Accessibility links

ვინ დაიცავს მოსწავლეს, რომელიც ამბობს, რომ მასწავლებელმა სცემა?


თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ ბუნების მასწავლებელი ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, 15 თებერვალს მეექვსე კლასის მოსწავლეს პედაგოგმა კისერში წაუჭირა ხელი. მოზარდი შეუძლოდ გახდა. მას აღენიშნებოდა კისრის არეში სიწითლე და იყო აღელვებული. სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებლის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტის შესწავლა მეორე დღესვე დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება, გადაწყვეტილებას კი კომიტეტი რამდენიმე დღეში მიიღებს.

მოსწავლეების მიმართ ძალადობა

  • 2016-17 სასწავლო წელს დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ძალადობის 76 შემთხვევაზე.
  • მოსწავლეებზე ძალადობის გამო 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გათავისუფლდა, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით - 9.
  • სკოლებში კვლავაც ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.​

სკოლაში შესაძლო ძალადობის ეს ფაქტი არ არის გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც ამ მოკლე ხანში გასაჯაროვდა. კიდევ ერთი ინფორმაცია მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 5 მარტს გავრცელდა. საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მტკიცებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს ქართული ენის პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დისციპლინური კომიტეტის ექვსი წევრიდან პედაგოგის გათავისუფლების შესახებ განცხადებას მხოლოდ ორმა მოაწერა ხელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016-17 სასწავლო წელს დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ძალადობის 76 შემთხვევაზე. განათლების სამინისტროს ეს მონაცემები ომბუდსმენის ოფისმა გამოითხოვა. გასული წლის ოქტომბერში საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია ძალადობის ფაქტების გამო გათავისუფლებული პედაგოგების თაობაზე. მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეებზე ძალადობის გამო 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გათავისუფლდა, ხოლო 2017 წლის იანვრიდან, ოქტომბრის ჩათვლით, - 9.

თუკი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩავიხედავთ, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებულ მონიტორინგს ეხება, უნდა ითქვას, რომ სკოლებში კვლავაც ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან ბავშვები ლაპარაკობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება და სხვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამავე მონიტორინგის მიხედვით, ამგვარ ფაქტებს არ მიიჩნევს ძალადობად მოსწავლეთა 37 % და სკოლის თანამშრომელთა თითქმის 13 %.

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - ეს არის მოსწავლეთა დუმილი ფიზიკური ძალადობის შემთხვევების თაობაზე. მისი თქმით, როგორც ირკვევა, ამ დუმილის მიზეზია მოსწავლეთა უნდობლობა:

ეკა სხილაძე
ეკა სხილაძე

„როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით მოსწავლეებს, მიმართეს თუ არა ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციას, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ასეთი ფაქტების შესახებ არავისთან ლაპარაკობდნენ, რადგან მათი მდგომარეობა მაინც არ შეიცვლებოდა. ანუ ღიად გამოიკვეთა მათი უნდობლობა არსებული დაცვის მექანიზმების მიმართ. თუმცა არის მოსწავლეთა მეორე კატეგორიაც, რომლებმაც ფიზიკური ძალადობის შესახებ აცნობეს ადმინისტრაციას, მაგრამ ამას არ მოჰყვა ეფექტიანი რეაგირება, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში ისინი აღარ მიმართავენ სკოლის ადმინისტრაციას“.

ეკა სხილაძის თქმით, პრობლემაა ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს ერთიანი ხედვა და სტრატეგია სკოლაში ძალადობის ფაქტების დაძლევის მიმართულებით და, შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლაში ძალადობის ფაქტებზე, რიგ შემთხვევებში, ეფექტურად ვერ რეაგირებს.

„კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ არ არის ის მკაფიო და საკმარისი ჩანაწერი, თუ რამდენად მძიმე დარღვევაა ბავშვზე ძალადობა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცოს პედაგოგთა ისეთი პროფესიული სტანდარტი და პროფესიული ეთიკის კოდექსი, სადაც იქნება კონკრეტული ჩანაწერი ძალადობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მეოთხე მუხლის მიხედვით, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მუშაობის ხარვეზზე მიუთითებს. მისი სიტყვებით, საქმე ეხება კანონმდებლობის უგულებელყოფას:

„ისინი არ ახორციელებენ სათანადო სახელმწიფო კონტროლს განათლების უზრუნველყოფის პროცესზე. მათ ამის საშუალებას აძლევს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 49-ე მუხლი“.

ანუ, ანა არგანაშვილის თქმით, თუკი, მაგალითად, სკოლის დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო არ მოქმედებს ადეკვატურად დისციპლინური დარღვევის ფაქტზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პირდაპირი კონტროლი, რათა სამეურვეო საბჭო ფუნქციონირებდეს ეფექტურად და მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი.

ამ ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე, ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ჰქვია ბავშვებისათვის ეფექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა:

„როდესაც ბავშვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება, მას იმთავითვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სამართლის მეშვეობით იბრძოლოს, ჰყავდეს თავისი ადვოკატი და, თუკი დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება მისთვის იქნება მიუღებელი, წავიდეს სასამართლოში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ის, რომ, შესაძლოა, თავად მშობელიც კი არ ეთანხმებოდეს ბავშვის დაცვის აუცილებლობას, მაგრამ ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება დამოუკიდებლად ჰყავდეს ადვოკატი და იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად“.

დიდი იმედი მაქვს, რომ კანონში აუცილებლად გაიწერება ბავშვის ფუნდამენტური უფლება სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა...
ანა არგანაშვილი

მართლმსაჯულებასა და სასამართლოზე ბავშვთა ხელმისაწვდომობის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთი წელია ლაპარაკობენ. ანა არგანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბავშვთა უფლებების ერთიან კანონში, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი:

„თავად უწყებები ხშირად ამ პრობლემას ვერ ხედავენ - ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ იციან, რა შეიძლება იყოს ბავშვისთვის კარგი და, შესაბამისად, აღარ არის საჭირო, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად, სასამართლოს გზით დაიცვას თავისი უფლებები. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ კანონში აუცილებლად გაიწერება ბავშვის ფუნდამენტური უფლება სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ იცავს სახელმწიფო და, ამ შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლის უფლებას, როდესაც მის მიმართ ფიზიკური ძალადობა ხორციელდება, თუმცა დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, არ მიიჩნევენ, რომ ძალადობის ფაქტი განხორციელდა. იგეგმება თუ არა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსსა და პროფესიულ სტანდარტში მოსწავლეზე ძალადობის შესახებ კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება, რის აუცილებლობაზეც მიუთითებენ უფლებადამცველები?

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG