Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის საკითხთა სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა


15 თებერვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გასული წელი შეაჯამა და საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო. რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება, მათთვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი, ანტიდისკრიმინაციული გარემო და საგადასახადო რეგულირების გათანაბრებული პირობები - ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებზეც სააგენტო მუშაობდა და რომელთა შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ილაპარაკა. რელიგიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებებსა და პრობლემებზე გამოთქვეს აზრი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმაც.

„2015 წელი, წინა წლებთან შედარებით, გამოირჩეოდა რელიგიური გაერთიანებებისა და მათი წევრების მიმართ ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტების მკვეთრი კლებით, მაგრამ მაინც დაფიქსირდა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციისა და მისი წევრების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დარღვევის ფაქტები“, - ვკითხულობთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში. სააგენტოს დირექტორის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს.

ვაშაყმაძის თქმით, გასულ წელს გაიზარდა ის თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემების დევნის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე თქვა, რომ თუ დღემდე ფინანსურ ანაზღაურებას სახელმწიფოსგან იღებდნენ ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები, მათ, შესაძლოა, კიდევ ერთი ან ორი რელიგიური ორგანიზაციაც დაემატოს:

„მაგალითად, საქართველოს მუსლიმთა თემს 2015 წელს გადაერიცხა 2 მილიონ 200 ათასი ლარი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას - 600 000 ლარი, საქართველოს რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას - 400 000 ლარი, საქართველოს იუდაისტურ თემს - 300 000 ლარი. ასევე 2015 წელს საქართველოს მუსლიმთა თემს დაუბრუნდა აჭარაში მდებარე 35 მეჩეთი, ებრაულ თემს კი დაუბრუნდა 5 სინაგოგა“.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სააგენტომ გასცა არაერთი დადებითი რეკომენდაცია საკულტო ნაგებობების მშენებლობის თაობაზეც. სააგენტოს ხელმძღვანელმა „ქორთიარდ მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ინტერრელიგიური კალენდრის პროექტიც, რომელიც ერთი კალენდრის ფორმატში სხვადასხვა რელიგიური თემის დღესასწაულთა თავმოყრას გულისხმობს. ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ და თქვა, რომ იქ მცხოვრები ხალხი მოკლებულია ამ უფლებას.

ეს საკითხი საკუთარ გამოსვლაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემაც გამოყო და ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით წუხილი გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ტაძრების მდგომარეობის გამო, აღნიშნა, რომ იქ ეკლესიას ძნელად ეძლევა მოქმედების შესაძლებლობა და სურვილი გამოთქვა, რელიგიის სააგენტო უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში:

„იქ მცხოვრებ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ეკლესიაში შესვლის და ლოცვის უფლება. იქნებ თქვენი ჩარევით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდეს, რომ მორწმუნე მრევლი გარკვეულ პერიოდში გადადიოდეს აფხაზეთის და ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე და, პირიქით, მათაც შეეძლოთ აქეთ გადმოსვლა და წმინდა ადგილების მოლოცვა“.

რელიგიის სააგენტოს ანგარიშით და მათ მიერ 2015 წელს გადადგმული ნაბიჯებით ძირითადად კმაყოფილები იყვნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. პრობლემებზე ილაპარაკა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ტოლერანტობა არ არის ერთჯერადი აქტი და მის მოპოვებას და დამკვიდრებას ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება. სწორედ ამიტომ გამოიყენა მან თავისი ტრიბუნა ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წინაშე და იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, რომლებიც, მისი აზრით, საქართველოში, რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, ისევ არსებობს:

„მთავრობის გადაწყვეტილება, რომ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას მიეღო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი შეხედვით, პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის დისკრიმინაციული მიდგომა: ჩვენ სულ გვესმოდა, რომ ეს არ იყო ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსება, არამედ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის სიმბოლური ანაზღაურება. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, დაფინანსების მიღმა რატომ დარჩნენ სხვა რელიგიური გაერთიანებები - მაგალითად, ლუთერული ეკლესია, რომელმაც იმავე პერიოდში 100 %-იანი ზარალი განიცადა, რადგან დაკარგა ხუთივე საკათედრო ტაძარი და მათ დღემდე არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ“.

მერაბ გაფრინდაშვილმა რელიგიური უმცირესობების სახელით ისიც განაცხადა, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი შეზღუდვების დაწესების გზა ქვეყანას სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს. მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს არ განიხილოს ამ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა:

„ქართველი მუსლიმის მოხსენიება დამამცირებელი ტერმინით „თათარო“ ნამდვილად არ უწყობს ხელს ქრისტიანებისა და მუსლიმების მშვიდობიან თანაცხოვრებას, მაგრამ მე არ მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, არამედ ხელისუფლების მხრიდან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით“.

ანგარიშს დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უსმენდა აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელიც. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღეები გაიხსენა, როდესაც მან მეტეხის ეკლესიიდან გადახედა თბილისს და ერთმანეთის გვერდით მდგარი ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა დაინახა: „მაშინ ვთქვი, აი, ეს არის საქართველო“, - იხსენებს იან კელი. მისი განცხადებით, რელიგიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. აი, რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში არის უმცირესობების ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასაკმარისად არიან ჩართულები პროცესებში. ვიცი ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა მათი გულისტკივილის მოსასმენად. როგორც ცნობილია, ჩვენ ყოველწლიურად ვამზადებთ ანგარიშს რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე თვეში გამოვა - ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის: ჩვენც გვინდა მოვისმინოთ რელიგიური უმცირესობების ყველა ჯგუფის მოსაზრება და ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან და ვნახოთ, რით შეგვიძლია დახმარება“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ეთო გვრიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, სინამდვილეში, ყველაფერი ისე იდეალურად არ არის, როგორც ეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წლიურ ანგარიშშია ასახული, და რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება მათი პერსპექტივიდან გაცილებით მეტ პრობლემას მოიცავს. მათ შორის არის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მხოლოდ რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება.

პრობლემად რჩება საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხიც, გვეუბნება ეთო გვრიტიშვილი:

„კი დაუბრუნეს მათ მეჩეთები და სინაგოგები, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით. არადა, ისინი არის ისტორიულად მათ საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობები. ეს პრაქტიკა კი გამოწვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის“ იმ ჩანაწერით, რომელიც სახელმწიფოს მიერ ქონების გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის“.

საგადასახადო შეღავათებიც, კანონით, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხება, ამბობს ეთო გვრიტიშვილი. მისი თქმით,პრობლემაა ისიც, რომ რელიგიური უმცირესობები სააგენტოსგან ნებართვის მიღების შემდეგ მაინც ვერ ახერხებენ ხოლმე საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვისა და სამშენებლო მოწმობის მიღებას, სააგენტო კი ამ პროცესს ბოლომდე აღარ მისდევს.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაციის პარალელურად, 15 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტიდან გაითხოვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ". ამ ცვლილებების თანახმად, კანონს უნდა დამატებოდა ახალი მუხლი, რომელიც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის ან ისეთი მასალის გამოქვეყნება-ჩვენებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ითვალისწინებდა ჯარიმას 300 ლარის ოდენობით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვის, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთების ან დაზიანებისათვის კი- 500 ლარის ოდენობის ჯარიმას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG