Accessibility links

რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევება: საქართველოს ინტერესები დასავლეთის მკაცრი პასუხის ფონზე


მოსკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი სიბრაზეს ვერ მალავს დიპლომატებად შენიღბული თავისი ჯაშუშების ევროკავშირის, ნატოსა და მათი პარტნიორი ქვეყნებიდან მასობრივად გაძევების გამო. რუსეთი ამ ყველაფერს შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებულ ძლიერ წნეხს მიაწერს და სამაგიეროთი იმუქრება. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა რუსეთის წინააღმდეგ ძალები მას შემდეგ გააერთიანა, რაც 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია. მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა. სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება? რა ევალება ასეთ დროს საქართველოს და იძლევა თუ არა ეს რეალობა ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის?

როგორ აღიქვამს რუსეთი დასავლეთის სოლიდარულ წინააღმდეგობას?

„ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ვუპასუხებთ... ასეთი თავხედობის მოთმენა არავის უნდა და ამას არც ჩვენ გავაკეთებთ“, - უთხრა რუს ჟურნალისტებს 27 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტაშკენტში ყოფნისას, სადაც ის ავღანეთთან დაკავშირებულ რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობდა.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ასევე მათი პარტნიორი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების მასობრივად გაძევების აქცია რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების მართულად მიაჩნია და, როგორც ლავროვი ამბობს, „ეს არის იმ კოლოსალური წნეხისა და კოლოსალური შანტაჟის შედეგი, რაც ახლა, სამწუხაროდ, წარმოადგენს ვაშინგტონის მთავარ ინსტრუმენტს საერთაშორისო სარბიელზე“.

ქვეყნების მთელი არმია, რომელმაც ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა, სერგეი ლავროვს არადამოუკიდებელ ქვეყნებად მიაჩნია:

„მართლები ვიყავით, რამდენიმეჯერ როცა აღვნიშნეთ, რომ დარჩენილია ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ქვეყანა თნამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ევროპაში“.

ჩვენ უნდა ვიყოთ ცენტრში ამ მოვლენების. დემოკრატიული სამყაროსა და იმ ქვეყნების ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომლებსაც საერთო ფასეულობები აერთიანებთ, ეს არის სოლიდარობა...
ბათუ ქუთელია

მოსკოვის ასეთი განწყობების მიუხედავად, პროცესი სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. 60 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადი ორშაბათს, 26 მარტს, გააკეთა და ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ძალიან გრძელ ჯაჭვში კიდევ არაერთი ქვეყანა დგას. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და კანადაოთხ-ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებაზე შეთანხმდნენ, ხოლო ავსტრალია ფარულ ჯაშუშებად იდენტიფიცირებულ ორ რუს დიპლომატს დაემშვიდობება. გასასვლელი კარისკენ ასევე ორ-ორ რუს დიპლომატს მიუთითეს ესპანეთმა, ნიდერლანდმა, დანიამ და იტალიამ. აქციას შეუერთდა ასევე უკრაინა - 13 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებით. ჩამონათვალში ვხვდებით ასევე: ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ნორვეგიას, შვეციასა თუ ფინეთს. ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ აკრედიტაცია გაუუქმეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარმოდგენილ რუსეთის მისიის შვიდ თანამშრომელს. სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა იენს სტოლტენბერგმა „საერთაშორისო ნორმების თავხედურ დარღვევად“ მოიხსენია.

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ?

რადგანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, შესაბამისად, ის თავისი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს ვერ გაყრის, მაგრამ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ასე ერთსულოვნად უპირისპირდება რუსეთს, საქართველოსაც ევალება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა - ასე ფიქრობენ ექსპერტები.

სოლიდარობა ქმნის ძალას, რომელმაც, თავის დროზე დაანგრია საბჭოთა კავშირი და პუტინის რეჟიმსაც გაუსწორდება...
ბათუ ქუთელია

„ჩვენ უნდა ვიყოთ ცენტრში ამ მოვლენების. დემოკრატიული სამყაროსა და იმ ქვეყნების ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომლებსაც საერთო ფასეულობები აერთიანებთ, ეს არის სოლიდარობა. საქართველომ უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა არა მხოლოდ კონკრეტულად ამ ერთი შეტევის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, ამ შემთხვევაში - დიდ ბრიტანეთს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომლებთანაც რუსეთის ჭრილში საერთო პრობლემები გვაქვს და უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ამ სოლიდარობას აჩვენებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ. ეს ნაბიჯები, მისი თვალთახედვით, მოიცავს სანქციებს რუსეთისა და, ინდივიდუალურად, რუსი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ.

„სოლიდარობა ქმნის ძალას, რომელმაც, თავის დროზე დაანგრია საბჭოთა კავშირი და პუტინის რეჟიმსაც გაუსწორდება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მოცემულ სიტუაციაში საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი მიუღებლად მიაჩნია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასაც. ამ ჭრილში ის სრულიად უადგილოდ და გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას, რომელზეც საქართველომ საკმაოდ უსიამოვნო პასუხი მიიღო რუსეთისგან.

შექმნილ ვითარებაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ გვქონდეს სინქრონული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ ვიყოთ ამოვარდნილი...
კორნელი კაკაჩია

„ახლა უკეთ გამოჩნდა, რომ პრემიერის განცხადება საერთოდ ამოვარდნილი იყო საერთო გეოპოლიტიკური ჭრილიდან. იმ დროისთვის, სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის კვალდაკვალ, უკვე თანდათან იძაბებოდა ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამ დროს რაღაც ასეთი საეჭვო ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც არ არის გამყარებული წინასწარ მოფიქრებული სტრატეგიით, კონტრპროდუქტიული და სახიფათოა“.

მართალია, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს, როლი საკმაოდ შეზღუდულია დასავლეთის სოლიდარული ძალისხმევის ფონზე, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის პოზიციების მიმართ სოლიდარობა ქვეყანამ ყველა ფორმატის ფარგლებში უნდა გამოხატოს.

„შექმნილ ვითარებაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ გვქონდეს სინქრონული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ ვიყოთ ამოვარდნილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩიამ.

სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება?

სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტი მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის მოწამვლა, ეს არის რუსეთის ღია, დეკლარირებული დაპირისპირება ცივილიზებული სამყაროსთან. მან გაბედა და სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ადამიანის მოსაკლავად ქიმიური იარაღი გამოიყენა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. შესაბამისად, მისი აზრით, დასავლეთის რეაქცია სამომავლოდ კიდევ უფრო გამკაცრდება.

„პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი დაადგა გზას, საიდანაც გამოსავალი აღარ აქვთ. აქედან გამომდინარე, რუსეთის რეჟიმი ან დაიშლება, ანდა რუსეთი ძალიან მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში აღმოჩნდება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ვითარება, რომელიც ამჟამად შეიქმნა დასავლეთსა და რუსეთს შორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, „ძალიან სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა რუსეთისთვის“, რადგანაც „ცივი ომის შემდეგ, მსგავსი სოლიდარობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს არასოდეს უჩვენებია. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ერთიანმა წინააღმდეგობამ, თუკი ეს დროში განგრძობადი იქნება, შესაძლოა სამომავლოდ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე. მართალია, პუტინის მმართველობა კომპრომისზე იოლად არ წავა, მაგრამ მას ეს მოუწევს, თუკი დასავლეთის წინააღმდეგობა რუსეთს ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„ლავროვის მუქარა, რომ სამაგიეროს გადაუხდის დასავლეთს, არარეალისტურია, რადგანაც სამაგიეროს გადახდის რეჟიმი რუსეთს უფრო დააზარალებს, ვიდრე დასავლეთს“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

იძლევა თუ არა ამჟამინდელი რეალობა ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ინტერესებისთვის?

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, დღეს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და არსებული ფონი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ თავისი პრობლემები და სატკივარი უფრო წინა პლანზე წამოსწიოს.

„რაც სხვა დროს გვიჭირდა ხოლმე - სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან სხვადასხვა საკითხის წარმოჩენა, ახლა გვეძლევა იმის შანსი, რომ ეს საკითხები გავაცოცხლოთ. ასევე, გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, იფიქროს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაზე, რათა რუსეთმა გაიაზროს საფასური, რის გადახდაც მას მოუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. ასევე, მისი აზრით, საქართველომ უნდა მოსინჯოს ყველა შესაძლო გზა და შესაძლებლობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩემი აზრით, დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია იძლევა ძალიან კარგ შანსს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ნატოს წევრი. საგარეო პოლიტიკური კონტექსტი ამჟამად ძალიან ხელსაყრელია ამ გადაწყვეტილებისთვის. ამისთვის ბევრი წინაპირობა არსებობს და პროცესი მიდის ამ მიმართულებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელია. მისი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა პასუხი დასავლეთის წინაშე დღეს არსებულ ძალიან ბევრ პრობლემაზე და ალიანსი საქართველოს მიღებით მეტ სარგებელს მიიღებდა, მათ შორის - რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

ბათუ ქუთელია
ბათუ ქუთელია

„მსოფლიო ლიბერალური წესრიგი, რომელიც არსებობდა ცივი ომის შემდეგ, დღეს უკვე მოშლილია. ის რუსეთმა მოანგრია თავისი ქმედებებით, რევიზიონისტული პოლიტიკით. დღეს იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც გადამწყვეტი როლი, ევროპულ დემოკრატიებთან ერთად, ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა დიდწილად სინქრონიზებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ახლოს არის მიზანთან, რომ გახდეს ნატოს წევრი“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.

ამ კონტექსტში "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი საყურადღებოდ მიიჩნევს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (The Heritage Foundation) ანალიტიკოსის, საგარეო პოლიტიკის ალისონის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის ნაშრომში ასახულ იდეას, რომელსაც ბევრი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოკლე გზად მოიხსენიებს და რომელმაც, ანალიტიკოსების აზრით, სამწუხაროდ, ადეკვატურად ვერ მიიპყრო საქართველოს ხელისუფლების ყურადღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG