Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო რობაქიძე − მედიამკვლევარი


5 თებერვალი, კვირა

კვირა შვილის დღეა. დიახ, ასე ბანალურად. ამ განწყობით ვდგები, ვისხამ ყავას, მაგრამ დალევას, რა თქმა უნდა, ვერ ვასწრებ. დემე იღვიძებს და ელოდება ჩემგან ბევრ გართობას, „საინტერესო იდეებს“ (მისი ფრაზაა) და მე სულ მეშინია, რომ იმედს გავუცრუებ. არა იმიტომ, რომ არ მოვინდომებ, ან თავს დავზოგავ, უბრალოდ აი, როგორც დღეს, სხვა დროსაც ჩემი ტვინი ოკუპირებულია რაღაც სხვით. ამჯერად − საზოგადოებრივი მაუწყებლით.

საზმაუს უწყვეტი კრიზისი თვისებრივად ახალ ფაზაში შედის: ახალი მენეჯმენტი არხის გაჩერებას აპირებს. სად წავა ხალხი? სად უნდა იმუშაონ? როდემდე გაჩერდება? არჩევნები? კანონი? რას იზამს ბორდი? სამსახურში ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, არ ავჩქარდეთ, განცხადება მას მერე გამოვაქვეყნოთ, რაც მენეჯმენტი ახალ ხედვას ოფიციალურად წარმოადგენს. ველოდებით ხვალინდელ პრეზენტაციას. ანუ, შემიძლია გავაგრძელო ყავის სმა და რამე კარგი თუ არა, არაუშავს იდეა მაინც მოვიფიქრო დემესთან დროის გასატარებლად.

გრძელი დღე იყო. დემე, მგონი, კმაყოფილია. მე − არა. მთელი დღე ერთად ვიყავით და მაინც ვერ შევძელი ყურადღების მასზე კონცენტრირება. გიჟივით ვარეფრეშებდი ნიუსფიდს, ვსკროლავდი და ვკითხულობდი ყველა პოსტს და კომენტარს საზმაუზე და მთელ ამ ამბებზე, რომელიც ახლა მარტო მაუწყებელს კი არა, ყველას გვეხება. მე და ტარიელი მუდმივად დამნაშავედ ვგრძნობთ თავს დემეს წინაშე. ოდესმე ამ დღიურს წაიკითხავს და იქნებ გვაპატიოს. ვნანობ ყველა წუთს, რომელიც შემეძლო და მას ვერ დავუთმე. ვნანობ, რომ ისეთ ქვეყანაში გავაჩინე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელივით, კიდევ ბევრი რამ ჩაკეტილ წრეზე დადის. კვირას იშვიათად ვარ ხოლმე ასეთი დაღლილი. დღეს ვარ.

6 თებერვალი, ორშაბათი

ორშაბათი დასვენება არაა. დემე გაღვიძებას და ბაღში წასვლას აპროტესტებს, ტობის შია და ეზოში უნდა. ჩვენ გიჟებივით დავრბივართ, თან ვემზადებით და თან გვაგვიანდება. საუზმობას მხოლოდ დემე ასწრებს. უკვე გავალთ.

...თუ თბილისს ოდესმე სახელს შეუცვლიან, თამამად შეგვიძლია დავარქვათ „საცობი“. დილით და საღამოს ახალ გზაზე და მარჯანიშვილი-სანაპიროს ტერიტორიაზე ნასუნთქი გამონაბოლქვის დამსახურებაა პერმანენტული, „ღრმა და ყოვლისმომცველი“ თავის ტკივილი. დამტკიცებულია: სხვა ქალაქებში არ მტკივა. საცობში გამონაბოლქვის ინტენსიურ სუნთქვას ემატება სატრანსპორტო საშუალებების სტრესამდე ქაოსური გადაადგილება და ამ დროს ერთადერთი პოზიტიური ფიქრი ისაა, რომ მე არ ვარ საჭესთან! ჰოდა, შემიძლია ეს დრო გამოვიყენო და გულთბილი მოკითხვა შევუთვალო ქალაქის ასეთსავე გულთბილ მესვეურებს: ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ქალაქის მთავრობავ! არა, ცუდად არ გამიგოთ − ქვეყნის მთავრობავ, რა თქმა უნდა, თქვენც!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები ძველი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან და ეკონომიკური „ბეკგრაუნდის“ მენეჯერებთან ერთ მწკრივში ისხდნენ და წარმოადგენდნენ მაუწყებლის რეორგანიზაციის სამწლიან სტრატეგიას. ეკრანზე გადიოდა Power Point-ის პრეზენტაცია. ერთი-ორი ციფრი, რამდენიმე ვიზუალიზაცია მეტი ეფექტისთვის და, ბოლოს, ცნობილი მატარებელი. ეს პრესკონფერენცია ძალიან გავდა სიზმარს. იმდენად აცდენილი იყო რეალობას და იმდენად უკიდურესად რეალური − ერთდროულად. სიზმრებიც ამ ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებების გამოწვევით ახდენენ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ჩემზე.

სიზმარში შეიძლება იყო მკვდარი, მაგრამ მოძრაობდე. დადიოდე და ხალხს ელაპარაკებოდე და საერთოდ არ გიშლიდეს ხელს ის გარემოება, რომ მკვდარი ხარ. დაახლოებით ასე წარმოვიდგინე გამორთული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის აღარ არსებობს, დაიხურა 102 გადაცემიდან 101, რადიოში ერთი და იგივე პლეილისტი დღეში თოთხმეტჯერ ასწრებს დატრიალებას, მრავალსერიიანი ფილმების სერიებს ან, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მექანიკურ პროდუქციას, არხი იმეორებს დილას, შუადღეს, საღამოს... მაგრამ მენეჯმენტი ადგილზეა − აწყობს შეხვედრებს, იღებს გადაწყვეტილებებს, აწარმოებს რემონტს და კეთილმოწყობის სამუშაოებს და არ აღიარებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არსებობს.

ყველა დაბნეული ვართ, მაგრამ ვცდილობთ, გავგრილდეთ −ამოვიკითხოთ რამე კონკრეტული და ხელშესახები ახალი მენეჯმენტის პრეზენტაციაში. არ გამოგვდის. ამ დროს ოთახში ვიკრიბებით ხოლმე და ვლაპარაკობთ ყველაფერზე, რაზეც ვფიქრობთ. ახლაც ასე ხდება. ვიწყებთ ხმამაღლა და ჩქარა ლაპარაკს და იმ კითხვების ჩამოთვლას, რაც გაგვიჩნდა. ალბათ, ჩვენი რეაქციაც ეს იქნება: დავსვამთ კითხვებს, რომელზეც პასუხები გვჭირდება და არა მხოლოდ ჩვენ, ყველას −გადასახადის თითოეულ გადამხდელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეულ მაყურებელსა თუ მსმენელს.

განცხადება დავწერეთ. ხვალ დილით გამოვაქვეყნებთ. ყველაზე დიდი გამართლებაა თანამოაზრეებთან მუშაობა. და ალბათ არავინ არ კამათობს და დაობს იმდენს, რამდენსაც დაობენ ისინი, ვისაც ღირებულებები აერთიანებს. იღბლიანი ვარ: ისე მოხდა, რომ ამ ტოტალურ უმუშევრობაში ყოველთვის მიმართლებდა სამსახურებსა და თანამშრომლებში.

დემეს გავუარე ბაღში. ტაქსიში ჩავსვი თუ არა, ჩაეძინა. იღლება ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ვერაფრით ვერ გავართე. ახლა მაქვს დრო, სანამ გაგარინიდან ჯიქიამდე ავალ, რამე დავწერო. ჩემი ყველაზე ხანდაზმული დღიური 24 წლისაა. გამოდის, რომ 8 წლისას დამიწყია წერა. რომ ვნახულობ ხოლმე დედაჩემის სახლში, ძველი საწერი მაგიდის უჯრაში შეტენილ რვეულებს, მეცოდებიან ის დღიურები. მაგრამ მაინც რაღაცნაირად ნათელია პატარა გოგოების წაუკითხავი დღიურების სევდა.

დემე დავაწვინე. არ ვჭამ. დღეს ის მორიგი ორშაბათია, როცა მე დიეტაზე გადავედი. პირველი დღე გავძელი. დასაკლები კიდევ ბევრია! დიეტა ლაპარაკის ნაცვლად!

ტარიელი აგვიანებს. ვსვამ ყავას და ველოდები. „არამც სიცოცხლე უშენოდ, ვარ აქამდისცა ნანითა...“ რამდენი ხანია, „ვეფხისტყაოსანი“ არც გამხსენებია, არათუ წამიკითხავს! როგორ ხდება ხოლმე, რომ ერთ დღეს აღმოაჩენ: შენი ყოველდღიურობა სრულიად დაიცალა პოეზიისგან.

თავისუფლების დღიურები - ნინო რობაქიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:21 0:00

7 თებერვალი, სამშაბათი

დემე უკვე დავტოვე ბაღში, ზუსტად 10-ზე უნდა ვიყო რადიო თავისუფლებაში. მაუწყებელზე უნდა ვილაპარაკოთ მე და ნინო გელაშვილმა. ჩემი ლექტორი იყო GIPA-ში, რადიო რომ მიყვარს, მისი დიდი დამსახურებაცაა. კიდევ იმ რადიოდადგმების და აუდიოზღაპრების, რომლებსაც ქსელის რადიოთი ვუსმენდით ბნელ და ტკბილ 90-იანებში. და კიდევ რადიო „შოკოლადის“ − მორიგი კარგი ქართული მედიასტარტაპის, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულდა „საეჭვო ვითარებაში“.

რადიოში გოგოები ვნახე: ნინო გელაშვილი, მარინა ვაშაყმაძე, ნინო თარხნიშვილი, ნინო ხარაძე, ლელა კუნჭულია, ეკა ქევანიშვილი. ყველა ნერვიულობს საზოგადოებრივზე. მაგრამ აქ მოსვლა მაინც სულ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მაშინ მოვდივარ, როცა ქართულ მედიაში რამე ცუდი ხდება.

საღამოს სამსახურების და ბაღის შემდეგ სალომესთან წავედით. ჩემი მეგობარი სალომე საბერძნეთში ცხოვრობს, ზღაპრულ კუნძულზე და წელიწადში ერთხელ ჩამოდის ზამთარში, ხან ერთი თვით, ხან − ორით, მაგრამ არასდროს არ გვყოფნის ეს დრო. წასვლისას მაინც მენატრება. ამჯერად ვპირდები, რომ შემდეგი შეხვედრა საბერძნეთში იქნება და მასთან მე ჩავალ. გულში მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი, რომ პირობას შევასრულებ. თან უკვე გვაქვს #VisaFree! მარტო ამის აღსანიშნავად ღირს წასვლა. წელს ერთი ასეთი პირობა უკვე შევასრულე: ნანასთან ჩავედით მე და გვანცა ამერიკაში. ოღონდ ტრამპამდე. როგორ ხდება, რომ ერთდროულადაა სამყარო ყველაზე გახსნილიც და ჩაკეტილიც? როგორ ხდება რომ, მაშინ, როცა ფაქტები ყველასთვის ხელმისაწვდომია, საოცრად პოპულარულია ტყუილები? საინტერესო დროა.

კარგი იყო სალომესთან და ჩემს გოგოებთან. თან სამივენი ერთად ვიყავით: მე, დემე და ტატო. ამ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება ერთმანეთისთვის. სულ მაკლია ჩემი გოგოები. კიდევ კარგი, არსებობს საიდუმლო ჩანთები, ცოტას მიმსუბუქებს ასეთ დღეებს.

8 თებერვალი, ოთხშაბათი

ოთხშაბათი მძიმე დღეა − ასეთი ოთხშაბათი გამოვიდა...

ველაპარაკეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს. შევთავაზეთ შეხვედრა. პარასკევზე შევთანხმდით. უამრავი კითხვა გვაქვს. ვერც მედიით, ვერც ოფიციალურად, მათ უმრავლესობაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ. ახალი ამბებიდან ვიცით, რომ მენეჯმენტის პოზიცია ჯერ კიდევ ხისტია, გადაცემების დახურვის გეგმა ძალაშია. ახლა სიტყვა სამეურვეო საბჭოზეა. ხვალ საბჭო და ახალი მენეჯმენტი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავენ. ვნახოთ. საღამოს ორი ეთერია, ორივეში მაუწყებელზე ვილაპარაკებ. ამ დღეებში არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა და წრეზე დავდივართ. და, მგონი, მართლა იყო უკვე ეს ყველაფერი: არ მახსენდება საქართველოში მოქმედი მედიასაშუალება, რომელიც რაღაც დროს ხალხის დასაცავი არ ყოფილიყო. ამ წუთას ჩავუარე ტაქსით მაუწყებელს. მთავარი შენობის კედლებზე საიუბილეო დროშებია გამოფენილი − 60 წელი ერთად!

9 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს საზოგადოებრივი რადიოს, 102,4-ის ეთერში ვიყავი სტუმრად. დერეფნებში ცივა, ცივა სამუშაო ოთახებშიც. სტუდიას ბევრი აკლია თანამედროვე სტუდიამდე. ყბადაღებული „ტექნიკური გადაიარაღება“ საჭიროა. არავინ დაობს. ერთი საათის განმავლობაში არ შემწყდარა მსმენელების ზარები: რადიოს მხარდამჭერები და გულშემატკივრები რადიოს ჟურნალისტებს მხარდაჭერას სთავაზობდნენ, პლაკატებით მოსვლას ტელევიზიასთან და მათ დაცვას. მსმენელების უმრავლესობა ხაზის რადიოს იხსენებს, რეკავდნენ ძირითადად ხანდაზმული ადამიანები. „მე უსინათლო კაცი ვარ, თქვენი რადიოს მეტს, ჩემი აზრი არავის აინტერესებს“ − თქვა ერთმა მსმენელმა. მივხვდი, რომ მე არ ვიცნობ საზოგადოების იმ ჯგუფს, იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც 102,4-ის მსმენელები არიან. იქნებ, მხოლოდ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი − საზოგადოების სხვადასხვა, თუნდაც უმცირესი ჯგუფების, კონკრეტული ადამიანების, მათი ხმებისა და აზრების შეხვედრის ადგილი...

დემესთან ერთად ბაღიდან გამოვიყვანე ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილი, თეკლა, და ყველანი ერთად წავედით „გემრიელობების“ საჭმელად. არ მიფიქრია იმაზე, რატომ არის ასეთი სასიამოვნო განცდა, როცა შენი და შენთვის ახლობელი ადამიანების შვილები ერთად იზრდებიან და მეგობრობენ. საღამოს სახლშიც ერთად მოვედით სამივე − მე, დემე და ტატო. კარგ გუნებაზე ვარ, კარგად ვარ. მერე რა, რომ დიეტა დავარღვიე? ორშაბათი რისთვისაა? ისევ დავიწყებ.

10 თებერვალი, პარასკევი

Run, Lola, run! როცა ყველაზე მეტად მჭირდება გამოძინება, მაინცდამაინც მაშინ ვერ ვიძინებ. ეს უკვე ტრადიციაა. დღეს დილიდან დავრბივარ. როცა ვზივარ, მაშინაც დავრბივარ: სააგენტოს საიტიდან, ფეისბუკზე, მერე მეილზე, მერე − უკან. ეს ციფრული სირბილი, მგონი, უფრო დამღლელია. „სკროლვა“ ჩვენი არსობისა.

დილიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პარტნიორების შეხვედრაზე ვიყავი. მთავარი პრეზენტაცია იყო IREX-ის მედიაპროგრამის, M-TAG-ის, პრეზენტაცია რეგიონული მედიის მხარდაჭერაზე. ამ პროექტის პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ ახორციელებს. ყოველ წელს ორი-სამი დღით ჩავდივართ რამდენიმე რეგიონულ მედიასაშუალებასთან და ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ უკეთ ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია მონაცემები თემების უფრო სიღრმისეულად გასაშუქებლად. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სრულიად განსხვავებული პრობლემების მქონე პატარა, პაწაწინა, ზოგჯერ ჟურნალისტების სამ და ოთხკაციანი გუნდების მუშაობას რომ ვუყურებ, ყოველთვის თავიდან ვიჯერებ, რომ მთავარია მიზანი და მისი მიღწევის სურვილი. თებერვლიდან ისევ დავიწყებთ ტრენინგებს და მიხარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ მენეჯმენტთან და აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მომენტებში ტემპერატურა უკიდურესად მაღალი იყო, თუმცა ძირითადად ისმოდა კითხვები და ველოდებოდით პასუხებს. პრინციპში, არ გაგვკვირვებია, რომ ახალი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ პასუხები კონკრეტულ კითხვებზე რეფორმის დროში გაწერასთან, დეტალურ გაანგარიშებასთან და გათვლებთან დაკავშირებით. გარდა იმ სლაიდებისა, რომლებიც ორშაბათს საჯაროდ წარმოადგინა ახალმა მენეჯმენტმა, რეფორმის დეტალური დოკუმენტი არ არსებობს. მაგრამ მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე ითქვა, იყო ის, რომ ახალი ხელმძღვანელობა ყველა გადაცემას არ დახურავს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან ერთად, მენეჯმენტი იზრუნებს იმ პრინციპების შემუშავებაზე, რომლებითაც გადაწყდება, რა ფორმით და როგორ განხორცილდება რეფორმა და საბოლოოდ რა კონკრეტულ ამოცანებს დაუსახავს მაუწყებელს და მის ახალ მმართველ გუნდს სამეურვეო საბჭო. ახლა სამეურვეო საბჭოს სვლაა.

რა მოხდებოდა, ახალ მენეჯმენტს ჯერ დეტალურად მოემზადებინა გეგმა, შემდეგ გამოეტანა სამსჯელოდ, მათ შორის სამეურვეო საბჭოსთან, და მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ, ღია და მარტივი კომუნიკაციის პარალელურად გამოეცხადებინა საკუთარი გადაწყვეტილებები? რა საჭირო იყო ასეთი ხისტი, იმთავითვე დაპირისპირებული კომუნიკაცია არა მხოლოდ მაუწყებლის მაყურებლებთან, არამედ უშუალოდ იმ ხალხთანაც, ვინც წლებია, მაუწყებლის შინაარსს ქმნის? ან რა იქნებოდა, ყოფილ პრემიერებთან და მმართველ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებულ პირებს არ უჩნდებოდეთ მედიის მართვის სურვილი?

მაუწყებლის საღამოს ეთერში, „რეალური სივრცეში“, ისევ მაუწყებლის კრიზისზე იყო საუბარი. მოხდა ისე, რომ გადაცემის მთავარი გმირი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის მრჩეველი, ნოდარ ჭიჭინაძე, გახდა. სტუდიაში შეკრებილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრებისგან მას მხოლოდ ის აინტერესებდა, სად ვიყავით აქამდე?!

სახლში შუაღამისას მოვედი, მაგრამ დემეს არ ეძინა. ხვალ დასვენებაა. ამ ერთხელ შეიძლება. ტელევიზორში გნახეო. დედაჩემთან მელოდებოდნენ ჩემი სამი ბიჭი: ტატო, დემე და ჩემი ძმა, ბაქარი. 32 წელია, დედაჩემი მიცნობს, აქედან მინიმუმ 17 წელია, ყავას ვსვამ. 17 წელია, ვთხოვ, დამისხას ყავა და, ალბათ, ამ 17 წლის მანძილზე არც ერთხელ არ დამილევია ყავა ბოლომდე, მაგრამ რამდენჯერაც ნახავს სავსე მიტოვებულ ჭიქას, იმდენჯერ მეკითხება: „თუ არ გინდოდა, რას დამასხმევინე?“ აქ სულ მშვიდად ვარ, მაგრამ ტობი გველოდება. ავიკრიფეთ და წავედით სახლში.

11 თებერვალი, შაბათი

შაბათ-კვირას, დემე რომ გაიღვიძებს, ან დედას არ გაუმართლებს, ან მამას: ვისი სულიც სურს, ვის სახელსაც გამოგვძახებს სახლის ბოლოდან. ვინც იმ დილას არ მოითხოვა, იმას ოდნავ დიდხანს სძინავს, სანამ გაახსენდება. მე გამახსენდა, რომ დღეს დღიურები უნდა „ჩავაბარო“ რადიო თავისუფლებას, ამიტომ მეც ავდექი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამიმართლა.

შაბათის დილა ყველაზე ტკბილია. არ გვეჩქარება და ვზარმაცობთ. დღეს ბიჭებს უჩემოდ მოუწევთ გართობა. საღამოს და ხვალ ერთად ვიქნებით.

იქნებ ხვალ ბაკურიანში კოტეჯის მოსაძებნადაც მოვიცალო, დიდი გეგმა გვაქვს გოგოებს: ყველანი ერთად, ბავშვებით, ერთი კვირით. იმედია, ამ ერთი კვირის მერეც ვიმეგობრებთ.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:26 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG