Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს პარლამენტარის ეთიკა


თბილისში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით ”ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრთათვის”. ქართველმა და ეუთოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ( OSCE ODIHR) ორგანიზებით გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაააქტიუროს 2004 წელს მიღებული ეთიკის კოდექსი, რომელიც ამჟამინდელი მოწვევის დეპუტატებზე არ ვრცელდება, რადგან მათ კოდექსზე ხელი არ მოუწერიათ.

მართალია, საქართველოს პარლამენტში კარგა ხანია დეპუტატებს ერთმანეთისთვის ”ბორჯომი” აღარ შეუსხამთ, მაგრამ გარკვეული ქცევის წესებს ისინი მაინც არღვევენ ხოლმე. გავიხსენოთ გასული წლის 27 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ როგორ მიიღო ათასნაირი უშვერი სიტყვა და ალიყურიც უმრავლესობის წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძისგან.

საქართველოში რამდენიმე წლის წინ ეთიკურად და მორალურად ითვლებოდა, ადგილს თუ არ გააფუჭებდი, ანუ ფულსაც იშოვიდი ...
დავით დარჩიაშვილი
გასული წლის 27 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიკროფონი არ უნდა ეთმობოდეს სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებებსა და მოსაზრებებს, 19 აპრილს კი ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობდნენ, როგორი უნდა იყოს პარლამენტარის ეთიკის კოდექსი და სტანდარტი. როგორც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, ადამიანი მორალური და ეთიკური ცხოველია და პარლამენტარიც ადამიანია. ვინაიდან დეპუტატის ქცევას მთლიანად ვერ დაარეგულირებს კანონი და რეგლამენტი, საჭიროა არსებობდეს ქცევის კოდექსი, თუმცა ქართველი პარლამენტარის ქცევის კოდექსი, თუნდაც კულტურულ თავისებურებათა გამო, ვერ იქნება ზუსტად ისეთი, როგორიცაა მისი ევროპელი კოლეგისა, ამბობს დავით დარჩიაშვილი:

” საქართველოში რამდენიმე წლის წინ ეთიკურად და მორალურად ითვლებოდა, ადგილს თუ არ გააფუჭებდი, ანუ ფულსაც იშოვიდი და ნათესავებსაც დაეხმარებოდი. ასეთი კულტურის პირობებში ცოტა ძნელია ევროპულ ეთიკაზე, გამჭვირვალობაზე, დემოკრატიულობაზე და, რაც მთავარია, სამართლიანობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს რამდენიმე წელია საქართველოში ვითარება ამ მხრივ მნიშვნელოვნად შეიცვალა.”

საქართველოს 2004 წლის მოწვევის პარლამენტარებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომელიც მაშინ ეუთომ და ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შეიმუშავა. კოდექსი რამდენიმე ძირითად პრინციპს მოიცავს. ესენია: საზოგადოებრივი ინტერესების ერთგულება, პატიოსნება, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, გულწრფელობა, ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულება. თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, 2004 წელს მიღებული ეთიკის კოდექსი მხოლოდ იმ დეპუტატებზე ვრცელდებოდა, რომელთაც მასზე ხელი მოაწერეს, რადგან ის ნებაყოფლობითი აქტი იყო. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დემოკრატიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნატალი ტაგვერკერი, რომ კოდექსის ხელახალი გააქტიურებაა საჭირო:

”საქართველოს უკვე აქვს ეთიკის კოდექსი, რომელიც ეუთომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ერთობლივად შეიმუშავეს 2004 წელს. საქმე ისაა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეთიკის ეს კოდექსი თითქოს მიივიწყეს და ახლა ჩვენ გვინდა ამის ხელახლა გააქტიურება. თავად პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს როგორ უნდა იყოს ეთიკის ეს კოდექსი ჩართული საკანონმდებლო თუ სხვა პროცედურულ აქტებში და სხვა.”
თუ დეპუტატი არღვევეს დრესკოდს, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიტყვა არ უნდა მისცეს იმის გამო, რომ ჯინსები აცვია ...
ლევან ვეფხვაძე

პარალამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის აზრით, ეთიკის კოდექსი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი კანონში არ ეწეროს. მისი სიტყვებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ძალიან ბევრ რეგულაციას ითვალისწინებს, რაც პარლამენტარიზმის კულტურის ნაკლებობით არის გამოწვეული. ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ეთიკის კოდექსი საჭიროა, თუმცა ის გარკვეულ შემზღუდავ მექანიზმად არ უნდა იქცეს საპარლამენტო უმცირესობისთვის, კონკრეტულ მაგალითად კი დეპუტატის ჩაცმულობა მოჰყავს:

”თუ დეპუტატი არღვევეს დრესკოდს, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიტყვა არ უნდა მისცეს იმის გამო, რომ ჯინსები აცვია. აქ არის საფრთხე იმისა, რომ ეს სტანდარტები შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს პოლიტიკური უმცირესობის წინააღმდეგ და აქაც ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო.”

მნიშვნელოვანია რა სანქციებს უნდა გულისხმობდეს ეთიკის კოდექსის დარღვევა. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი ამბობს, ეთიკის კოდექსის დარღვევა ფინანსურზე მეტად მორალურ სანქციებს უნდა ითვალისწინებდეს და ეს იქნება კოდექსის მთავარი ღირსებაც, თუმცა, მისივე თქმით,ასეთი ტრადიცია, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს:

” სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთ დონეზე მდგომი ქვეყანა, სადაც შერცხვენა და ინფორმაციის განსაჯაროება იქნებოდა, ვთქვათ, პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული ან, ვთქვთ, მისი კარიერის სერიოზული შავი ლაქა.“

ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევების გამო დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტებსაც იხსენებს და ყველაზე გავრცელებული დარღვევის, კოლეგების პულტების გამოყენების გამო დაკისრებულ სანქციებსაც. ასეთი სანქციის გამოყენებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ემუქრებოდა 12 აპრილს დეპუტატებს:

” იმ კოლეგა დეპუტატებს, რომლებიც არ იმყოფებიან დარბაზში და მათი პულტი იქნა გამოყენებული კენჭისყრისას, დაექვითებათ ერთი თვის ხელფასი, რეგლამენტის შესაბამისად.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG