Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზერვის ახალი კონცეფცია პარლამენტის მხარდაჭერას ელის


ქართველი ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე
ქართველი ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

საქართველოს „რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მთავრობის მოწონების შემდეგ, 29 იანვარს, პარლამენტს წარედგინა. მის განხილვას, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შეუდგება. სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებული ცვლილებები 12 კანონის შესწორებას გამოიწვევს, მათ შორისაა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც. სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია ქვეყნის ტოტალურ თავდაცვაში მოქალაქეების ჩართვასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს.

გადმოწერა

„რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტი

თავდაცვის სამინისტროს თანახმად:

  • საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევა პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა;
  • რეზერვისტთა წელიწადში 45-დღიან მომზადებაზე კი გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო მიიღებს.

სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონპროექტის თანახმად, საქართველოში ორი ტიპის რეზერვი შეიქმნება - აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვი, თავის მხრივ, კიდევ სამ ნაწილად დაიყოფა. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი. შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან პირები, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი, ერთი საკონტრაქტო ვადა მაინც აქვთ მოხდილი და ისინი უშუალოდ სარეზერვო ბატალიონებს დააკომპლექტებენ. ტერიტორიული რეზერვი, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით, შეიარაღებული ძალების დამატებით მხარდაჭერას განახორციელებს. სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანი სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა იქნება და დაკომპლექტდება ისეთი სპეციალისტებით, როგორებიც არიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, გვირაბების, ხიდების სპეციალისტები, აეროდრომების საფრის სპეციალისტები და სხვ. აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია, 5 წლამდე კონტრაქტითა და შრომითი გასამრჯელოთი. რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, იგი სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება იქნება. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევას დაექვემდებარება ყველა ის მოქალაქე, რომელიც გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აღრიცხვიანობისა და გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად უკვე დაწყებულია მართვის ელექტრონული სისტემების შემუშავება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ დოკუმენტი ექსპერტების, სამოქალაქო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობით შეიქმნა, საერთო კონსენსუსის საფუძველზე:

“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, წინგადადგმული, იმისთვის რომ ქვეყანაში განვახორციელოთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია საზოგადოების ფართო ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით პირველი ნაბიჯები, როდესაც წვევამდელთა სისტემა აღვადგინეთ და ასევე იქ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ მეორე ნაბიჯი იქნებოდა სწორედ ამ მიმართულებით ახალი რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის შექმნა. დღეს უკვე ეს პირობაც შევასრულეთ“.

ლევან იზორია
ლევან იზორია

თუმცა პირობის შესასრულებლად გასავლელია კიდევ ერთი - საპარლამენტო განხილვების - ეტაპი და შემდგომ უკვე რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის ცხოვრებაში სრულფასოვნად გატარების ეტაპი, რაც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის, შეფასებით, გრძელი პროცესია:

“ძნელია ეხლა იმის წინასწარ თქმა, რა როგორ იმუშავებს. კონცეფცია სწორია, მიმართულება სწორია, მაგრამ ამას სჭირდება დრო, სურვილი და, რაც მთავარია, ფინანსები, იმიტომ რომ აქ რომ საუბარი იყოს 200-300 კაცის მომზადებაზე, ეს არასერიოზული იქნება. ეს პროცესი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, რომ დაგროვდეს ამ რეზერვისტების რაოდენობა, პრინციპი ჩამოყალიბდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ხალხი ქვეყანამ გამოიყენოს - და არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არამედ ბუნებრივი კატასტროფების ან ტექნოგენური კატასტროფების დროსაც შეიძლება მათი გამოყენება“.

ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით ეს არის პილოტურ რეჟიმში, პირველად იქნება გაწვევა ამ კონცეფციის შესაბამისად და ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხედვას თან სდევდეს სათანადო ადამიანური რესურსები, სათანადო ბიუჯეტი...
დავით რაქვიაშვილი

ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სამხედრო რეზერვის შექმნის მცდელობა, - 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც, - რაშიც სოლიდური ფინანსები დაიხარჯა, უშედეგოდ დასრულდა და რეალურად მოქმედი რეზერვი საქართველოში ამ დროისათვის არ არსებობს. შესაბამისად, იგი იმედოვნებს, რომ ახალი კონცეფცია უკეთ იმუშავებს. რეზერვის ახალი კონცეფციის შემუშავების პროცესში ადრეულ ეტაპზევე ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა კონცეფცია პრეზიდენტს ჯერ კიდევ ხედვის დონეზე გააცნეს, შემდეგ კი მის დეტალურ განხილვებში ჩაერთვნენ უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც. უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო მსჯელობა ორჯერ გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომაზე:

“მიგვაჩნია, რომ იმ სახით, რომელი სახითაც საბოლოო პროდუქტი მივიღეთ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის წინგადადგმული და პროგრესული ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით ეს არის პილოტურ რეჟიმში, პირველად იქნება გაწვევა ამ კონცეფციის შესაბამისად და ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხედვას თან სდევდეს სათანადო ადამიანური რესურსები, სათანადო ბიუჯეტი“.

უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ რეზერვი არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ერთიანი ეროვნული მიდგომისა, რომელმაც ქვეყნის მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა უნდა აამაღლოს.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად კი, რეზერვის გამოყენების სამი საფუძვლის შესაბამისად, სამი პასუხისმგებელი სუბიექტი განისაზღვრება. კერძოდ, საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევა პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება, საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა, ხოლო რეზერვისტთა წელიწადში 45-დღიან მომზადებაზე გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო მიიღებს.

აქტიური რეზერვის სამსახური, საპილოტე პროექტის სახით, მიმდინარე წლიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე რეზერვში 260 ადამიანის მიღება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG