Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნასა და თვალთვალზე კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ალაპარაკდა


საგანგებო პრესკონფერენცია „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში
საგანგებო პრესკონფერენცია „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში

9 ივნისს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ამჟამად თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა, დაშგინ აღარარლიმ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და დევნიან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, პროკურატურამ კი აზერბაიჯანული პასპორტიც ჩამოართვა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების შემდეგ, მისი განცხადებით, საქართველოში გადმოხვეწილ აზერბაიჯანელებს დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. 9 ივნისს „ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტებმა და თავად დაშგინ აღარარლიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დაინტერესდეს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმით, მისცენ მას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და, რაც მთავარია, დაიცვან მისი უსაფრთხოება, რომ მანაც მუხთარლის ბედი არ გაიზიაროს.

გადმოწერა

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტია "მუსავათის“ წევრის, დაშგინ აღარარლის ინტერესებს საქართველოში „ადამიანის უფლებათა სახლი“ იცავს. ორგანიზაციის იურისტებმა 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ აღარარლი, რომელსაც არც ლტოლვილის სტატუსი აქვს და უკვე აღარც პასპორტი, თავს აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს და ეჭვობს, რომ მასაც იგივე საფრთხე ელის, რაც მის მეგობარ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი აცხადებს, რომ აღარარლი არ არის თბილისში მცხოვრები ერთადერთი აზერბაიჯანელი, ვისაც დაუცველობის განცდა აქვს და ვინც აცხადებს, რომ მას დევნიან და უთვალთვალებენ:

არაერთი დოკუმენტით დასტურდება ის, რომ თუ დაშქინ აღარარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელში ჩავარდება, ის გახდება არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი...
ეკა ქობესაშვილი

„საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში იგი არაერთხელ გამხდარა არაიდენტიფიცირებული პირების მხრიდან ზეწოლის, თვალთვალის მსხვერპლი. ეს პირები აცხადებდნენ, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა დღემდე არც გამოძიებაა დაწყებული და არც ის პირებია გამოვლენილი, ვინც დაშგინ აღარარლის უკავშირდებოდა და კონკრეტულ ადგილას შეხვედრას სთხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ტელეფონის ნომრებიც“.

დაშგინ აღარარლის განცხადებით, ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ალიევის პოლიტიკას, რის გამოც იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. 2014 წელს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, როგორც ინტერპოლით ძებნილი, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით, მაშინ ის პატიმრობიდან გირაოთი გამოუშვეს. იმავე წელს აღარარლიმ თავისთვის და საკუთარი ვაჟისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. როგორც თამარ ავალიანი აცხადებს, ლტოლვილთა სამინისტრომ სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზად კონტრდაზვერვის გასაიდუმლოებული დასკვნა დაასახელა. სამინისტროს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა და სამინისტროს დაავალა დაშგინ აღარარლისა და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. როგორც თავად დაშგინ აღარარლიც ამბობს, მასზე ზეწოლა სწორედ ამ ამბის შემდეგ გამძაფრდა. ურეკავდნენ უცნობი ნომრებიდან, სთხოვდნენ რომელიმე სკვერში შეხვედრას და „დალაპარაკებას“. წარუდგნენ როგორ შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებთან ორივე უწყებამ უარყო ამ საქმეში რაიმე სახით მონაწილეობა. ამის შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ამრიგად, დაშგინ აღარარლის უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი დღეს აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის აღარარლის გადაცემა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასი იქნება:

„არაერთი დოკუმენტით დასტურდება ის, რომ თუ დაშქინ აღარარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელში ჩავარდება, ის გახდება არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. არ ვიცი, რამ შეიძლება გადაფაროს ეს და რის საფუძველზე უთხრა ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე“.

თავად დაშგინ აღარარლის დღეს არაერთი უპასუხო კითხვა აქვს: რა ელის მის ოჯახს - მეუღლესა და ქალიშვილს ბაქოში და რა ელით მას და მის ვაჟს თბილისში?

„არ ვიცი, ჩემ თავს რა ხდება და რა უნდათ ჩემგან. ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე რომ უარი მითხრეს და არგუმენტად ქვეყნის ინტერესი დაასახელეს, მაშინ მე ეს გავიგე. თუმცა გასული წლის ოქტომბრის მერე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და „ქვეყნის ინტერესმა“ სხვა დატვირთვა შეიძინა. ბოლო ხანებში საშინელ დღეში ვართ. ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტის მოტაცებაც შეუძლიათ. „ქვეყნის ინტერესი“ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ექსტრადიცია მოახდინონ ან მოკლან. არ ვიცი, ვინ ვარ. ქუჩაში რომ გამაჩერონ და მკითხონ, ვინ ვარ, ვერ დავამტკიცებ, რადგან არანაირი დოკუმენტი არ გამაჩნია. სასამართლო სტატუსის მოცემაზე უარს ამბობს, პასპორტს არ მიბრუნებენ. არ ვიცი, რა განზრახვა აქვს პროკურატურას“.

მას არა აქვს ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ლეგალურად რჩება ქვეყანაში. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს არ დაემუქრება თავის ქვეყანაში დეპორტაცია...
ირაკლი კოკაია

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლტოლვილთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი კოკაიას, რომელმაც გვითხრა, რომ სამინისტრომ აღარარლის საქმის განხილვისას მიიჩნია, რომ მას მართლაც დაემუქრებოდა საფრთხე აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში და რომ მისთვის შესაძლებელი იყო ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, მაგრამ დამატებითი მოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელი იქნებოდა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. თუმცა ირაკლი კოკაია განმარტავს, რომ ამ პირობებშიც მისი დეპორტაცია საქართველოდან გამორიცხულია:

„მას არა აქვს ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ლეგალურად რჩება ქვეყანაში. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს არ დაემუქრება თავის ქვეყანაში დეპორტაცია. ამ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ქვეყანა თვითონ და წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში. მის საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს და სპეციალურ სტატუსს მიანიჭებს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვან დაშგინ და ორხან აღარარლების უსაფრთხოება, პროკურატურას - გამოიძიოს, თუ ვინ ახდენდა ზეწოლას აზერბაიჯანელ პოლიტიკოსზე. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს მამა-შვილს მიეცეს დროებითი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაშგინ აღარარლის საქმეზე დეტალურ საჩივარს დაახლოებით ერთ თვეში გაგზავნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოითხოვს მისი უფლებების დაცვას დისკრიმინაციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის კუთხით. როგორც თამარ ავალიანი აცხადებს, საჩივარი ორივე ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის - წინააღმდეგ იქნება მიმართული.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG