Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უშველის მერის ინიციატივა თბილისის განწირულ ხეებს და ხერგილებს?


თბილისი
თბილისი

ყოველ მოჭრილ ხეზე საკომპენსაციო თანხის გაზრდა, ნაგვის გატანა მხოლოდ საღამოს საათებში, კონტროლი მშენებლობის ნებართვებზე და რამდენიმე დამატებითი სატრანსპორტო მარშრუტი - თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მინიმუმამდე შემცირებული მწვანე საფრისა და ქალაქში გამუდმებული ხერგილების პრობლემის მოგვარება ამ ინიციატივებით სცადა. 13 დეკემბერს კალაძემ ყველა სამსახურის უფროსს შესაბამისი დავალებები მისცა.

თბილისის მერიის გეგმები

მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანსპორტით;

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მერია იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების საღამოს საათებში გატანას გულისხმობს;

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს დაავალა არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების ხარჯზე. იმ შემთხვევაში, როცა მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია, საკომპენსაციო თანხა კი გადაუხდელი, დაინტერესებულ პირებს მკაცრად უნდა მოეთხოვოთ მწვანე ნერგების დარგვა. თბილისის მერი ასევე მოითხოვს გაიზარდოს საკომპენსაციო თანხა მწვანე ნარგავების მოჭრის შემთხვევაში.

„უმოკლეს ვადებში მოამზადეთ სამართლებრივი ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში მოჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენიმეჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს საშუალოდ საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი, რომ კანონში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ დაიხმარეთ პარლამენტი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა-პატრონობაზე", - განაცხადა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც 13 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე შეეხო, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი თქმით, ძველი, ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანსპორტით, მანამდე კი იმ უბნებში, სადაც მოსახლეობას ზოგჯერ ორი საათის განმავლობაში უწევდა ავტობუსის თუ სამარშრუტოს ლოდინი, რამდენიმე მარშრუტი დაემატება - ეს არის #64 ხილიანის დასახლების მიმდებარე ქუჩებიდან რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებით, #82 მარშრუტი სოფელ ახალდაბიდან ქალაქისაკენ და #54 დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მერია იწყებს ასევე საპილოტე პროექტს, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების საღამოს საათებში გატანას გულისხმობს. როგორც მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განაცხადა, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება ცენტრალურ უბნებს შეეხება. მერიაში ელიან, რომ ამით ქალაქში ხერგილების პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნება.

მაია ბითაძე
მაია ბითაძე

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას გარკვეული სქემების, მარშრუტების, დროისა და რეჟიმების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება დასუფთავების მანქანების ღამით მუშაობასთან. დაგვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა იმ უბნებში, სადაც საპილოტე პროექტი განხორციელდება. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნება. მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტი განხორციელდება ცენტრალურ უბნებში და ქუჩებში, ეს შეიძლება განხორციელდეს თბილისის სხვა უბნებშიც. პროცესის დაწყების თარიღი გვეცოდინება უახლოეს დღეებში. ზოგადად კი, 21:00 საათის შემდეგ მოხდება ნაგვის ურნების დაცლა“, - განაცხადა ბითაძემ.

ასეთი ოპტიმისტური მოლოდინი არა აქვთ არც სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებს და არც მწვანე საფრის დამცველებს. მეტიც, ირაკლი მაჭარაშვილმა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივიდან“ გვითხრა, რომ კომპენსაცია ხის მოჭრის შემთხვევაში ორჯერ და სამჯერადაც რომ გაიზარდოს, ეს თანხა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, ეს არის უკიდურესი ნაბიჯი. „მწვანე ალტერნატივაში“ ფიქრობენ და ეს მათ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივაშიც ეწერათ, რომ ხის მოჭრა უნდა შეიძლებოდეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მის ადგილას დარგო ახალი და არა იმისთვის, რომ რაღაც ააშენო.

შენ თუ დაინტერესებულ პირს ეტყვი, რომ ამ ხის მოჭრა ღირს რაღაც კონკრეტული თანხა, ვთქვათ, 700 ან ორჯერ შვიდასი ლარი, ის ამ თანხას მაინც გადაიხდის, რაც უნდა გაუძვირო, რადგან ფულს მაინც მოიგებს თავისი მშენებლობიდან...
ირაკლი მაჭარაშვილი

მოჭრილი ხეები პირდაპირი ბიძგია დანაშაულისკენ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაინტერესებულმა პირებმა კიდევ ერთი მომგებიანი მშენებლობა წამოიწყონ. ხეების მოჭრის სხვა სქემებიც არსებობს: უნებართვოდ მოჭრა და შემდეგ კომპენსაციის გადახდა ან ჯერ მშენებლობის დაწყება და შემდეგ თქმა, რომ ხეები ხელს უშლის მშენებლობას ნაყიდ ტერიტორიაზე. კომპენსაცია, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, საერთოდ ბოლო გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელიც პირამიდის ბოლო, მესამე საფეხურია:

„ჩვენთან ეს პირამიდაც და კანონმდებლობაც თავდაყირა დგას - პირდაპირ ითხოვენ კომპენსაციას, რა შემთხევვაშიც ხეები უკვე განწირულია. შენ თუ დაინტერესებულ პირს ეტყვი, რომ ამ ხის მოჭრა ღირს რაღაც კონკრეტული თანხა, ვთქვათ, 700 ან ორჯერ შვიდასი ლარი, ის ამ თანხას მაინც გადაიხდის, რაც უნდა გაუძვირო, რადგან ფულს მაინც მოიგებს თავისი მშენებლობიდან“.

„მწვანე ალტერნატივის“ ჩანაწერი კანონში, რომლის თანახმად, ხის მოჭრის ნებართვა მხოლოდ მაშინ უნდა გაიცეს, როცა ბიომრავალფეროვნების დეგრადაციის შერბილების გზები ამოწურულია, მეორე მოსმენის დროს ამოიღეს.

ახლა ვნახოთ, მიიჩნევენ თუ არა გამოსავლად ნაგვის საღამოს საათებში გატანას ხერგილების პრობლემის გადაჭრად დარგის ექსპერტები. სატრანსპორტო პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე აცხადებს, რომ სანამ თბილისი განაგრძობს ვერტიკალურ და არა ჰორიზონტულ განვითარებას და სანამ როგორც თბილისი მერია, ისე მთლიანად საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას კომპლექსურად არ შეხედავს, კოლაფსი კოლაფსად დარჩება - თბილისი ხერგილებს თავიდან ვერ აიცილებს:

თბილისი
თბილისი

„თუ თბილისის მერია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად არ დაიწყებს თბილისის განვითარებაზე ზრუნვას, არ დაიწყება თბილისის გეოგრაფიული გაგანიერება, არ გაჩნდება ახალი უბნები და არ შეწყდება ცენტრალურ უბნებში მშენებლობები, რაც უნდა გადაწყვეტილება მივიღოთ, საერთოდ რომ დასუფთავების მანქანები გავაქროთ და არც ნაგვის პრობლემა იყოს, უამრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ შემოვიყვანოთ, მიწისქვეშა პარკირებებიც რომ გავაკეთოთ, ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მაშინვე, როგორც კი მოსახლეობის რაოდენობა მიუახლოვდება კრიზისულ ზღვარს, - და ჯერჯერობით დედაქალაქის მოსახლეობა მხოლოდ მატულობს, - ისევ იგივე პრობლემას მივიღებთ“.

აქვე უნდა ითქვას, რომ 2018 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარითაა გაზრდილი, რაც, მთავრობის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვას, ეკოლოგიასა და ტრანსპორტს მოხმარდება. საერთო ჯამში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG