Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO ამბობს, NATO მოქმედებს


ნატოს მეორე საზღვაო მზადყოფნის დაჯგუფების კუთვნილი ხომალდები შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში
ნატოს მეორე საზღვაო მზადყოფნის დაჯგუფების კუთვნილი ხომალდები შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში

17 მარტს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც გაირკვა, რომ 2021 წელს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეებისა, ალიანსი შეინარჩუნებს თანამშრომლობის ყველა პროგრამას საქართველოსთან და კვლავ აქტიურად დაეხმარება თავის უახლოეს პარტნიორ ქვეყანას არჩეული მიზნის მიღწევაში.

„ნატო-საქართველოს კომისიაზე ვიმსჯელებთ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, კერძოდ, შარშან განახლებულ „არსებით პაკეტზე“, რომელიც წარმოადგენს ალიანსის დახმარების ქვაკუთხედს რეფორმებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევაში. იგი ეხმარება საქართველოს, რომ ეფექტიანი ურთიერთქმედება ჰქონდეს მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალებთან და მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისათვის“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, ერთი დღით ადრე, გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის 2020 წლის ანგარიში, რომელშიც დაწვრილებითაა ლაპარაკი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის - 16 ინიციატივისგან შემდგარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის - მნიშვნელობაზე.

ბრიუსელში 17 მარტს ცალკე აღინიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, რისი დემონსტრირებაც გახდა, იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში ნატოს მეორე საზღვაო მზადყოფნის დაჯგუფების კუთვნილი ხომალდების შესვლა და ერთობლივი ვარჯიში საქართველოს სანაპირო დაცვის ძალების მონაწილეობით.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი დაწინაურებული ძალების ვიზიტი და თქვენს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნა იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ნამდვილად ვმოქმედებთ ერთად, როდესაც საქმე პრაქტიკულ თანამშრომლობას შეეხება. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსა და საქართველოსთვის. და ჩვენ შეშფოთებული ვართ რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მაგრამ საქართველოსთან მიმართებით NATO-ში სხვა შეშფოთებამაც იჩინა თავი. ეს არის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას, დაპატიმრება, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.

NATO წუხს, როცა მოკავშირეს უჭირს

საქართველო, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 %, 870 ჯარისკაცით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ავღანეთში NATO-ს სარდლობით მოქმედ კოალიციურ ძალებს შორის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ყოველთვის მადლიერია პატარა კავკასიური სახელმწიფოს ასეთი გაბედული ნაბიჯის გამო და, თავის მხრივ, მუდმივად გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 17 მარტს კვლავ მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი არ ერიდება არც საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და თბილისისთვის იმის შეხსენებას, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას, უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროს გარდა, ასევე ძალიან სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმირება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებათა დაცვა და საერთო ღირებულებების ერთგულება.

ამ მხრივ კი საქართველოში საქმე ბოლო ხანს კარგად ვერ არის, რაც დასავლეთის სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობასაც აწუხებს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა წუხილის საგნად დაასახელა განხეთქილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებში და ყველაზე დიდი ოპიზიციური პარტიის ლიდერის დაკავება. იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში თავის გვერდით მდგარ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან საერთო ენისა და გამოსავლის მოსაძებნად.

„ამიტომ, პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ასევე ნიშნავს იმას, რომ არ ვერიდებით მწვავე მსჯელობას. სამწუხაროა საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. ნატო საქართველოსგან მოელის იმ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, რომლის განვითარებაზე ის ბოლო წლებში ასე მონდომებით მუშაობდა. ეს გულისხმობს დიალოგის საშუალებით პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრას და განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და მოქმედებაზე უარის თქმას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველო სტოლტენბერგის ანგარიშში

ერთი დღით ადრე, ვიდრე ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებდა, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს, მზად არის და შეუძლია იტვირთოს ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და რომელთა ჩართვა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ტერიტორიის უსაფრთხოებას.

შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში ნატოს წევრები აგრძელებდნენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი სამიტების შესაბამისად, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში.

დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებას.

„არსებული ინიციატივების განხორციელების გარდა, ნატომ და საქართველომ ერთად იმუშავეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიზნით, გადააქციეს იგი უფრო ამბიციურ, უფრო თანმიმდევრულ, უფრო მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს“.

NATO-ს გენერალური მდივანი ანგარიშში ლაპარაკობს იმაზე, რაზეც საქართველოში ფართო საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის - კერძოდ, საქართველოსათვის განახლებულ არსებით პაკეტზე, რომელიც სამი პროგრამით გაზრდილა და აჟამად, მთლიანობაში, შეიცავს 16 ინიციატივას.

„ახალი ინიციატივები მოიცავს სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის ცოდნას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებას, მათ შორის კიბერლაბორატორიის განვითარებას, უსაფრთხო კომუნიკაციების დამყარებას საქართველოსა და ნატოს შორის, სამხედრო ინჟინრების მომზადებას, საზღვაო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული სიტუაციური ცოდნის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღეს. სამიტის დეკლარაციის თანახმად, „არსებითი პაკეტი“ განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და დაეხმარება მიაღწიოს მიზანს - გაწევრიანდეს ალიანსში. „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი შედეგია საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC), რომელიც, ძირითადად, ნატოს სტანდარტებით ქართველი სამხედროების მოსამზადებლად, მცირერიცხოვანი დანაყოფების საცეცხლე და ტაქტიკური ვარჯიშებისთვის გამოიყენება.

ინტენსიური წვრთნები ერთწლიანი კარანტინის შემდეგ

NATO-ს ქვეყნებმა, რომელთათვისაც სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარ საზრუნავს წარმოადგენს, კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან რამდენიმე მასშტაბური სამხედრო სწავლება ან საერთოდ გააუქმეს, ან მინიმუმამდე შეამცირეს პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რათა თავიდან აეცილებინათ საშიში ვირუსის გავრცელება.

ამასთან, პანდემიის პირველი ტალღის დროს შემოღებული კომენდანტის საათისა და საგანგებო რეჟიმის უზრუნველსაყოფად ბევრმა ქვეყანამ ქუჩებში სწორედ სამხედროები გამოიყვანა.

სამხედროფორმიანი მამაკაცები და ქალები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მორიგეობდნენ სპეციალურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, პატრულირებდნენ ქუჩებში, აცილებდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, ურიგებდნენ წყალსა და საკვებს სოციალურად ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და უამრავ შემთხვევაში, მაგალითად, როგორც ეს იყო ესპანეთში, სიკვდილისგანაც იხსნეს მოხუცთა თავშესაფრებში უპატრონოდ მიტოვებული მოხუცები.

მაგრამ კორონავირუსის პანდემიის შემცირების კვალობაზე სამხედროებს წელს მოუწევთ სამხედრო წვრთნებში იძულებითი ჩამორჩენის დაძლევა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები წელს მეათედ უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, სახელწოდებით „Agile Spirit 2021“. ამ წვრთნებს საქართველო ერთი წლის გამოტოვებით მასპინძლობს და ის ერთბაშად რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება.

ბოლო Agile Spirit-ი საქართველოში 2019 წელს სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართა.

მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა 14 ქვეყნიდან. აქედან მასპინძლები მხოლოდ საქართველო და უკრაინა იყვნენ ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ Agile Spirit-ი წელსაც ასეთივე წარმომადგენლობით იქნება და საქართველოში NATO-ს დროშის ქვეშ თავს მოიყრიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.

კომპლექსური მრავალეროვნული წვრთნა Agile Spirit-ი, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში ტარდება ხოლმე და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

პარალელურად საქართველო წელს წარმოდგენილი იქნება, ასევე, აშშ-ისა და NATO-ს ერთ-ერთ უდიდეს ერთობლივ სამხედრო წვრთნაში - DEFENDER-Europe 21 (ევროპის დამცველი 2021).

წვრთნის მთავარი ორგანიზატორის, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის, ცნობით, ამ მანევრით გათვალსწინებული ცალკეული მოსამზადებელი ღონისძიება 16 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე გასტანს.

ევროპის დასაცავად ჩაფიქრებული DEFENDER-Europe 21-ის პირველი საწვრთნელი ეპიზოდი, (Immediate Response) „დაუყოვნებელი პასუხი“, ერთბაშად 13 სასწავლო პოლიგონზე მოეწყობა 11 სახელმწიფოს წარმომადგენელი 5000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. წვრთნის დროს გამოყენებული იქნება საბრძოლო ტყვიები, მაგრამ რადგან ომს ფრონტის გარდა ზურგიც იგებს, ამიტომ წვრთნის დროს ყურადღება გამახვილდება, ასევე, ლოგისტიკური დანაყოფების მოქმედებაზე ზღვასა და ხმელეთზე.

შემდეგ, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, ესტაფეტას აიღებს მანევრები, პოეტური სახელწოდებით „მახვილის მპყრობელი“ (Saber Guardian), სადაც კიდევ უფრო მეტი - 19 ქვეყნის 13 000 - ჯარისკაცი იქნება წარმოდგენილი. წვრთნის სცენარი ითვალისწინებს საავიაციო და სარაკეტო სროლების ჩატარებას და მასშტაბურ სამედიცინო ევაკუაციას.

და წვრთნის მესამე ფაზა, „სწრაფი პასუხი“, ერთდროულად დაიწყება ესტონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც ასევე ივნისში თავს მოიყრის 11 ქვეყნის 7 000 სამხედრო მოსამსახურე. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ავიაცია.

ფართომასშტაბიან წვრთნაში DEFENDER-Europe 21, ჯამში, მონაწილეობას მიიღებს 27 ქვეყანა, მათ შორის, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველო.

აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სარდლობის თანახმად, წვრთნის გეოგრაფია მოიცავს ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნების ვრცელ ტერიტორიას - მათ შორის შავ ზღვას და კავკასიას.

„წვრთნაზე დემონსტრირებული იქნება ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების მიზნით ვიმოქმედოთ დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში და, ასევე, შევინარჩუნოთ ჩვენი უნარები ჩრდილოეთ ევროპაში, კავკასიაში, უკრაინასა და აფრიკაში“, - ნათქვამია აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის მეთაურის, გენერალ ქრისტოფერ კავოლის განცხადებაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG