Accessibility links

რუსეთის სახელმწიფო დუმა აშშ-ის მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესწავლას ითხოვს


ლეონიდ ლევინი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო გადაწყვეტილება, შესწავლილ იქნეს, არღვევენ თუ არა მის კანონებს აშშ-ის მედიაორგანიზაციები „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“ და „სი-ენ-ენი“. სახელმწიფო დუმაში ამ ორგანიზაციებს რუსეთზე აშშ-ის ზეწოლის იარაღებად მიიჩნევენ.

ეს საკითხი სამშაბათს, 18 აპრილს განიხილეს დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტში. შესაბამისი დავალება კომიტეტმა 17 აპრილს მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ ლევინმა სამშაბათის სხდომაზე განაცხადა: „მინდა შეგახსენოთ, რომ სტრუქტურები, რომლებზეც ვმსჯელობთ, არის ნაწილი ჩვენს ქვეყანაზე ამერიკული ზეწოლის უფრო მასშტაბური სისტემისა. ის სრულიად განსხვავებულ ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ განვიხილოთ აშშ-ის ჩარევის შესაძლებლობა არა მხოლოდ რუსეთის საარჩევნო პროცესებში, არამედ ჩვენი ქვეყნის საქმეებში ზოგადად.“

მოსმენები გაიმართა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა კრემლის სავარაუდო ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და სირიის სამოქალაქო ომის გამო დაპირისპირების გამძაფრებას.

დუმის ინიციატივის ავტორია დეპუტატი „ედინაია როსიიდან“ კონსტანტინ ზატულინი, რომლის თქმით, ეს არის პასუხი აშშ-ის კონგრესში შეტანილ კანონპროექტზე, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს, შეამოწმოს რუსეთის ტელეარხის, „რაშა ტუდეის“ მიერ აშშ-ის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა.

ამ პროექტის ინიციატორმა, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომრუსეთის ტელეარხი „რაშა ტუდეი“, თავის საქმიანობას რუსეთის მთავრობასთან ათანხმებს სიყალბის გავრცელების მიზნით.

პუტინმა და რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის მთავრობა, იმაში, რომ ის ცდილობს პოლიტიკური არეულობა შეიტანოს რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსებით. ვაშინგტონი ბრალდებებს უარყოფს.

დუმის სხდომაზე ლეონიდ ლევინმა გაიმეორა ეს ბრალდება, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს რაიმე ზომის მიღებას:

„უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვაგვარად ახდენენ გავლენას არჩევნებზე რუსეთში - ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად. დღევანდელი მოხსენება, რომელიც ცნობილმა ანალიტიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა, არის სწორედ მაგალითი ამ სახის ზემოქმედების შეფასებისა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არსებულ ვითარებაში ეს არის ექსპერტების მოსაზრება. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რამე ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.“

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ისევე როგორც „ამერიკის ხმას“, მეთვალყურეობას უწევს “ მმართველთა სამაუწყებლო საბჭო“, - აშშ-ის უწყება, რომელიც სამოქალაქო სამთავრობო მაუწყებლობას და მედიასაშუალებებს ზედამხედველობს. „ამერიკის ხმა“ ფედერალური უწყებაა. „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG