Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში სდებენ ერთმანეთს ბრალს უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისეები


უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისეების სიმბოლიკა
უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისეების სიმბოლიკა

უკრაინაში არ წყდება ლაპარაკი ქვეყნიდან საქართველოს 11 მოქალაქის გაძევების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების ასეთ საქციელს „ამორალური“ უწოდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, თუმცა დეპორტირებულ ქართველებზე სიუჟეტის მომზადების პროცესში ჩვენმა კოლეგებმა გაარკვიეს ისიც, რომ ერთი მათგანის მიმართ არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონია პრეტენზია, არამედ დონბასში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელობასაც.

მე ერთ კაცთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი. რაც შეეხება მთლიანად შექმნილ სიტუაციას (ქართველების დეპორტაციას), ვცდილობ ყოველმხრივ ავარიდო თავი პოლიტიკურ კომენტარებს, რადგან ეს არ არის ჩვენი საქმე...
მამუკა მამულაშვილი

17 ნოემბერს ოდესა-ფოთის მარშრუტით უკრაინიდან ბორანით საქართველოში ჩაიყვანეს საქართველოს 8 დეპორტირებული მოქალაქე. მათგან ორი პირი, მამუკა აბაშიძე და ვანო ნადირაძე, დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოხალისედ იბრძოდა უკრაინის მხარეზე.

„სულ ბოლოს ჩემი როტაცია მოხდა 2016 წლის 15 დეკემბერს, როდესაც შიროკინოდან გამოვედი“, - იხსენებს ვანო ნადირაძე.

აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამადაც საკმაოდ ბევრი ქართველი მოხალისეა. დაბა ლუგანსკში მდებარე ერთ-ერთი მომცრო სახლი ბატალიონ „ქართული ლეგიონის“ ნამდვილი შტაბია, სადაც ჯარისკაცები ბრძოლის შემდეგ ისვენებენ და მომავალი ოპერაციისათვის ემზადებიან.

ქალი:​ „ჩვენ ყველანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვირიცხებით და, რა თქმა უნდა, ვმსახურობთ ისე, როგორც ყველა ჯარისკაცი მსახურობს. ყველაფერი ნორმალურად არის“.

ვმონაწილეობდი აფხაზეთის ომში და ვმონაწილეობდი საქართველოში მომხდარ ყველა ომში. ვირიცხებოდი სპეცდანაყოფში...
ვანო ნადირაძე

როგორც გაირკვა, უკრაინიდან დეპორტირებულ ვანო ნადირაძეს აქ იცნობენ, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. „ქართული ლეგიონის“ მეთაურს საჯაროდ ისიც უთქვამს, რომ ვანო ნადირაძე მოწინააღმდეგეს ინფორმაციებს აწვდიდა.

„მე ერთ კაცთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი. რაც შეეხება მთლიანად შექმნილ სიტუაციას (ქართველების დეპორტაციას), ვცდილობ ყოველმხრივ ავარიდო თავი პოლიტიკურ კომენტარებს, რადგან ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ წმინდად საბრძოლო ქვედანაყოფი ვართ“, - განაცხადა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა.

მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უკვე დეპორტაციის შემდეგ თბილისიდან გამოეხმაურა ვანო ნადირაძე და ეჭვის ქვეშ დააყენა „ქართული ლეგიონის“ მეთაურის რეპუტაცია:

„ვმონაწილეობდი აფხაზეთის ომში და ვმონაწილეობდი საქართველოში მომხდარ ყველა ომში. ვირიცხებოდი სპეცდანაყოფში. მამულაშვილი, ეს კაცი კი საიდან მოხვდა უკრაინაში და ვინ არის, ამას ვერც ერთი ქართველი მებრძოლი ვერ გეტყვით“.

ვანო ნადირაძე ერთ-ერთია საქართველოს იმ 8 მოქალაქეს შორის, რომლებსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 17 ნოემბერს იძულების წესით დაატოვებინა ქვეყნის ტერიტორია. თავისი მომხრეების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტობის დროს მისი პირადი ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, დაკავებას ფეისბუკით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება "ნადირობს იმ ხალხზე, ვინც რუსეთს ებრძვის".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG