Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული რადიოს Jazz FM-ის დაჯილდოება


2013 წლიდან ბრიტანული რადიოს, Jazz FM-ის, მსმენელები წლის საუკეთესო პროექტებს, შემსრულებლებსა და ბენდებს ავლენენ. გამარჯვებულები სახელდებიან სამ ჟანრობრივ კატეგორიაში - ბლუზში, ჯაზსა და სოულში.

ბრიტანული რადიოს Jazz FM-ის დაჯილდოება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:28 0:00
გადმოწერა

წელს დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელოვნებო ცენტრში - Shoreditch Town Hall-ში - გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ საღამო ჯგუფ "Rolling Stones"-ის ბენეფისად იქცა. მიკ ჯაგერმა და მისმა მეგობრებმა ორი პრემია მიიღეს, როგორც "წლის საუკეთესო ბლუზის მუსიკოსებმა" და "წლის საუკეთესო ბლუზური ალბომის" ავტორებმა. იგულისხმება 23-ე სტუდიური დისკი "Blue & Lonesome", რომელიც ჰაულინ ვულფის, ლითლ უოლტერის, ვილი დიქსონის, მემფის სლიმისა და სხვა ძველი ბლუზმენების სიმღერების ქავერებისგან შედგება. გარდა ამისა, ჯგუფის დრამერს, ჩარლი უოტსს, ბრიტანელმა მსმენელებმა სპეციალური "ოქროს პრემიაც" გადასცეს ბლუზის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

Jazz FM-ის ჯილდო სულ 14 კატეგორიაში გაიცა. მაგალითად, "წლის საუკეთესო უცხოელი ჯაზის არტისტი" ამერიკელი საქსოფონისტი დონი მაკკასლინი გახდა, "წლის ვოკალისტად" ბრიტანელი ნორმა უინსტონი აღიარეს, სოულში პირველობა მომღერალმა ლაურა მვულამ არავის დაუთმო, "წლის მოვლენად" კი ლონდონის თანამედროვე ჯაზური იმრპოვიზაციული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი - საქსოფონისტი, ბენდლიდერი და კომპოზიტორი შაბაკა ჰაჩინგსი დასახელდა.

შაბაკა ჰაჩინგსი მუსიკალურ სცენაზე 2010 წელს გამოჩნდა, როცა ბი-ბი-სი რადიო 3-ის კონკურსი მოიგო და რადიოს ბიგბენდის წევრი გახდა. შემდეგ საკუთარი ჯგუფი "Sons of Kemet" შექმნა და რამდენიმე ალბომი გამოსცა, თუმცა სახელი სულ სხვა პროექტით გაითქვა, რომელსაც "The Comet Is Coming" ერქვა. ეს გახლდათ დრამერის, კლავიშისა და საქსოფონისტის ტრიო, რომლის მუსიკაც ამერიკული ფრი-ჯაზის, ელექტრონული მუსიკის, ფანკისა და ფსიქოდელიური როკის ნაზავს წარმოადგენდა. ბენდმა 4 სინგლი და 1 სტუდიური ალბომი გამოსცა. დისკისათვის "Channel the Spirits" წამყვანი გამოცემების დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ცნობილი ყოველწლიური პრემიის, "მერკურის პრიზის", ნომინანტიც გახდა. ბოლო ნამუშევარს კი, რომლის გამოც შაბაკა ჰაჩინგსი "წლის მოვლენად" აღიარეს, "Wisdom Of Elders" ჰქვია. მის ჩასაწერად არტისტი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა და იქაური მუსიკოსები დაიხმარა. როგორც თავად განმარტა, ამერიკული და ბრიტანული ჯაზისგან სრულიად განსხვავებული აქცენტების მოხელთება სურდა.

ბრიტანული რადიო Jazz FM-ის დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კატეგორიაა "წლის სენსაცია", რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხოლმე. ამჯერად ბრიტანელებმა ლონდონური დუეტი "Yussef Kamaal"-ი აღმოაჩინეს.

"Yussef Kamaal"-ი ჯგუფს მისი წევრების სახელების მიხედვით დაერქვა. იუსეფ ბაიესი და ქამალ უილიამსი ლონდონელები არიან. კარიერა 2007 წელს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს. იუსეფი ცნობილი აფრობიტ ჯგუფის, "United Vibrations"-ის, შემადგენლობაში გახლდათ, ხოლო ქამალი ექსპერიმენტებს ატარებდა ჯაზისა და ჰაუსის სინთეზის მიზნით. მათი პირველი შეხვედრა ონლაინმუსიკალური პროექტის, "Boiler Room"-ის, ფარგლებში შედგა, რომელიც სულ მალე მუდმივ თანამშრომლობაში გადაიზარდა.

"Yussef Kamaal"-ის სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური ალბომი "Black Focus"-ი 2016 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა ლონდონურ ლეიბლზე "Brownswood Recordings". დისკზე ჰიპ-ჰოპის, ფანკის, სოულის რიტმებითა და აკორდებით გაჯერებული სულ 10 კომპოზიცია მოხვდა. დუეტმა აქცენტი რიტმულ მხარეზე გააკეთა, სხვადასხვა პერკუსიული საკრავებისა და ბასური პულსაციის ჰარმონიაზე. აკუსტიკურად ძალიან მრავალფეროვან მუსიკაში ზოგან ჯაზური მოტივებიც ისმის, რომელთაც ზურგს ფორტეპიანო და სასულე საკრავები უმაგრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG