Accessibility links

რელიგიის თავისუფლება - „დისკრიმინაციული პოლიტიკის“ კრიტიკა


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ კონფერენცია

12 დეკემბერს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევები“. კონფერენციის მიზანი იყო რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების გააზრება. კონფერენციაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, მუსლიმთა თემის წინაშე მდგარი გამოწვევები და სახელმწიფო პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკის შეფასება.

კრიტიკული გამოდგა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გამოკვლევა რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ. როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, 2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ქართველ მუსლიმთა თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ციკლი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ძალადობის ზრდა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერება ამ მდგომარეობის ყველაზე აშკარა ინდიკატორებია. სწორედ ამაზე ლაპარაკობს თამთა მიქელაძე, გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, და ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს მუსლიმ თემთან წარმოქმნილ რელიგიურ კონფლიქტებზე:

„2012 წლიდან ჩვენ მივიღეთ, დაახლოებით, შვიდი რელიგიური კონფლიქტი მუსლიმი თემის მიმართ. ჩვენს საზოგადოებაში წარმოებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგია მისაღებ ადამიანად ეთნიკურად ქართველ მართლმადიდებელ ადამიანებს სახავს და იმის იქით სხვა ჯგუფები ირიყებიან“.

თამთა მიქელაძის თქმით, ეს სიტუაცია პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. როგორც გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა. ამგვარ პასუხად ისინი ასახელებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, რომელიც რელიგიის საკითხებზე მომუშავე ცენტრალიზებული უწყება გახდა. მათი მტკიცებით, სააგენტომ ვერ მოახერხა არაერთი კონკრეტული დავისა და პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება დაცული იქნეს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებები. ამასვე ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი. ის ასახელებს კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც ქვეყანაში სხვა კონფესიების წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა, და ყურადღებას ამახვილებს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობაზე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა მოხის კომისიამ დეკემბრის დასაწყისში დაადგინა, სადავო შენობას მიენიჭოს „სადავო საკულტო ნაგებობის სტატუსი“, ხოლო მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტული ადგილები შესთავაზონ. მოხეში მუსლიმები უკვე რამდენიმე ხანია ღია ცის ქვეშ ლოცულობენ და კომისიის გადაწყვეტილებასა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს უნდობლობა გამოუცხადეს. ტარიელ ნაკაიძის სიტყვებით, სახელმწიფომ, სეკულარულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ნებისმიერი რელიგიური უმცირესობა იყოს დაცული:

მოხე
მოხე

„მოხის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მაგალითი დომინანტი რელიგიის სურვილებისა და მიდგომებისა, რომელსაც სახელმწიფო პრაქტიკულად ყველაფერში ეთანხმება და, შესაბამისად, ითვალისწინებს ამ არასამართლიან სურვილებს, რადგან აბსოლუტურად არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ მოხის ისტორიული მეჩეთის საკითხი, სანამ ადგილობრივმა მეუფემ არ განაცხადა, რომ თითქოს ეს შენობა ეკლესიის ქვებით არის ნაშენები. ეს განცხადება არანაირ წყაროს არ ეყრდნობა. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება და მსგავს პრეცედენტებს თუ დავუშვებთ, რომ, მაგალითად, მოხის მეჩეთს დათმობს მუსლიმი თემი, ეს არ იქნება მხოლოდ რელიგიური საკითხი, ეს არის საქართველოს მომავლის, დემოკრატიის საკითხი“.

2014 წლის დასაწყისში შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტურ და არასწორ მუშაობაზე ლაპარაკობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. „სახელმწიფოს წარუმატებელი სტრატეგია“ - ასე აფასებს ის სააგენტოს მუშაობას და ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც სააგენტო აკეთებს, ეს არის საქართველოს რეგიონებში არსებული რელიგიური კონფლიქტების დაკონსერვება-გაყინვა:

„რის ხარჯზე იყინება ეს კონფლიქტები, რომელი მხარის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე იყინება ეს კონფლიქტები, ამას ნაკლებად ექცევა ყურადღება და, მაგალითად, თუნდაც მოხის შემთხვევაში, ორი წლის აბსოლუტური უძრაობის შემდეგ, როდესაც მლოცველები ადგნენ და თოვლში დაიწყეს ლოცვა იმისათვის, რომ ყურადღება მიექციათ სახელმწიფოსი, საზოგადოების, ფაქტობრივად, მათი ეს ნაბიჯი პროვოკაციად ჩაითვალა“.

გამოკვლევის ავტორები ამბობენ, რომ რელიგიური კონფლიქტების დროს შსს-ს პასიური დამკვირვებლის როლი აქვს. მათივე განცხადებით, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება აშკარად არ აკმაყოფილებს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების სტანდარტებს. აღნიშნულ საქმეებზე სათანადო პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის დაჰკისრებია.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს წუხილს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსების დღიდან მას არ შეხვედრია რელიგიური უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც კმაყოფილი იქნებოდა სააგენტოს მუშაობით:

„მე, რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება შეიძლება მიეცეს სააგენტოს მუშაობას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ სააგენტოს მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა ისმის და ძალიან ბევრ პრეტენზიას გამოხატავენ რელიგიური უმცირესობები“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე 12 დეკემბერს მიწვეული იყო კონფერენციაზე, სადაც რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობდნენ სხვადასხვა კონფესიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგრამ ის კონფერენციაზე არ მივიდა. რადიო თავისუფლებამ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG