Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკამენტების ხარისხზე ზრუნვა იზრდება


სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გაზრდის ინიციატივით გამოდის. პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ 2016 წლიდან ცვლილება შედის, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სამკურნალო საშუალებებზე ხარისხის კონტროლს გააუმჯობესებს. რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და რას ფიქრობენ ამის შესახებ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში?

"სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის” მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებებისაგან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, 2016 წლიდან ამ პროგრამაში ცვლილება შედის და თუკი აქამდე მედიკამენტების ხარისხის კონტროლს მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა, ამჯერად პროცესში საერთაშორისო ლაბორატორიები ჩაერთვებიან. დავით სერგეენკოს მტკიცებით, ეს ინიციატივა სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს გაზრდის:

„ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება".

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში იმპორტირებულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაბორატორიაში შესამოწმებლად მიდის ძირითადად იმ მწარმოებელი ქვეყნების მედიკამენტები, სადაც არ არის დანერგილი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და წესები, თუმცა ლაბორატორიულ და ვიზუალურ კონტროლს ექვემდებარება ყველა მედიკამენტი.

კონტროლის ამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს წამლების გაძვირება ან დამატებითი სიძნელეების წარმოქმნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ, აი, რაკი კონტროლი დაწესდა და დამატებითი ხარჯები გვაქვს, წამალიც უნდა გაძვირდეს...
სერგო ჩიხლაძე

მედიკამენტების ხარისხის კონტროლს უკვე ოთხი წელია ახორციელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა თუშურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების შემოწმებას ახორციელებს, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე საუკეთესო ტექნოლოგიით და არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ლაბორატორია, ეს კი, მისი თქმით, დასტურდება იმ ფაქტით, რომ ლაბორატორია საერთაშორისო ევროპული ლაბორატორიების ქსელის წევრია. სწორედ ამიტომ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება, რომ ეროვნული ბიურო მხოლოდ ადგილობრივ ლაბორატორიას წარმოადგენს. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლსა და სტატისტიკურ მონაცემებს, გასულ წელს ლაბორატორიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, 165 დასახელების პრეპარატი შემოწმდა, საიდანაც ლაბორატორიის მიერ დაწუნებულ იქნა 15 პრეპარატი:

„ამ დაწუნებული პრეპარატებიდან სამი პრეპარატი იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი. ეს არის ე. წ. თვისობრიობით დაწუნებული, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეპარატს სრულიად სხვა ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა, ვიდრე უნდა ჰქონოდა. ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. გარდა სახელმწიფო დაკვეთებისა, ჩვენ გვაქვს ასევე კერძო დაკვეთებიც ადგილობრივი ფარმაცევტული ფირმებიდან. ამ მიმართულებით გვქონდა 25 დაკვეთა, საიდანაც სამი პრეპარატი დავიწუნეთ“.

მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი. მისი თქმით, მაშინ როდესაც მოქალაქეების სამედიცინო დანახარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, წამლის ხარისხზე ზრუნვა, ერთი მხრივ, ეფექტური იქნება ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით, მეორე მხრივ, ამ ინიციატივამ მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებასაც უნდა შეუწყოს ხელი, რადგან, მისი თქმით, მოქალაქეების ბიუჯეტი უხარისხო მედიკამენტზე ფუჭად აღარ დაიხარჯება. თუმცა ის, ამასთანავე, ამბობს, რომ ეს ფაქტი არ უნდა იქცეს მედიკამენტებზე ფასების მატების მიზეზად. მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში ისედაც აშკარაა სამკურნალო საშუალებებზე ფასების ზრდის ტენდენცია:

„კონტროლის ამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს წამლების გაძვირება ან დამატებითი სიძნელეების წარმოქმნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ, აი, რაკი კონტროლი დაწესდა და დამატებითი ხარჯები გვაქვს, წამალიც უნდა გაძვირდეს. ეს არ უნდა მოხდეს“.

არა მხოლოდ უკვე წარმოებული მედიკამენტების, არამედ ამ მედიკამენტების კომპონენტების შემოწმების ინიციატივას მიესალმება ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე. ის ასევე მიესალმება სახელმწიფოს მზაობას ამ პროცესში ჩაერთონ საერთაშორისო ლაბორატორიები, რათა გამორიცხული იქნეს მიკერძოებულობის ალბათობა:

„მედიკამენტების შემოწმება ხდებოდა შერჩევითად. ახლა უკვე კარგი იქნება, თუ შემოწმებას სერიული სახე მიეცემა. ფალსიფიკაციის შანსი იქნება ნაკლები და იქნება უფრო მეტი ობიექტურობა. მე ამ პროცესში საერთაშორისო ლაბორატორიების ჩართვაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“.

სამკურნალო საშუალებების ხარისხის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გასულ, 2015, წელს ეს ბიუჯეტი 100 000 ლარით იყო განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG