Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისიის გაურკვეველი მომავალი


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კომისიის საბოლოო გაფართოებულ სხდომაზე განახლებული კონსტიტუციის პირველად ვარიანტს განიხილავენ. განახლებულ ვარიანტს განსახილველად ვენეციის კომისიასაც გაუგზავნიან. ამ ფონზე კი კომისიის მუშაობით უკმაყოფილო საპარლამენტო უმცირესობამ, „ნაციონალურმა მოძრობამ“, კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და კომისია დატოვა. კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს 15 არასაპარლამენტო პარტია. კომისიაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რჩებიან.

გადმოწერა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტიულება კომისიის არაეფექტური მუშაობით ახსნა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა რომან გიცორიძემ განმარტა, ხელისუფლების მიზანია ძალაუფლების სრული უზურპაცია, რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაში, მისი უფლებამოსილების შემცირებასა და მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული წინასაარჩევნო წესების შემოღებაში გამოიხატება:

„კომისია დავტოვეთ იმის გამო, რომ არ მივცეთ უფლება ამ ხელისუფლებას მიიღოს ისეთი არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ხელს შეუშლის სამომავლოდ ქვეყნის განვითარებას. უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, პრეზიდენტის მრავალი უფლება ასევე არის შეკვეცილი ან გაუქმებული, ისევე როგორც საარჩევნო პროცესი წარიმართება არადემოკრატიულად, ვინაიდან იგი მორგებულია მმართველი ხელისუფლების ინტერესებს“.

არის გარკვეული საკითხები, რაზეც, შესაძლოა, ჯერ ისევ იყოს მიღწეული შეთანხმება. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ევროატლანტიკური კურსი, რაზეც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული უმრავლესობას, თუმცა სამშაბათს უკვე უნდა გვითხრან პასუხი...
ლიკა საჯაია

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულო ოცნების“ წარმომადგენლებს მრავალჯერ აქვთ განმარტებული, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი მხოლოდ 2018 წლის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებისას ამოქმედდება, არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის მუშაობის ფარგლებში შეჯერებული ვარიანტი საპარლამენტო განხილვისას შეიცვალოს. პრეზიდენტის არჩევის წესის გარდა, პრინციპულ საკითხად რჩება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხი, რაზეც ხელისუფლება თანხმდება და, შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთიანი პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, პრინციპული საკითხია ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების თემა. სამოქალაქო სექტორი მოითხოვს დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდეს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტზე და არ დარჩეს მხოლოდ გამარჯვებული პარტიის ხელში. ამ საკითხზე ჯერჯერობით თანხმობა არ არსებობს.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი შეუთანხმებელი პრობლემური საკითხებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ფიქრობს, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვანი იყო და, შესაბამისად, ისინი კომისიის მუშაობას არ ჩამოშორდებიან:

„არის გარკვეული საკითხები, რაზეც, შესაძლოა, ჯერ ისევ იყოს მიღწეული შეთანხმება. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ევროატლანტიკური კურსი, რაზეც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული უმრავლესობას, თუმცა სამშაბათს უკვე უნდა გვითხრან პასუხი. მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით განმარტების ჩაწერაზე, იგივე ის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია დაბალი კვორუმით, რაც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი მამუკა მდინარაძე კომისიის მუშაობაში ჩართულ პარტიებს ინიციატივების სიმცირეს უწუნებს და ამბობს, რომ მათ კომისიაში არც ერთი შენიშვნა არ წარუდგენიათ, ამ ფონზე კი კომისიის დატოვება მისთვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ჰგავს. მამუკა მდინარაძის თქმით, ამ ნაბიჯით კომისიის მუშაობისთვის ლეგიტიმაციის პრობლემაც კი არ შეიქმნება:

„ახლა, ამ ეტაპზე, ნამდვილად სასაცილოა კომიისის დატოვებაზე საუბარი, როცა კომისიამ, ფაქტობრივად, დაასრულა მუშაობა. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციაზე და სხვა საკითხებზე საუბარი არის მოხლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც არ გამოუვათ“.

და მაინც, დადგება თუ არა კომისიიდან სხვა პოლიტიკური ძალების გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი? ამის თაობაზე კონსტიტუციის სპეციალისტებს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ აქვთ. ცნობილია, რომ კომისიის დატოვებას გეგმავს 15 არასაპარლამენტო პარტია, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება კომისიის დატოვების თაობაზე არ მიუღიათ თავისუფალ დემოკრატებს, ამის თაობაზე შალვა შავგულიძემ განაცხადა:

„არ ვიტყოდი სიტყვას „ვგეგმავთ“, მაგრამ თუ დადგება ამის აუცილებლობა, - და ისეთი პირი უჩანს, რომ, ალბათ, დადგება, სამწუხაროდ, - ჩვენ მოგვიწევს კომისიის დატოვება. ვინაიდან ის პოზიციები, რომელსაც მყარად იცავს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კომისიაში, ემსახურება მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მათ ხელში ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას“.

საკონსტიტუციო კომისიის წევრ ლაშა ტუღუშის თქმით, კომისიას ლეგიტიმაციის პრობლემა ფორმალურდ შეიძლება არ შეექმნას, მაგრამ ასე მიღებული კონსტიტუციის ღირებულება იქნება ბევრად მცირე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG