Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთო


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რომლის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს, მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას მოითხოვენ კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ. რა კეთდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების აღკვეთისა და გამოძიების კუთხით?

სახალხო დამცველის თქმით, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია როგორც ის, თუ ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ასევე ის, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება მოუთმენლად ელოდება ყველა ამ კითხვაზე პასუხს.

„წამმზომი ჩართულია“ - ეს არის სახალხო დამცველის ახალი საინფორმაციო კამპანიის სახელწოდება, რომელიც იწყება დღეს და რომლის მიზანია, საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს, მოიპოვეს და გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები...

უჩა ნანუაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ, თუმცა, როგორც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, სამოქალაქო აქტივობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უკეთ დაცვის მოთხოვნით, ხელისუფლება დღემდე არაადეკვატურად უპასუხებს და საზოგადოებას სთავაზობს შემოიფარგლოს ხელისუფლების უპირობო ნდობით.

157 პრიმა მუხლი - ეს არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა და ის გამოვა ცალკე დანაშაულად, როგორც განსაკუთრებული დაცვის სფერო, ის იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ნუსხაში...
ეკა ბესელია

„ჩვენ გვჭირდება ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არა კონკრეტული ადამიანების პატიოსნებაზე მიბმით უზრუნველყოფს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, არამედ გვჭირდება საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ცუდი მოხელეების პირობებშიც უზრუნველყოფს ყველა ადამიანის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორიც უნდა იყოს ხელისუფლების წინააღმდეგობა და რა დროშიც უნდა გაიწელოს ეს, მიზანი მაინც მიღწეული იქნება, რადგანაც ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“, უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.

პირადი მონაცემების ხელყოფისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაზე მსჯელობენ საქართველოს პარლამენტშიც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება ახალი მუხლი:

„157 პრიმა მუხლი - ეს არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა და ის გამოვა ცალკე დანაშაულად, როგორც განსაკუთრებული დაცვის სფერო, ის იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ნუსხაში და სანქციად გათვალისწინებული იქნება ათ წლამდე პატიმრობა - ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი“.

ჩნდება განცდა, რომ ცალკეულ დეპუტატებს ჰქონდათ უფრო მეტი ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, ვიდრე ეს ზოგადად საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ხელმისაწვდომი...
სოფო ვერძეული

თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ამ ინიციატივას არასაკმარისად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი. კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრკურატურისგან იმ დეპუტატების დაკითხვას მოითხოვენ, რომელთა კომენტარები, როგორც სოფო ვერძეული ამბობს, აჩენს ეჭვს, რომ მათ ხელი მიუწვდებათ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე:

„ჩნდება განცდა, რომ ცალკეულ დეპუტატებს ჰქონდათ უფრო მეტი ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, ვიდრე ეს ზოგადად საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ხელმისაწვდომი. ამიტომ საგამოძიებო ორგანოებისთვის მათი დაკითხვა უნდა იყოს საინტერესო, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მუდმივად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ კადრები არის გავრცელებული და შესაძლოა არაერთი ჯგუფის ხელში იყოს მოხვედრილი და გაზიარებული სხვადასხვა პირთან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვარუდით, ერთ-ერთი დეპუტატი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ფარული ჩანაწერების შესახებ, თამაზ მეჭიაურია, თუმცა თავად დეპუტატი ამბობს, რომ არანაირ განსხვავებულ ინფორმაციას არ ფლობს - უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ ის თანამდებობის პირები, ვისი პირადი ცხოვრებაც ჩაწერილია, უნდა გადადგნენ, რადგანაც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას:

საკანონმდებლო დონეზე კვლავ არის აღმოსაფხვრელი ის ხარვეზები, რომლებიც დღეს კვლავ უტოვებს შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას, რომ აწარმოონ უკანონო მოსმენები ყოველგვარი კონტროლის გარეშე და კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით სრულად უნდა დაიხვეწოს...
ანა ნაცვლიშვილი

„ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას და რომელიც შეიძლება იყოს შანტაჟს დაქვემდებარებული, ის არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია ჩემი აზრი და ვისას დაემთხვევა ის, არ მაინტერესებს. ამაზე ვიფიქრო? ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, რადგანაც ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ“.

დეპუტატის პასუხად კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დეპუტატების ერთი ნაწილი თავისი მოუზომავი განცხადებებით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონის გამკაცრება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არაა.

„საკანონმდებლო დონეზე კვლავ არის აღმოსაფხვრელი ის ხარვეზები, რომლებიც დღეს კვლავ უტოვებს შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას, რომ აწარმოონ უკანონო მოსმენები ყოველგვარი კონტროლის გარეშე და კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით სრულად უნდა დაიხვეწოს და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრაქტიკაში შედგეს პრეცედენტები, როდესაც ამ ტიპის დანაშაულის როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები იქნებიან დასჯილები. თუ ასეთი პრეცედენტები არ შეიქმნება, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეწერება კანონში, დანაშაული გაგრძელდება და გაგრძელდება დაუსჯელობა ამ დანაშაულისთვის. ასე რომ, პრაქტიკაში განონის გატარება არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG