Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერი ალენი


27 ივნისს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ჯაზის პიანისტი ჯერი ალენი.

ჯერი ალენი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
გადმოწერა

ნიუ-იორკის რადიო "WBGO"-ს ცნობით, ის ფილადელფიაში აღესრულა, სადაც ბოლო წლებში კიბოს დაავადებას ებრძოდა.

ჯერი ალენი მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკიდან გახლდათ, თუმცა დეტროიტში გაიზარდა. მუსიკალური განათლების მიღება საშუალო სკოლაში დაიწყო, პარალელურად კი ქალაქის "ჯაზური განვითარების შემოქმედებით სახელოსნოში" ეუფლებოდა თეორიულ ცოდნასა და საშემსრულებლო ხელოვნებას. 1979 წელს გოგონამ ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად ნიუ-იორკში გადავიდა. შეგირდად ცნობილ ამერიკელ პიანისტსა და კომპოზიტორს კენი ბარონს დაუდგა, მოგვიანებით კი პიტსბურგის უნვერსიტეტში ეთნომუსიკოლოგის მაგისტრის დიპლომი დაიცვა, რასაც ხანგრძლივი სტუდიური და საკონცერტო მოღვაწეობა მოჰყვა.

დიახ, ჯერი ალენი, როგორც სოლისტი და ბენდლიდერი, ბევრს მუშაობდა სტუდიასა თუ სცენაზე. პირველი სოლო ალბომი, სახელწოდებით "Home Grown", 1985 წელს გამოსცა, რომელსაც 20 დამოუკიდებელი დისკი მოჰყვა. არანაკლებ შთამბეჭდავია იმ არტისტების ნუსხაც, რომლებიც გამუდმებით იწვევდნენ საკუთარ პროექტებში. აქტიური მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე ჯერი ალენმა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: საქსოფონისტები ორნეტ კოულმანი, ჩარლზ ლოიდი, ოლივერ ლეიკი, ბასისტი ჩარლი ჰეიდენი, დრამერი პოლ მოუშენი და მრავალი სხვა. 2010 წლის შემდეგ არტისტმა საკუთარი კვარტეტი ჩამოაყალიბა და საგასტროლო საქმიანობაში ჩაერთო. ბენდს "Geri Allen and Timeline Live" ერქვა და ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენდა. საქმე ის გახლდათ, რომ კვარტეტის მეოთხე წევრი ტეპის მოცეკვავე მორის ჩესტნატი იყო, რომელიც ჯაზურ სტანდარტებზე ცეკვავდა და დრამერთან ერთად ამდიდრებდა ამა თუ იმ კომპოზიციის რიტმულ სტრუქტურას.

საკონცერტო თუ სტუდიური მოღვაწეობის გარდა, ჯერი ალენი პროდიუსერობასაც ითავსებდა. 2015 წელს ის "გრემზე" წარადგინეს კატეგორიაში "საუკეთესო ისტორიული ალბომი". მან ცნობილი პიანისტის, ეროლ გარნერის, 1950 წლის უნიკალური საკონცერტო ჩანაწერების კრებული "The Complete Concert by the Sea" გამოსცა.

ჯერი ალენი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი არტისტი გახლდათ ამერიკული ჯაზის ისტორიაში. 1994 წელს მას გადაეცა პრესტიჟული პრემია, სახელწოდებით "Soul Train Lady of Soul", ალბომისათვის "21", რომელიც პიანისტმა მაილს დევისის ლეგენდარული მეორე კვინტეტის წევრებთან - კონტრაბასისტ რონ კარტერსა და დრამერ ტონი ულიამსთან ერთად ჩაწერა. 2003 წელს მისი საკომპოზიტორო ნიჭი გუგენჰაიმის ფონდმა გამოარჩია და გრანტი გადასცა, ხოლო დანიის სამეფომ ევროპის უმაღლესი ჯილდო "Jazz Par Prize" მიანიჭა, 2014 წელს კი ბოსტონის ბერკლის კოლეჯის საპატიო დოქტორის სტატუსი მოიპოვა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჯერი ალენი პიტსბურგის უნივერსიტეტში ჯაზის ფაკულტეტზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და მართავდა კონცერტებს. ბოლო ტურნე კი გაზაფხულზე მოაწყო, მაკოი ტაინერთან ერთად ევროპის რამდენიმე სცენაზე დაუკრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG