Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგების მოთხოვნა ხელისუფლებას: „არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთს!“


მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში. 2017 წლის 7 ივნისი
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში. 2017 წლის 7 ივნისი

28 ივნისს დემირელის კერძო კოლეჯისა და მისი პარტნიორი ხუთი სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს უარი თქვას თურქეთისათვის დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ექსტრადიციაზე. ისინი გეგმავენ ჩაბუქის მხარდამჭერი პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს ათასობით ადამიანი, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას გაუგზავნონ. ჩაბუქის ადვოკატებმა კი უკვე მიიღეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ წერილი, რომელშიც წერია, რომ „ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში დაუშვებელია, რადგან ის დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ექნება თუ არა ლტოლვილის სტატუსი 24 მაისს თბილისში თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელსაც დღეს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი. მის საქმეს ამ დრომდე სწავლობს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო, პროკურატურა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა.

ამ ბრალდების არ სჯერათ და ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლებასა და მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ დემირელის კოლეჯისა და მისი პარტნიორი სკოლა-ლიცეუმების პედაგოგები, მშობლები და კურსდამთავრებულები. ამ მოთხოვნებს უკვე ათასობით ხელმომწერი ჰყავს. სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა, თინათინ ჩხაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ხელმოწერებს განცხადებასთან ერთად ყველა შესაბამის უწყებას გაუგზავნიან:

„ჩვენ გვჯერა მისი უდანაშაულობის და ვფიქრობთ, რომ გამორიცხულია მისი კავშირი იმ ორგანიზაციებთან, რაშიც ბრალს სდებენ. ამიტომ მოვითხოვთ, შეჩერდეს მისი ექსტრადიცია და გაათავისუფლონ მუსტაფა ჩაბუქი“.

ჩაბუქი ექსტრადირებისა თუ ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00

გამოგონილად და აბსურდულად მიაჩნია მუსტაფა ემრე ჩაბუქისადმი წაყენებული ბრალდება ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგ ნოდარ ჭუმბურიძესაც. ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს დ ამ გზით აარიდებს მას ექსტრადიციასაც და პატიმრობაში ყოფნასაც. სხვა შემთხვევაში, ამბობს ნოდარ ჭუმბურიძე, მას თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის:

„ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის და კანონიერების თვალსაზრისით. იქ ბატონი მუსტაფა სამართალს ნამდვილად ვერ იპოვის, რადგან ადამიანებს იჭერენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ვერც კი წარმოუდგენიათ, რა დააშავეს“.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით საქმე შესწავლის პროცესშია და თუ როგორ გადაწყდება ჩაბუქის ბედი, წინასწარ ვერაფერს იტყვიან. ასეთივე კომენტარი გააკეთა მედიასთან 28 ივნისს თამარ ხულორდავამ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მუსტაფა ემრე ჩაბუქს წარმომადგენლები 29 ივნისს შეხვდებიან. როგორც სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე განმარტავს, ლტოლვილის სტატუსი პირს მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის განიცდის დევნას რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების გამო ან ეროვნების ნიშნით. არის ასევე ჰუმანიტარული სტატუსი - თუ არსებობს წამების ან ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის რისკი, ან პირს ემუქრება წამება ან სიკვდილით დასჯა მის ქვეყანაში. რა ელის ჩაბუქს - პასუხი ჯერ არც ლტოლვილთა სამინისტროში აქვთ.

გასაგებია, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ უდანაშაულო ადამიანების ექსტრადირება გაუტეხს სახელს საქართველოს ხელისუფლებას და შელახავს მის საერთაშორისო იმიჯს...
სოსო ბარათაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებენ, მას არც ექსტრადიცია დაემუქრება და აღარც პატიმრობაში დარჩება, - გვითხრა ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. ამჟამად საქმეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და საერთაშორისო ორგანიზაციები სწავლობენ. რას მოელის სოსო ბარათაშვილი ლტოლვილთა სამინისტროსგან?

„ლტოლვილთა სამინისტრო ხელისუფლების ნაწილია. ხელისუფლებას კი ვერ გადაუწყვეტია დაექვემდებაროს თურქეთის მხარის უკანონო მოთხოვნას თუ დაიცვას ადამიანის უფლებები. გასაგებია, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ უდანაშაულო ადამიანების ექსტრადირება გაუტეხს სახელს საქართველოს ხელისუფლებას და შელახავს მის საერთაშორისო იმიჯს“.

სოსო ბარათაშვილის განცხადებით, საექსტრადიციო პატიმრობის მაქისმალური ვადა, კანონით, 9 თვეა. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს. და თუ ეს არ მოხდა, ამბობს სოსო ბარათაშვილი, მაშინ საქმე ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა. იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებენ, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელმა უფლება მისცეს იუსტიციის მინისტრს, ექსტრადირების განკარგულება გასცეს. თუმცა ადვოკატი იმედს იტოვებს, რომ მათ ხელში არსებული არგუმენტები, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, „ამნესტი ინტერნეშნლის“ წერილი, რომ „დაუშვებელია ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში“, და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების გამოხმაურებები თავის როლს შეასრულებს და პროცესი ჩაბუქის სასიკეთოდ დამთავრდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG