Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიშნებიან თუ არა სასამართლოების თავმჯდომარეები სუბიექტური შეხედულებებით


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან თევზაძე აირჩია. ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია. მის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე სულ 3 კანდიდატურა განიხილებოდა. მათგან ლევან თევზაძის, როგორც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლის, დანიშვნით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის რისკები კიდევ უფრო იზრდება - მით უფრო მაშინ, როდესაც სასამართლოების, პალატებისა თუ კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნის წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები და პროცედურები არ არსებობს. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„დღეს ჩვენ არ ვიცით, რატომ აირჩიეს თევზაძე. ასეთი კანონში არავითარი კრიტერიუმი არ არსებობს. და ეს არ არის ახალი პრობლემა“, -აღნიშნა ანა დოლიძემ.

ღია სხდომაზე ითქვა, რომ პროცედურებსა და კრიტერიუმებს სჭირდება საკანონმდებლო დარეგულირება, შეთანხმდნენ იმაზეც, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ და ბევრი სხვა მიმართულებით იმუშავებს, თუმცა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“...
ეკა ციმაკურიძე

პრობლემის სიძველესა და სიმძაფრეზე წლების განმავლობაში ლაპარაკობენ სასამართლო სისტემის ექსპერტები და კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შემავალი ორგანიზაციები. მათგან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთობლივი წერილით 26 თებერვალს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეწყვიტოს სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა სუბიექტური შეხედულებებით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტების კოორდინატორი ეკა ციმაკურიძე აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 თებერვალს ამ საკითხზეც იმსჯელა, თუმცა, როგორც ჩანს, ფორმალურად:

„ღია სხდომაზე ითქვა, რომ პროცედურებსა და კრიტერიუმებს სჭირდება საკანონმდებლო დარეგულირება, შეთანხმდნენ იმაზეც, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ და ბევრი სხვა მიმართულებით იმუშავებს, თუმცა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ჯერ დანიშნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა პროცედურების დახვეწის აუცილებლობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია არის ლევან თევზაძის ახლო ნათესავი, დის მეუღლე, ანუ ერთ სასამართლოში ორი მაღალი თანამდებობა უკავიათ, ფაქტობრივად, ოჯახის წევრებს...
ნაზი ჯანეზაშვილი

რეალურად კი ლევან თევზაძეს საბჭოს მხოლოდ სამმა წევრმა არ დაუჭირა მხარი - მათგან ანა დოლიძემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად პროცედურების არარსებობისა და პროცესის გაუმჭვირვალობის გამო; ირაკლი შენგელიამ ფორმალურად - ლევან თევზაძესთან ნათესაური კავშირისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების გამო და, ბოლოს, ნაზი ჯანეზაშვილმა - ეგრეთ წოდებული „წინასწარ დანიშვნის“ წინააღმდეგ პროტესტის გამო:

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ ის გასულიყო საბჭოს წევრობიდან, რათა საბჭოში შემოვიდეს კლანისთვის უფრო მისაღები და მნიშვნელოვანი სხვა წევრი. ამით თევზაძე, რა თქმა უნდა, არ გაურიყავთ, მაგრამ ისინი წყვეტენ, რომელი მოთამაშე შემოვა მოედანზე და რომელი გავა“, - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც აქვე მიუთითებს კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ, ნეპოტიზმზე:

„სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია არის ლევან თევზაძის ახლო ნათესავი, დის მეუღლე, ანუ ერთ სასამართლოში ორი მაღალი თანამდებობა უკავიათ, ფაქტობრივად, ოჯახის წევრებს“.

ლევან თევზაძის ადგილმონაცვლეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენცია იმსჯელებს, თავად კი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ პროცედურების სრული დაცვით გაამწესეს და ახალ თანამდებობაზე აქვს ისეთი გეგმები,როგორიცაა: საქმეთა ნაკადის მართვა, ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა, ურთიერთობა მხარეებთან ღია შეხვედრების ფორმატში და სხვ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნაზი ჯანეზაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, 26 თებერვლის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილებაც, რეაგირება მოახდინოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის, განცხადებაზე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. საბჭო მხარეთა პოზიციებს მოუსმენს.

XS
SM
MD
LG