Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იავნანა“ სასამართლოში - სად მიდის ფონდის მილიონები?


პაატა ბურჭულაძე სასამართლოში
პაატა ბურჭულაძე სასამართლოში

იხარჯებოდა თუ არა არამიზნობრივად საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთვის“ შეწირული მილიონები? 9 თებერვალს ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე. მისი თქმით, ის თბილისში ფონდისთვის შავი ლაქის ჩამოსაშორებლად ჩამოვიდა, პროკურატურა კი აცხადებს, რომ „იავნანას“ დოკუმენტაციის შესწავლისას არაერთი საეჭვო კითხვა გაჩნდა.

გადმოწერა

„საქართველოში სიკეთე დასჯადია“, - განაცხადა 9 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე. მართალია, მსოფლიო ბანსა და პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელთან გამოძიებას კითხვები აქვს სწორედ „იავნანას“ საქმიანობის თაობაზე, ათასობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზე, მაგრამ თავად ბურჭულაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ეს საქმე მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო აღძრა. ამბობს იმასაც, რომ ამ საქმეს მალე დაესმება წერტილი.

ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმაც აღნიშნა, რომ არავითარი დარღვევა ფონდ „იავნანაში“ არ არსებობს და ეს ძალიან მალე გაირკვევა.

საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილია. მედიასთან საუბრისას მან თქვა, რომ ფონდის დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა გაუჩნდა:

„ამ დოკუმენტების შესწავლის პირობებში გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და მათ შორის საეჭვო გარემოება. საუბარია რამდენიმე ასეულ ათას ლარზე“.

პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ საქმეზე გამოძიება დაიწყო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ჟურნალისტურ მოკვლევას. „აფბამ“ პროკურატურისგან მოითხოვა დაინტერესებულიყო ბურჭულაძის ფონდის მიერ თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმით. დღეს „აფბა“ ბურჭულაძის ფონდის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს - ამბობენ, რომ მათ „თავიანთი საქმე გააკეთეს და ახლა პროკურატურის ჯერია“.

პაატა ბურჭულაძე სასამართლოში
პაატა ბურჭულაძე სასამართლოში

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააფუძნა და მას შემდეგ არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა. გარდა კონცერტებისა, „იავნანას“ შემოწირულების ყუთებს არაერთ სუპერმარკეტში წააწყდებით, სადაც გროვდება ფული საქველმოქმედო მიზნებისათვის.

ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფონდმა 2011-2015 წლებში შემოწირული თანხის 91,9 % სწორედ ქველმოქმედებას მოახმარა, 2016 წლის მონაცემების შესახებ კი ფონდ „იავნანას“ ვებსაიტზე დევს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2016 წელს შემოწირულებებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან შემოსულმა თანხამ სულ 763 114 ლარი შეადგინა, ქველმოქმედებასა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე გაწეულმა ხარჯებმა კი - 480 357 ლარი, რაც საქველმოქმედო შემოსავლების 62.95 პროცენტს შეადგენს. უშუალოდ ქველმოქმედებაზე დაიხარჯა 375 905 ლარი, ფონდის შემოსავლებმა კი ეკონომიკური საქმიანობიდან 252 911 ლარი შეადგინა. რაც ძირითადად მიმართულია ფონდის საერთო ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.

დღეს ძალიან ბევრი აიპია დარეგისტრირებული საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ისინი სარგებლობენ საკანონმდებლო შეღავათებით, მაგრამ როგორ კონტროლდება მათი საქმინობა, ვინ ამოწმებს მას და ა.შ. საგადასახადო კანონმდებლობა ამ წესებს არ მოიცავს...
მარიკა დუმბაძე

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, განსაზღვრავს თუ არა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა იმას, თუ პროცენტულად რა თანხა უნდა დახარჯოს საქველმოქმედო ორგანიზაციამ უშუალოდ ქველმოქმედებაში და რა - ღონისძიებების გასამართად. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მარიკა დუმბაძემ განგვიმარტა, რომ ასეთი რამ კანონში არ წერია. არადა, სახელმწიფო ვალდებულია მკაცრად აკონტროლოს ორგანიზაცია, რომელიც თავისი იდეალური მისიის გამო ძალიან ბევრი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს. ასეთი ფონდების რიცხვი ქვეყანაში არც ისე ცოტაა და მათი დაარსებაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს:

„დღეს ძალიან ბევრი აიპია დარეგისტრირებული საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ისინი სარგებლობენ საკანონმდებლო შეღავათებით, მაგრამ როგორ კონტროლდება მათი საქმინობა, ვინ ამოწმებს მას და ა.შ. საგადასახადო კანონმდებლობა ამ წესებს არ მოიცავს“.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ საქმიანობას, ეს პერიოდი მისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა - მის მიერ დაფუძნებული პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში ვერ მოხვდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG