Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


მიხეილ ჯანელიძე და პიტერ სიიარტო
მიხეილ ჯანელიძე და პიტერ სიიარტო

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მიხეილ ჯანელიძის და პიტერ სიიარტოს შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია. პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთის პოზიციაა, რომ საქართველოსთვის გაცილებით ადრე უნდა ამოქმედებულიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ქვეყანას უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. “ჩვენ ვაღიარებთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო მიმართავს ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით, პატივს ვცემთ დიდ წვლილს, რომელიც შეგაქვთ ავღანეთის მისიაში და გვინდა, რომ ნატო-საქართველოს დაახლოება ბევრად უფრო დაჩქარდეს“ - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. მან დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. “ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ხმამაღლა ვსაუბრობთ, რომ ყველამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს დაგმობა სჭირდება, რადგან მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ და არა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფოსკენ. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას ისაუბრეს რუსეთის გადაწყვეტილებაზე თავის შეიარაღებულ ძალებს შეუერთოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო ქვედანაყოფები და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა აფხაზეთში დამატებით განათავსა საზენიტო-სარაკეტო სისტემები. „ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ფორმატით, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროსაბჭო თუ ევროკავშირის სახელმწიფოები, საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. „ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია, რომ დიპლომატიური არხებით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

უნგრეთის მთავრობამ წითელი ჯვრის საზოგადოებას გამოუყო 32 000 ევროს გრანტი თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულების მხარდასაჭერად. შეთანხმებას თბილისში მოაწერეს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ. მისი განცხადებით, თანხა მოხმარდება წყალდიდობით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას და ბავშვების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG