Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი


კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები რუსეთში
კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები რუსეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ოთხშაბათს გადაჭრით უარყო ცნობები, რომ მოსკოვმა წვლილი შეიტანა ესპანეთის კატალონიის რეგიონში სეპარატისტული მუხტის გაძლიერებაში. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ლავროვი ამ ცნობებს „ისტერიას“ უწოდებს.

ესპანეთის მინისტრებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, რუსეთში განთავსებულმა ჯგუფებმა სოციალური მედია და ინტერნეტი გამოიყენეს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის პოპულარიზაციისა და ესპანეთში დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

რუსეთი და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

  • ესპანეთის მინისტრები ამბობენ, რომ მოქმედებდა სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირი
  • ნატო თვლის, რომ რუსეთი ცდილობს დასავლეთის გახლეჩას სანქციების საკითხზე
  • სერგეი ლავროვი ისტერიას უწოდებს ლაპარაკს კატალონიის სეპარატიზმში რუსეთის როლზე
  • სეპარატისტთა ლიდერები უარყოფენ რუსეთის ჩარევას

კერძოდ, ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ რუსეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის სფეროებში მოქმედმა ჯგუფებმა, ისევე როგორც ვენესუელაში დაფუძნებულმა ჯგუფებმა, გამოიყენეს ტვიტერი, ფეისბუკი და სხვა საინტერნეტო საიტები, რათა მასობრივად მოეხდინათ სეპარატისტთა მოძრაობის პოპულარიზაცია და 1 ოქტომბრის რეფერენდუმისთვის მათი მხარდაჭერა გაეზარდათ.

კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმა უარყვეს ის, რომ მათ რეფერენდუმში რუსეთის ჩარევა დაეხმარათ.

სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარია დოლორეს დე კოსპედალის, სიტყვებს, დღეს ვიცით ის, რომ ამ აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდაო. „ეს არის ჯგუფები, - საჯარო და კერძო, - რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ვითარებაზე და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონო“, უთხრა მან ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

კითხვას, რამდენად დარწმუნებულია მადრიდი თავისი ბრალდებების სიმყარეში, ამავე შეხვედრაზე მყოფმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალფონსო დასტისმა, უპასუხა, „დიახ, ჩვენ მტკიცებულებები გვაქვსო“.

ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ რუსეთი კატალონიას ეხმარება, იგივე ხალხია, ვინც ბოლო წლებში რუსეთის ფლოტს ეხმარებოდა, ევროკავშირის ბოიკოტის მიუხედავად.
რამონ ტრემოსა

დასტისის თქმით, ესპანეთმა ამოიცნო სოციალურ მედიაში არსებული ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ნახევარი რუსეთიდან იმართებოდა, კიდევ 30 პროცენტი - ვენესუელიდან. ყველა ამ ანგარიშის მიზანი იყო სეპარატისტთა კამპანიის გაძლიერება მათი მესიჯებისა და სტატუსების გავრცელებით.

კატალონიის უკვე ყოფილი სეპარატისტი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის, პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, რამონ ტრემოსამ, ორშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავიანთი პოზიცია, რომ რუსეთის ჩარევას რეფერენდუმზე გავლენა არ მოუხდენია.

„ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ რუსეთი კატალონიას ეხმარება, იგივე ხალხია, ვინც ბოლო წლებში რუსეთის ფლოტს ეხმარებოდა, ევროკავშირის ბოიკოტის მიუხედავადო“, - განაცხადა ტრემოსამ, რითაც მიანიშნა ესპანეთის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ესპანეთი რუსეთის საბრძოლო ხომალდებს საშუალებას აძლევდა მის პორტებში ჩაესხათ საწვავი.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია ბარსელონაში. 11 სექტემბერი, 2017 წ.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია ბარსელონაში. 11 სექტემბერი, 2017 წ.

იმ მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ, ვინც რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო, მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა, მაგრამ ამომრჩევლის მთლიანი აქტივობა მხოლოდ 43 პროცენტი იყო. იმ კატალონიელებმა, ვინც მხარს მათი რეგიონის ესპანეთის ნაწილად დარჩენას უჭერს, რეფერენდუმს დიდწილად ბოიკოტი გამოუცხადეს.

სეპარატისტთა რეფერენდუმმა ესპანეთს - ევროს მოქმედების ზონაში სიდიდით მეოთხე ეკონომიკას - შეუქმნა ყველაზე მწვავე საკონსტიტუციო კრიზისი, 1970-იანი წლების შემდეგ.

იანვარში აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი მიზანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დახმარება მეტოქის, ჰილარი კლინტონის, დამარცხების საქმეში...

დასტისი ამბობს, რომ რუსეთის ჩარევის საკითხი კრემლთანაც წამოჭრა.

მოსკოვი სისტემატურად უარყოფს ჩარევის შესახებ მსგავს ბრალდებებს და დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთის დისკრიმინაციის მიზნით კამპანიის წარმოებაში.

ნატო მიიჩნევს, რომ მოსკოვი აწარმოებს მიზანმიმართულად ბუნდოვან საინფორმაციო ომს და დეზინფორმირების კამპანიას, რომლის მიზანია დასავლეთში უთანხმოებისა და გახლეჩის გამოწვევა საიმისოდ, რომ ასევე შეირყეს ერთიანი პოზიცია რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების თაობაზე. ეს სანქციები რუსეთს დაუწესდა 2014 წელს, ყირიმის ანექსირების შემდეგ.

იანვარში აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი მიზანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დახმარება მეტოქის, ჰილარი კლინტონის, დამარცხების საქმეში, რისთვისაც მან მიმართა იმეილების ჰაკერთა მეშვეობით გამოქვეყნებას და სოციალურ მედიაში პროპაგანდის გავრცელებას.

„როიტერსის“ ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის შეხვედრას დაესწრო, უარი თქვა კომენტარზე კონკრეტულად ესპანეთის ბრალდებების შესახებ, თუმცა გასულ კვირაში მან შემაშფოთებელი უწოდა ცნობებს რუსეთის ჩარევის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG