Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სატრანზიტო მიმზიდველობა მცირდება


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში“ (Logistics Performance Index) საქართველოს მაჩვენებელი 39 პუნქტით გაუარესდა და მან 116-ე ადგილი დაიკავა. ეს კვლევა 160 ქვეყანას მოიცავს და ორ წელიწადში ერთხელ აფასებს ინდექსში მონაწილე ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო მენეჯმენტის ეფექტიანობას, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს, გადაზიდვების სიმარტივეს და სხვა.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველოს უკანსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაუარესდა საქართველოს კიდევ ერთი მაჩვენებელი. კერძოდ, იმავე მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 77-ე ადგილიდან 116-ზე გადაინაცვლა. არადა, მთავრობის გაცხადებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად, ჰაბად ჩამოყალიბებაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ ისაუბრა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრებზე. ფრაგმენტი ერთ-ერთი ასეთი გამოსვლიდან:

„საქართველო ბუნებრივად უნდა იქცეს რეგიონალურ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად, რაც გულისხმობს ექსპორტზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო ამბიციები კიდევ ერთხელ აღნიშნა 5 ნოემბერს ტელეკომპანია „სი-ენ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „საქართველო რჩება სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო ქვეყნადო“, - თქვა ინტერვიუს დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის იმ პოლიტიკასთან, რომელსაც თავად მთავრობა ატარებს. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება საქართველოში არსებული სატრანსპორტო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიების მრავალთვიანი საპროტესტო განცხადებებიდან. ერთ-ერთი ასეთი მიმართვის შესახებ კომპანია „ისთ გეითის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ამბობს:

„შეიქმნა პრობლემა, რომლის მიმართ 40-ზე მეტი კომპანია აღმოჩნდა სოლიდარული და, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა ისე და ისეთ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდა მთლიანად ეს დარგი, - საზღვაო, სატერმინალო და სასაწყობო ინდუსტრია, ლოგისტიკური ინდუსტრია, - რომ მოგვიწია ღიად მივმართოთ ქვეყნის პირველ პირებს“.

შემცირებული ტვირთბრუნვა უკვე ინვესტორს ნამდვილად აღარ აძლევს იმის სტიმულს, რომ განავითაროს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. თუ ასე გაგრძელდა, აღნიშნული ურტყამს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას...
ზურაბ მელიქიშვილი

ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლების გარდა, მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა პოლიტიკური ოპოზიციაც. ყოფილი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენლები გულგრილად ვერ უყურებენ თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის მიღწევების დაკნინებას. საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის შემცირებას და ქვეყნის ლოგისტიკურ-სატრანზიტო ფუნქციის შესუსტებას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მელიქიშვილმა. მისი განცხადებით, საგრძნობლად არის შემცირებული ტვირთბრუნვა რკინიგზაზე, საზღვაო ტერმინალებსა და პორტებში.

„მთლიანობაში, სატრანსპორტო დარგების ჯამური მაჩვენებელი რომ ავიღოთ, 29 მილიონი ტონა ტვირთია გადამუშავებულ-გატარებული და, 8 თვის მონაცემებით, არათუ წინა წლის 8 თვეს ჩამორჩება, არამედ ბოლო 5 წლის განმავლობაში აქაც სამწუხარო მაჩვენებელი არის“.

სატვირთო ავტომობილების რიგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე
სატვირთო ავტომობილების რიგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

სატრანსპორტო გადაზიდვების 5 წლის წინანდელ მაჩვენებელზე ჩამოვარდნის პირობებში კითხვის ქვეშ დგება საქართველოში ახალი პორტებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობა, ისეთების, როგორიც არის ანაკლიის პორტი, აზერბაიჯან-საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზა და სხვა, - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

„შემცირებული ტვირთბრუნვა უკვე ინვესტორს ნამდვილად აღარ აძლევს იმის სტიმულს, რომ განავითაროს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. თუ ასე გაგრძელდა, აღნიშნული ურტყამს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და უკვე აზრსაც დაკარგავს დამატებითი პორტის მშენებლობა“.

ლოგისტიკის სფეროში შექმნილი პრობლემების გამოძახილია მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ინდექსის გაუარესება. ის ორ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს 160 ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო მენეჯმენტის ეფექტიანობას, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს, გადაზიდვების სიმარტივეს და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგი არის მოსახლეობის ცხოვრების დონე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პირელ ასეულში არ შევდივართ და არც შევდიოდით არასოდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდოს...
ნოდარ ხადური

ეს კვლევა პირველად 7 წლის წინ განხორციელდა და მასში საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა. 2010 წელს საქართველომ 93-ე ადგილი დაიკავა, ორი წლის მანძილზე მთელი რიგი ლოგისტიკური რეფორმა განახორციელა და უკვე 2012 წლის დასაწყისში საქართველო 77-ე ადგილზე დაწინაურდა. უკანასკნელი კვლევის მიხედვით კი, საქართველომ 39-პუნქტიანი გაუარესება აჩვენა, რაც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ქვეყნის განვითარებას აზარალებს:

„აღნიშნულ რეიტინგში პოზიციების გაუარესება ნიშნავს, რომ ქვეყანა კარგავს სატრანზიტო პოტენციალს, ქვეყანა კარგავს პოტენციალს იქცეს რეგიონალურ ჰაბად, მცირდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და მცირდება ანაკლიის პორტის მშენებლობის საინვესტიციო მიმზიდველობა“.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნახსენები რეიტინგის მონაცემებს მთავრობიდან მხოლოდ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამოეხმაურა:

ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე
ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

„ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგი არის მოსახლეობის ცხოვრების დონე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პირელ ასეულში არ შევდივართ და არც შევდიოდით არასოდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდოს. მათ შორის, ჩვენ ლოგისტიკაშიც ყველაფერს ვაკეთებთ“.

ფინანსთა მინისტრის ყოფილი კოლეგები ეკონომიკის ექსპერტული წრეებიდან აღნიშნავენ, რომ საქართველოს ლოგისტიკური მიმზიდველობა არ არის განყენებული ცნება. ექსპერტების აზრით, სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და რეგიონის ჰაბად ჩამოყალიბება სწორედაც რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG