Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოკემონ გოუ იპყრობს მსოფლიოს


„პოკემონ გოუ“ - თამაში? სოციალიზაციის საუკეთესო საშუალება? ისტერია? აუგმენტური რეალობის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი? უბრალოდ, ქუჩაში უმოტივაციოდ მორბენალი ხალხი? თვის დასაწყისში გამოსულმა, ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულმა, აუგმენტური რეალობის ამ მობილურმა თამაშმა ბოლო დროს ბევრი შეკითხვა გააჩინა. ვინც მას არ თამაშობს, იცნობს ერთს მაინც, ვინც „პოკემონ გოუთი“ ერთობა. თამაშმა მოხსნა ყველა რეკორდი - ის სწრაფად გახდა მობილური აპლიკაცია, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, გამოსვლიდან 3-4 კვირაში მიაღწია 40 მილიონზე მეტ ჩამოტვირთვას და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

„პოკემონ გოუ“ უფასო ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული, აუგმენტური რეალობის თამაშია, რომელიც კომპანია „ნიანტიკმა“ შექმნა (კომპანია, თავის მხრივ, ცნობილი უკვე სხვა წარმატებული აუგმენტური რეალობის თამაშით - „ინგრესით“). თამაშის პრინციპი მარტივია, ჯიპიესისა და სმარტფონის კამერის დახმარებით აპლიკაცია მოთამაშეს პერიოდულად უჩენს ვირტუალურ ქმნილებას - პოკემონს, რომელიც შერწყმულია რეალობასთან, სურათთან, რომელსაც კამერაში ვხედავთ, მოთამაშე კი ვალდებულია ეს პოკემონი დაიჭიროს. რაც უფრო იშვიათ პოკემონს დაიჭერ, მით უფრო წარმატებულია შენი თამაში.

თუმცა ის, რაც ხდება ასე სწრაფად, ხდება ასე პოპულარული, აუცილებლად უნდა მოვიხმაროთ, შევისწავლოთ, გავიაზროთ და შემდეგ ბევრ სხვადასხვა პრიზმაში განვიხილოთ. დღეს სწორედ ამის გაკეთებას შევეცდები. „პოკემონ გოუს“ საინტერესო ისტორია აქვს. შეიძლება ბევრს ახსოვს ან ცოტას, ან, საერთოდ, არავის, მაგრამ მე კარგად მახსოვს, ანდა როგორ არ უნდა მახსოვდეს - მე ხომ უკვე 4 წელზე მეტია ყოველ დილით ვიღვიძებ და რადიოს ეთერში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სიახლეებს მიმოვიხილავ. ერთ-ერთ ასეთ დღეს, 2014 წლის პირველ აპრილს... როცა ინტერნეტი სავსეა სისულელეებით, ინტერნეტის მიმომხილველის მთავარი გამოწვევაა მიაგნოს ყველაზე დიდ სისულელეს და მაშინ, ალბათ, ყველაზე დიდი სისულელე „გუგლის“ ხუმრობა იყო, რომელიც ყველას მოუწოდებდა "გუგლ მეპის" დახმარებით ჩვენს ირგვლივ ჩამალული პოკემონების ძებნა და დაჭერა დაეწყო. არ დაგიმალავთ, მაშინ ეს ხუმრობა ვერაფრით გავიგეთ, დილის ეთერში ცოტა დავცინე კიდეც „გუგლს“. აბა, მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს ხუმრობა 2 წლის შემდეგ ახდებოდა და ასეთ საყოველთაო ისტერიას გამოიწვევდა?

თუმცა ხუმრობა სულ სხვანაირად გაიგო ჯონ ჰანკემ, რომლის ჯერ კიდევ უცნობი სტარტ-აპი, „ნიანტიკი“, „გუგლის“ მიერ იყო ინკუბირებული და თვითონ ჰანკეც უკვე 2004 წლიდან მუშაობდა „გუგლში“. ჰანკეს როლი მთელ ამ ისტორიაში გასაოცარია. ის შეპყრობილი იყო იდეით, რომ შესაძლებელია ჯიპიესის და ვირტუალური რუკების გამოყენება იმ კუთხით, რომ ადამიანებმა დაიწყონ ინტერაქცია რეალურ ცხოვრებასთან და თავიდან აღმოაჩინონ ადგილები, სადაც შეიძლება გაისეირნო, გემრიელი საკვები მიირთვა, მშვენიერი პეიზაჟებით დატკბე და ა. შ. თვითონ ჰანკე წლების განმავლობაში „გუგლთან“ ერთად ქმნიდა ასეთ პროექტებს, თუმცა მისმა ბოლო იდეამ ნამდვილად ისე გაამართლა, როგორც არც ერთმა წინამ, ერთად აღებულმა.

როგორც გითხარით, ჰანკე თავიდანვე დიადი იდეებით იყო შეპყრობილი და ამ იდეების განხორციელებაში მას ძალიან უშლიდა ხელს ის ფაქტი, რომ მისი სტარტ-აპი ჯერ კიდევ „გუგლის“ მფლობელობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ „გუგლმა“ ამ პერიოდში მიდგომაც შეცვალა და გადაწყვიტა მეტი ყურადღება დაეთმო „ნიანტიკის“ მსგავსი წამოწყებებისთვის, ჰანკე ხვდებოდა, რომ „გუგლს“ საკმარისად ამბიციური გეგმები არ ჰქონდა თამაშების ბაზარზე. ამიტომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა. მან, მართალია, მიიღო ინვესტიცია „გუგლისგან“, მაგრამ ამას დაემატა უფლება „ნინტენდოსგან“, გამოეყენებინა პოკემონები და ინვესტიცია ამ კომპანიისგანაც, ჯამში -20 მილიონი დოლარი. „ნიანტიკი“ აცხადებს, რომ, გარდა ამ 20-მილიონიანი ინვესტიციისა, „პოკემონ გოუს“ სხვა დაფინანსება არ მიუღია და ამის შემდეგ თავად შექმნეს ყველაფერი, რამაც, ალბათ, 2016 წლის ყველაზე წარმატებულ მობილურ აპლიკაციამდე მიგვიყვანა.

რას ნიშნავს „პოკემონ გოუ“ აუგმენტური რეალობის მომავლისთვის? ალბათ, ეს მთავარი შეკითხვაა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ყველას, ვისაც სურს, რომ ერთ დღეს იხილოს სრულყოფილი რეალური სამყარო, რომელიც კომპიუტერული პროგრამების დახმარებით იქნება გამდიდრებული. დღემდე ჩვენ მოვესწარით რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას, რომ მივახლოვებოდით აუგმენტურ რეალობას. ჩვენ ვიხილეთ „გუგლის“ სათვალით გამოწვეული აღფრთოვანება და მისი კრახით გამოწვეული იმედგაცრუებაც. თუმცა მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად ვეცნობით ახალ ამბებს იმის შესახებ თუ რამდენად გაიტაცა „პოკემონ გოუმ“ ადამიანები და რამდენად დიდი გავლენა იქონია მათ რეალობაზე, ვხვდებით, რომ სრულად აუგმენტური რეალობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს.

„პოკემონ გოუს“ უამრავი ნაკლის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენ მართლა ვხვდებით სასაცილო და ზოგჯერ ტრაგიკულ ამბებს, რომელშიც უშუალოდ ეს აპლიკაციაა დამნაშავე. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ორმა ადამიანმა შემთხვევით გადაკვეთა ამერიკისა და კანადის საზღვარი პოკემონებზე ნადირობაში, ვკითხულობთ რამდენ დროს ართმევს პოკემონი ადამიანებს, როგორ კარგავენ სამსახურებს მის გამო, ვკითხულობთ ავტოკატასტროფების შესახებაც, რომელშიც ასევე ეს აპლიკაციაა დამნაშავე და ვხედავთ ახალ საგზაო ნიშნებს, რომლებიც მოგვიწოდებენ არ ვითამაშოთ „პოკემონ გოუ“, როცა მანქანას ვმართავთ, ვეცნობით გასაოცარ ამბავს იმ ადამიანების ჯგუფზე, რომლებმაც დაიპყრეს ბრიტანეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი, სადაც 5 პოკემონი ეგულებოდათ და ა.შ.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ „პოკემონ გოუ“ ნამდვილად მეტია, ვიდრე თამაში. მის წინააღმდეგ უამრავი არგუმენტია, უამრავი არგუმენტია აუგმენტური რეალობის წინააღმდეგაც. „პოკემონ გოუში“ ხედავენ ადამიანზე ინფორმაციის შეგროვების მორიგ იარაღსაც კი. სხვათა შორის, ამ იდეას ემხრობა ცნობილი რეჟისორი, ოლივერ სტოუნიც. თუმცა ფაქტია, რომ თამაშმა, რომლის არსიც, უბრალოდ, ვირტუალური ქმნილებების დევნაა ჩვენს ყოველდღიურ გარემოში, შეძლო და აუგმენტური რეალობის იდეას მოუტანა ის, რისთვისაც უამრავი იდეა და წამოწყება იბრძოდა წლების განმავლობაში - ბაზრის დაინტერესება და მხარდაჭერა, რომლის გარეშეც დღეს ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი იდეა განწირულია.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG