრს?

დღეისათვის გადაწყვეტილი მქონდა წიგნების დალაგება-გადარჩევა. ეს ძალიან ძნელი საქმეა, ჩემი ასაკის გამოც და იმიტომაც, რომ ჩემთან წიგნი ძალიან ბევრია. ამას ჩემს მეტი ვერავინ იზამს, მაგრამ საქმე ნელა მიდის წინ. ზოგი წიგნი ბიბლიოთეკას (უნივერსიტეტისას ან ხელნაწერთა ცენტრისას) უნდა გადავცე, მაგრამ ძველი, ჩემს ხელში გავლილი წიგნები არ მეთმობა; თითოეულს თავისი ისტორია აქვს, სხვადასხვა ასოციაციას იწვევს, გარდა ამისა, სამეცნიერო წიგნები დღესაც ძალიან საჭიროა, მათ დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა; ხშირად მესმის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისაგან, ასეთი რამ: „რაღა საჭიროა დღეს, კომპიუტერის ეპოქაში, წიგნი?“ უდიდესი შეცდომაა! კომპიუტერი მართლაც საოცარი რამ არის, მან ათასწილად გააადვილა ინფორმაციის მოპოვება და მისი დამუშავება, დღეს კომპიუტერი ყველგან საჭიროა − სამუშაო კაბინეტში, შინ, აეროპორტში თუ საავადმყოფოში, მაგრამ იგი ვერ შეცვლის და ვერც განდევნის წიგნს. წიგნს, როგორც ისტორიულ-კულტურულ ფენომენს, კაცობრიობის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია, წიგნმა შემოინახა კაცობრიობის განვითარებაში დაგროვებული ცოდნა და კულტურა და ადამიანის ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარების უმძლავრეს იარაღად დარჩა. ნუ მოვაკლებთ ბავშვებს წიგნებს! ბავშვი რომ ხელში აიღებს წიგნის თანამედროვე გამოცემას, დღევანდელი პოლიგრაფიული ტექნიკის დონეზე შესრულებულს, მას საშუალება მიეცემა თავის ფანტაზიას გასაქანი მისცეს, სულიერად დაუკავშირდეს მთელ სამყაროს, გაეცნოს პოეზიას... ამას კომპიუტერი ვერ შეძლებს! ჩემს ახალგაზრდობაში, როცა კომპიუტერის სახელიც კი არ გაგვეგონა, ძალიან ბევრს ვკითხულობდით. მაშინდელი წიგნები პოლიგრაფიის თვალსაზრისით უვარგისი იყო, უმეტესად ყვითელ საგაზეთო ქაღალდზე ცუდი შრიფტით დაბეჭდილი, მაგრამ მაინც ვკითხულობდით, ვკითხულობდით ძალიან ბევრს, ამხანაგებში ზოგჯერ სატრაბახოც კი იყო ამა თუ იმ წიგნის ცოდნა. დღეს, სამწუხაროდ, ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა უკლო კითხვას. კითხვა ზოგისთვის კომპიუტერში თამაშმა შეცვალა, ეს კი დაეტყო მათ აზროვნებასა და მეტყველებას. ყურმოკრულ ამბავს არ ვამბობ, მე თვითონ ვხედავ ამას სტუდენტებთან ურთიერთობისას და აბიტურიენტთა (ზოგჯერ მასწავლებელთა!) ნაწერების კითხვისას.

დავიღალე წიგნების ლაგებით. საღამოს ჩავრთე კომპიუტერში მუსიკა. არჩევანი დიდია (აი, აქ გამომადგა კომპიუტერი! თუმცა, რა თქმა უნდა, ცოცხალი მუსიკის მოსმენა სჯობია), ვირჩევ შოპენის ბალადებს არტურ რუბინშტეინის შესრულებით. დინამიკები ხმას აძლიერებს − ნეტავ რას ფიქრობენ ჩემი მეზობლები? იმედია, იმათაც უყვართ კლასიკური მუსიკა.

თავისუფლების დღიურები - მზექალა შანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:21:33 0:00

31 ივლისი, ორშაბათი

მთელი დილა ვემზადებოდი საზაფხულო სკოლაში წასაკითხავი ლექციისათვის. ორი ლექცია მქონდა ცხრილით − დღეს და ხვალ. საზაფხულო სკოლების პრაქტიკა ჩვენში წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო. თბილისის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ქართველოლოგიური სკოლა, სადაც უცხოეთიდან ჩამოსული მსმენელები სწავლობდნენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ეცნობოდნენ ქართულ ისტორიულ ძეგლებს. დღეს საზაფხულო სკოლები უკვე ჩვენში ბევრ სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებას აქვს; ბევრი უცხოელი დაინტერესდა, გაჰყვა ამ საქმეს და რიგიანი ქართველოლოგიც დადგა. მაგალითად, ასეთია იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც კარგი სპეციალისტია. საზოგადოდ, ამ ბოლო ხანებში ინტერესი ქართული ენისა და ისტორიის მიმართ გაიზარდა. ქართულს სწავლობენ გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკაში.მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია. უმეტესობას ქართველი − ინგლისურად Georgian − ამერიკის ჯორჯიის შტატის მცხოვრები ჰგონია ჯერ კიდევ. ამიტომ ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს, მარტო ევროპაში დაჭერილი ქურდების სამშობლოდ ხომ არ უნდა გვიცნობდნენ?

ლექციისათვის მზადება ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს აქ, საზაფხულო სკოლაში. ცხრილით სულ ორი ლექცია არის დაგეგმილი. ძალიან ძნელია ამ ორ საათში ჩაატიო ბევრი ინფორმაცია ისე, რომ გასაგებიც იყოს და იმავე დროს საინტერესოც.

სამი საათისათვის მანქანამ მომაკითხა და უნივერსიტეტში წავედი. დღეს თბილისში და საქართველოში უნივერსიტეტები მომრავლდა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ბევრი სხვისათვის „უნივერსიტეტი“ მხოლოდ ერთია − ის, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა დააარსეს და რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირეს.

აუდიტორიაში ხუთი მსმენელი დამხვდა: ორი იაპონელი, ერთი იტალიელი, ერთი შვედეთიდან, ერთიც − რუსეთში გაზრდილი ქართველი. ლექცია ინგლისურად ჩავუტარე. ლექციის (და მოხსენების) წაკითხვას თავისი ტექნიკა აქვს. მსმენელი უნდა გრძნობდეს, რომ მას მიმართავ, მასთან კონტაქტი უნდა გქონდეს, თორემ ყველაფერი ფუჭად ჩაივლის. ლექციის დაწყებამდე გამოვკითხე, რომ გამეგო მათი ცოდნის დონე და ინტერესები, ცოტ-ცოტა ქართული უკვე ნასწავლი აქვთ, მეც ვცდილობ, ჩემი მონათხრობი მათს ინტერესებსა და ცოდნას შევუფარდო. იაპონელებს ლინგვისტიკა აინტერესებთ, იტალიელი „ბალავარიანს“ სწავლობს, შვედ ქალს უნდა ქართული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა. მე ქართულ ენას არ ვასწავლი − ამისთვის ცალკე ჰყავთ მასწავლებლები. მოკლედ გავაცანი ქართულ ენასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები − ქართული ენის სტრუქტურის თავისებურებანი, დიალექტები, წერილობითი ძეგლები, ქართული დამწერლობა და მისი ისტორია − ძალიან მოკლედ, მაგრამ მეტის დრო არ არის. ყურადღებით მისმენდნენ. ერთს ჩამწერი მოწყობილობაც ჰქონდა ჩართული. ამას მიჩვეული ვარ და არ მაწუხებს. ბოლოს კითხვები დამაყარეს და ლექცია ერთი საათის მაგიერ ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს ელგუჯა ხინთიბიძემ (ქართველოლოგიური სკოლის ხელმძღვანელმა) შემოიხედა აუდიტორიაში − ხომ ცოცხლები ხართ ყველაო. მადლობაც მითხრეს. „We have enjoyed your lecture“, − მითხრა იტალიელმა. ელექტრონული მისამართიც გამომართვეს. კომუნიკაციისათვის, მართლაც კარგია დღევანდელი ტექნიკა − ამას წინათ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართულის შემსწავლელ ჯგუფს აქედან ჩავუტარე ლექცია, თორემ მე რეალურად სად წავხისფეხდებოდი! (ეს ხევსურული სიტყვაა, „ძლივს წასვლას“, „წათრევას“ ნიშნავს, ძალიან ექსპრესიულია, როგორც ბევრი ცოცხალი, დიალექტური სიტყვა.) გერმანიაში მუშაობს იოსტ გიპერტი, რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ. ის სწავლობს ქართულ ენას, ქართულ ხელნაწერებს სინაზე, ათონის მთაზე. ახლახან გამოაქვეყნა ქართული პალიმფსესტების ახალი გამოცემა, პალიმფსესტის (გადარეცხილი და საწერად ხელახლა გამოყენებული ტყავის) ძველი ფენის კითხვა ძალიან ძნელია, ამას საგანგებო აპარატურა სჭირდება. გამოცემა ძალიან კარგია (და ძალიან ძვირი! ჩვენთან, სამწუხაროდ, მაგის შესაძლებლობა არ არის − ვერ ვხედავ, რომ მეცნიერებისათვის მაინცდამაინც იწუხებდეს ვინმე თავს).

საღამოს დავუარე ყვავილებს და წყალი დავასხი. ძალიან მოიწყინეს ამ სიცხეში. მერე კიდევ ვუსმინე მუსიკას − ამჯერად ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო („საიმპერატორო“) კონცერტს. ძალიან მომთმენი მეზობლები მყავს − ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ჩემი მუსიკალური პრაქტიკა, კიდევ კარგი, რომ მძიმე როკს არ ვასმენინებ − ვინ იცის, მაშინ რა მოხდებოდა...

1 აგვისტო, სამშაბათი

დილით ვიყავი აკადემიაში ჩვენი განყოფილების სხდომაზე (ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში სულ ცოტანი ვართ). მოვისმინეთ მოხსენება ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მომხსენებელი − თვითონ მათემატიკოსი − ამტკიცებს, რომ ქართული ანბანის ასოთა რიცხვითი მნიშვნელობების გამრავლება-გაყოფით და სხვა ამგვარი მანიპულაციებით ჩნდება ამ ანბანის ისტორიასთან დაკავშირებული რაღაც მისტიკური საიდუმლოებანი. ეს არის მორიგი აბსურდი, უკვე ბევრჯერ გაგონილი, დამყარებული შუასაუკუნეობრივ სქოლასტიკაზე − რიცხვთა სიმბოლიკაზე. უბედურება ის არის, რომ ამგვარი „მკვლევრები“ დარწმუნებული არიან, რომ კარგ ეროვნულ საქმეს აკეთებენ და ქართული ანბანის განდიდება-გამოჩინებას უწყობენ ხელს, ნამდვილად კი თავისი უნაყოფო ფანტაზიებით თავს გვჭრიან და ნამდვილ მეცნიერთა შორის უვიცებისა და უწიგნურების სახელს გვიმკვიდრებენ. ის კი არ არის მთავარი, რომ ავტორი სპეციალისტი − ლინგვისტი − არ არის, ბოლოს და ბოლოს, განა დიპლომია მთავარი? მრავალი აღმოჩენა სწორედ არასპეციალისტთა მიერ არის შესრულებული. მთავარი უბედურება ის არის, რომ უსაფუძვლო ვითომც-კვლევათა ავტორები არ იცნობენ და თამამად ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ საკითხისათვის მნიშვნელოვან ძირეულ, მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებს. როდესაც ვინმე ამტკიცებს (და ასეთები საკმაოდ არიან), რომ ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის ოცდამეათე თუ ორმოცდამეათე საუკუნეშია შექმნილი, სრულიად არ იცის − ან სულაც არ დაგიდევს − რომ ვალდებულია იცოდეს, რა არის ანბანი საერთოდ, რას წარმოადგენს იგი, როგორც ნიშანთა სისტემა, ან როგორი უნდა ყოფილიყო ანბანის შექმნისათვის მის მიერ გამოცხადებული დროისათვის ქართული ენა? მაგათ რომ ჰკითხოთ, უძველესი წარწერის გაშიფვრა-წაკითხვა დღევანდელი ტელევიზიის ენით შეიძლება − ენის ისტორია რა არის, სიზმარშიც არ უნახავთ. მერე და ამნაირ ხალხს ვერაფრით დაარწმუნებ, მეცნიერულ მსჯელობას ყურს არ უგდებენ და ისევ თავისას მიერეკებიან. ახლაც ასე მოხდა და ჩვენი მათემატიკოსი ისე გაცხარდა, რომ კინაღამ ყველას სცემა. თამაზ გამყრელიძემ, რომელსაც შესანიშნავი ნაშრომები აქვს სწორედ ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, რა თქმა უნდა, ხმა არ გაიღო, რადგან ასეთი ხალხის დარწმუნების მცდელობა დროის ფუჭ ხარჯვად მიაჩნია. ხოლო, როდესაც მე ვკითხე, საერთოდ რა საჭიროა ანბანისათვის მათემატიკური ეგზერსისები, შეტევაზე გადმოვიდა ხელ-ფეხის ქნევით. რას იზამ! ასეთი „ოპუსები“ დროდადრო ჩნდება და სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები (აფერუმ მათს განათლებას!) უცბად აიტაცებენ ხოლმე − ვინ დაგიდევს მეცნიერულ კვლევას! ქართული ანბანი უძველესია მსოფლიოში − ლამის ქვის ხანის ადამიანები, გამოქვაბულებში რომ ცხოვრობდნენ, ქართულადსწერდნენ ერთმანეთს სატრფიალო ბარათებს! მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი წიგნი, რომლის ავტორი ქართული ანბანის შექმნაზე მსჯელობისას (თუ ჰქვია ამას მსჯელობა) კოსმოსში ავიდა, მზესა და მთვარეს დაესესხა, მათი პირობითი აღნიშვნები ქართულ ანბანში გადმოიტანა, ძველად არსებული დამწერლობები − ეგვიპტური, სემიტური − ფეხბურთელის ოსტატობით აქეთ-იქით ატრიალა. ეს წიგნი რომ ნახა მამაჩემმა, აკაკი შანიძემ, იმანაც უარი თქვა რეცენზიის დაწერაზე − მე გიჟების ექიმი არ ვარო. მაშინ ამ წიგნს ბევრი კითხულობდა, დიდ მოდაში იყო და ამიტომაც ვთხოვდით რეცენზიის დაწერას, ბოლოს, რომ არ მოვეშვით, აიღო წიგნი და ზედ დააწერა: „ასე ვცან, საქმე ამ წიგნის ზღაპარია და ჩმახია“. ასე მოათავა რეცენზირება რუსთველის სიტყვების გამოყენებით.

სამ საათზე ისევ ვიყავი საზაფხულო სკოლის ლექციაზე. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. იტალიელმა სერჯიომ მითხრა, აუცილებლად განვაგრძობ ქართულის სწავლას და კიდევ ჩამოვალ საქართველოშიო. შემოდგომაზე მგონი ხელნაწერთა ცენტრი აპირებს ასეთივე საზაფხულო (თუ საშემოდგომო?) სკოლის ციკლის ჩატარებას, კარგი საქმეა.

საღამოს დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი წყნეთში, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სანახავად. დღევანდელი წყნეთი აღარ ჰგავს იმ წყნეთს, სადაც სამოცი წლის წინ სააგარაკო სახლები აშენდა. მაშინ საღამოს სიჩუმეს მხოლოდ ძროხების ბღავილი და ვირების ყროყინი თუ არღვევდა, დღეს მანქანების ხმაური არ ასვენებს ადამიანს. ნამდვილი „წყნეთვილი“ გახდა. ნეტა ვის სჭირდება ეს ბეტონის ღობეები, ციხის კედლებს რომ წააგავს და სუნთქვის საშუალებას არ იძლევა?

მოვინახულე ჩემიანები, სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობისა. ელისაბედი (შვილიშვილი) ამერიკაში სწავლობს, კონექტიკუტის შტატში, უნივერსიტეტში. თვითონ მოიპოვა გრანტი კონკურსით, თორემ მის მშობლებს და მე მისი დაფინანსების საშუალება ჩვენი ხელფასით, რა თქმა უნდა, არ გვექნებოდა. მიშო მეთორმეტე კლასში გადადის, ექიმობა უნდა. ჯერჯერობით მის მიერ შეხვეული თითიც არ მინახავს. ვნახოთ რა გამოვა.

2 აგვისტო, ოთხშაბათი

დღეს ხელნაწერთა ცენტრში ვიყავი (ახლა მას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჰქვია). ხელნაწერი პირველად ავიღე ხელში სამოცზე მეტი წლის წინათ, მას შემდეგ ბევრმა ხელნაწერმა გაიარა ჩემს ხელში, მაგრამ ეს მუშაობა არასდროს ყოფილა მოსაწყენი, თითოეული ხელნაწერი უნიკალურია და მისი ავტორისა თუ გადამწერის პიროვნებასთან გაკავშირებს. ნეტავ როგორი იყო იოანე-ზოსიმე, საბაწმიდისა და სინის ცნობილი მოღვაწე? მის ხელს მაშინვე ვცნობ; ეტრატის ჩამონაჭრებიდან პატარა წიგნი ძაფით შეუკერავს და წუწუნებს − გაჭირვებული ვიყავ, მეტის საშუალება არ მქონდაო და მკითხველს შენდობას სთხოვს. ძველი გადამწერები თავის თავს ყოველთვის მოკრძალებით ახსენებდნენ − როგორც მდაბალს, უღირსს, „ცოდვით ტვირთმძიმეს“ (ბევრი ახლანდელი მოღვაწისაგან განსხვავებით!) ბევრი ლამაზი კალიგრაფიული ხელით ნაწერი ხელნაწერის ბოლოს გვხვდება ანდერძში: „ხელი მწერლისა მიწასა შინა ლპების, ხოლო ნაშრომი მისი ჰგიეს“ (ანუ რჩება, არსებობს). მართლაც ასეა.

ამჟამად XI საუკუნის მეცნიერისა და მთარგმნელის, ეფრემ მცირის ერთ-ერთ ნაშრომს ვამუშავებ, ხელნაწერი 1091 წლისაა და ქაღალდზეა დაწერილი. ამ დროიდან აღმოსავლეთიდან შემოტანილმა ქაღალდმა ფეხი მოიკიდა ჩვენში და შემდგომ თანდათან შეცვალა უფრო ადრე გავრცელებული საწერი მასალა − ტყავი, ანუ პერგამენტი. უზარმაზარი ხელნაწერია, ხელით ძლივს ასწევს კაცი, 700 გვერდამდეა და წვრილად ნაწერი. როგორც იქნა, დავამთავრე მისი გადმოწერა (ხელით!) და კომპიუტერში შეტანა, მინდა მალე დაიბეჭდოს. ქართული ენის ისტორიის შესასწავლად ძველი ძეგლების ენას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ხელნაწერზე მუშაობა ადვილი არ არის, ცოდნა, დიდი მოთმინება და დრო უნდა. დღეს ამ საქმით დაინტერესებული ბევრი ჩანს, მაგრამ მათი ცოდნის დონე ხშირად საკმარისი არ არის, ძველ ქართულს თავისი სპეციფიკა აქვს და მისი მსგავსება ახალ ქართულთან ხშირად აცდუნებს მკვლევარს.

დერეფანში თანამშრომლები შემხვდნენ. ბევრი მათგანი ჩემი ნასტუდენტარია, ყველა შეწუხებულია ცენტრის გაურკვეველი მდგომარეობით: შენობა ხელნაწერთათვის შეუფერებელია − სად გაგონილა ეროვნული საგანძურის საცავი შუშისა იყოს? (ხუმრობით „რესტორანი მანუსკრიპტი“ შეგვარქვეს). 1972 წლის შემდეგ დგას ეს საკითხი და ვერცერთმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა − ხან სად გვიპირებენ ახალსახლობას და ხან სად! ამასობაში კი ყოფილი მინდორი სპორტის სასახლის უკან, სადაც სამოციანი წლებიდან მისცეს ბინა ხელნაწერთა ინსტიტუტს, მრავალსართულიანი სახლებით აივსო. რა გეგმა, რის გეგმა! ლამის ერთმანეთს მიატყუპონ სახლები ისე, რომ გავლაც უჭირს მათ შორის მანქანებს, სულ ჩახერგილია გზები!

საღამოს რომიდან გამოგზავნილი წიგნი მომივიდა. შიგ ორი ქართველის წერილებია დაბეჭდილი. ერთი მათგანი დღეს თბილისის ცენტრალურ არქივში მუშაობს, სადაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ხელნაწერი მასალა არის შეკრებილი, მათ შორის უძველესი საბუთებიც; მეორე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და ისიც ქართულ მასალაზე მუშაობს. კარგია, რომ დღეს საშუალება არის ბევრგვარი კონტაქტებისა, ჩვენი მეცნიერული მიღწევების სხვებისთვის გაცნობისა; მაგრამ ის არის ცუდი, რომ ქვეყნის დღევანდელმა მდგომარეობამ აიძულა ბევრი მეცნიერი, საზღვარგარეთ წასულიყო, რადგან აქ სამუშაო პირობები არ არის. ჩვენი სამეცნიერო ინსტიტუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხოლო ჩვენი ქვეყნის წინსვლა-განვითარება მეცნიერების გარეშე შეუძლებელია. ეს ანბანური ჭეშმარიტება აფრიკის ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებშიც ესმით და მეცნიერებასა და განათლებას თავ-თავის ბიუჯეტში შესაფერისად აფინანსებენ, ჩვენ რაღა დაგვემართა? თუ მეცნიერება და კულტურა მარტო სუფრაზე, სადღეგრძელოებში უნდა გვახსოვდეს?!

3 აგვისტო, ხუთშაბათი

დღეს ჩვენი „ქალთა საბჭოს“ სხდომა გვქონდა. ეს ორგანიზაცია 1945 წელს დაარსდა, როგორც „ქალთა ანტიფაშისტური კომიტეტი“ და მისი თავმჯდომარე მრავალი წლის განმავლობაში აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი იყო. ბოლო თორმეტი წელია, რაც მე მომიწია ხელმძღვანელობა, თუმცა „ქალბატონი ნინო“ (ასე ეძახდა მას ყველა) გარდაცვალებამდე მისი საპატიო თავმჯდომარე იყო და „ქალთა საბჭოს“ ყოველგვარ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა − შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, გარდაიცვალა 98 წლისა − უბედურ შემთხვევას შეეწირა და ბოლომდე შეინარჩუნა ფხიზელი გონება-მეხსიერება, ენერგია, ურყევი ლოგიკა და მუშაობის უნარი.

„ქალთა საბჭო“ არის საქველმოქმედო არაპარტიული ორგანიზაცია. ტრადიციით იგი თავიდანვე საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობს, განსაკუთრებით სწავლობს ქალთა და ბავშვთა მდგომარეობას.

ბევრგან ვყოფილვარ საქართველოში, ბევრი მინახავს დაცლილი სოფელი, სადაც ჩაქცეული სახურავებიდან ხეებია ამოზრდილი; მოსახლეობა (მეტწილად ქალები) ან საზღვარგარეთ არის გადახვეწილი, როგორც იაფი მუშახელი, ან ქალაქებში არის შემოხიზნული ლუკმაპურის საშოვნელად. დემოგრაფიული სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება − მოსახლეობა იკლებს და გადაშენება გვემუქრება. ამას სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი შეცვლა სჭირდება, თორემ მარტო პათეტიკური აპელირება ეროვნული გრძნობებისადმი საქმეს ვერ უშველის, ვერც მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს და ვერც აბორტების რიცხვს შეამცირებს.

ამასწინათ ონკოლოგიური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ვიყავით. ხილი და სათამაშოები მივუტანეთ. უმძიმესი სანახავია! ბავშვებს ბავშვური გამოხედვა არა აქვთ, წამოვედით გულდამძიმებულნი.

ჩვენს საბჭოს საქართველოში მცხოვრებ ე.წ. „ეროვნულ უმცირესობებთან“ მჭიდრო კავშირი აქვს − ეს ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საქართველოში არიან ებრაელები, გერმანელები, პოლონელები, ბერძნები, ასირიელები, ქურთები და ბევრი კიდევ სხვა. ბევრის წინაპარი დიდი ხნის წინათ არის ჩამოსახლებული საქართველოში და ამ მხარეს თავის მეორე სამშობლოდ თვლის. შარშან „თბილისობაზე“, ძველ უბანში, ჩუღურეთში, ვიპოვეთ ეზო, ნამდვილი თბილისური ეზო − ნეტავ ვინ მოიგონა ეს უხეირო სახელი − „იტალიური?“ ამ ეზოში 13 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ზოგმა ბავშვმა სამი ან ოთხი ენა იცის! აქ გამოფინეს თავ-თავისი ხალიჩები, ნაქარგები, ყოფითი ნივთები, ჩავატარეთ კონცერტი, გეახელით ეროვნულ კერძებსაც.

შემოდგომაზე გერმანული სათვისტომო აპირებს თავისი იუბილეს ჩატარებას. გერმანელებს საქართველოში ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული − XIX საუკუნეში აშენებული ბევრი კარგი სახლი გერმანელი არქიტექტორების დაპროექტებულია, ბევრნი იყვნენ ექიმებიც, ჩემს ახალგაზრდობაში დღევანდელი რუსთაველის მეტროს მიდამოებს ყველა „ზემელს“ ეძახდა. აქ იყო ადრე გერმანელი ზემელის აფთიაქი.

ურთიერთობა სხვა ერთა წარმომადგენლებთან ძალზე საჭიროა და სასარგებლო, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ისტორიულმა მოვლენებმა ხალხთა განსახლება-გადაადგილებათა ახალი ტალღა გამოიწვია. ჩვენ, ქართველებს, ძალიან მოგვაქვს თავი ჩვენი ტოლერანტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია. ტოლერანტობა არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ რეალური მტერი, სამტროდ საგანგებოდ მოსული, მოყვარისაგან ვერ გაარჩიო, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქუჩაში მიმავალ მშვიდობიან ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა ფერის კანი ან თვალის სხვაგვარი ჭრილი აქვს. ეს რა საკადრისია? ჩვენ ხომ გვტკივა გული, როცა გავიგონებთ, რომ „лицо кавказской национальности“ შეგვარქვეს? ან როცა გვესმის, როგორ ექცევიან ზოგჯერ ჩვენს გაჭირვებულ ქალებს, შვილების სარჩენად ორიოდე კაპიკის საშოვნელად საზღვარგარეთ წასულებს? ასეთი პოზიცია მავნებელია (არაეთიკურობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) და ხელს გვიშლის ჩვენი სიტუაციის რეალურად შეფასებასა და რეალურ საშიშროებათა დანახვაში.

ძილის დროა, უკვე პირველი საათია.

4 აგვისტო, პარასკევი

ხელნაწერზე მუშაობამ თვალები გამიღიზიანა (ზომაზე მეტი მომივიდა) და თვალის ექიმთან ვიყავი. რაღაც წვეთები დამინიშნა და მითხრა, თვალები ცოტა დაასვენეო. რა გავაკეთო? გადავწყვიტე, კარადები დავალაგო. როგორც იქნა, მოვრჩი. და ისევ წიგნი ავიღე ხელში. „მელა კვდებოდაო და თავი საქათმისკენ მიჰქონდაო“ − ასეა ანდაზა.

მოვიდა ნინო დობორჯგინიძე, ჩემი ყოფილი მოწაფე, ამჟამად „ილიაუნის“ (უხეირო შემოკლებაა!) პროფესორი. გერმანიაში მიდის რაღაც კონფერენციაზე, გავატანე წიგნი გერმანელი ქართველოლოგის ვინფრიდ ბოედერისათვის გადასაცემად. წიგნი ეხება ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც პეტერბურგში ერმიტაჟში არის დაცული. ავტორი ერმიტაჟის თანამშრომელი იყო, წიგნი გამოცემულია პეტერბურგის ქართველთა სათვისტომოს მიერ − ძალიან კარგად! ტექსტი სამ ენაზეა − რუსულად, ქართულად და ინგლისურად. ქართული ნაწილის რედაქტორობა მე მქონდა დავალებული. ერმიტაჟის ქართულ ექსპონატთა უმეტესობა საქართველოდან გატანილი იყო XIX საუკუნეში, ბევრი მათგანი მოპარულია ან აშკარა ძალადობით მოპოვებული. უმეტესობის ისტორია ტრაგიკულია, ასეა გაბნეული მთელ მსოფლიოში ქართული სიძველეები − ზოგი მუზეუმში, ზოგი პირად კოლექციებში − ხელნაწერები, ხატები, ძვირფასი ნაქარგობანი, ოქრომჭედლობის ნიმუშები. ზოგი, სამწუხაროდ, თვით ქართველების გაყიდულია. როდესაც ოლივერ უორდროპს („ვეფხისტყაოსანის“ ინგლისურად მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის, ძმას) ქალიშვილი ნინო შეეძინა (1916 წელს), ქართულმა თავადაზნაურობამ ოლივერს XII საუკუნის ძვირფასი გულსაკიდი ჯვარი მიართვა. საბედნიეროდ, ის ჯვარი ახლა ბრიტანეთის მუზეუმშია − იგი თვითონ ნინო უორდროპმა უანდერძა მუზეუმს.

საღამოს ჩემი შვილიშვილი მარიამი მეწვია თავისი სამი შვილით. ერთი კვირაა არ მინახავს ბავშვები და ძალიან მომენატრნენ (ბოლოს და ბოლოს, მარტო ხელნაწერები ხომ არ უნდა ვიკითხო?). გიორგი ექვსი წლისაა, ელი − ორისა, ნიკო კი მხოლოდ ოთხი თვისაა. ჩემს აკადემიურ საქმიანობას არაფრად დაგიდევენ და სულ ცოტა ხანში ჩემი ოთახი, შოთას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნათურქალს“ დაემსგავსა. ახლანდელი პედაგოგიკა თურმე ამას მოითხოვს: ბავშვი ლაღად უნდა გაზარდო, რომ ფსიქოლოგიური სტრესი არ ჰქონდესო − ასე მარწმუნებენ, ამიტომ მორჩილად ვიტან მათს თარეშს, რას იზამ!

პატარა ბავშვის ქცევაზე და განსაკუთრებით მეტყველებაზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა. ხუთი წლისათვის ბავშვს ენის ურთულესი სისტემა (ნებისმიერი ენისა!) უკვე მთლიანად ათვისებული აქვს და თავისუფლად იყენებს მის ფორმებს. თვით ის სასაცილო შეცდომები, ასე რომ გვიყვარს მშობლებსა და პაპა-დიდედებს, ამ სისტემის ათვისებაზე მეტყველებს. როცა ბავშვი ამბობს: „მე აქ ვზიოდი“, იგი ლოგიკურად სწორად იქცევა. ხმარობს უწყვეტლის ფორმას, თუმცა „ვზივარ“ ზმნას უწყვეტელი არა აქვს. ყველა ადამიანს ენის ათვისების უნარი ბავშვობის ასაკიდან მერეც რომ ჰქონდეს გაყოლილი, ყველა პოლიგლოტი იქნებოდა.

გიორგი დიდი კაცია, უკვე სკოლაში დადის და უფროსობს. ელი ეშმაკის ფეხია, თვალს ვერ შეასწრებ, ისე აძვრება კარადის თავზე, ნიკოზე ეჭვიანობს, რადგან დედის ყურადღება უმთავრესად ახლა მას სჭირდება. ერთხელ დიპლომატიური ხერხი იხმარა და პატარას წინადადება მისცა: „ნიკო, შედი რა უკან დედიკოს მუცელში“!

წავიდნენ. დამრჩა სასიამოვნო, სულიერი სითბო და ანგრეული ოთახი.

5 აგვისტო, შაბათი

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. საათს დავხედე − 8 სრულდებოდა. ვისი ბინაა? კითხულობს ვიღაც ბოხი ხმით, ძლივს დავარწმუნე, რომ ეს ის ბინა არ არის, იმას რომ სჭირდება. მეორე ზარი ისევ უცნობისა იყო, ამჯერად მე მეძებდა (ნეტავ საიდან იგებენ ჩემი ტელეფონის ნომერს?) ვიღაც მასწავლებელი მობოდიშებით მთხოვდა ერთ-ერთი გრამატიკული საკითხის განმარტებას. ასეთ კითხვებს მიჩვეული ვარ − ეტყობა, ცნობათა ბიურო ვგონივარ ზოგს! ძირითადად აინტერესებთ ხოლმე ამა თუ იმ ფორმის სისწორე. სინამდვილეში კი დღეს ენასთან დაკავშირებით პრობლემა ბევრად უფრო მეტია. ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ლექსიკის საკითხი: თანამედროვე ლექსიკის მდგომარეობა, სალიტერატურო ენის ლექსიკის გაღარიბება, უცხო − ძირითადად ინგლისური − ლექსიკის შემოჭრა ენაში, ტერმინოლოგიისა და სახელდების საკითხები და სხვა. ამ პრობლემებს მარტო ენათმეცნიერები ვერ მოაგვარებენ, ეს მთელი საზოგადოების საქმეა. პირველ რიგში ამით თანამედროვე ლიტერატორები და მწერლები უნდა იყვნენ დაინტერესებული. ისეთი მწერლების შემოქმედება, როგორიც იყვნენ გიორგი ლეონიძე, გოდერძი ჩოხელი, თვალნათლივი დადასტურებაა ამისა. ისინი კრეფდნენ, სწავლობდნენ და ქართული ენის ცოცხალ ლექსიკას თავის თხზულებებში იყენებდნენ მას და ამგვარად ამდიდრებდნენ სალიტერატურო ენას. ლინგვისტებისა და ლიტერატორების დაპირისპირება, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ დღეს, სრული აბსურდია. არასპეციალისტი დიდ ენობრივ მარაგს სწორედ მხატვრული ლიტერატურის კითხვით იძენს და არა ლექსიკონების კითხვით (თუმცა ესეც სასარგებლო საქმეა). ამას წინათ ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებთა ორტომეული წავიკითხე − ეს არის ქართული ენა? თანამედროვე ახალგაზრდობის ლექსიკის გაღარიბება დღეს ადვილად შეიმჩნევა (ზოგიერთი ძირითადად უცენზურო სიტყვებით ივსებს სიტყვების მარაგს). შეიმჩნევა ისიც, რომ საჭიროების დროს ენაში ჩნდება სახელდახელოდ შემოსული კალკები რუსულიდან ან ინგლისურიდან. ამ ბოლო ხანებში გავრცელდა „ძაღლუკა“ კომპიუტერის ერთ-ერთი ნიშნისათვის. ეს არის რუსული „собачка“-ს უხეირო თარგმანი, რუსული სიტყვა არ არის მარტო „პატარა ძაღლი“, იგი ტექნიკურ მოწყობილობასაც ნიშნავს და ჩადგმულ სოლსაც. აქამდე უცნობ საგანთა ან ცნებათათვის უნდა გამოიძებნოს სათანადო ტერმინი და იგი უნდა გავრცელდეს − მაგრამ ამასობაში ენა არ იცდის: საჭიროებისას სიცარიელეს ავსებს უხეირო ტერმინი და მისი შემდგომ ამოგდება ძალიან ძნელია. ამასობაში კარგი ლექსიკაც ზარალდება. ვიღაცამ, ვინც არ იცოდა „საცალფეხო“, რუსულიდან გადმოღებული „საფეხმავლო“ შემოიტანა. რომელი ერთი ჩამოვთვალო? კოსმეტიკურ საშუალებას რომ აწერია: „დაიტანეთ სახეზე“, ნუთუ ამის მომგონს არასდროს გაუგონია „წაისვი?“ რა თქმა უნდა, ცოცხალ ენაში ყოველთვის ხდება ლექსიკის ცვლილება, სიტყვათა სესხება ნორმალური პროცესია, ქართულ სალიტერატურო ენაში ასობით ნასესხები სიტყვაა, რომელთაუმეტესობა აღიქმება როგორც ნამდვილად ქართული; ლაპარაკია მხოლოდ ისეთი სიტყვების მოძალებაზე, რომლებიც ზედმეტია, რადგან მათი სრული ეკვივალენტები ენაში გვაქვს. რა საჭიროა „პოპკორნი“ (popcorn − ინგლისურად), რომელიც ჩვენს მამაპაპურ ბატიბუტს აღნიშნავს? ანდა ვითომ ინგლისური „პრომინენტული“ (prominent) ქართულში აუცილებელია? განა ამისი ფარდი არაფერი გვაქვს? ეს მტკივნეული საკითხია. საჭიროა ქართულ ენაზე მეტი ზრუნვა, რომ რეალურად ეშველოს საქმეს, თორემ წელიწადში ერთხელ „ენის დღის“ გახსენება და გაზეთებში თითო-ოროლა სტატიის გამოქვეყნება ვერაფერს იზამს. ნეტავ იმ ჟურნალისტების უმეტესობამ თვითონ იცოდეს რამე.

წერას შევყევი, ჩემი კატა, ტუქსი, შემოვიდა და ჭყავის. აშკარად ეტყობა, აღშფოთებულია, რომ დროზე არ ვაჭამე. რას იზამ, შინ მარტო ვარ და უნდა მივხედო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG