Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ თოიძე - პარლამენტის დეპუტატი


29 ივლისი, კვირა
დილაა. მე და კობა ხაბაზი სამეგრელოსაკენ მივქრით. მანქანის სალონში კონდიცირებული სიგრილეა. გარეთ ძალიან ცხელა.

ორივე იმდენად მოთენთილი ვართ, რომ ჩვეულებრივი მგზავრული საუბრის თავი არ გვაქვს. ამის მიზეზი ლონდონში ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული ცერემონიის ტრანსლაციის გვიანი დრო, მომდევნო დატვირთული პაპანაქება და „მდუღარე“ ღამე იყო - სულ სამი საათი მეძინა. ვთვლემ. პეკინში ოლიმპიადის გახსნის ოთხი წლის წინანდელი დილა მახსენდება – ტყვიავის 8 აგვისტოს დილის ფრონტისპირა სიჩუმე, ავიაციის პირველი შეტევები, პირველი დაჭრილები...

გამახსენდა 2008 წლის 5 აგვისტოც. საღამო. ანთალია. სასტუმროს ჰოლი. კონიაკის ერთ ბოთლს ვუსხედვართ. დილით საქართველოში ვბრუნდებით. ყველაფერი ვიცით. აღელვებულად, მაგრამ ხმადაბლა ვსაუბრობთ.

«Грузины? Кутите?» - მოგვიახლოვდა შუახნის რუსი. მივიპატიჟეთ. უკვე ნასვამი იყო. ერთი-ორი ჭიქის შემდეგ ტონი ირონიული და აგრესიული გაუხდა ისე, რომ გარშემომყოფების ყურადღება მივიქციეთ. «Мы вас скоро бомбить будем. Это я вам как летчик обещаю...» დღესაც ეჭვი მღრღნის - ეს ფრაზა საქართველოს სიძულვილმა ათქმევინა თუ მართლა იცოდა ის, რაც რამდენიმე დღეში დატრიალდებოდა?

ოთხი მძიმე წელიწადი. რამდენი გადაიტანა საქართველომ დროის ამ მცირე მონაკვეთში! როდის გავმთლიანდებით, როდის გავერთიანდებით, როდის გახდება საქართველო წარმატებული, მდიდარი და ერთიანი ქვეყანა? მომდევნო ოლიმპიადა გაიხსნა, მომდევნო 8 აგვისტოც გვიახლოვდება, მალე არჩევნებიც იქნება.

ბევრი რამ გაკეთდა, ბევრიც გასაკეთებელია. საქაღალდეში მიდევს საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“. მე და კობა ამ პროგრამის ჩვეულებრივი ადამიანებისათვის გასაცნობად, მის შესახებ ჩვენი თანამოქალაქეების აზრის გასაგებად, მათი პრობლემების ადგილზე შესასწავლად ამჯერად სამეგრელოში მივემგზავრებით.
თავისუფლების დღიურები - ოთარ თოიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:35 0:00
გადმოწერა

ზესტაფონში შევდივართ. გადატვირთულ ქუჩაზე რამდენიმე კაფეტერიაა ადვილად ამოსაცნობი ფირნიშებით – Take Away ან Lavazza და მათ წინ ყავის დასალევად შეჩერებული მგზავრების სიმრავლით. ჩვენც ერთ-ერთ მათგანთან ვჩერდებით. სანამ ცხელ ყავას მოგვართმევდნენ, დახლს უკან მდგარ გოგონას ვეკითხებით, დასაქმების სამინისტროს შექმნისა და პროფესიული გადამზადების ვაუჩერის შესახებ თუ სმენია. დადებით პასუხს ცხელ ყავასა და ნამცხვართან ერთად ვიღებთ.

ყავამ გამოგვაცოცხლა. მალე ქუთაისს მივუახლოვდით. ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ერთი წლის წინ, რომ აქ ახალი საპარლამენტო დედაქალაქი აშენდებოდა? კიდევ ერთი განახლებული ქალაქი სიღნაღთან, ბათუმთან, თბილისთან ერთად. განახლების მასშტაბების განსხვავებას თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა ქალაქი და სოფელი შეცვლილია. ზოგადად, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მაგრამ გადასაჭრელი პრობლემაც ბევრია. ყველა კმაყოფილი როდია. ცხოვრება ბევრი ჩვენი თანამოქალაქისათვის კვლავ რთულია. მაღალია უმუშევრობის დონე; ოჯახებს უჭირთ მაღალ ფასებთან გამკლავება. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის მიზანია, გაცილებით მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ, მეტმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს ქვეყნის წარმატება და მიღწევები, პირადად მიიღოს სარგებელი.

შეუმჩნევლად მივუახლოვდით ხობს – დანიშნულების ადგილს. 12 საათისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის თანხლებით ახალი სოფლის მოსახლეობას შევხვდით. გზის პირას 40 ადამიანის რკალი თავაზიანად, ხელის ჩამორთმევით მოგვესალმა. კობა და მე მათ შორის ვდგებით და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითადი დებულებების განმარტებას ვიწყებთ. ძალიან ცხელა – 38-39 გრადუსია. მზეში ვდგავართ. გზაზე ხმაურით მოძრაობენ მძიმე თვითმცლელები – ღორღი მიაქვთ სოფლის მშენებარე ეკლესიისათვის. მიუხედავად ამისა, ყურადღებით და დაძაბული სახეებით გვისმენენ.

კობა ომახიანად, ენთუზიაზმით და დეტალურად წარადგენს 2012-2016 წლების სამოქმედო გეგმის ძირითად პოსტულატებს.

კობას შემდეგ ჩემი ჯერია. ვყვები, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელმისაწვდომ ჯანდაცვას უფრო მეტი ოჯახისათვის. წელს თითქმის 2,4 მილიონი ადამიანი – სოციალურად დაუცველი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვი, პენსიონერი, პედაგოგი, დევნილი, პოლიციელი და ჯარისკაცი, სტუდენტი ისარგებლებს შესაბამისი კატეგორიის უფასო ჯანდაცვით. პენსიის ოდენობა 1 სექტემბრიდან მატულობს, 100 საავადმყოფოს პროექტი წარმატებითაა განხორციელებული, 1000 სოფლის ექიმი, უფასო სასწრაფო დახმარება და სახელმწიფო პროგრამები მოქმედებაშია.

ჩვენი ერთსაათიანი გამოსვლის შემდეგ უხერხული პაუზაა. აუდიტორია თითქოს უფრო მოახლოებულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახალს არაფერს ვეუბნებით, ძირითადი მათთვის უკვე ცნობილია და თითქოს სათქმელი არაფერია. სიჩუმეს ისევ ჩვენ ვარღვევთ - ვთხოვთ, აზრი გამოთქვან, თავიანთი საჭიროებებისა და გასაჭირის შესახებ გვიამბონ. ის, რაც მათგან მოვისმინეთ, სამართლიანია და ჩემ მიერ სხვა სოფლებში მოსმენილისაგან დიდად არ განსხვავდება.

დღესვე, თითქმის ანალოგიური სცენარით, შეხვედრები გავმართეთ კიდევ სამ სოფელში - ჭალადიდში, შუა ხორგასა და ხორგაში. ცხელი დღის ბოლოს ფოთს გავემგზავრეთ. იქ შევხვდით დეპუტატებს, ზაზა გამცემლიძესა და გია როინიშვილს. მათთან ერთად ღამით პორტში, ზღვისპირას, დამსახურებულად მივირთვით ცივი ხილი და თან უზარმაზარ, ნარინჯისფერი გემის დატვირთვას ვუცქირეთ.

იქვე, რესტორანში, გამჭვირვალე კედლებს მიღმა, შეუსვენებლად ცეკვავდნენ ახალგაზრდები. მუსიკა არ ისმოდა. ღამის სიცხეს დროულად გავექეცით. დღე დასრულდა.

30 ივლისი, ორშაბათი
ფოთი. დილიდანვე ჩახუთული, სველი სიცხეა. სასტუმროში ისე გრილა, რომ გარეთ გასვლა არ მეხალისება, მაგრამ 26-საუკუნოვანი ფოთი საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და პერსპექტივის მქონე ქალაქია. სასტუმროდან პორტამდე 300 მეტრია. იქვე კოხტა ეკლესია დგას. გზად მე-19 საუკუნის კოპწია აპარტამენტებს უნდა ჩაუარო. ეტყობა, რომ ქალაქი სახეს იცვლის. უნებურად ბათუმთან პარალელებს ვეძებ. არა - ფოთი სულ სხვაა.

ამასობაში ქალაქის მერის, გოჩა ლემონჯავას თანხლებით ჩვენი დეპუტატების გუნდი პორტს მიუახლოვდა. წუხანდელი გემი აღარ დგას. პორტში შესასვლელთან, მიწაზე, გემის ბაგირით ხარიხაზე ჩამოკიდებული 180-კილოგრამიანი ქვის პირამიდა დევს. ეს „არგოს“ ღუზის იმიტაციაა. გადმოცემის თანახმად, მისი დაძვრა მხოლოდ ჰერაკლეს შეეძლო. ოდნავ მოშორებით, ზედ ზღვისპირას, მარმარილოს კოლხი მედეა ჰორიზონტს გასცქერის. წასვლა უნდა თუ ვინმეს ელის, ვერ მიხვდები.

ერთი რამ უდავოა: მედეა თავისი დროის ფარმაციის, კოსმეტოლოგიის, დიეტოლოგიის და კიდევ ბევრი სამედიცინო მიმართულების მცოდნე გახლდათ. იგი მითიური სამყაროს ყველაზე დიდი ექიმია. და თუ ლოგიკურად და ჰარმონიულად ჟღერს გაცილებით უფრო ნაკლებადცნობილი ჰიგეას (მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი) ჰიგიენა, რატომ არ შეიძლება იგივე პარალელი მედეაზეც გავავრცელოთ ანუ მედეა – მედიცინა. აი, რა დაუტოვა ამ ქალმა კაცობრიობას! მათ შორის, ჩვენ.

მითების უმრავლესობა სასტიკ ამბებს გადმოგვცემს. მაგრამ მედეას შემთხვევაში შვილებისადმი მისი სისასტიკე გაცილებით გვიან პერიოდში ერთი დრამატურგის მიერ საკუთარი რეკლამისა და განდიდებისათვის მოგონილი ამბავი, ანუ ჭორი და ცილისწამებაა. ასე საუკუნეობრივად მიიჩქმალა მედეას საკაცობრიო დამსახურება. არადა, ხომ უფრო ჰარმონიულად ჟღერს - მედეა-მედიცინა, ვიდრე ასკლეპიოცინა, ჰიპოკრატეცინა?

ამ აზრებიდან კობას შეძახილმა გამომაფხიზლა: „მე ავწევ ჰერკულესის ღუზას!“ სანამ შევეწინააღმდეგებოდით, „ჰერაკლეს ღუზა“ უკვე მუხლებსზემოთ იყო აზიდული. „ნელა დაუშვი, არ გაგივარდეს ხელიდან, თორემ დაიმსხვრევა და ბერძნები ამას არ გვაპატიებენ!“ - შევძახე. კობამ „დაინდო“ ჰერაკლე და ქვა ნაზად დააბრუნა მიწაზე. ასე გადავარჩინეთ 26-საუკუნოვანი თქმულების ერთ-ერთი სახელოვანი „არგუმენტი“ განადგურებას (ისე, ღირსები არიან, რას ერჩოდნენ მედეას?)

ფოთიც ომის მონაწილე ქალაქია. ოთხი წლის წინ მის ქუჩებშიც დაქროდნენ რუსული ტანკები, პორტი ისევე იბომბებოდა, როგორც გორი და გორის მეზობელი სოფლები. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთ ასეთ სოფელში, კარალეთში, ცხოვრობდა ლონდონის ოლიმპიადის პირველი ქართველი ოქროს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი (ლაშა გუშინ გახდა ოქროს მედალოსანი). ჰერაკლეს დროში ამ გმირობისათვის ოქროს მედლის ნაცვლად მას თავზე დაფნის გვირგვინს დაადგამდნენ.

ზაზას და გიას ჩხოროწყუში ელოდებიან. ჩვენც ვემშვიდობებით ფოთს და „დაფნის სამყაროსაკენ“, სოფელ პირველ მაისსა და ხეთისკენ მივემართებით. დაფნის ინტენსიური მოშენება აქ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო. კარგად მახსოვს, როგორ გადაიქცა დაფნის ინდუსტრია ამ რეგიონის ეკონომიკური მომძლავრების ძირითად წყაროდ.

12 საათია. ისევ თაკარა მზე. ძალიან ცხელა. 5 საათში ოთხ სოფელში 200-დე ადამიანს გავესაუბრეთ. ზოგადი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ ძირითადად სოფლისათვის აუცილებელ პრობლემებზე საუბრობენ. პირადი გაჭირვების დაძლევის უმთავრეს პირობად დასაქმებას მიიჩნევენ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ რვავე სოფელში სოფლის ექიმის პროგრამა წარმატებით მოქმედებს, თუმცა ექიმები და ექთნები სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მეტ ყურადღებასა და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ.

მოსაღამოვდა. მობილურით ზაზა დამიკავშირდა – ლუგელას ხეობაში გვეპატიჟებიან და გირჩევთ, ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვათო. წავედით. დაახლოებით საათნახევარში დაფნის ქვეყნიდან ბზის ქვეყანაში აღმოვჩნდით. ბზის ტყე პირველად ვნახე. ბზა, კავკასიურ პალმად წოდებული ხე, დაფნისა არ იყოს, მითიური მცენარეა. იგი 600-700 წელიწადს იზრდება და მეტს ცოცხლობს. მაგრამ ლუგელას ხეობაში ბზა მასიურად ხმება. ზაზა ბოტანიკოსია. ამიხსნა, რომ ბზას გახმობა აჭარაშიც დაუწყია და მეცნიერებს თავდაპირველად ეგონათ, რომ მცენარის ვირუსულ დაავადებასთან ჰქონდათ საქმე. დღეისათვის ხმობის მიზეზი უცნობია. ვინ იცის, იქნებ ბუნებრივ გადახალისებას ან იმუნოდეფიციტს აქვს ადგილი. პლანეტა, მისი კლიმატი და ატმოსფეროს ქიმია გლობალურად იცვლება. ვნახოთ...

ცხელი დღე უეცარმა მსუყე კოკისპირულმა წვიმამ შეცვალა. მანქანაში სიმყუდროვეა. გარშემო, წყლის ფარდის მიღმა, არაფერი მოჩანს. ქუთაისამდე გადაუღებლად წვიმს. ზესტაფონის Lavazza-ები მუშაობს – ჩვენი ხსნის ერთ-ერთი გზა დასაქმებაა.

31 ივლისი, სამშაბათი
დღეს ჩემი მეუღლის მამიდის ორმოცია. თითქმის 92 წლისა გარდაიცვალა. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო, ბოლომდე ნათელ გონზე მყოფი, 10 წლით ლოგინს იყო მიჯაჭვული. მანამდე კი დამსახურებულად და პატიოსნად იცხოვრა, ბავშვთა სტომატოლოგად მუშაობდა. ოქროს ხელი ჰქონდა – იმ დროს ანესთეზიას ნაკლებად ხომ მიმართავდნენ და გაუტკივარება სტომატოლოგის ხელის სიმარჯვესა და სინაზეზე იყო დამოკიდებული. ღმერთმა აცხონოს!

მანქანით ეკლესიისაკენ მივემართებით. ჩემი მეუღლე ქეთევან ტატიშვილი და ქალიშვილი ირინა რადიოს „აწვალებენ“. უეცრად მესმის „...პირველები, ვინც საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდზე მუშაობა დაიწყო, მართალია ცხოველებში, იყვნენ: ქეთევან ტატიშვილი, ინგა ქურდოვანიძე, ირინა კონსტანტინოვა. ჯგუფს პროფესორი სიმონ ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა“. შემდეგ გვიამბეს ჩემთვის კარგად ნაცნობი, დიდი ხნის წინანდელი ისტორია: საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

გამახსენდა 70-იანი წლები, ჩვენი მყუდრო ოთახი, სულ პატარა ირინა, მეგობრები, ქეთინოს საქმისადმი თავდადება. ქეთინო მაშინ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციულ ფუნქციათა ინსტიტუტში მუშაობდა. ადამიანებზე in vitro მეთოდის ასათვისებლად მოსკოვს მიავლინეს, მაგრამ მისი იქ ყოფნის პერიოდში ექსპერიმენტული ლაბორატორია დახურეს. ასე დარჩა ნასწავლი და დახელოვნებული ქეთინო უსამსახუროდ. მეთოდის თავიდან ათვისება და დანერგვა უფრო მარიფათიან ადამიანებს მიანდეს. გულდასაწყვეტია.

ისე, საამაყოა, რომ ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციების შემსწავლელი კლინიკური პროფილის დაწესებულება პირველად საქართველოში შეიქმნა პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ 1958 წელს. მოკლე ხანში ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში ამ დარგის სათავო დაწესებულებად აღიარეს. დაუმსახურებლად მივიწყებულია პროფესორ ჟორდანიას გმირობა. ბრაზილიის ნაპირებთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მან თავისი სამაშველო ჟილეტი ბავშვს დაუთმო და ოკეანის ტალღებს სამარადისოდ შეუერთდა.

ძალიან სევდიანი დღე გამოვიდა.

1 აგვისტო, ოთხშაბათი
შვებულებაში ვარ. მაგრამ სამსახურში მაინც დავდივარ. თანამშრომლები დათხოვილი არიან. მხოლოდ ელენე შრომობს თავის ოთახში. „ბატონო ოთარ, სუროგაციის თაობაზეა წერილი შემოსული. ახლა გადახედავთ თუ შემოდგომაზე?“ - მირეკავს ელენე.

„ააა... გრძელდება გუშინდელი რეპროდუქციის თემა“, გამიელვა თავში. მე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს წევრი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტთა პაკეტის ავტორი და ინიციატორი ვარ.

ძირითადი პრობლემა, რომელსაც კანოპროექტის განხილვისას წავაწყდი, სუროგაციის საკითხია. სუროგაცია ხელოვნური განაყოფიერების ისეთი მეთოდია, როდესაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების „შეჯვარება“ in vitro, ანუ ორგანიზმს გარეთ, „სინჯარაში“ ხდება. ამის შედეგად მიღებული ემბრიონი სპეციალურად დაქირავებული ქალის საშვილოსნოში თავსდება. ასე ორსულდება უცხო ადამიანი, რომელიც ვალდებული ხდება, სხვისი შვილი ცხრა თვე მუცლით ატაროს და მშობიარობისთანავე უარი თქვას მასზე.

უნაყოფობის მკურნალობის ეს მეთოდი სულ ახალია. მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებით, იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულია. კომერციული თვალსაზრისით იგი დაშვებულია ინდოეთში, რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში. დიდ ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ ასეთი ორსულობა მხოლოდ ალტრუისტული უნდა იყოს. მოკლედ, ამ მეთოდის ვარიანტებისა და მასზე შეხედულებების სიმრავლისა და განსხვავებულობის გამო მსოფლიოში ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს.

საქართველოში მოხერხებულმა ადამიანებმა სუროგატული დედობა სამედიცინო ტურიზმის, ქალებისათვის სიღარიბის დაძლევისა და უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად „გააპიარეს“. საქართველოში ამ საკითხს კანონი არასრულად აწესრიგებს. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი სუროგატულ დედობას აღიარებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ქალს არ აქვს საშვილოსნო! ასე რომ, საკითხი გადასაწყვეტია.

დღეს გამოცხადდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.

2 აგვისტო, ხუთშაბათი
ისევ გზაში ვარ. 12 საათისათვის ბაღდათში უნდა ვიყო. უკანასკნელად აქ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინათ ვიყავი. მაშინ სკოლიდან წამოგვიყვანეს ექსკურსიაზე მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. ეს ქართველი პიონერებისათვის დიდი პრივილეგია იყო საბჭოეთის სხვა თანატოლებისაგან განსხვავებით. ისე, გასაკვირია, აქამდე როგორ ვერ მოვხვდი ამ მხარეში, რომელიც თავისი მუსიკალობით, კომპოზიტორებითა და შესანიშნავი პურმარილითაა გამორჩეული? მაშ ასე, ფაქტობრივად ეს ჩემი პირველი „ოფიციალური ვიზიტია“ საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში.

ბაღის ადგილში ქუთაისიდან შევედით. გავიარეთ ვარციხე, სადაც არგონავტების მითთან დაკავშირებული უძველესი ციხე-სიმაგრის, როდოპოლისის ნანგრევებია. ჩავუარეთ ვლადიმერ მაიაკოვსკის განახლებულ მუზეუმსაც და მუნიციპალიტეტის შენობასთან ზუსტად დათქმულ დროს შევხვდი თემურ კოხოძეს.

თითქმის ხუთი საათის განმავლობაში შეხვედრები მქონდა ნერგაძეების, ეწერის, აჯამეთის და დიმის მოსახლეობასთან. პრობლემები ყველგან ერთია, და თითქმის ყველგან წყლის დეფიციტს უკავშირდება. ადგილობრივ ხელისუფლებას ვერსად დაადანაშაულებ: თითქმის ყველა სოფელში სხვადასხვა მოცულობით, მაგრამ რაღაც მაინც გაკეთებულია. უწყლობის, უფრო ზუსტად წყალნაკლებობის, კიდევ უფრო ზუსტად კი მისი არარეგულარული ან არაოცდაოთხსაათიანი მიწოდების მიზეზები აღმოფხვრადია. ზოგან სასაცილოც კია: ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს, ზედა სოფლიდან წყალი ჩვენკენაც გამოუშვანო, რამდენჯერმე შემოუჩივლიათ ჩემთვის ქვემოსოფლელებს. მოკლედ, თუ გული გულობს, წყლის პრობლემა ძალიან სწრაფად გადაიჭრება.

საღამოს 6 საათისათვის ბატონმა თემურმა საირმის დათვალიერება შემომთავაზა. საქართველოს კურორტები, სამედიცინო ტურიზმი, რეაბილიტაციური კურორტოლოგია - ეს ის საკითხებია, რომლებიც ძალიან ახლო მომავალში საქართველოს განვითარებისა და ცნობადობის ახალ დონეზე აიყვანს. ამ თემაზე დიდხანს შეიძლება შევჩერდეთ, მაგრამ უმჯობესია, მივყვეთ ბატონ თემურს, რომელიც არა მარტო ჩემი გიდი, არამედ ამ კურორტის აღმშენებელი და მფლობელიცაა.

მივდივართ ახლად მოასფალტებულ გზაზე. თვალწარმტაცი ხეობაა. „ორი წლის წინ ამ ვიწრობში გაუგზოებული გზის პირზე კომუნისტების პერიოდიდან შემორჩენილი, უპატრონოდ მიტოვებული, ჩამონგრეული, დახავსებული და გაძარცვული რამდენიმე შენობა დამხვდა“ – ჰყვება ბატონი თემური. ამასობაში ულტრათანამედროვე სამედიცინო და სარეკრეაციო ბალნეოლოგიური და ფიზიოთერაპიული დანადგარებითა და ხელსაწყოებით აღჭურვილ ბალნეოლოგიურ კორპუსს მივუახლოვდით. უნიკალური, საჭიროებაზე მორგებული ნაგებობა სრული დატვირთვით მუშაობს.

აქედან დაახლოებით ოთხ კილომეტრშია სასტუმრო კორპუსები, ხელოვნურად გაშენებული ბაღები და მინერალური წყლების ოთხი განსხვავებული სახეობისათვის აშენებული ოთხი ერთნაირი, მაგრამ გამორჩეული დიზაინის ბიუეტი. ეს ყველაფერი დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაშია შექმნილი. 850 დამსვენებელს ემსახურება სპეციალურად გაწვრთნილი და ეკიპირებული პერსონალი. საოცრებაა!

3 აგვისტო, პარასკევი
სამუშაო კვირის დასასრულია. ორშაბათი დაგეგმვის, პარასკევი კი შედეგების გაანალიზებისა და დასკვნების დღეა. მეც ამის მიხედვით უნდა მოვიქცე. მოქალაქეთა წერილებიც პასუხგასაცემია. ვზივარ და ვმუშაობ.

„ბატონო ოთარ, ღირსების ორდენსა და მედალზე ოთხ-ოთხი ადამიანი წარგიდგენიათ და არგუმენტაცია არ ახლავს სიას, იქნებ მოგვაწოდოთ?“ – მირეკავენ სამინისტროდან.

ორი წლის წინ კოლეგების ჯგუფი წარვადგინე სამთავრობო ჯილდოზე, ჩემი აზრით, საკმაოდ მყარი არგუმენტაციით. სამინისტროს შევპირდი, რომ ორშაბათს ამ არგუმენტებს განმეორებით გადავუგზავნი. გადავაგზავნი ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა უმოკლეს ვადაში საქართველოში შეექმნათ და დაემკვიდრებინათ პალიატიური სამსახური, რომლის სადარი მსოფლიოს მცირე ნაწილში თუ მოიპოვება; როგორ შეიქმნა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა; როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობენ ქართველ კოლეგებზე უცხოელები, იწვევენ მრავალ ქვეყანაში და სწავლობენ მათგან; მაგალითად მოჰყავთ და საკუთარ მთავრობებს სთხოვენ, მიბაძონ საქართველოს.

კარგი საქმის გამკეთებელი დასაფასებელია, მით უმეტეს საქართველოში. ორშაბათი და ხვალეო - ხანდახან ასეც დასაშვებია!

4 აგვისტო, შაბათი
დილით ზურას დავურეკე. ტელეფონი გამორთულია. ზურა ფეხსაცმლის გამყიდველია ერთ-ერთ ხალხმრავალ ბაზრობაზე. ჩვენი ნაცნობობის მიზეზი ნიკუშაა - ჩემი უმცროსი შვილიშვილი. სიარულს ახლა იწყებს. ჯერ ბაჯბაჯიც არ იცის, ერთი წლის და სამი თვისაა. ახლა მშობლებთან ერთად მანგლისშია. ნიკუშას ფეხსაცმელი უნდა გავცვალო ზომით პატარაზე. ასეთ ოპერაციას დილით თუ მოვახერხებ, ვინაიდან ამ დღიურს უნდა მივხედო – მაინც პირველია. რა უმნიშვნელო ამბებია!

რამდენიმე დღის წინ ნიკუშას ისე ვუყიდე ფეხსაცმელი და ერთხელ უკვე გამოვცვალე, რომ დღიურისათვის არც გამიმხელია. მაგრამ დღიურს ვერაფერს დაუმალავ, ზოგჯერ დამალული ან დავიწყებული დეტალიც კი საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება. ასეა ამჯერადაც...

მოკლედ, ბაზრობაზე პირველად ნაყიდი ფეხსაცმელი პატარა ზომის აღმოჩნდა. გამოსაცვლელად რომ მივედი, გაიკვირვეს - ამ ასაკის ბავშვს ეს ზომა ეკუთვნისო, და შენ მოცლილი ან ინტრიგანი ხომ არ ხარო?! ასეთია ქართველი ბიზნესმენების ნაწილის ლოგიკა. ახლა მე მოვიმარჯვე ლოგიკა და იმის მტკიცება დავიწყე, რომ არსებობენ არასტანდარტული ბავშვები არასტანდარტული ფეხებით და არასტანდარტული ბაბუებით (მოცლილობის თვალსაზრისით). ლოგიკამ გაჭრა, მაგრამ ნიკუშას ფეხის ზომის ბაჩები ვერ აღმოვაჩინეთ. ამაზე გაღიზიანდნენ და დამტუქსეს. მერე ისევ მოიშველიეს ლოგიკა და ამიხსნეს, ფეხსაცმელს რომ ზომა აწერია, ის ნამდვილი არ არისო; ფეხსაცმელი უფრო დიდი ზომისა უნდა იყიდო, ვიდრე გჭირდება, ან ბავშვი უნდა მოიყვანოო. მოკლედ, ამ ლოგიკით შემირჩიეს უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელი და, ჰოი საოცრებავ! - იგი ნიკუშასთვის დიდი აღმოჩნდა.

ასე აჯობა გამოუცდელობამ ლოგიკას. ასე გადაიქცა მცირე ამბავი ისეთ ისტორიად, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. არადა, თუ მცირეს უმნიშვნელოდ მივიჩნევთ, მაშინ დიდს ვერასოდეს შევქმნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანი და დიდი ერთი და იგივე არ არის. ისე, რა კარგია მორგებული ფეხსაცმელი! გზას გიადვილებს, დაღლილობას გარიდებს.

ზურას ზარია. გავახსენე, ვინც ვიყავი. დღეს არ მცალია, ხვალ დილით მოდი, წირვაზე მივდივარო. ასე რომ, ეს ამბავი ამ დღიურისათვის დაუსრულებელი დამრჩა. მაგრამ მთავარი ისაა, როდის და როგორ მთავრდება მსგავსი ისტორიები. ამათგან შედგება ჩვენი ცხოვრება. იმედია, ნიკუშას სარგო ფეხსაცმელს ვიშოვი. მეც ჭკუას ვისწავლი, იმედი მაქვს, რომ - ისინიც.

რა იქნება ხვალ?
XS
SM
MD
LG