Accessibility links

მუხთარლის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა


აფგან მუხთარლი

18 მომხრე და 22 წინააღმდეგი ხმათა ამ თანაფარდობით გადაწყდა, რომ პარლამენტში არ შეიქმნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია.

აფგან მუხთარლის საქმე

  • აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა;
  • 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით;
  • 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პარლამენტმა, 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელა.
განხილვის თემა იყო საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. უმცირესობამ დადგენილების პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა.

უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი პარლამენტში დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წარადგინა, რომლის სიტყვებითაც, მუხთარლის საქმეზე სიმართლის დადგენა პარტიულ ოპონირებას სცდება და სახელმწიფოებრივადაა მნიშვნელოვანი. ხოშტარიას შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმეს და ამ საქმესთან მიმართებით პასუხგაუცემელ კითხვებს საქართველოსთვის ზიანი მოაქვს.

„ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ არის სერიოზული პრობლემა, ადამიანი არის რაღაცის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემა ამბობს, რომ - არა, ამ საქმეში მსხვერპლი არ არსებობს. ასეთ გამოძიებას ვერავინ რეალურ გამოძიებას ვერ დაარქმევს სწორედ დღეს, რვა თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, მანქანა არ არის იდენტიფიცირებული და პირი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი. ეს არ არის გამოძიება, ეს არის ჩავარდნა!“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, საგამოძიებო კომისიის სახელწოდებაც კი უმცირესობის წინასწარგანწყობებზე მიუთითებს და სუბიექტურ, პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზანს ემსახურება.

„თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ და არ ვიცოდეთ, ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხა გინდათ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმცირესობის - „ევროპული საქართველოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ - დეპუტატებს. მისი შეფასებით, ახლა, როცა გამოძიება მიმდინარეობს, დამატებითი კითხვების დასმის დრო არ არის.

კომისიას, რაც თქვენ გენებოთ, ის დავარქვათ. ახლავე დამიწერეთ თქვენი ვერსია და დავარქვათ ის, რაც თქვენ გნებავთ. თუ გინდა, დავარქვათ „ხელისუფლების პასუხების კომისია“ ან „ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე“, რაც თქვენ გნებავთ...
ელენე ხოშტარია

„კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი. რას რა უნდა მოჰყვეს და ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხა გინდათ, კარგად ვიცით. ახლა საუბრობთ სათაურზე. სათაურში რა იქნება, დიდ გასეირნებას დაარქმევთ თუ მცირეს, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პირადი სარგებელი მონახოთ. ჩვენი ინტერესია ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიასა და უმრავლესობის სხვა დეპუტატებს ელენე ხოშტარიამ დაუდასტურა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის სახელწოდებაში მხოლოდ ფაქტებია ჩამოთვლილი და არავითარ ინტერპრეტაციას არ შეიცავს, თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ ეს საკითხი დააბრკოლებს, სათაურის შეცვლა პრობლემა არ იქნებაო.

„კომისიას, რაც თქვენ გენებოთ, ის დავარქვათ. ახლავე დამიწერეთ თქვენი ვერსია და დავარქვათ ის, რაც თქვენ გნებავთ. თუ გინდა, დავარქვათ „ხელისუფლების პასუხების კომისია“ ან „ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე“, რაც თქვენ გნებავთ“, - უპასუხა მმართველი გუნდის წევრებს ელენე ხოშტარიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, აფგან მუხთარლის საქმის დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიებისკენ საქართველოს მოუწოდებენ საერთაშირისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, საკითხის გამოუძიებლობით ქვეყნის იმიჯი ილახება, ამ „ლაქის“ ჩამოშორება კი პარლამენტს შეუძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზეო.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას სიტყვებით: „ერთია ის კატასტროფული ვითარება, რომ ამა თუ იმ გარემოებაში ადამიანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაქრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე სურათს ქმნის ის, რომ როდესაც ეს ამბავი გახმაურდა და მოჰყვა ძალიან დიდი რეაქცია, არსებობს ეჭვი, რომ მტკიცებულებები, ჩანაწერები გაქრა. საღი აზრის ფარგლებში მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება იყოს: ერთი, რომ ამ ყველაფერში იმდენად მაღალი დონის ხელმძღვანელობა არის ჩართული, რომ, ასეთი ყურადღების მიუხედავად, მიიღეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გაქრობის თაობაზე, ან იმდენად მორღვეულ ვითარებაში ვართ, რომ ვიღაცას, არაფორმალურ სტრუქტურებს შეუძლიათ ასეთი რამ გააკეთონ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ზურგს მიღმა“.

„ყველა არგუმენტი არის პოლიტიკური“ და „საგამოძიებო კომისიის შექმნის შედეგიც იქნება პოლიტიკური შოუ“... „გაუგებარია, რა დამატებითი საგამოძიებო და პროცედურული მოქმედებების ჩატარებას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნითო“, - თქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, „მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ჯერ დრო და რესურსი არ ამოუწურავს. როდესაც გამოძიების ფარგლებში დრო და რესურსი ამოიწურება, შემდგომ, შესაძლოა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის განხილვას დავუბრუნდეთო”. მან თქვა აგრეთვე:

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„საკითხის მიმართ პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა მაღალ ინტერესს ინარჩუნებს. გამოძიების მიმდინარეობას ჩვენ თვალს მივადევნებთ და თვალს მივადევნებთ იმასაც, რომ კითხვებზე პასუხი საზოგადოებამ და პარლამენტმა მიიღოს“.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უმცირესობა გასული წლის ივლისშიც ითხოვდა, თუმცა, მიმდინარე საგამოძიებო პროცედურების გამო, კომისიის შექმნა გადაიდო. 8 თვის თავზე ოპოზიციის მოთხვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რათა პარლამენტმა ქმედითად გამოიყენოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია, კვლავ განუხორციელებელი დარჩა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG