Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ნატოს ხელმძღვანელ პირებს ხვდება


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს - ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა და მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა განიხილეს.

ირაკლი ალასანიამ და ალექსანდრ ვერშბოუმ ასევე ისაუბრეს ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდა. სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მას მმართველი გუნდის ინიციატივები და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გააცნო.

”პოლიტიკური სტაბილურობის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა”, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში დაიგეგმა ირაკლი ალასანიას შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე დაგეგმილია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.
XS
SM
MD
LG