Accessibility links

რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2 ჰექტარი მიწა მიითვისეს


ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები არვენლოდ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ერთი კვირაა, რაც საკუთარ ყანაში ვერ შედიან. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრედ მცხოვრებთა 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი რუსმა სამხედროებმა მიითვისეს. მათ ნაჭყებიას და მიქაუტაძის სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს და უთხრეს, რომ აქ შემოსვლა ეკრძალებათ, რადგან ტერიტორია ოკუპირებულ რეგიონს ეკუთვნის.

ომარ მიქაუტაძემ გასულ კვირაში მეზობლებისგან შეიტყო, რომ სახლიდან მოშორებით მდებარე მის კუთვნილ 1 ჰექტარ სიმინდის ყანაში რუსი სამხედროები მუშაობდნენ.

„დავუძახე და მოვიდა ერთი, მაგას გავესაუბრე. მითხრა, რომ თქვენი არ არისო ეს მიწა, აფხაზეთის არისო. მე ვუმტკიცებდი, არ არის აფხაზეთის, ეს მიწა საქართველოსია და ბოძებს რატომ აკეთებთ-მეთქი. ეს შენი საკითხავი არ გვაქვსო, მითხრა. მე როცა აქ ვთოხნიდი, ხშირად ვხვდებოდი მაგათ. აქეთ არ გადმოდიოდნენ, ისე ველაპარაკებოდი. როცა ვთოხნიდი, არაფერ სიტყვას არ მეუბნებოდნენ. იმ წელს დავამუშავე მიწა, ავიღე სიმინდი და არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ამ წელს კი შემოღობეს და რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. 6-7 კაცი იყო. ურალით იყვნენ მოსული”, - ამბობს ომარ მიქაუტაძე. მას უკვე წართმეულ ყანაში 5 ტონამდე სიმინდი მოჰყავდა. მოხუცმა ვერც გასულ კვირაში თავისი ხელით გამზადებული საშეშე მასალის გადმოტანა მოასწრო.

არველოდ ნაჭყებია
არველოდ ნაჭყებია

საკუთარ სიმინდის ყანაში შესვლა აკრძალული აქვს 90 წლის არველოდ ნაჭყებიასაც. ის მიწის ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა, სადაც სამ ტონამდე მარცვლეული მოჰყავდა. როგორც ხუთსულიანი ოჯახის უფროსი განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო იყო:

„ახლა სამხედროებისაა ეს, უფლება არ მაქვს მე იქ შევიდე. რა ვუყო ახლა მე საქონელს, არ ვიცი. ჩალა ხომ უნდა, სიმინდი ხომ გვინდა?! არსად ერთი მეტრო ნაკვეთი არ მაქვს მე”.

როგორც რესპონდენტები ჰყვებიან, რუსმა სამხედროებმა ბოძების განთავსებაზე სამი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს, მას შემდეგ კი, რაც ეს ტერიტორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად დაათვალიერეს, არ გამოჩენილან.

სოფელ ხურჩაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელ ბადრი ხუნჯგურუას თქმით, მომხდარის შესახებ მას თანასოფლელებმა შეატყობინეს, რაც შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას აუწყა:

„ეს ტერიტორია არის მითვისებული. ჩვენ მოსახლეობამ გაგვაგებინა. საქმის კურსში იქნა ჩაყენებული სამხარეო, რაიონის ხელმძღვანელობა და ყველა სტრუქტურები, ვისაც ეხებოდა. იყო რეაგირება, დაათვალიერეს და კიდევ რა რეაგირებას გააკეთებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე და ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. მათივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე.

განცხადებას, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, არ ეთანხმებიან თავად დაზარალებულები. არველოდ ნაჭყებიას თქმით, ის 25 წელია აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ომარ მიქაუტაძემ კი აღნიშნა, რომ 1 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთი ადგილობრივი მცხოვრებისგან ხუთი წლის წინ შეიძინა და ყანაში მუშაობისას ადრე ე.წ. მესაზღვრეებთან პრობლემა არ შეჰქმნია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გააკრიტიკეს ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხურჩაში.

„ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურჩაში არ გადმოწეულა და რომ ამ მხრივ აქ საგანგაშო მდგომარეობა არ არის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს დაცული.

თავის მხრივ, სუს-ში განმარტავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელთა დამკვირვებლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG