Accessibility links

9 ივლისი, კვირა

− გვითხარით რამე, ბატონო ანზორ.

− დაბნეული ვარ, − პასუხობს. − გული მწყდება, რომ ასეთი ქაოსია. ვერ მივხვდი, რატომ გავაერთიანეთ ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, იდეა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ბევრად სერიოზულად ვუდგებოდით მსგავს საკითხებს. მთელი წელი ვემზადებოდით „ვეფხისტყაოსნის“ იუბილის აღსანიშნავად. დღეს რა ხდება? ვერ გავიგე, იცით რაზე მწყდება გული?..

ვიგონებ ამ დიალოგს. უკვე მერამდენე დღეა, ვიგონებ. 26 მაისის შემდეგ − ყოველდღიურად. და აი, ისევ ვაგრძელებ:

− ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენ აქ, ახლა, რუსთაველის გამზირზე...

− ბატონო ანზორ, ბოდიში, მაგრამ ჩვენი დრო ამოიწურა.

ბატონი ანზორი მაინც ნერვიულობს და მორიდებით, მაგრამ თავდადებით აგრძელებს, მაგრამ...

− ბატონო ანზორ, ნახეთ, იქით გეძახიან. რადიოს სტუდიაში გელოდებიან, − გვერდით გაახედებს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე პირდაპირი ჩართვის წამყვანი. რუსთაველის გამზირზე გამართულ მახინჯ თეთრ კარვებში სატელევიზიო და რადიოსტუდიებია მოწყობილი. ამასობაში ოპერატორიც იყოჩაღებს და რესპონდენტი, ანზორ ერქომაიშვილი, კადრიდან ქრება.

ახლა კადრში მხოლოდ წამყვანია, გაღიმებული ვაჟი. ბედნიერია. ისევ შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობის დღესა და „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავს ვზეიმობთ და ახალ მუსიკალურ ჩართვას დაგვიანონსებს. ისევ მღერიან.

26 მაისს იყო ხმაური. რაც მთავარია, იყო სახალხო ზეიმი, ისეთი, რომელიც ნებისმიერ თარიღს, ამბავს თუ მოვლენას მოერგებოდა. და რა მნიშვნელობა ჰქონდა დანარჩენს? ის დღე ისე დასრულდა, ვერ მოვნახეთ ამ ორი მოვლენის დაკავშირების აუცილებლობის მიზეზი. გარდა იმისა, რომ საქმე გაიიოლეს. გარდა იმისა, რომ ვერც ერთი მოვლენა ვერ გაიგეს და გაამთლიანეს. ალბათ ამიტომ გააფერმკრთალეს და აქციეს ცარიელ ტაშ-ფანდურად მოვლენები. ამ დღეს კიდევ როგორმე დავივიწყდებდი, რომ არა ის, რაც დღის ბოლოს ფეისბუკზე ამოვიკითხე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში მყოფი ია ანთაძე წერდა, რომ ეს დღე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა პირდაპირ ეთერში ამ არხის გამარჯვება იყო. რაზე გამარჯვება, არ ვიცი. რიტორიკის ეს ხასიათი, კიდევ სულ სხვა თემაა. თავი დავანებოთ ლექსიკას. თვითშეფასებას დავუბრუნდეთ.

თავს უკეთ ვიგრძნობდი, რომ მიმეწერა და არ წამეშალა კომენტარი, რომელშიც ვსაყვედურობდი, რომ ერთადერთი კრიტიკული აზრი, ერთადერთი განსხვავებული აზრი ჩაახშეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დაძლია საბჭოური ცენზორი საკუთარ თავში, სასწრაფოდ გააქრეს კადრიდან. რატომ არ დავუწერე იას ეს კომენტარი? დამეზარა.

ვერასდროს ვპატიობ თავს ჩემსავე დუმილს. მაქვს ხოლმე განცდა, რომელიც სასაცილოა, მაგრამ მაინც მაქვს ეს განცდა, რომ თუ ვერ დავინახავ, თუ დროულად არ აღვნიშნავ, თავადვე წამიღებს დადუმებული, არაფხიზელი გარემო, რომელშიც რატომღაც მაინც მიჩნდება გაპროტესტების სურვილი.

10 ივლისი, ორშაბათი

იღიმებიან. ასე სითბოთი და თან ცინიზმით გვიხსნიან, რომხელოვნება და სახელოვნებო განათლება შეუძლებელია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. იმიტომ, რომ ის რჩეულთათვის არის. ლამაზებისთვისო, ჯანმრთელებისთვისო...

მხედველობის პრობლემის მქონე ახალგაზრდა ქალს რომ არ დაეწერა საკუთარი თავგადასავალი, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებს უკავშირდებოდა, სადაც დაიწუნეს ერთი შუშის თვალის გამო, ჩვენთვის არ გამწვავდებოდა არც ინკლუზიური განათლების პრობლემები, არც, ზოგადად, განათლების სისტემის პრობლემები − სისტემისა, რომელიც სწავლის მსურველ მოქალაქეს აშკარად არ აღიქვამს, როგორც დამკვეთს, მას, ვის წინაშეც არის ვალდებული. რომ არა ეს ამბავი, არ ვიჯდებოდი გადაცემა „რეალურ სივრცეში“ ქართული თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად. მიხსნიან, როგორ ვცდები, როცა ვლაპარაკობ, რომ სისტემის ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ყველანაირიგანათლება ნებისმიერი ადამიანისთვის. ისევ მიხსნიან, რომ არა! ათასნაირ კრიტერიუმებს ასახელებენ ამის ბარიერად. და, რატომღაც, არ იგონებენ გონიერებას და აზროვნებას. ძალიან სიმპტომატურია ეს ამბავი. ამის შედეგს ვხედავთ ქართულ თეატრალურ სცენებზე. ქართულ თეატრალურ ხელოვნებას აქვს ბევრი პრობლემა. ნეპოტიზმით გადანაწილებული პროფესორებისა თუ რეჟისორების პოზიციები, შესაბამისად − ბიუჯეტიც. კლანურობა: თუ ძლიერი არ ხარ წრითა და ოჯახით, გამორიცხულია, საქართველოში თეატრში ან, ზოგადად, ხელოვნებაში გადარჩე. მაგრამ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა − ამ სივრციდან გამორიცხულია აზროვნება, კრიტიკული აზროვნება. სხვათა შორის, კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი რომ არ არის, უპირველესად კრიტიკოსებს გვეტყობა. არც საბჭოთა გამოცდილება გვაიძულეს ამის ქონას, და არც თანამედროვე გამოწვევებისადმი ადეკვატურობა, რომელიც არ გვაქვს. რა საჭიროა? მთავარია, წრემ გაღიაროს. არა მკითხველმა, და არა მაყურებელმა. მთავარია, სახელი დაგერქვას. მორჩა.

მაინც არ მესმის, რატომ? რატომ ამტკიცებს ყველა, რომ ეს განათლება მათი საკუთრებაა, რომელიც მცირე დოზებით უნდა ჩამოარიგონ. მაგალითისთვის: მინისტრი ჯეჯელავა საზოგადოებას უხსნის, რომ ქვეყანას არ სჭირდება უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი; რომ სჭირდება მეტი მზარეული ან დურგალი. გამოდის, რომ მთავრობა წყვეტს ჩვენს სურვილებს, ჩვენს არჩევანს. ამას გარდა, ისიც გამოდის, რომ არ ვაღიარებთ განათლების მნიშვნელობას დასაქმების საკითხისგან განცალკევებით. იმაზე კი არ ვზრუნავთ, რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს და გათანამედროვდეს, არამედ ვზრუნავთ მისი, როგორც რესურსის, გაიშვიათებაზე, გამოზოგვაზე. გამოდის, რომ მხოლოდ იმდენად უნდა გავნათლდეთ, რამდენადაც დაგვჭირდება დასაქმებისთვის; რამდენადაც სჭირდება ჩვენი განათლება ელიტას. თეატრალურ უნივერსიტეტშიც იმ შემთხვევაში უნდა ჩააბაროს ადამიანმა, თუკი ის აუცილებლად დასაქმდება რომელიმე თეატრში. შესაბამისად, გამოდის, რომ, ვთქვათ, თეატრალური უნივერსიტეტი ემსახურება თეატრებს და მათ უზრდის მსახიობებს, იმდენს და ისეთი ჯიშისას, როგორიც ამა თუ იმ თეატრს და ამ თეატრში ლამის ფარაონებად მყოფ უალტერნატივო რეჟისორებს მოეწონებათ. ხოლო განათლების სამინისტრო ემსახურება საწარმოებს, ბიზნესებს, სხვადასხვა კონკრეტულ სფეროსა თუ ორგანიზაციას და მათ მუშახელს სთავაზობს.

მაგრამ ვინ, რომელი სახელმწიფო ინსტიტუტი ემსახურება საზოგადოების განვითარების, განათლებისა და თავისუფლების მაღალი ხარისხის შექმნას? ვინ მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებაში დიდი იყოს პროცენტული მაჩვენებელი მისი იმ წილის, რომელიც ძლიერია საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის საკითხში? რომელიც კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ სივრცესა და ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც? რამდენად სწორია, საერთოდ, განათლების სისტემა მოერგოს ლოკალურ მოთხოვნებს და არ განავითაროს საზოგადოება, რომელიც სამყაროს ნაწილად იგრძნობს თავს.

11 ივლისი, სამშაბათი

„გამარჯობა, იუნესკოს ამბები გეცოდინებათ. გასაგებია, რატომ ამოშალეს ბაგრატის ტაძარი, ის აღარ არის ბაგრატის ტაძარი, ის მიშას ტაძარია. ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი კომენტარი მჭირდება გელათთან დაკავშირებით, გელათის სიაში ყოფნა რატომღა გახდა სადავო?“ − მელაპარაკებაერთ-ერთი სააგენტოს კორესპონდენტი ტელეფონში. ორი ან სამი დღის გავრცელებულია იუნესკოს გადაწყვეტილება. საზოგადოება დაიბნა. დაიბნა მედიაც.

ვუხსნი: 2012 წლის შემდეგ გელათი ბაგრატის ტაძართან ერთად საფრთხის შემცველ ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. 1994 წელს საქართველომ იუნესკოს ერთიან ნომინაციად შესთავაზა ბაგრატი და გელათი. როცა ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს, გელათი ავტომატურად „გადაყვა“ ბაგრატს. წელს კი ეს ნომინაცია გაყვეს, გელათი და ბაგრატი გამიჯნეს. ბაგრატი, როგორც დაკარგული ძეგლი, გაქრა ყველანაირი სიიდან, გელათი კი მთავარ სიას დაუბრუნდა. შესაბამისად, ეს უფრო დადებითი სიახლეა, ვიდრე უარყოფითი. ბაგრატის საკითხი ისედაც ხომ ვიცოდით, გელათისთვის კი სასიკეთო ამბავი მოხდა.

ავუხსენი, მაგრამ სულ სხვა რამ მაწუხებდა და ვერ მოვისვენებდი, ამ საკითხს რომ არ დავბრუნებოდი. „მიშას ტაძარი“ − ასე დაარქვა ჟურნალისტმა ახალ ბაგრატს და პრობლემაც, შესაბამისად, მიშას გადაწყვეტილებაში დაინახა. ვიცი, რომ ასე ფიქრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ასე აფასებს ამ მოვლენას ამჟამინდელი ხელისუფლებაც. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ჩემთვის არ არის სიმართლე და ვერ მოვისვენებ, რომ არ ვთქვა.

2006 თუ 2007 წელი იქნებოდა, როცა პირველი სტატია დავწერე გაზეთ „24 საათში“ ბაგრატის შესაძლო სამომავლო რეკონსტრუქციაზე. ანუ ბევრად ადრე, ვიდრე პროცესი მართლაც დაიწყებოდა. ეს სურდათ. მკაფიო იყო სურვილი, როგორც საპატრიარქოს, ისე ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ჩანდა, რომ ეკლესია იყო შემკვეთი. შეკვეთას ზუსტად და პროფესიულად უპასუხა არქიტექტორმა ივანე გრემელაშვილმა. ის არ იყო დავის მოპასუხე. ის იყო პროფესიონალი არქიტექტორი, რომელსაც გუმბათი უნდა დაედგა ძალიან დიდი ტაძრისთვის და მან ეს კარგად შეძლო. თუმცა, ხანდახან მგონია, რომ მაინც შეეწირა ამ დავას და ხშირად ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. და მაინც, უნდა გავაგრძელოთ. 2008 წლის შემდეგ ყველაფერი დაჩქარდა. ხელისუფლებასაც სჭირდებოდა ამბიციური, პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა და, ამასთანავე, ეკლესიისგან და მრევლისგან აბსოლუტური მხარდაჭერის მიღება. მაგრამ მხოლოდ ეს ორი მხარე არ ყოფილა, როგორც მაშინ ხშირად ამბობდნენ, ნანგრევების ტაძრად ქცევის მსურველი. ამას ემხრობოდა მორწმუნე საზოგადოებაც. გუმბათოვან ბაგრატში უნდა აღვლენილიყო წირვა და თან − ხშირად. ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროექტის კრიტიკოსები და საფრთხეებზე მოსაუბრენი მხოლოდ მეცნიერები იყვნენ. ისიც მხოლოდ ის მეცნიერები, ვინც არ თანამშრომლობდა და არ მეგობრობდა კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომელი მეცნიერი კი ბევრია. მათი როლი გადამწყვეტი გახდა ცოტა მოგვიანებით. მაგალითად, როცა განაჩენი გამოუტანეს საყდრისს, მას ხელს აწერდნენ მეცნიერები. მაგალითად, როცა განაჩენი გამოუტანეს ძველ თბილისს „პანორამა თბილისის“ პროექტის დამტკიცებით, მას ხელს აწერდნენ მეცნიერები.

ახალი ბაგრატი მიშას ტაძარი არ არის. ახალი ბაგრატი ჩვენი ტაძარია, ახალი საქართველოსი. პარადოქსული ქვეყნის. თან ხელს რომ აწერს ევროინტეგრაციის პროცესისთვის აუცილებელ კონვენციებს, ადამიანის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პუნქტებს, და თან შინ დაბრუნებული ეს ქვეყანა ძველი კომპლექსებისა და ფობიების ამარა რომ რჩება, თავისი ხელით ანადგურებს თავის ადამიანსაც და კულტურასაც.

12 ივლისი, ოთხშაბათი

ვფიქრობ, რომ რაღაც მაწუხებს ყოველთვის, როცა თუნდაც ძალიან ფემინისტურ ტექსტებს ვკითხულობ. თითქოს ყველაფერი სწორია. სწორია საუბარი იმაზე, რომ ქალებს სხვანაირად გვზრდიან, კაცებს − სხვანაირად. სწორია ისიც, რომ ქალების წარმატება კარგად გათხოვებას და ბევრ ლამაზ შვილს გულისხმობს. სწორია, რომ ამ ყველაფერს აღვიქვამთ და აღვწერთ. სწორია, რომ ვაპროტესტებთ ფემიციდს. სწორია, რომ ვჩხუბობთ, როცა გვანივთებენ. ყველაფერი სწორია. მაგრამ მაინც, რაღაც მაწუხებს.ყოველთვის, როცა სტანდარტებზე ვსაუბრობთ, სწორია სტანდარტების კრიტიკა ახალი სტანდარტების დაპირისპირებით? სწორია იმაზე ფიქრი, რომ გავა დრო და შეიცვლება გარემო და რომ სიყვარულს სხვანაირად მოვიპოვებთ? ან რომ სიყვარულისა და ყურადღების მოპოვებაა მნიშვნელოვანი ქალისთვის და რომ უნდა ვისწავლოთ მათი სხვანაირად მოპოვება? სილიკონისა და იოგას გარეშე? საერთოდ, იქნებ დროა, მამაკაცებთან მიმართებაში აღარ იზომებოდეს ქალის იდენტობა? მამაკაცებისგან მისაღები ყურადღება, ან სიყვარული აღარ დავსახოთ კულმინაციად? მთავარ ამოცანად დავსახოთ, ქალი გახდეს იმდენად თავისუფალი, რომ მისი კომფორტი დამოკიდებული აღარ იყოს სხვის ყურადღებასა და თანაგრძნობაზე? თავად იყოს საკუთარი კომფორტისა და წარმატების ავტორი და ასეთი დამოუკიდებელი იყოს კომუნიკაციაში სამყაროსთან, მამაკაცებთან. და, ასეთმა დამოუკიდებელმა, თავად განსაზღვროს თავისი სტანდარტები.

ჰოდა, კიდევ სხვა რამე. სხვა არა, ზუსტად ზემოთ ნახსენები თავისუფლების მთავარ გარანტიაზე უნდა ვთქვა. ვიდრე ფემინიზმი გაურბის სექსის თემას, გაურბის ფუნდამენტურ პრობლემასაც. სექსუალურ ცხოვრებაზე არათანაბარი უფლება არის პრობლემა, რომელიც არასდროს გაათანაბრებს ქალსა და მამაკაცს. ვიდრე ქალების სექსუალობა და სექსუალური ცხოვრება ისეთივე ლეგიტიმური და ჩვეულებრივი ამბავი არ იქნება, როგორიც მამაკაცებისა, თანასწორობა გამორიცხულია. ეს უფლება თავად ქალებისთვის უნდა გახდეს ცხადი და აქტუალური. არც ერთნაირ შრომას, არც ერთნაირ ფინანსურ სიძლიერეს არ მოაქვს თანასწორობა და ამის ნათელი მაგალითია ჩვენი კულტურის გუშინდელი დღე − ქალის ემანსიპაციის საბჭოთა ვერსია.

13 ივლისი, ხუთშაბათი

საქართველოს რეგიონებში ხშირად გაიგონებ, რომ, თუ რამე კარგი ხდებოდა, ყველაფერი − საბჭოთა კავშირის დროს. მაგალითად, ჩემი ახლობელი თუშები იგონებენ ხოლმე, რომ მაშინ მთაში ჰქონდათ რადიო, ახლა არა აქვთ. ბევრი წერილი დაწერეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

ივლისია. ახლა თუშეთში მწვავე ტურისტული სეზონი უნდა იყოს, მაგრამ გზაზე ყინულოვანი ზვავი ჩამოწვა და პრობლემის მომგვარებელი არავინ ჩანს. მოკლედ, თითქოს ქვეყანა ტურიზმს ავითარებს, მაგრამ ესეც აშკარად ტენდენციური პროცესია. ტურიზმის განვითარების ის პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას არგებდა, ან საერთოდ არ ხორციელდება, ან ცუდად. სამაგიეროდ, პროექტები, რომლებსაც თბილისის ელიტური, სამინისტროებთან გარიგებული კომპანიები ახორციელებენ (მაგალითად, „ჩეკ ინ ჯორჯია“) ან ცალკეული კონცერტი, ვისიმე კერძო დარბაზში (მაგალითად „ბლეკ სი არენაზე“, შეკვეთილში), აი, ასეთი პროექტები სულ იოლად ხორციელდება.

არ არსებობს რეგიონული კულტურის პოლიტიკის ხედვა. პრობლემად ან საჭიროებად ამას არავინ აღიქვამს. კულტურის პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში ყველაზე მცირე მასშტაბით, გაელვებით თუ ახსენებენ, თუმცა, რასაც ახსენებენ, ისიც აბსურდულია, რადგან ამ დოკუმენტის არც ერთი კომპონენტი თვითმმართველობებთან ერთად არ არის გააზრებული. არადა, სწორედ თვითმართველობები არიან ვითომ პასუხისმგებლები რეგიონულ ცენტრებსა და სოფლებში კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. თუ არ ჩავთვლით ცეკვა-სიმღერის წრეებს, ასეთი პროცესი ფორმალურადაც კი არსადაა გაწერილი. თბილისიდან რეგიონული კულტურისთვის დახარჯული თანხები კი სინამდვილეში თბილისიდან რეგიონში დროებით ჩატანილი კულტურული პროდუქტის ბიუჯეტია.

შესაბამისად, რეგიონი იზოლაციის სივრცედაა ქცეული. დეპრესიის სივრცედ. სივრცედ, საიდანაც უნდა გაიქცე თუ გაქცევის ძალა შეგწევს. თუ ოდნავ მაინც ცნობისმოყვარე ხარ. თუ სიცოცხლე გინდა. თუ ადამიანად ყოფნა გინდა. ეს აუცილებელია. გამოიქცევი და ქალაქში დაგხვდებით ქალაქელები. ეჭვით, წუხილით, თანაგრძნობით. ცოტა გვეზარება კიდეც, მაგრამ მაინც აგიტანთ.

14 ივლისი, პარასკევი

„ქართველთა მარში“ შედგა. იყვირეს „სამშობლო“, „საქართველო“, წინ და უკან ატარეს დავით აღმაშენებლის სახე-ხატი. კიდევ იყვირეს „თავისუფლება“. ამ შემთხვევაში იგულისხმეს საქართველო და სამშობლო, თავისუფალი სტუმრებისგან. ხანდახან სიტყვებს შემზარავად შეზღუდული დიაპაზონი და საშინელი ინტერპრეტაციის უნარი აქვთ. თავისუფლებაკონკრეტულად არარუსი სტუმრებისგან. იგივენი ამბობენ, რომ რუსეთს უნდა მივეფეროთ. ამ მარშის კულტუროლოგიურ კვლევას აზრი არ აქვს, იმდენად ნათელია ორგანიზატორების პოლიტიკური ინტერესები: ქალაქი გასუფთავდეს ყველა უცხოელისგან, შეწყდეს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ყველასთან, გარდა რუსეთისა. ამას გარდა, გაჩნდეს განცდა შფოთის, არასტაბილურობის, არამიმზიდველობის. ამ პოლიტიკის განხორციელებისას არ ერიდებიან ისეთი ფასეულობების გაყალბებას, როგორიცაა თავისუფლება, სამშობლო, საქართველო. საკუთარ დისკრედიტაციას არ ერიდება არც ეკლესია, რომელსაც სრულიად დავიწყებული აქვს ქრისტიანული დისკურსი, არ ეხებიან მას, თუნდაცფორმალურად. არ სცალიათ ამისთვის. არა! გადამწყვეტი ეტაპია და ყველა გაავებით იბრძვის. თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესი ნელია, მოვლენ და ჯვრებითა და წიხლებით განდევნიან თითოეულ არაბს, თურქსა თუ ირანელს. და მაინც, მაინც გამირბის აზრები კულტურული პარადოქსებისკენ. ის, რომ ქართულ-ფაშისტური მარში იმ გამზირზე გაიმართა, სადაც ცოტა რამეა სუფთა ქართული. უფრო სწორად, სადაც ყველაზე აქტუალურია, ვისაუბროთ თბილისის მულტიკულტურულობაზე. აღმაშენებლის გამზირი ქართველების შემოქმედება არ არის. სტუმრებმა ააშენეს, ისე, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნის წარსულიცა და მომავალიც მხოლოდ კულტურათა დიალოგზე დგას. თავად ცნება „ქართულიც“ კულტურათა სინთეზს ნიშნავს და ეს არ არის ნაკლი, ეს ძალაა, ეს სივრცეა. საკმაოდ გაშლილი, თავისუფალი სივრცე. ცხადია, ჩვენი ხელითვე თუ არ მოვსპობთ ჩვენსავე ძალას, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობას.

„ქართველთა მარში“ მაინც ჩვენი ერთ-ერთი დღევანდელი სახეა. მისი დაცინვა უხეირო გართობაა და არ დაგვაზღვევს მისი საფრთხეებისგან. მარშის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ არ უნდადაგვემართოს ის, რაც ხშირად მოგვსვლია. თვალი არ უნდა დავხუჭოთ ერთმანეთის დანახვისას, არ გამოგვადგება. ერთმანეთისთვის ჩვენ ვართ პირველები, ვისაც დავინახავთ ნებისმიერი კრიზისის დროს. როგორმე ადეკვატურები უნდა ვიყოთ. საინტერესოა, ადეკვატურია თუ არა ხელისუფლებაც, რეაგირებს თუ არა შესაბამისად, იკვლევს თუ არა პრობლემას და პერსპექტივებს. თუ მიამიტობას არჩევს და მისი რეაქცია პოლიციელთა კორდონის შექმნით შემოიფარგლება? კორდონისა, რომელსაც ერთხელაც აუცილებლად გაარღვევს აშკარად დაფინანსებული ქართული ფსევდოპატრიოტული ფაშიზმი და მას აყოლილი საზოგადოების ძალიან უიმედო, სასოწარკვეთილი ნაწილი.

15 ივლისი, შაბათი

დავწერ რომ მთელი დღე მეძინა. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაზეც ვიფიქრე და რაც მოხდა, ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა და ჩემი და ჩემი მეგობრების საჭიროებებისთვის იყო ნაფიქრი. არსად იყო საზოგადო ინტერესები.

ძალიან მინდა, პირადსა და საზოგადოს შორის ზღვარი გავავლო. ყველამ გაავლოს. მაგრამ რთულია. არ გვაქვს ამის გამოცდილება. ამ საზღვარს ანგრევდა ჩვენი წარსული, ამ საზღვარს დღესაც ყველა ანგრევს: სამთავრობო ძალოვანი უწყებები, მეზობლები, ნათესავი, მეგობრები და თავად ჩვენც.

მოკლედ, შაბათს მე მთელი დღე და ღამე მეძინა. სხვა არაფერი.

თავისუფლების დღიურები

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG